რატი დურგლიშვილის "ქორწინება" და მოძალადე ქალები

რატი დურგლიშვილის "ქორწინება" და მოძალადე ქალები

იუმორისტული გადაცემა - "თქვენი შოუ" მომღერალ რატი დურგლიშვილის დაქორწინებით ძალიან დაინტერესებულია: ადრე საქმეში საქორწილო კაბაში გამოწყობილი მშვენიერი გოგონებიც კი ჩართეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ - რაღაც ნაკლი ყველა საპატარძლოს აღმოაჩნდა... ცოტა ხნის წინ რატის "შებმას" "თქვენი შოუს" მსახიობის - ნათია ბადირეიშვილის გმირიც შეეცადა. მისმა აქტიურობამ შედეგი გამოიღო - რატი დურგლიშვილი უკვე "დაქორწინებულია"...

რატი:

- "თქვენი შოუს" ბიჭები ჩემი მეგობრები არიან. მადლობა მათ, რომ არ მივიწყებენ. რაც შეეხება ჩემს ქორწინებას - ეს მათი საღადაო თემაა.

- როცა გეკითხებიან, - ცოლი რატომ არ მოგყავსო? - ეს გაღიზიანებს?

- ამ კითხვას ახლა იშვიათად მისვამენ. ეტყობა, ერთი და იმავე კითხვის დასმა მოჰბეზრდათ... ისე, თავს ცოლის გარეშეც ძალიან კარგად ვგრძნობ. საერთოდ, მესაკუთრე ადამიანი ვარ. ოჯახი ძალიან კარგია, მაგრამ სახლში "დათვლილ დროზე" მისვლა არ შემიძლია.

ნათი:

- მოკლედ, თავისუფლება უნდა.

- ნათია, ოჯახის შექმნასთან დაკავშირებული კითხვებით შენც ხომ არ გაწუხებენ?

- არა. 20 წლის ვარ და ძალიან მიხარია, რომ მსგავს შეკითხვას არ მისვამენ. ჩემი მშობლებიც ფიქრობენ, რომ ჯერჯერობით, გათხოვებაზე ფიქრი ნაადრევია.

რატი:

- ნათია ძალიან კარგი გოგონა და დადებითი ადამიანია. ჩვენ უკვე დავმეგობრდით.

- სკეტჩში ცოლადაც გამოგყვა...

ნათია:

- ფაქტობრივად, რატის სახით, "ქმარი მოვიყვანე".

- როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია, რომ თქვენი მეგობრობა რომანში გადაიზარდოს?

- ამაზე არ გვიფიქრია, ეს მხოლოდ სკეტჩი იყო.

- შენი რჩეული როგორი უნდა იყოს?

რატი:

- ადამიანს მხოლოდ კარიერის, სილამაზისა თუ ფულის გამო ვერ შევიყვარებ. უპირველეს ყოვლისა, მე ადამიანობას ვაფასებ, დანარჩენს - მხოლოდ ამის შემდეგ ვცემ პატივს...

ნათია:

- მიუხედავად იმისა, რომ რატი საქართველოში ძალიან წარმატებულია, ურთიერთობაში უბრალოა. ცოტა ხანია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ამ თვისების გამო მას დიდ პატივს ვცემ... თუ როგორი უნდა იყოს ჩემი რჩეული, ამასთან დაკავშირებით, რაიმე კრიტერიუმი არ მაქვს.

- ვიდრე ეკრანზე გამოჩნდებოდი და ხალხი გაგიცნობდა, რატის გასაცნობად ან მისი ავტოგრაფის მოსაპოვებლად არ "გიბრძოლია"?

- სხვათა შორის, არასდროს გამჩენია სურვილი, ვინმესთვის ავტოგრაფი მეთხოვა. მომღერლებს, მსახიობებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, - ავტოგრაფი რისთვის უნდა გამოვიყენო-მეთქი? ზოგადად, ცნობილი ადამიანების გაკერპება არ მიყვარს.

რატი:

- მსგავსი რამ მეც მჭირს: იურმალაში ყოფნისას ბევრი ვარსკვლავი ვნახე, მაგრამ მათთან ერთად ფოტოს გადაღების სურვილიც არ გამჩენია.

- შენი "ქორწინების" თემას დავუბრუნდეთ: სკეტჩის სცენარი წინასწარ იცოდი?

ნათია:

- მონახაზი წინასწარ გავანდეთ, ცალკეული ნიუანსი - არა. ყველაფერი რომ გვეთქვა, სკეტჩი სასაცილო აღარ იქნებოდა. სცენაზე ბევრი რამ ექსპრომტად მოხდა.

რატი:

- და ძალიანაც სასაცილო სიტუაცია იყო!

- ნათია, შენს გმირს რეალური პროტოტიპი ჰყავს?

- რეგიონულ ტელეარხებზე საღამოობით გადის გადაცემები, სადაც მაყურებლები "ესემესებს" გზავნიან, წამყვანები (ახალგაზრდა გოგონები) კი მათ ეთერში კითხულობენ და "მუსიკალურ თხოვნებს" ასრულებენ. ჩემი გმირიც ასეთი ტელეწამყვანი გახლდათ. ცდილობდა, ცოტათი "სვეტსკი" ყოფილიყო, მაგრამ არ გამოსდიოდა.

რატი:

- "თქვენი შოუს" სამეგობრო ძალიან ნიჭიერია. ისინი თავიანთ საქმეს კარგად აკეთებენ, მე კი სკეტჩში საკუთარი თავი არ მომეწონა...

- იოლად "შესაბმელი" რომ აღმოჩნდი, იმიტომ?

- არა. უბრალოდ, ცოტათი დაძაბული ვიყავი. გადაცემაში იუმორისტებთან ერთად მონაწილეობა ძალიან რთულია.

- ამჟამად შენს რეალურ ცხოვრებაში "ვინმე" არის?

- ზოგჯერ მგონია, რომ არის, საბოლოოდ კი ყოველთვის ისე გამოდის, რომ ვხვდები, - თურმე არ ყოფილა... აბა, ეს კითხვა ნათიასაც დაუსვი. რომ გიპასუხოს, - შეყვარებული არ მყავსო, - ძალიან გამიკვირდება.

ნათია:

- მე "დიდი" ლენინის მოძღვრებას მივყვები: "სწავლა, სწავლა და სწავლა!" ჰოდა, შეყვარებული არც მე ვარ. ვინმესთან რომანტიკული ურთიერთობის დაწყება მიჭირს, რადგანაც ამ საკითხს ყოველთვის ზედმეტად ფრთხილად ვეკიდები; გართობის მიზნით ფლირტს ვერავისთან წამოვიწყებ.

- რატი, ცხოვრებაში ნათიას გმირის მსგავს "მოძალადე" ქალს შეხვედრიხარ?

- კი, მაგრამ თავხედი ხალხი არ მიყვარს. ურთიერთობაში რაღაც დონემდე აქტიურობა შეიძლება, მაგრამ ზღვარს არ უნდა გადააბიჯო...

- შენმა პასუხმა გამიჩინა ეჭვი, რომ ვიღაცას დასაქორწინებლად ძალით მიჰყავდი...

- ჰოდა, ცუდი პასუხიც მიიღო...

- ნათია, მგონი, XXI საუკუნეში მოტაცების თემა აქტუალური აღარ არის, მაგრამ მაინც გკითხავ: ოჯახის შექმნის მიზნით, მოტაცების საფრთხის წინაშე დამდგარხარ?

- არა. ამ მხრივ ყოველთვის ვფრთხილობ; ვცდილობ, თავიდანვე ისე მოვიქცე, რომ ვინმეს მსგავსი ფიქრის უფლება არ მივცე.

- თქვენი აზრით, ოჯახის შესაქმნელად წყვილს შორის რაიმე ასაკობრივი ზღვარი არსებობს?

- არა.

რატი:

- ჩემთვის - კი... რა თქმა უნდა, ასაკით უფროსი და უმცროსი მეგობრები მყავს, მაგრამ თანატოლებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს.

ნათია:

- ამ სიტყვებით რატიმ თინეიჯერ გოგონებს იმედი გადაუწურა... ალბათ, ასაკით ჩემზე ძალიან უფროს მამაკაცს ცოლად ვერ გავყვები, რადგან სხვადასხვა სამეგობრო წრე, ინტერესი გვექნება...

- უკვე დაგეგმეთ, ზაფხულს სად გაატარებთ?

- ჯერჯერობით ამაზე არ მიფიქრია. დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს: "თქვენი შოუ" საქართველოს რეგიონებში კონცერტებს მართავს, თან - უნივერსიტეტში გამოცდები მაქვს...

რატი:

- კრუიზში წასვლას ვაპირებ - 12 ქვეყნის ნახვის საშუალება მექნება, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ამას მოვახერხებ თუ ვერა.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება