ბრაზილიამ, ურუგვაიმ და არგენტინამ პარაგვაიდან საკუთარი ელჩი გაიწვია. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი პარაგვაის პრეზიდენტის, ფერნანდო ლუგოს იმპიჩმენტი გახდა. ელჩების ნაწილი კონსულტაციებზე გაიწვიეს, ნაწილი - პარაგვაიში დემოკრატიული წესრიგის აღდგენამდე.
ფერნანდო ლუგოს იმპიჩმენტს გასულ კვირას პარაგვაის პარლამენტის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. იმპიჩმენტის მიზეზად დასახელდა ის, რომ მოქმედი პრეზიდენტი მოვალეობებს თავს ვერ ართმევდა. კონკრეტულად, ეს უკავშირდება 15 ივნისს, ქვეყანაში, პოლიციასა და მოსახლეობას შორის შეტაკებას, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა.
პარაგვაის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკო ფრანკო. ის პრეზიდენტის მოვალეობას 2013 წლის აპრილამდე შეასრულებს. სწორედ ამ დროსაა დაგეგმილი პარაგვაიში საპრეზიდენტო არჩევნები.
უცხოური მედიის ინფორმაციით, შაბათს საღამოს, პარაგვაის პოლიციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა დაიკავა და მისი დირექტორი თანამდებობიდან გადააყენეს. ამის მიზეზი გადაყენებული პრეზიდენტის მხარდამჭერი მიტინგების ტრანსლირება გახდა.