ბიგ თიკო - "რეპი დროებით, გვერდზე გადავდე..."

ბიგ თიკო - "რეპი დროებით, გვერდზე გადავდე..."

"გზის" N22-ში შემოგთავაზეთ: მოგვწერეთ, ამ რუბრიკაში ვისი ინტერვიუს წაკითხვას ისურვებდით და თქვენს რჩეულს რა კითხვას დაუსვამდით-მეთქი? ბევრმა თქვენგანმა ისეთი ადამიანები დაასახელა, რომლებიც წლების წინ ძალიან პოპულარულები იყვნენ, ახლა კი აღარ ჩანან. მკითხველებს შორის პირველი რეპერი ქალის - ბიგ თიკოს ფანები ჭარბობდნენ, რომლებსაც აინტერესებდათ, სად დაიკარგა მომღერალი, რატომ აღარ წერს ახალ სიმღერებს, როგორ ცხოვრობს გათხოვების შემდეგ... ჰოდა, ცხადია, გადავწყვიტე, თიკოსთან ინტერვიუ ჩამეწერა და თქვენი ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა...

- ამბობენ, - რუსთავი ლამაზდებაო. ჰოდა, საინტერესოა, ამ გალამაზებულ ქალაქში როგორ ცხოვრობ, რას საქმიანობ?

- ოჯახში ვარ, ბავშვს ვუვლი და თან - სხვებს ვალამაზებ: სხვადასხვა სალონში ვიზაჟისტად ვმუშაობ.

- მახსოვს, ეს საქმე ადრეც კარგად გამოგდიოდა. სასცენო მაკიაჟსაც კი თავად იკეთებდი და თან, იმდენად კარგად, რომ მერე სცენის მიღმა ყველა ამაზე ლაპარაკობდა. ამასთან დაკავშირებით კურიოზული შემთხვევაც არაერთხელ გქონდა...

- მართლაც, მაკიაჟთან დაკავშირებული არაერთი კურიოზი გადამხდენია თავს. იყო შემთხვევა, როცა ქართული "პუნქტუალურობის", "მოწესრიგებულობის" გამო ორმა მომღერალმა დაიგვიანა და სცენაზე გასვლა დაგეგმილზე 2 ნომრით ადრე მომიხდა. მაშინ ამისთვის მზად არ ვიყავი; მაკიაჟის კეთების პროცესში გახლდით, როცა სცენაზე მიხმეს. მახსოვს, ერთი თვალი შეღებილი მქონდა, მეორე - ნახევრად მოწესრიგებული, მაგრამ სცენაზე მაინც გავედი. ჰოდა, ხალხმა იფიქრა, რომ თვალი ასე ავანგარდულად სპეციალურად შევიღებე. გამიკვირდა, ჩემი მაკიაჟით რომ აღფრთოვანდნენ...

- ამ საქმის შესასწავლად სპეციალური კურსი ხომ არ გაგივლია?

- არა. უბრალოდ, ისეთ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, რომლებმაც ეს საქმე იცოდნენ. მყავს ვიზაჟისტი მეგობარი, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ჰოდა, როცა მის მუშაობას თვალს ვადევნებდი, ბევრი რამ ავითვისე. მოკლედ, ხომ გაგიგონია: ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო. მერე მეგობრები, ახლობლები მთხოვდნენ, - მოდი, მაკიაჟი შენებურად გაგვიკეთეო და ამასობაში, ხელიც გამეწაფა. როცა ოჯახი შევქმენი და როგორც რეპერი ნაკლებად აქტიური გავხდი, გადავწყვიტე, ამ საქმეში მომესინჯა ძალა. ჯერჯერობით, ჩემი ნამუშევარი ყველას მოსწონს, სალონიდან უკმაყოფილო არავინ წასულა. სხვათა შორის, ამ საქმეს ხელი მაშინ მოვკიდე, როცა 9 თვის ორსული გახლდით, ბავშვის გაჩენიდან 5 დღეში კი (მათე საკეისრო კვეთით მოევლინა ქვეყნიერებას) ისევ სამსახურს დავუბრუნდი.

- ეს როგორ მოახერხე?

- აბა, რა მექნა? მათე 1-ელში გავაჩინე, 6-7 ივნისს კი ბავშვებს ბანკეტი ჰქონდათ; ისინი რამდენიმე კვირით ადრე ჩაეწერენ ჩემთან და ასეთ დროს მათ იმედს ვერ გავუცრუებდი...

- ეს ყველაფერი მატერიალური დაინტერესების გამო გააკეთე თუ იმიტომ, რომ სამსახური არ დაგეკარგა?

- უფრო - პასუხისმგებლობის გამო. მარტო მატერიალური დაინტერესების გამო თავს ასე არ შევიწუხებდი.

- თუ ასეთი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ხარ, შენი ფანები რატომ მიატოვე? სცენიდან რატომ გაქრი?

- ფანები არ მიმიტოვებია. ისინი უბრალოდ, ჩემთან ერთად გაიზარდნენ. ვფიქრობ, მაშინ ჩემი სათქმელი ვთქვი და ამას მომავალშიც ვაპირებ. პრინციპში, როგორც რეპერი, არ გავჩერებულვარ. ვმუშაობ და ერთი ალბომი უკვე მზად მაქვს კიდეც... ცნობისათვის, ლექს-სენთან ერთად, რაღაც ღონისძიებებში ფეხმძიმეც კი ვმონაწილეობდი, მაგრამ ეს ყველაფერი ტელევიზიით არ შუქდებოდა და ხალხს ამის შესახებ ინფორმაცია ამიტომაც არ აქვს... რეპი დროებით, გვერდზე გადავდე, რადგან დღეს ამ საქმიანობით ვერ იცხოვრებ.

- წლების წინ საქართველოში სიმღერით ცხოვრება შეიძლებოდა?

- ყოველ შემთხვევაში, დღევანდელზე უკეთესი სიტუაცია ნამდვილად იყო. მაშინ მე, ლექსო, გიგა მიქაბერიძე, თიკო სადუნიშვილი სტუდია "მაესტროში" ერთად ვიყავით. იმ პერიოდში ძალიან აქტუალურები, "გაყიდვადები" გახლდით. არ არსებობდა დარბაზი, რომელსაც ვერ გავავსებდით, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა, სხვა რაღაცები გახდა აქტუალური. მაშინ ჩვენი პლუსი ისიც იყო, რომ გვყავდა მამუკა ღლონტი - ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ, შეგვეშვა და სხვა სფეროში გადაინაცვლა. იმედია, მომავალში რაღაცები კარგისკენ შეიცვლება და ისევ გავაქტიურდებით. მაგრამ ის, რაც წარსულში იყო, ალბათ, აღარასდროს განმეორდება.

- შენ აღნიშნე: როცა ძალიან პოპულარული ვიყავი, ჩემი სათქმელი მაშინ ვთქვიო. ახლა არ გაქვს ხალხისთვის რაიმე სათქმელი?

- აბა, რა სათქმელი უნდა მქონდეს? უბრალოდ, თუ ვინმეს ვახსოვარ, ვუყვარვარ, ჩემს მუსიკას უსმენდა ან უსმენს, ყველას დიდ მადლობას ვუხდი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, ტელეეკრანზე არ გამოვჩენილვარ, ხალხი ქუჩაში ძველებურად, თბილად მხვდება. მადლობა მათ ამ სიყვარულისთვის!

- შენს ფანებთან ურთიერთობა არ გაქვს?

- ადრე ფანებთან შეხვედრებს ვაწყობდით და მათი გაცნობის საშუალებაც გვქონდა. ცხადია, თითოეულს ვერ დავუმეგობრდებოდი, მაგრამ ზოგიერთთან ურთიერთობა დღემდე მაქვს - ძირითადად, სოციალური ქსელების მეშვეობით...

- როგორც თქვი, ალბომზე მუშაობა დაასრულე. საინტერესოა, რომელიმე რეპერთან ხომ არ გაქვს დუეტი ჩაწერილი?

- რამდენიმე სიმღერა მეუღლესთან - რეპერ ნიქთან ერთად ჩავწერე. სხვათა შორის, კლიპის გადაღებასაც ვაპირებ. ვნახოთ, რა გამოვა... ჩემდა გასაკვირად და გასახარად, ბოლო დროს იმდენი ადამიანი მეკითხება, - რას აპირებო? - რომ უფლება არ მაქვს, გავჩერდე. სხვათა შორის, რაღაც შემოთავაზებებიც მაქვს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ თურქეთში, ჰიპ-ჰოპის ფესტივალზე მიმიწვიეს. ოღონდ, ჯერ არ ვიცი, იქ წასვლას მოვახერხებ თუ ვერა.

- ლექს-სენთან მეგობრობდი და დუეტიც კი გქონდათ. ახლა მასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- მასთან ძველებურად კარგი ურთიერთობა მაქვს. თუმცა, სამწუხაროდ, ერთმანეთის ნახვას ისე ხშირად ვეღარ ვახერხებთ. მასაც ოჯახზე უწევს ზრუნვა და ბევრი თავისუფალი დრო არ აქვს. მჯერა, მოვა დრო, როცა მე და ლექსო ისევ ერთად გავრეპავთ... სხვათა შორის, მათე, მართალია, ჯერ ერთი წლისაა, მაგრამ ხელებით რეპერებისთვის დამახასიათებელ რაღაცებს აკეთებს.

- რა გასაკვირია, ის ხომ რეპერების შვილია?!

- ჰოდა, იმ დღეს მე და ლექს-სენი ვამბობდით, რომ ჩვენ თუ არა, ჩვენი შვილები მაინც გარეპავენ ერთად ან იქნებ ისეც მოხდეს, რომ 2 რეპერის ოჯახი შევიკრიბოთ და კარგი რეპი "გავაკეთოთ" (იცინის)...

- გულწრფელად მითხარი: არ გენატრება ის დრო, როცა პოპულარული იყავი?

- ცხადია, ის დრო რაღაც დოზით მენატრება, მაგრამ ამის გამო დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რამ საერთოდ მოხდა, რომ ასეთი კარგი პერიოდი გავიარე. ამქვეყნად მუდმივი არაფერია და დღევანდელი ცხოვრებისთვის პოპულარობის პერიოდშიც კი მზად ვიყავი... ვფიქრობ, დიდი ფურორი არც მაშინ მომიხდენია. ყოველ შემთხვევაში, თავი ვარსკვლავად არასდროს მიგრძნია, რომ მერე "ჩავარდნის" გამო დავბოღმილიყავი. სცენა რასაკვირველია, მენატრება, მაგრამ ვინაიდან ზოგჯერ ფანკლუბში ან რაღაც ღონისძიებებზე "გაძრომას" ვახერხებ, ამ მონატრების გამო ცრემლების ღვრამდე ნამდვილად არ მივდივარ.

- გარდა იმისა, რომ შენთან ერთად სიმღერებს წერს, ნიქი რას საქმიანობს?

- მცირე ბიზნესი აქვს - ანუ როგორც ყველა, ჩვენც "ქართულად" ვწვალობთ. ვცდილობთ, რაღაც შევქმნათ, მოვიპოვოთ. უკვე შვილი გვყავს და თავს უქმად ყოფნის უფლებას ვერ მივცემთ.

- როცა სცენას დაუბრუნდები, ისევ ბიგ თიკო იქნები? როგორც მახსოვს, ბოლოს წონაში საგრძნობლად დაიკელი და ამბობდი კიდეც, - ეს სახელი აღარ შემეფერებაო...

- აი, იმ დაკლებულ კილოგრამებს მართლა მივტირი. ფეხმძიმობის შემდეგ ვცდილობ, ფორმაში ჩავდგე, მაგრამ არ გამომდის... თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, - დიეტით თავს ვიკლავ-მეთქი. ვიცი, რომ წარმატების მისაღწევად მოდელის პარამეტრები სულაც არაა საჭირო. როცა სცენაზე ვიდექი, 85 კილო ვიყავი და ეს სულაც არ მიქმნიდა დისკომფორტს. უფრო მეტიც - ჩემი სიმსუქნის გამო არა მარტო პუტკუნებს, არამედ გამხდარ ადამიანებსაც ვესიმპათიურებოდი (იცინის).

- როცა წონაში დაიკელი, სცენიდან წახვედი კიდეც...

- ჰო, თითქოს ისე მოხდა, რომ წარმატება კილოგრამებს გავაყოლე... მაგრამ მე ისევ დავბრუნდები!

- პირველი ქართველი ქალი რეპერი ხარ. არ გაგჩენია იდეა, რომ ყველა რეპერი შეგეკრიბა და ჰიპ-ჰოპის მოყვარულთათვის ერთი კარგი კონცერტი მოგეწყო?

- როგორ არ მიფიქრია, მაგრამ კონცერტის მოწყობაში ფინანსების უქონლობამ შემიშალა ხელი. ალბათ, ადრე თუ გვიან, შეკრებას მოვახერხებთ.

- იქნებ, ამ საქმეში რეპერმა ბერამ შეგიწყოთ ხელი...

- შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ მისთვის მსგავსი რამ არ შეგვითავაზებია.

- საინტერესოა, როგორც რეპერს, ბერას როგორ შეაფასებ?

- ის მართლაც, ნიჭიერი ადამიანია და ვფიქრობ, რასაც აკეთებს, ეს მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი სულაც არ არის. საშუალება რომ მქონდეს, მასთან დუეტს სიამოვნებით ჩავწერდი. თუმცა, არ ვიცი, მას ამის სურვილი ექნებოდა თუ არა. სხვა თუ არაფერი, იმდენ პოპულარულ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა, რომ ერთი უბრალო ქართველი რეპერი გოგონას გაცნობა, არა მგონია, მისთვის ბევრ რამეს ნიშნავდეს.

- და ბოლოს, რას ეტყვი იმ ადამიანებს, რომლებსაც ახსოვხარ და ძველებურად გგულშემატკივრობენ?

- იმედია, მათთვის და ახალი თაობისთვის ისევ დავუბრუნდები სცენას... მაგრამ თუ საყვარელი საქმის კეთების შანსი აღარ მომეცემა, მერე ან საერთოდ შევეშვები სიმღერას, ან ვეცდები, ძალები სხვა ქვეყანაში, სხვა ნიადაგზე მოვსინჯო.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება