"ჩემი ცოლის დაქალების" გადასაღებ მოედანზე მუდმივად სამუშაო პროცესია. იქ ყველაფრის ხელმძღვანელი რეჟისორი გიორგი ლიფონავაა. გუნდი მეგობრულია, მაგრამ როდესაც კამერა ირთვება და ოთახებში მსახიობები ჩნდებიან, მეგობრობა მთავრდება. გიორგისთვის ეს ყველაზე წარმატებული სერიალია, მანამდე იყო "ჩიფსების თაობა", "ბიჭები და გოგონები", "მესამე თაობა".
"ჩემი ცოლის დაქალები" ეთერში პირველად იანვარში გავიდა. სერიალის გმირები მალე შეიყვარა მაყურებელმა. დღეს უკვე ყველას აინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები ერთ თბილისურ სამეგობროში...
- გიორგი, როდესაც სერიალის გადაღებას იწყებდით, რამდენად აცნობიერებდით რისკს, როგორ მიიღებდა საზოგადოება?
- კარგად ვიცოდით, რას ვაკეთებდით. რისკი არსებობდა, მაგრამ სერიალს ისეთი ფაბულა აქვს, რომ ვიცოდით, პოპულარული გახდებოდა, რადგან ეს თემები საზოგადოებისთვის საინტერესოა.
- რა კრიტერიუმი გქონდათ მსახიობის შერჩევისას, აუცილებლად პროფესიონალ მსახიობებს ეძებდით?
- როდესაც საქმე სერიალს ეხება, იქ აუცილებლად პროფესიონალი უნდა თამაშობდეს. კინოში საათნახევრიანი მასალა უნდა შეაგროვო, იქ კიდევ შეიძლება. მსახიობი მაინც თავისი ხასიათისკენ იზიდავს პერსონაჟს. როგორც საკუთარი გამოცდილება მკარნახობს, ქვეყანაში კარგი მსახიობების არც ისე დიდი არჩევანია.
- ისეთ მსახიობებზე, რომლებიც სხვა სერიალით გახდნენ პოპულარული, უარს ამბობთ?
- ეგ უკვე შიდა კანონია. არიან მსახიობები, რომლებსაც ეპიზოდური როლები აქვთ შესრულებული სხვა სერიალში, მაგრამ როდესაც სხვა არხის სერიალის სახეა, მაინც თავს ვარიდებთ. მთავარი როლების შემსრულებლებზე კასტინგი არც დაგვჭირვებია, წინასწარ ვიცოდით, ვისაც უნდა ეთამაშა.
- ძირითადი აქცენტი ოჯახზე გააკეთეთ?
- არა, სამ გოგონაზე, რომლებიც ბავშვობიდან მეგობრობენ. უბრალოდ, ერთი გოგონა დაოჯახებულია და რადგან ერთ-ერთი მთავარი გმირია, მისი ოჯახიც დიდი დოზით არის სერიალში.
- თუმცა ოჯახის წევრები არანაკლებ პოპულარულები გახდნენ, ვიდრე ცოლის დაქალები - ტასო, ჯეკო, დედამთილი...
- ძალიან ჰიტური პერსონაჟები გამოგვივიდა - ტასო, ჯეკო... ბებიაზე გიჟდება მთელი მოსახლეობა. კომიკური და რეალობასთან ახლოს მდგომი დედამთილია. ასევეა ბაბუა, ლეო ანთაძის პერსონაჟიც.
- ეს იყო ახალი სიტყვა ქართული სერიალების ისტორიაში?
- არ ვიცი, ეს უნდა თქვან კრიტიკოსებმა, მაყურებელმა და დრომ. ბევრი ამბობს, რომ ასეთი სერიალი არ გადაღებულა.
- თემები, რომლებიც თქვენ შეარჩიეთ, დედამთილის ინსტიტუტი, გოგონებისა და ბიჭების ურთიერთობა...
- ეს თემები უკვე არსებობს ქართულ რეალობაში და მოძებნა არ სჭირდება, უბრალოდ, კარგად უნდა გაახილო თვალი და დაინახავ. ამ ფორმატში ალბათ პირველად ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ ტელესივრცეში. თან იუმორით მივაწოდეთ და ამას მაყურებელი არ გაუღიზიანებია. ან რატომ უნდა გაღიზიანდეს, ეს ხომ რეალურად ხდება? სერიალამდე მხატვრული ფილმი "ჭამა და სექსი" გადავიღეთ, რამაც გარკვეული გამოცდილება მოგვცა. სერიალთან პარალელის გავლება შესაძლებელია.
- თუმცა რამდენად დამაჯერებელი იყო ფილმში მოთხრობილი ისტორია, როდესაც ქმარი საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა და ცოლი, ღალატის შიშით, ექიმთან ქალიშვილობის აღსადგენად მიიყვანა?
- ეგ ერთადერთი ისტორიაა, რომელიც რეალურად მოხდა. პირველად გადაცემა "პროფილში" მოჰყვა ივა კუზანოვი. რატომ არის დაუჯერებელი, არ ვიცით ქართველებმა, რომ ასეთი რაღაცები ხდება, თუ თვალს ვხუჭავთ?
- ამას შეიძლება გაგრძელებაც მოჰყვეს, ცოლმა ისევ დაკარგოს ქალიშვილობა და მეუღლის ჩამოსვლამდე აღიდგინოს...
- პარადოქსიც მაგაშია. რა აზრი აქვს ამის კეთებას, მაგრამ ასეთი რაღაცები რომ ხდება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
- მაშინ ამ ფილმს საზოგადოების გარკვეული ნაწილი კრიტიკულად შეხვდა.
- მხოლოდ იმიტომ, რომ ფილმს "ჭამა და სექსი" ერქვა. როდესაც ფილმი გამოვიდა, მარხვა იყო და სახელწოდებამ ამიტომ გამოიწვია გაღიზიანება, თორემ ვინც ფილმი ნახა, ყველა მიხვდა, რომ ეს არ იყო გარყვნილება.
- მარხვის გამო შეიძლება ვინმე თქვენი ფილმის სანახავად არ მისულიყო?
- რა თქმა უნდა, კინოში საერთოდ არ დადიან და მით უმეტეს, მარხვის დროს "ჭამა და სექსზე" არ წავლენ. ინტიმური თემაა და ვისაც როგორ უნდა ისე მოიქცეს, მაგრამ ძირითადად გაღიზიანება სახელწოდებამ გამოიწვია. მაშინ ქართულ კინემატოგრაფში მასპროდუქტის გაკეთების ტენდენცია იყო, პოპულარული "ხოდები", მსახიობის გახდა და ამით მაყურებლის მოზიდვა.
- და რა საერთოა "ჭამა და სექსსა" და "ჩემი ცოლის დაქალებში"?
- აქ თემებისადმი მიდგომა იდენტურია, უბრალოდ, ეს სერიალია და ცოტა უფრო მსუბუქად მივაწოდეთ..
- წეღან ახსენეთ, რომ ვიღაც შეიძლება, სათაურის გამო არ მისულიყო კინოში...
- იყო ასეთი ცნობილი ხუმრობაც, რომელიც რეალობიდან დაიბადა, ბილეთების რიგში ამბობდნენ, "ჭამა და იმაზე" მინდა ბილეთიო.
- და "ჩემი ცოლის დაქალების" სათაურში რომ სიტყვა სექსი გეხსენებინათ, არ უყურებდნენ?
- მას შემდეგ, რაც "ჭამა და სექსი" გამოვიდა, კიდევ შეიძლებოდა. სერიალი "სექსი დიდ ქალაქში" - ამას მარტივად ამბობენ, მაგრამ როდესაც ქართულ რეალობას ეხება, სიტყვა სექსი უკვე ეუხერხულებათ. ყინული უნდა დაიძრას, რომ ასეთი რაღაცები აღარ მოხდეს. სასაცილოდ აბსურდული რამეა, სიტყვა სექსმა ხალხი იმიტომ გააღიზიანოს, რომ ქართულია. დღეს არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილია ასეთ რისკზე წასვლა, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ ვნახოთ.
- სერიალში მსგავს სცენებს ვერ გარისკავთ?
- რაღაცები გვქონია, მსუბუქად, რატომაც არა. ამას ბავშვებიც უყურებენ და ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ სერიალში სექსიც იყოს. არც იმ ფილმში არ იყო ისეთი არაფერი, უბრალოდ, პარალელის გავლება შეიძლება და ვნახეთ, რომ ეს თემები მუშაობს. თუკი ადამიანი სადღაც საკუთარ თავს დაინახავს და ამას კარგად მიაწოდებ, არ გაღიზიანდება, უბრალოდ, გაიცინებს. ჩვენ ხომ კრიტიკულები და თვითირონიულები უნდა ვიყოთ ცხოვრებაში. სხვანაირად არ შეიძლება.
- მკაცრი ხართ გადასაღებ მოედანზე?
- ზოგჯერ მკაცრი ვარ, ძირითადად ჩვენთან მეგობრული სიტუაციაა, მაგრამ პირველ რიგში საქმე, დანარჩენი მეორე პლანზე გადადის. ვფიქრობთ, პროფესიონალები ვართ და სენტიმენტებს საქმეში ხელი არ უნდა შევაშლევინოთ.
- რამდენი ადამიანი მუშაობთ სერიალზე?
- პავილიონში დაახლოებით ოცდაათი ადამიანი ვართ, გასვლითი გადაღებების დროს, ნაკლები. რაც შეეხება მთავარ რგოლს, სცენარისტი ქეთი დევდარიანი, ერთი მთავარი პროდიუსერი - ირაკლი საღინაძე და ორი რეჟისორი ვართ, მე და რატი რამიშვილი. საერთოდ, ოთხი კაცი ვართ, რომლებიც კომპანიაში პრინციპულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ.
- სცენარში რამდენად ერევით?
- ყველაფერი სქემატურია, როდესაც მე გადაღებებზე ვარ, პარალელურად სცენარს წერენ. ზოგჯერ მეც ვესწრები, საერთო განხილვა მიდის. გადაღებების დროსაც არის ცვლილებები, მაგრამ ძირითადად ყველა თავის საქმეს აკეთებს.
- სერიალში ვანიკო თარხნიშვილის გმირის ლექსები ძალიან პოპულარულია. ვინ წერს?
- პროდიუსერი ირაკლი საღინაძე. ერთი ლექსი აქვს მხოლოდ დაწერილი მიშა მშვილდაძეს, მაშინ ირაკლი აქ არ იყო. მიშამ ლექსი წელიწადის დროზე დაწერა, თუ გახსოვთ, როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ ხურცილავამ ლიკუნა ცოლად უნდა მოიყვანოს, მაშინ ამბობს სევდიან ლექსს, როგორ გაცვალა თავისუფლება ოჯახზე. ეს ლექსები სპეციალურად იწერება სერიალისთვის.
- შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ "ჩემი ცოლის დაქალები" თქვენს შემოქმედებაში ყველაზე მაგარი პროექტია?
- თუ სერიალებზე მეკითხებით, დიახ. ბევრი სერიალი გადაგვიღია, ნელ-ნელა ვაუმჯობესებთ პროდუქტს და ასეთი რეიტინგი ჯერ არ გვქონია. პოპულარული პროექტი იყო "ბიჭები და გოგონები", რომელიც არარეიტინგულ არხზე გადიოდა. "ჩიფსების თაობა", რომელმაც საკმაოდ დიდი რეიტინგი დაწერა "რუსთავი 2"-ზე, მაგრამ ცოტა ხანს გადიოდა, "ჩვენი ოფისი", რომელიც სპეციფიკური სერიალი გახლდათ, მაგრამ ძალიან მიყვარს, თუმცა ასეთი დახვეწილი და მასობრივი არც ერთი არ ყოფილა.
- თვითკმაყოფილების განცდა გეუფლებათ, როგორც რეჟისორს?
- ამისთვის დრო არ მაქვს, მე ხომ მარტო ამას არ ვაკეთებ, პარალელურად სხვა პროექტებზეც ვმუშაობ.
- ქართული სერიალები ორ არხზე - "იმედსა" და "რუსთავი 2"-ზე გადის, რამდენად ჯანსაღია თქვენ შორის კონკურენცია?
- რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული სერიალი იყო "შუა ქალაქში" და ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო, როდესაც მათ დროზე "დავჯექით". სამშაბათს "ნანუკას შოუს" დროს გავდივართ. ეს სერიალი არ არის, მაგრამ ტოპგადაცემაა. კონკურენცია არსებობს და კარგია, ამის გარეშე განვითარება არ იქნება.
- რეიტინგით თუ უგებთ?
- როგორც ვიცი, ძირითადად ვუგებთ. ნანუკასთან უფრო მეტად ვჭიდაობთ, "შუა ქალაქს" ვუგებთ ხოლმე. სხვა სერიალი კიდევ რა არის?
- "ალუბლების ქუჩა #12"...
- რომელიც ჩვენს არხზე დაიწყო. ორი სერია გავიდა და ძნელია რამის თქმა. პირველი სერია რომ გავიდა, წავაგეთ და მეორე სერია მოვიგეთ, მერე ვნახოთ. აქ ჟანრებშიც არის განსხვავება. "იმედზე" გადის კიდევ ორი სერიალი "გოგონა გარეუბნიდან" და ლიტვური სერიალი "ღვინის გზა", რომელიც ჟანრობრივად ჩვენთან უფრო ახლოს დგას, მაგრამ მასთან კონკურენციაში კარგად ვიგებთ.
- იმ სერიალების შემოქმედებით ჯგუფთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ღამის შოუსთან? ჩვეულებრივი, ნორმალური, არაფერი მტრული და პირადული.
- უყურებთ მათ სერიალებს?
- დრო არ მაქვს, მარტო ჩვენსას ვუყურებ იმიტომ, რომ ეთერში სხვანაირად აღვიქვამ. მიყურებია, მინახავს, ვიცი, რა არის, მაგრამ...
- მოგწონთ?
- არა (იღიმება)... ზოგადად არ მომწონს. თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, "შუა ქალაქზე" არ მეცინება. რაღაცაზე შეიძლება გამეცინოს, მაგრამ მე არ ვარ ასეთი ტიპის სერიალის მაყურებელი. ჩვენც ვაკეთებდით სიტუაციურ კომედიას "ჩვენი ოფისი", რომელიც სხვა მიმართულებით მომწონდა, იქ აბსოლუტურად სხვა თემებს ვეხებოდით, სხვა სივრცეში ვხუმრობდით. ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი განსხვავება იყო ამ ორ სერიალს შორის. ეგ არის და ეგ, მე ვერ ვუყურებ, თუმცა მინახავს რაღაცები.
- და არ გეცინებათ?
- რაღაცაზე გამეცინება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი პირადი აზრი არ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ, როგორც სერიალის შემქმნელისგან საინტერესოა იმ მხრივ, რომ კარგია, როცა ხარისხია იქით მხარეს და შენ კარგის გაკეთების უფრო მეტი მოტივაცია გაქვს. ამიტომ ვგულშემატკივრობ, რომ ჩვენი კონკურენტი პროდუქტი კარგი იყოს, თუმცა ძალიან გიხარია, რომ იმას უგებ, ჩვეულებრივი აზარტია.
- ყველა ამბობს, რომ თავად იგებენ.
- ხომ არსებობს ციფრები, იქაც არის ცდომილება, მაგრამ საერთო სურათის დანახვა შესაძლებელია.
- ფილმის გადაღება აღარ გაქვთ გეგმაში?
- ფილმს ყოველ თვე ვერ გადაიღებ, თან ძალიან ძნელია სერიალის პარალელურად კინო გააკეთო, თუმცა ზაფხულში ვაპირებთ. ჯერ ვფიქრობთ, შეიძლება, "ჩემი ცოლის დაქალებზე" გადავიღოთ. ამის პარალელურად სარეკლამო გადაღებებიც გვაქვს. ბოლოს რაჭაზე ტურისტული კლიპი გადავიღე. ეთერში დაახლოებით ათ დღეში გავა. რამდენიმე მომღერალი მღერის, ჯგუფები "ბანი", "ელდრაინი", ანსამბლი "რუსთავი" და ნუკი კოშკელიშვილი ცეკვავენ. რაჭაში ოთხი დღე მიმდინარეობდა გადაღება, კლიპს "რაჭა ჩემი სიყვარულია" ჰქვია.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)