სოფო ტოროშელიძე - დიტომ პირველ დღესვე "შემაბა"

სოფო ტოროშელიძე - დიტომ პირველ დღესვე "შემაბა"

დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ, რაც "ელდრაინის" სოლისტი - სოფო ტოროშელიძე დაოჯახდა. მისი რჩეული დიპლომატი და გიტარისტი დიტო კვინტრაძეა. წყვილი ცალკე ცხოვრობს. როგორც თავად ამბობენ, ოჯახური ცხოვრების პასუხისმგებლობა კარგად აქვთ გააზრებული. სოფოსა და დიტოს რომანი სერიოზულ ფაზაში მაშინ გადასულა, როცა "ელდრაინი" "ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით მღეროდა... მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ მეორე მუსიკალური ჯგუფი - "ელდრაინიც" გამოჩნდა. სოფოს ამ თემასთან დაკავშირებითაც ვკითხეთ.

სოფო:

- "ოჯახურ უღელში შებმის" შეგრძნება საერთოდ არ მაქვს. ისევ ისე ვართ, როგორც - შეყვარებულობის პერიოდში ვიყავით. ჩვენ ძველებურად ვხალისობთ და თითქმის 24 საათის განმავლობაში ერთად ვართ...

დიტო:

- "საკაიფოდ" ვართ, თავს არაფერში ვიზღუდავთ...

- რამდენი ხანია, რაც ცოლ-ქმარი ხართ?

- 8 თვეა.

- პირველად, როცა ერთმანეთი დაინახეთ, როგორ გრძნობა დაგეუფლათ?

სოფო:

- "ბასტი-ბუბუს" იუბილესთან დაკავშირებულ პროექტზე ვმუშაობდი. ბავშვების ჯგუფისთვის სიმღერა უნდა დამეწერა. გიტარისტი მჭირდებოდა. მეგობარმა მირჩია, -დიტო კვინტრაძე ძალიან კარგი გიტარისტია; მოვა და დაგვეხმარებაო. არასოდეს დამავიწყდება ის წუთი, როცა დიტო პირველად დავინახე; უფრო სწორად, გიტარა რომ აიღო ხელში და დაუკრა, მისით მაშინვე მოვიხიბლე. ფაქტობრივად, პირველ დღესვე "შემაბა" (იცინის). მერე მითხრა: წამოდი, სახლში მიგიყვანო. მაშინ ჯენტლმენობა გამოიჩინა, შემდეგ კი დაახლოებით 2 თვე დაიკარგა.

დიტო:

- სიმღერის ჩაწერა რაღაც პერიოდის შემდეგ განვაგრძეთ და საქმის დასრულების შემდეგაც ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ჰოდა, ჩვენი სიყვარულის ამბავიც აქედან დაიწყო. ისე, სოფო ადრეც მომწონდა.

სოფო:

- ურთიერთობა სოციალური ქსელის მეშვეობით განვაგრძეთ.

- სიყვარულში პირველი ვინ გამოტყდა?

- დიტოს მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით. მასზე ეტყობა, ალკოჰოლმა იმოქმედა: ფონად სიმღერა ჩართო და მითხრა, - ძალიან მიყვარხარო! არადა, ცოტა დრო იყო გასული მას მერე, რაც ფლირტი გვქონდა...

დიტო:

- მთვრალი ვიყავი და ეგ "ბაზარია", რა!

- დიტო, სიმთვრალემ გამბედაობა შეგმატა?

- ასეა! საერთოდ, შეზარხოშებული ადამიანი უფრო "გახსნილია"... მეორე დილით ყველაფერი გავიხსენე, რაც წინაღამეს მოხდა და გავიფიქრე: ვაიმე, ეს რა ვქენი, რატომ ვიჩქარე? სოფო ჯერ ნორმალურად არც მიცნობს, მე კი "ვენები გადავიჭერი" და უხერხული სიტუაცია არ შეიქმნას-მეთქი. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

სოფო:

- ჩვენი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა და დავოჯახდით კიდეც. გერმანიაში, "ევროვიზიაზე" რომ გავემგზავრე და ერთმანეთს გარკვეული დროით დავშორდით, ამან ჩვენზე ძალიან იმოქმედა. დიტომ მაშინ მითხრა: რომ ჩამოხვალ, ჩვენს სამომავლო გეგმებზე შენთან საუბარი მინდაო. ბედნიერი ვიყავი! დღეებს ვითვლიდი, საქართველოში როდის დავბრუნდებოდი და "ევროვიზია" აღარც კი მახსოვდა!.. შემდეგ ქორწილიც დავგეგმეთ.

- ალბათ, თქვენი ქორწილი კონცერტში გადაიზარდა.

დიტო:

- მუსიკა ბავშვობიდან მიყვარს. თავიდან ფორტეპიანოზე დაკვრას ვსწავლობდი, შემდეგ კი გიტარით დავინტერესდი. რამდენიმე ჯგუფში ვუკრავდი. ბოლოს, გიგი გეგელაშვილთან ერთად, "სინათლის წელიწადში" ვიყავი. მერე, დროის სიმცირის გამო, მუსიკას თავი დავანებე, თუმცა ზოგჯერ "ელდრაინს" მაინც ვეხმარები. მოგეხსენებათ, პროფესიით დიპლომატი ვარ და ერთ-ერთ კომპანიაში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მენეჯერად ვმუშაობ.

სოფო:

- ჩვენი მეგობრებიც ძირითადად, მუსიკოსები არიან და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქორწილი მართლაც, კონცერტი უფრო იყო. სხვებთან ერთად, მეც ვიმღერე, დიტომ კი დაუკრა...

დიტო:

- მოკლედ, ვისაც არ დაეზარა, ყველა მღეროდა.

სოფო:

- ქართულ-ევროპული ქორწილი გვქონდა, ღია ცის ქვეშ.

დიტო:

- ერთადერთი, ამინდის საკითხი გვაშფოთებდა. ქორწილის დღეს ძალიან ადრე გამეღვიძა. გარეთ რომ გავიხედე, მოღრუბლული იყო. ვიფიქრე, - რას ვიზამ, ამინდს მაინც ვერ შევცვლი-მეთქი და ძილი განვაგრძე. დაახლოებით, დღის 12 საათზე გამეღვიძა და, მზიანი ამინდი დამხვდა.

სოფო:

- არადა, ამინდის პროგნოზი საპირისპიროს გვატყობინებდა. მხოლოდ დიტოს დედა ამბობდა, - აუცილებლად კარგი ამინდი იქნებაო! ჰოდა, ასეც მოხდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ბოლოს, მტრედებიც კი გავუშვით.

დიტო:

- მტრედების გაშვება დედაჩემის იდეა იყო. სოფოს ამ ფრინველის ისე ეშინოდა, რომ ხელები აუკანკალდა (იცინის).

- შეყვარებულობის პერიოდში, თქვენს ურთიერთობაში პრობლემები - კამათი, ჩხუბი, გაბუტვა თუ იყო?

- რა თქმა უნდა, რაღაცებზე გვიკამათია, მაგრამ ეს კონფლიქტში არ გადაზრდილა. წყენის გულში ჩადება არც ერთმა არ ვიცით.

დიტო:

- მაგრამ მე უფრო საყვარელი ვარ.

- საოჯახო საქმეებს როგორ უმკლავდებით? სოფო, კარგი მზარეული ხარ?

- სოფო ყოველთვის "ფეხი ფეხზე გადადებული" ცხოვრობდა. ჰოდა, თავდაპირველად კი შევშინდი, -ამან სამზარეულოში რა უნდა გააკეთოს-მეთქი? მაგრამ აღმოჩნდა, რომ კერძების მომზადება ეხერხება.

სოფო:

- ბოლო პერიოდში ძალიან დაკავებული ვიყავი და დიტო მშიერი დარჩა... ახლა ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდი. ვფიქრობ, ქალს სამსახურიც უნდა ჰქონდეს და ამავდროულად, ოჯახისთვისაც უნდა იცლიდეს. მიმაჩნია, ქმარს ჭუჭყიანი პერანგი რომ აცვია, ეს უპირველეს ყოვლისა, ქალის სირცხვილია.

- საოჯახო საქმეებში დიტო არ გეხმარება?

- ვახშამი ბევრჯერ მოუმზადებია და დაღლილი ცოლისთვის დაუხვედრებია.

დიტო:

- ბინაც "დამიპილასოსებია". მოკლედ, თუ საჭიროა, სახლსაც დავალაგებ, ოღონდ ყოველთვის -არა, თორემ მერე ცოლი გაზარმაცდება.

- სოფო, დატვირთული დღის რეჟიმი მქონდაო, - აღნიშნე. რითი იყავი დაკავებული?

- მაგისტრატურის პირველი კურსი თითქმის დავხურე. პარალელურად, "ბასტი-ბუბუში" ვმუშაობდი - მუსიკალური ხელმძღვანელის ასისტენტი ვიყავი. ასევე, ჩემი ჯგუფის -"ელდრაინის" რეპეტიციები გვქონდა და დამატებით პროექტებსაც ვახორციელებდით, მოსწავლეებიც მყავს... ახლა თავს დასვენების უფლება მივეცი და ვფიქრობ, მე და დიტო თაფლობის თვესაც მოვიწყობთ, ეგვიპტეში გავემგზავრებით.

- წლევანდელ "ევროვიზიაზე" საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლას როგორ აფასებ?

- ანრის მთელი გულით ვგულშემატკივრობდი. ვიცი, რას ნიშნავს, როცა კონკურსზე თუ შეჯიბრებაზე შენი ქვეყნის სახელით გადიხარ. მერწმუნეთ, ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. "ევროვიზიის" კონკურსს "ელდრაინის" წევრები თვალყურს ვადევნებდით. სამწუხაროდ, ანრი ფინალში ვერ მოხვდა, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ამით მისთვის რაღაც დამთავრდა. ის თავის სათქმელს მაინც იტყვის! ანრიმ საკუთარი მოვალება პირნათლად შეასრულა - იდეალურად იმღერა!

დიტო:

- მიმაჩნია, რომ საქართველოს წარმომადგენლის გულშემატკივრობა ყველა ქართველის მოვალეობაა!

- სოფო, "ელდრაინთან" დაკავშირებული გაუგებრობის მერე, ჯგუფის საქმეები როგორ მიდის?

- ეს გაუგებრობა ძალიან კარგად დასრულდა. საქპატენტში განცხადება შევიტანეთ და საკითხი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდა. სახელწოდება - "ელდრაინი" ჩვენ გვეკუთვნის, მეორე ჯგუფს კი, რომელიც სხვა სახელწოდებით და სხვა რეპერტუარით იმუშავებს, წარმატებებს ვუსურვებ!

- ამ ეტაპზე პროდიუსერი გყავთ?

- პროდიუსერი და "პატრონი" უკვე გვყავს; ამის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას მალე შეგატყობინებთ.

- დიტო, "ელდრაინის" შემოქმედებას როგორ აფასებ?

- დადებითად. "ელდრაინში" განვითარების პერსპექტივას რომ ვერ ვხედავდე, სოფოს ვეტყოდი, - ამ ჯგუფიდან წამოსულიყო. "ელდრაინი" საქართველოში ერთ-ერთი კარგი ჯგუფია. მისი წევრები ხარისხიან მუსიკას ქმნიან. მათ მანამდეც ვუსმენდი და ვგულშემატკივრობდი, ვიდრე სოფო შეუერთდებოდა.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: "ელდრაინი" "ევროვიზიის" ფინალში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება