რას ფიქრობს "ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზებაზე გივი ჩუგუაშვილი

რას ფიქრობს "ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზებაზე გივი ჩუგუაშვილი

ინტერნეტსივრცეში "ვეფხისტყაოსნის" ტრეილერის გავრცელების შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა. პირველივე დღეს ის 35 ათასმა ადამიანმა ნახა და ამ ამბის ირგვლივ ინტერესი დღემდე არ ცხრება.

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გივი ჩუგუაშვილი ლევან დაბრუნდაშვილის მიერ გადაღებულ ქაჯეთის ციხის აღების ეპიზოდში, თორნიკე გოგრიჭიანის, გიორგი ვარდოსანიძის, რუსკა მაყაშვილისა და სხვა მსახიობების გვერდით გამოჩნდა. ამ ეტაპზე ის მარჯანიშვილის თეატრში "დეკამერონში", "პიგმალიონსა" და "ურიელ აკოსტაშია" დაკავებული და როგორც გვითხრა, მონაწილეობს ლევან წულაძის სტუდენტის ჯაბა პაპუაშვილის (მსახიობ ზაზა პაპუაშვილის შვილი) სპექტაკლშიც - "უფროსი შვილი".

- ლევან დაბრუნდაშვილი "რუსთავი 2"-ში ოპერატორად მუშაობდა. მე იქ ფილმებს ვახმოვანებდი და სწორედ იქიდან ვიცნობთ ერთმანეთს. რაც შეეხება ინტერნეტში გავრცელებულ ტრეილერსა და ჩემს გმირს, ეს არის გამონაგონი პერსონაჟი, ტარიელის, ავთანდილისა და ფრიდონის ამალის წევრი. უფროსი თაობის წარმომადგენელი, გამოცდილი, დამჯდარი, ბრძენი კაცი. დაბრუნდაშვილი ძალიან კარგი ბიჭია და დიდი ფანტაზიის უნარი აქვს. შეუძლია, ახალი თვალით დაინახოს რაღაც-რაღაცები. უსიამოვნო განცდა მქონდა, როდესაც ის კომენტარები ვნახე, რაც ამ ვიდეოს ინტერნეტში გავრცელებას მოჰყვა. როგორ შეიძლება?! - წერდნენ კომენტარებში. მე საპირისპირო აზრი მაქვს, რატომაც არა?! რა მოხდა, ახალგაზრდა კაცია და უნდა ფილმის გადაღება. უკეთესიც იქნება ახალი თვალით დანახული "ვეფხისტყაოსანი"...

- ბევრი მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდში ჰოლივუდის ფილმების გავლენა ჩანდა და არაფერი იყო ქართული...

- ე.ი. "ვეფხისტყაოსანში" სუფთა ქართული ელემენტებია?! თუ ეს როგორ გავიგოთ?! "ვეფხისტყაოსანი" ურთულესი ნაწამოებია, მაგრამ დაბრუნდაშვილმა რატომ არ უნდა სცადოს?! ტარიელისა და ავთანდილის სახეები ისე აქვს რუსთაველს ჩამოყალიბებული, რომ ისინი ათივე მცნების შემსრულებლები არიან. ჩვენ ხომ ყველანი ცოდვილები ვართ, ათ მცნებას ვერ ვასრულებთ, ჩემი აზრით კი, ისინი ათივე მცნებას ასრულებენ. სულ ასე ხდება. ჯერ კიდევ წლების წინ, როცა ვახტანგ ტაბლიაშვილმა "დიდოსტატის მარჯვენა" გადაიღო, იქ პატარა ეპიზოდში ვთამაშობდი, მაშინაც ამბობდნენ, ეს როგორ გადაიღოო?!

- როგორ გგონიათ, როცა რომელიმე რეჟისორი კლასიკასა და ეროვნულ საგანძურს ჰკიდებს ხელს, უმეტეს შემთხვევაში ასეთი უარყოფითი გამოხმაურება რატომ მოჰყვება?

- ალბათ ეშინიათ, რომ ტრადიციას, ქართულს ართმევენ, არადა, ასე არ არის, არავინ არაფერს ართმევს. როცა ნიკა ხომასურიძემ "დავით აღმაშენებლის" გადაღება გადაწყვიტა, მაშინაც ასეთი ამბავი ატყდა. ან ის რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ დავითის ან სხვა რომელიმე მთავარი როლი ჰოლივუდის მსახიობმა უნდა შეასრულოს?! საქართველოში არიან კარგი მსახიობები. რატომ აკომპლექსებ ახალ თაობას? პირიქით, შეაქე და ფრთები შეასხი. რატომღაც ყველა სიტყვაძუნწი გახდა. ვიღაც რომ მომეწონება, მივვარდები, ვკოცნი, ვეფერები და ეს ცრემლებამდე უხარიათ. დეფიციტი გახდა შექება, რატომღაც ასეთ დროს ყველა ამუხრუჭებს. ბიჭმა იშრომა, იმუშავა, შენ კი იქვე უხშობ და უსპობ ყველაფერს. ხომ შეიძლება, ახალგაზრდა კაცს ისეთი კომპლექსი გაუჩნდეს, რომ ცხოვრებაში არაფრის კეთების სურვილი აღარ ჰქონდეს?! თუმცა, დაბრუნდაშვილი არ არის ის ბიჭი, რომ მასზე ამან უარყოფითი გავლენა მოახდინოს. მაგრამ მაინც რატომ არის ასეთი მიდგომა? რა იცი, ხვალ ვინ იქნება ეს დაბრუნდაშვილი.

- ქაჯეთის ციხის აღების სცენა სად გადაიღეთ?

- ქარელის რაიონის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში, სადაც სალოცავია, დიდი მუხის ხეები დგას და უცნაური ბუნებაა. თუ არ ვცდები, დაბრუნდაშვილი იმ რაიონიდანაა. იქ პირველად ვიყავი და იმ ადგილმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დაბრუნდაშვილმა საკუთარი სახსრები დახარჯა გადაღებაზე და რა თქმა უნდა, ჩვენ მას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დავეხმარეთ. ერთი ღამე გავათენეთ, ღამის გადაღებები გვქონდა. ჩვენთან ერთად იყვნენ ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენელი შესანიშნავი ბიჭები. რაც შეეხება ტარიელისა და ავთანდილის როლების შემსრულებლებს, კარგი მსახიობები არიან, კარგად მუშაობენ.

- გოგრიჭიანი და ვარდოსანიძე, სერიალის გარდა, მუსიკისა და დრამის თეატრის სცენაზე თუ გინახავთ?

- როგორ არა. ნიჭიერი ბავშვები არიან და მიმაჩნია, რომ კარგი მომავალი აქვთ.

- ანუ თუ დაბრუნდაშვილმა მოიძია ფილმის გადაღებისთვის შესაბამისი თანხა, ფილმში გიხილავთ...

- კი, რა თქმა უნდა.

- კოსტიუმები წინასწარ შეგიკერეს თუ იქვე მოირგეთ?

- იქვე. არ ვიცი, მთავარი როლის შემსრულებლებს წინასწარ შეუკერეს თუ არა, მაგრამ ჩემი კოსტიუმი პირველად გადასაღებ მოედანზე ჩავიცვი.

- არც თუ ისე დიდი ხნის წინ მარჯანიშვილის თეატრს ინგლისში წარმატებული გასტროლი ჰქონდა...

- დიახ, მსახიობებს აეროპორტში დავხვდით, გახარებული ვიყავი იმ წარმატებით, რაც მარჯანიშვილის თეატრს ჰქონდა. ჭოლას მოსვლით თეატრი სხვა საფეხურზე ავიდა. ეს იყო უსაზღვროდ დიდი გამარჯვება.

- სპექტაკლების გარდა, რამე ფილმის გადაღებებიც ხომ არ გაქვთ?

- კი, დამწყები რეჟისორი გიორგი ჯაფარიძე სერიალს იღებს და მე იქ ორგანოს თანამშრომელს ვთამაშობ, რომელიც მაფიისკენ არის "გადახრილი". პარალელურად ამისა, ინდოეთის კინოკომპანიასთანაც ვთანამშრომლობ. ფილმის გადასაღებად საქართველოში ჩამოსული იყვნენ ბოლივუდის წარმომადგენლები. ჯერ მხოლოდ ის ვიცი, რომ მოქმედება ინდოეთში ხდება და მე მეკობრის როლს ვასრულებ. მომცეს ტექსტიც, რომელიც ინდურ ენაზეა და უნდა დავიზეპირო. საშინლად რთულია (იღიმის).

- ცალთვალა მეკობრე ხომ არ იქნებით?

- სხვათა შორის, მეც ეგ ვიფიქრე, ცალი თვალი ხომ არ მექნება-მეთქი, მაგრამ ჯერ არ ვიცი. გადაღებები ივლისში იგეგმება და ვნახოთ (იღიმის).

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ამავე თემაზე | ვიდეორეპორტაჟები

- კომერციული ზღაპარი - როგორ იქმნებოდა "ვეფხისტყაოსნის" თრეილერი

- პირველი კადრები "ვეფხისტყაოსნის" პირველი ეკრანიზაციიდან

- ჩემი 5 წუთიანი თრეილერი მირჩევნია მილიონიან "აგვისტოს 5 დღეს" - ლევან დაბრუნდაშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება