ანა ქურთუბაძე: "გადარეული შეყვარებული ვარ..."

ანა ქურთუბაძე: "გადარეული შეყვარებული ვარ..."

ის მაყურებელმა პროექტ "ჯეოსტარიდან" გაიცნო, პოპულარობა კი სერიალმა - "შუა ქალაქში" მოუტანა. ამბობს, რომ ბავშვები ქუჩაში ხშირად აჩერებენ და ეკითხებიან - "შენ თეკლა ხარ?" მსახიობი ანი ქურთუბაძე საკმაოდ გულახდილი რესპონდენტია. რა სიგიჟეები ჩაუდენია, როდის ტირის და როდის იბნევა, ვის უხსნის სიყვარულს და რა არ დაავიწყდება არასდროს? - ამას ჩვენი დიალოგიდან შეიტყობთ.

- სახელი და გვარი...

- ანა ქურთუბაძე.

- დაბადების თარიღი...

- 1988 წლის 7 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მაღაზიის გამყიდველი. მინდოდა, ბევრი ნაყინი გამეყიდა. ეს საქმე იმდენად მიტაცებდა, რომ სახლში სათამაშოები შევაგროვე, პატარა სკამი ეზოში ჩავიტანე, ზედ ჩემი ნივთები დავაწყვე და იქვე ჩამოვჯექი. მოუთმენლად ველოდი, როდის გამოჩნდებოდა პირველი მყიდველი, მაგრამ იმ დღეს არ გამიმართლა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მსახიობი გახლავართ. ესეც ბავშვობის დროინდელი ოცნება იყო.

- მსახიობობა ჩემთვის...

- ...მთელი ცხოვრებაა, ყველაფერია. სულ როლზე ვფიქრობ და ამ ფიქრებით ვიძინებ, ვიღვიძებ... თამაში სცენაზეც საინტერესოა და კამერის წინაც. კინოსა და თეატრში თამაშის სტილი ერთმანეთისგან განსხვავდება, სერიალში თამაში კი ორივეს ელემენტებს შეიცავს: ჩაწერას მაყურებელი ესწრება, მათ თვალწინ ვთამაშობთ. მაყურებლის რეაქცია ჩემზეც და სხვა მსახიობებზეც ძალიან მოქმედებს. ასეა თეატრში, დიდ სცენაზე თამაშის დროსაც...

- როცა მარტო ვარ...

- ...ძალიან ბევრს ვფიქრობ და ვოცნებობ.

- ვოცნებობ...

- ...გემით მოგზაურობაზე. ეს ადვილად ასახდენი ოცნებაა და იმედია, მალე ამისრულდება. მინდა მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურო და შტორმიც ვნახო. წყალზე ვგიჟდები. ზღვაში შორს გავდივარ ხოლმე და ველაპარაკები, სიყვარულს ვუხსნი; ვეუბნები, როგორ დიდ ენერგიას მაძლევს. ამ დროს ვინმემ თუ დამინახა, აუცილებლად გაიფიქრებს, - გიჟიაო.

- გემით სამოგზაუროდ წავიდოდი...

- ...მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად.

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...ვიმეორებ ტექსტს. ამ დროს ყველაზე მშვიდად ვარ და კარგად მამახსოვრდება.

- ვიბნევი, როცა...

- ...მოდიან და მეუბნებიან: "სერიალს ვუყურებ და ძალიან მომწონს" ან "შენს სპექტაკლზე ვიყავით და რა კარგად ითამაშე"... ამ დროს მართლა ვიბნევი და აღარ ვიცი, ადამიანს მადლობის გარდა, კიდევ რა უნდა ვუთხრა.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...გამყიდველი.

- მეზარება...

- ...დილით იოგის ვარჯიში, მაგრამ მაინც ვვარჯიშობ. ვიცი, რომ ეს ჯანმრთელობისთვის კარგია, სისხლის მიმოქცევის სისტემას აწესრიგებს. მსახიობისთვის პლასტიკაც ხომ მნიშვნელოვანია?!

- მაღიზიანებს...

- ...როცა იტყუებიან. განსაკუთრებით, ბოროტი ტყუილი მაღიზიანებს. მატყუარა ადამიანთან ურთიერთობას ძველებურად ვეღარ გავაგრძელებ.

- არ მიყვარს...

- ..."ხალადეცი".

- მსურს...

- ...მერილ სტრიპის გაცნობა. უნიკალური, საოცრად ნიჭიერი მსახიობია და ძალიან მიყვარს. ბავშვობაში მის ფოტოებს ვაგროვებდი და ჩემს დღიურში საპატიო ადგილას ვაკრავდი.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...საჭიროა. იშვიათად ვჯიუტდები.

- ვჯიუტდები, როცა...

- ...რაღაც ძალიან მინდა.

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...ტორტის გამოცხობა. დიდად არც მომინდომებია, მაგრამ მგონია, არ გამომივა. არადა, ძალიან მიყვარს, გემრიელია.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ყოველთვის ვაღიარებ.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ...ჩემებური "წესები" მაქვს. მაგალითად, მაგიდაზე მარილი თუ დამებნევა, ზურგს უკან სამჯერ გადავყრი; სცენაზე გასვლის წინ კედელს თავს სამჯერ ვურტყამ. სხვათა შორის, სერიალის - "შუა ქალაქში" ჩაწერის წინაც ასე ვიქცევი. ეს ჩვევა სტუდენტობიდან დამჩემდა. გამოცდაზე გასვლის წინ მე და ჩემი ჯგუფელი - ზურა გორგაძე ერთმანეთს თავს სამჯერ ვურტყამდით. ახლა, როცა პრემიერა ან ჩაწერა მაქვს, ან მის ცხოვრებაში ხდება რაღაც მნიშვნელოვანი, ერთმანეთს ვურეკავთ და ვეუბნებით, - "ტელეფონს თავი 3-ჯერ მიარტყი".

- ბოლოს მესიზმრა...

- ...სერიალში რომ ფიზიკოსი გვყავს - გოგა ვეშაპიძე რაღაც ამბავს გვიყვებოდა და გვაცინებდა. მერე პარკში აღმოვჩნდით, სადაც უამრავი ფერადი ყვავილი იყო და რომლებშიც წვრილი თევზები დაცურავდნენ.

- ძალიან მჯერა...

- ...ინტუიციის. კარგი ინტუიცია მაქვს, თითქმის ყოველთვის ამართლებს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მომავალზე ნაკლებად ვფიქრობ. დღევანდელი დღით უფრო ვცხოვრობ. მგონია, ნებისმიერ ასაკში ახალგაზრდული სული და გული მექნება. 50 წლის რომ ვიქნები, მაშინაც წავალ კლუბში და ვიცეკვებ. ქუჩაში დღემდე ვმღერი და ვცეკვავ.

- ძალიან მინდა...

- ...მივიღო მონაწილეობა პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები", მაგრამ ვის მივმართო, არ ვიცი. იქნებ ეს წაიკითხონ და მიმიწვიონ.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...ჩემს პირად ცხოვრებაზე, ჩემი და ჩემი შეყვარებულის ურთიერთობაზე.

- სიყვარული ეს...

- ...ყველაზე მაგარი გრძნობაა. 4 წელია, შეყვარებული ვარ. ნიკუშა მდივანი აგვისტოს ომის დროს გავიცანი. ის პროფესიით სცენარისტია.

- ეს ურთიერთობა ქორწინებით...

- ...შეიძლება დაგვირგვინდეს.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...ფილმს ვუყურებ. ბედნიერ დასასრულზე ცრემლები თავისთავად მომდის.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ეს ჩემს მეგობარს, ირაკლი ძნელაძეს შეუძლია. იმდენად დადებითი პიროვნებაა, შეუძლებელია, მის გვერდით თავი ცუდად იგრძნო ან უხასიათოდ იყო.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...სიზარმაცეა, მაგრამ საქმეს ხელი თუ მოვკიდე, ვცდილობ, ხარისხიანად გავაკეთო.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად მივდივარ. სკოლა რომ დავამთავრე, ოჯახის წევრებს არ უნდოდათ, სამსახიობოზე ჩამებარებინა. მათ ანგარიში გავუწიე და საბუთები ტექნიკურ უნივერსიტეტში შევიტანე. უფასოზე მოვხვდი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკაში და ტექნიკურ საგნებში კარგად ვერკვეოდი, მალე მივხვდი, ჩემგან ბანკირი არ გამოვიდოდა. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, ყველასგან მალულად, სასწავლებლიდან საბუთები გამოვიტანე და თეატრალურ უნივერსიტეტში შევიტანე. ეს დიდი რისკი იყო, რადგან გამოცდებისთვის არც ვემზადებოდი და რომ ვერ ჩამებარებინა, ჰაერში დავრჩებოდი. ეს ამბავი რატომღაც, მაღაზიის გამყიდველს ვუთხარი, მაგრამ დამავიწყდა გამეფრთხილებინა, არავისთან ეთქვა. საღამოს დედაჩემი პურის საყიდლად რომ შევიდა, გამყიდველმა ჩემზე რაღაც ჰკითხა და ეს ამბავი ასე გაიგეს. საბედნიეროდ, არ გაბრაზებულან. თავიდან მშვიდად იყვნენ, რადგან ეგონათ, გამოცდამდე გასავლელ ტურებს ვერ დავძლევდი, მაგრამ როცა მეორე ტურიც წარმატებით გადავლახე, მერე მგულშემატკივრობდნენ.

- ვეპრანჭები...

- ...ძალიან ბევრ ადამიანს. როცა ოთახში მხოლოდ გოგონები ვართ, საკმარისია, მამრობითი სქესის ადამიანი შემოვიდეს, თავიდან ბოლომდე ვიცვლები. სხვათა შორის, ეს თავისთავად ხდება.

- მეშინია...

- ...საკუთარი ფიქრების. ათას სისულელეს ვფიქრობ. შეიძლება ჩემს ჩრდილზე ისეთი ფიქრები ავაწყო, რომ...

- არასდროს დამავიწყდება...

- ...ბავშვობაში დასასვენებლად გურიაში ვიყავი და მდინარეში იმხელა კლდიდან გადავხტი, სანამ წყალში ჩავვარდებოდი, მეგონა, გული ტვინთან ამივიდა. საოცარი შეგრძნება მქონდა. იმ განცდას ვერაფერს შევადარებ.

- არ მჩვევია...

- ...ტყუილების თქმა. ლამაზ ტყუილს ყოველთვის ცუდი სიმართლე მირჩევნია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...იმის გამო, რომ დილით ადრე გაღვიძება მიჭირს.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...გიჟი და გადარეული ვხდები. ბაღის ასაკიდან სულ ვიღაც მიყვარს.

- საყვარელი ბიჭის გამო...

- ...ათასი სისულელე გამიკეთებია. წლების წინ ერთი ბიჭი ძალიან მიყვარდა. მეგობართან ერთად მის სახლთან, დილის 6 საათზე მივედი და წერილი დავუტოვე. კერძო სახლში ცხოვრობდა, დიდი ძაღლი ჰყავდა და ლამის დაგვგლიჯა, ძლივს გადავურჩით... ნიკუშას კორპუსთან მიმღერია. ეს მათაც ისევე მოსწონთ, როგორც - გოგონებს. მოკლედ, ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, რასაც შეყვარებული ბიჭები უკეთებენ საყვარელ ადამიანებს.

- ვუფრთხილდები...

- ...მეგობრებს, ურთიერთობებს.

- ვერავინ მაიძულებს...

- ...ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რაც მე არ მინდა.

- მრცხვენია...

- ...ტირილის. არ მომწონს, როცა ვტირი და ვიღაც მიყურებს.

- ყოველთვის ძალიან განვიცდი...

- ...როცა მეგობარს პრობლემა აქვს. სხვის ცხოვრებაში უხეშად ჩარევა არ მჩვევია. ვფიქრობ, გადაწყვეტილება ყველამ თავად უნდა მიიღოს. პირადად მე, როცა პრობლემა მაქვს, საკუთარი თავის იმედი მაქვს.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...გაიღიმეთ და იოცნებეთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება