როდის და ვისთან მიიღო სექსუალური გამოცდილება მარკუს მეტრეველმა

როდის და ვისთან მიიღო სექსუალური გამოცდილება მარკუს მეტრეველმა

ამბობს, რომ თავისი სხეული კარგად იცის და ზუსტად ხვდება, რა მოუხდება და რა - არა. ამიტომაც აცვია მოდურად, რასაც საქართველოში სწორად ვერ იგებენ. იმასაც ამბობს, რომ შეყვარებულია და რომ მისი ახლანდელი შეყვარებული გათხოვილია. თურმე ის ქალბატონი მარკუს მეტრეველის გამო ოჯახის დატოვებას აპირებს.

როგორ აიღო ცისფერი დიპლომი

- ჩემი მშობლები ლალი რაზმაძე და ვაჟა მეტრეველი ერთად უკვე 30 წელია, ცხოვრობენ. ფოტოზე მათთან ერთად ვარ. დედა გათხოვების შემდეგ მამაჩემის გვარზე გადავიდა. მამა ინჟინერია, დედა - ეკონომისტი.

- როგორ დაოჯახდნენ?

- მათი სიყვარულის ისტორია 30 წლის წინ დაიწყო. ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს. დედას მამა იმდენად შეუყვარდა, რომ ფანჯრიდან გადაძვრა და ისე გაჰყვა ცოლად. ბებია მამას ქალიშვილს არ ატანდა. დედა ძალიან პატარა, ჩვიდმეტი წლის იყო, როცა დაოჯახდნენ. ისინი ერთ-ერთი საყვარელი წყვილია, ვისაც ვიცნობ. ძალიან წარმატებული ოჯახი აქვთ და მინდა, მათნაირი ოჯახი ოდესმე მეც მქონდეს.

- ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან შენი და მათი ოჯახი?

- სამწუხაროდ, ძალიან განსხვავდებოდა.

- პირველი შენ დაი­ბადე?

- პირველი ჩემი ძმა დავითი გაჩნდა და ხუთი-ექვსი წლის მერე მე დავიბადე. გიორგი დამარქვეს. შემდეგ ფოტოზე დედასთან, ჩემს ძმასა და დეიდაშვილებთან ერთად ვარ. 20 წელი საბერძნეთში ვიცხოვრე და სახელი მეგობრებმა შემიცვალეს. ბერძენი მეგობრები გიორგის ვერ ამბობდნენ. შეიცვალა ჩემი გარემოება და სამეგობრო წრე. სკოლაში რომ შევედი, დამარქვეს მარკო. სახელი მარკო საქართველოში ნაკლებადაა ცნობილი. შემდეგი ფოტო, რომელიც მამასთან ერთად მაქვს გადაღებული, ძალიან მომწონს. ბავშვობის ძალიან კარგ წლებს მახსენებს.

- როგორც ვიცი, 7-8 წლის ასაკში დატოვე ოჯახთან ერთად საქართველო. ალბათ ძალიან გაგიჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება.

- ძალიან ცუდი სიტუაცია შეიქმნა საქართველოში. დაიწყო ომი. ჩემს ოჯახს ჰქონდა ბიზნესი თავისუფლების მოედანზე და ომის გამო ეს ბიზნესი დაიხურა.

- რა ბიზნესი ჰქონდა შენს ოჯახს?

- ბებია თავისუფლების მოედანზე უნივერმაღის ერთ-ერ­თი მეწილე იყო. შემდეგი სურათი თბილისის უნი­ვერ­მაღთანაა გადაღებული, რომელიც ბებიას სამსახურში ერთ-ერთი სტუმრობისას გადავიღე. ომის დროს თავს ვერ ვირჩენდით. 135-ე სკოლაში ვსწავლობდი, სადაც სულ შიშით მივდიოდი.

- კარგად სწავლობდი?

- კარგი მოსწავლე არ ვყოფილვარ. არ მიტაცებდა ტექნიკური საგნები. ყოველთვის სცენისკენ მივისწრაფოდი. დავდიოდი ცეკვაზე და ფორტეპიანოზე და ამ კუთხით ვვითარდებოდი.

- ბერძნული ენა იცოდი?

- ერთი სიტყვაც კი არ ვიცოდი. კარგად მახსოვს ჩვენი საქართველოდან წასვლა. დიღომში ტანკები შემოდიოდნენ. მამა სახლში აღელვებული მოვიდა და თქვა, ლალი, აუცილებლად უნდა წავიდეთ საქართველოდან. საბერძნეთი და კომუნისტური ქვეყანა ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ის იყო ქვეყანა, სადაც მე ბავშვობიდან უნდა ვყოფილიყავი. ათენში ვცხოვრობდით.

- რა ემოცია დაგეუფლა საბერძნეთში ჩასვლისას?

- ჩვენ თითქმის პირველები ვიყავით, რომლებიც საბერძნეთში ჩავედით. არავინ იცოდა ქართველების არსებობა. ყველანი რუს ღორებს გვეძახდნენ. არ ვუყვარდით ბერძნებს. სკოლაში ძალიან გვამცირებდნენ მე და ჩემს ბიძაშვილს. მაპატიეთ და, გვაფურთხებდნენ კიდეც. რეპრესია და დეპრესია, ყველაფერი ერთად დაგვემართა. ბერძნებმა ქართველები ძალიან ცუდად მიიღეს. სკოლაში ორი კლასით გვიან დავჯექი. ყველაზე მაღალი ვიყავი. ანბანს რომ ვსწავლობდი, ჩემთვის შოკი იყო, საშინლად დამცინოდნენ.

- ალბათ სულ ჩხუბობდი.

- ვტიროდი ხოლმე. ვერ ვჩხუბობდი. როცა ექვსასი ბერძენი სწავლობს სკოლაში და შენ ერთი ქართველი ხარ ინკუბატორის წიწილასავით, ვერაფერს გახდები. ნელ-ნელა მოვახდინე ადაპტირება და ყველას დავუმტკიცე, რომ მეც ადამიანი ვიყავი. სულ რაღაც წელიწად-ნახევარში სკოლის საუკეთესო მოსწავლე გავხდი. პირველი კლასიდან მეოთხეში გადამიყვანეს. გიმნაზია ათიანებზე დავამთავრე. ცისფერი დიპლომი ავიღე. საბერძნეთში წარმატებულ სტუდენტებს ცისფერ დიპლომს აძლევენ, რომელიც მათი დროშის ფერია. შემდეგი ფოტო საბერძნეთში მაქვს გადაღებული. სურათზე დაახლოებით 12 წლის ვიქნები.

- მათემატიკა, რომელ­იც თბი­ლისში არ მოგწონდა, საბერძნეთში ისე შეგიყვარდა, რომ ათიანები მიიღე?

- რა თქმა უნდა. ძალიან მიზანდასახული ვარ. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ყველა საგანში წარმატებული ვყოფილიყავი. ქიმიასა და ბიოლოგიაში მყავდა ცხრიანები, მაგრამ სკოლა მაინც წარმატებით დავამთავრე.

- ყოველთვის მაინტე­რ­ესებდა სცენა და სიმღერაო, მითხარი. პირველად სცენაზე როდის გამოხვედი?

- სცენაზე პირველად საქართველოში ნუგზარ კვაშალის დახმარებით გამოვედი. შეიძლება, ეს მომენტი ბატონ ნუგზარს აღარც ახსოვს. საქართველოში ჩამოსული იყო ნატაშა კარალიოვა, რო­მელმაც სპორტის სასახლეში გამართა კონცერტი. ბატონმა ნუგზარმა მომკიდა ხელი და სცენაზე გამიყვანა. "ჩიორა ჩიტო, უარს ნუ მეტყვი" ვიმღერე. მაშინ ძალიან პატარა, მგონი, შვიდი წლის ვიყავი. ძალიან კარგად ვიმღერე. დედამ ქალბატონ ირმა სოხაძესთან მიმიყვანა ვოკალში მოსამზადებლად. საბერძნეთშიც შევედი მუსიკალურ სასწავლებელში და განვავითარე ჩემი მონაცემები. მოგვიანებით ჩამოვედი თბილისში და ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. ოთხი წელი ვისწავლე, კვლავ საბერძნეთში დავბრუნდი და ბერკლის უნივერსიტეტში ჩავაბარე.

რატომ ვერ ძლებს უცხო ქვყანაში

- პირველად როდის შეგიყვარდა?

- მოწონება და სიყვარული არ მქონია. პირველად სექსი მქონდა. არავითარი სიყვარული არ გამაჩნდა იმ ადამიანის მიმართ, ვისთანაც სექსი მქონდა. ეს მოხდა ცამეტი წლის ასაკში. ახლაც კი მახსოვს მისი სახელი.

- რა ერქვა?

- თემი. ის გოგონა თხუთმეტი თუ თექვსმეტი წლის იყო. სექსუალური გამოცდილება პირველად მაშინ მივიღე. მერე უკვე იყო ბავშვური სიყვარულები, ისე, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანთან ხდება ხოლმე.

- თემის მას შემდეგ აღარ შეხვედრიხარ?

- ჩვენი ურთიერთობა რამდენიმე თვეს გაგრძელდა. მერე ის სხვაგან გადავიდა და მე მარტო დავრჩი (იცინის).

- მარტო რომ დარჩი, დიდად არ გიდარდია, როგორც ვხვდები.

- არა, რა თქმა უნდა. მე ის არ მიყვარდა. მასთან ფიზიკური მოთხოვნილება დავიკმაყოფილე და დარწმუნებული ვარ, ისიც ასევე მოიქცა.

- შემდეგი ფოტო სადაა გადაღებული?

- ეს სურათიც საბერძნეთშია გადაღებული. ფოტოზე დაახლოებით 16 წლის ვიქნები.

- მუსიკას დავუბრუნდეთ. როგორც მითხარი, საბერძნეთში ბერკლის უნივერსიტეტში სწავლობდი.

- ბერკლის უნივერსიტეტში დიდი მუსიკალური გამოცდილება მივიღე. ოთხი წელი ვისწავლე იქ და ძალიან წარმატებული ვიყავი. აკადემიაში 6500 სტუდენტი სწავლობდა და 5 მომღერალი ამოარჩიეს. მათ შორის ვიყავი მეც. ამ ხუთ მომღერალს გაუკეთდა მინიპიარი. გამოვიდა სიდისინგლები და ვთანამშრომლობდით ძალიან წარმატებულ მომღერლებთან. ვმღეროდით ბუზუკებში. ესაა ძალიან ცნობილი და დიდი სცენა საბერძნეთში. ჩემგან ბევრ ინტერვიუს იღებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ტელევიზიები იყო ჩემთვის მეორე სახლი. შემდეგ ფოტოებზე სწორედ იმ პერიოდის კადრებია ასახული. ამის შემდეგ ჩემი კარიერა წინ უნდა წასულიყო, მაგრამ რაღაცების გამო უარი ვთქვი კარიერაზე და გადავწყვიტე, საქართველოში ან მოსკოვში წავსულიყავი. იმ პერიოდში საქართველოსა და რუსეთს შორის არ იყო დაძაბული ურთიერთობა. ზუსტად ამ დროს დამირეკეს პროექტ "ექს ფაქტორიდან" და მონაწილეობა შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. პროექტში რომ მივედი, ნინი შერმადინი ვნახე. რომელიც ლიდიამ (საქართველოდან ჩასული ჟურნალისტია) გამაცნო. მითხრა, ეს გოგო საქართველოდან არის, იქ წარმატებული მომღერალი იყო და დაეხმარეო. მე მას კონსულტაცია გავუწიე. ძალიან გამიხარდა, ნინი რომ ჩამოვიდა და ორი ქართველი რომ ვიყავით პროექტში. ნინის ვეხმარებოდი, ანკეტა შევავსებინე. ორივე მოვხვდით 18 კონკურსანტს შორის, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო, რომ მე მაინც მოვდიოდი საქართველოში და ბარგი ჩალაგებული მქონდა. ნინიმ მითხრა, მარკო, არ წახვიდე, რასაც აქ მიაღწიე, საქართველოში ეს ყველაფერი არ გექნებაო. მან დაინახა, საბერძნეთში როგორ ვცხოვრობდი, მაგრამ ნინის არ დავუჯერე.

- რატომ?

- ჩემმა ლექტორმა მითხრა, შენი ადგილი დიდ ქვეყანაშია, რუსეთში ან ამერიკაში უნდა წახვიდეო. ვუთხარი, რომ საქართველოში მინდოდა დაბრუნება. მითხრა, საქართველოში 2-3 წელი კარიერა შეიქმენი და მერე წადი დიდ ქვეყანაშიო. მასწავლებელს დავუჯერე.

- 2-3 წელი გავიდა, რაც საქართველოში დაბრუნდი. არ გინდა, კვლავ დაუჯერო მასწავლებელს და დიდ ქვეყანაში წახვიდე?

- მინდა, წავიდე ამერიკაში ან ინგლისში, მაგრამ საქართველოში კარგად ვგრძნობ თავს. რა თქმა უნდა, ის შემოსავალი არ მაქვს, რაც ევროპაში მქონდა, მაგრამ აქ დარჩენა ვარჩიე. მგონია, რომ საქართველოს შოუბიზნესში სიტუაცია გამოსწორდება და ის მინიმალური შემოსავალი გვექნება, რაც ჩვენთვის საჭიროა. საქართველოში რატომ ჩამოხვედი, საბერძნეთში თუ კარგად იყავიო, ხშირად მეკითხებიან. არ ესმით, რას ნიშნავს სხვა ქვეყნის შვილობა. სხვა ქვეყანაში რაც უნდა წარმატებული იყო, მაინც მეორეხარისხოვანი ხარ. რაც უნდა წარმატებული იყო, მაინც ამბობენ, ეს ქართველიაო და მგონი, დღეს საქართველოს უფრო სჭირდება ნორმალური მომღერალი და შოუმენი, ვიდრე ევროპის ნებისმიერ ქვეყანას.

- შენსა და ნინის შორის რეალურად რა ხდებოდა? ბევრს ჭორაობდნენ. თქვენ შორის არსებულ სიყვარულზე ხმამაღლა საუბარი მართლა პიარისთვის გჭირდებოდა, როგორც ამას ნინი ამბობს?

- თქვენ როგორ ფიქრობთ, მარკუს მეტრეველს ნინისგან პიარი სჭირდება? იმდენი მაქვს ნაშრომი, რომ ნინის ფონზე გაკეთებული პიარი არ მჭირდება, ღმერთმა დამიფაროს. არასერიოზული ადამიანების კომენტარი და რეაქცია მე არ მაინტერესებს. ვთქვი, რომ ჩემსა და ნინის შორის იყო გარკვეული ურთიერთობა. ეს თუ ნინის არ სიამოვნებს ან რამეს მალავს, მისი საქმეა. მე ცანცარა და არასერიოზული არ ვარ, მსგავსი რამეები რომ მოვიგონო.

- გარკვეული ურთიერთობა გვქონდაო, რას გულისხმობ?

- გვქონდა ჩვეულებრივი, კარგი ურთიერთობა, რასაც წყვილის ურთიერთობა ჰქვია.

- საბერძნეთში ყო­ფ­ნისას ნინის ქმარი ჰყავდა...

- როგორც ვიცი, ნინის დიდი ხნის წინ ჰქონდა მეუღლესთან გაფუჭებული ურთიერთობა. ჩემი და ნინის ურთიერთობა იმის ფონზე დაიწყო, რომ ქმართან, ფაქტობრივად, დაშორებული იყო და როგორც მივხვდი, შვილის გულისთვის ცხოვრობდნენ ერთად. ჩემს ცოლთან ურთიერთობა მეც დამთავრებული მქონდა. თბილისში რომ ჩამოვედი, თან ნინისთან ურთიერთობა გამომყვა. შემდეგი ფოტო ერთ-ერთია იმ ფოტოებს შორის, რომლებიც მე და ნინის ერთად გვაქვს გადაღებული. არ მინდა, სკანდალისტობა დამაბრალონ. მერე იტყვიან, კიდევ რამეს იგონებსო. უკეთესი არ იქნება, ჟურნალისტებმა ყველაფერი ნინის ჰკითხოთ?

- ნინის ეს კითხვა ბევრჯერ დაუსვეს...

- და ამბობს, არაფერი ყოფილაო, რომ მე და ნინი მხოლოდ მეგობრები ვიყავით? რა საინტერესოა. კიდევ რამდენი მეგობარი მყავს ნეტავ, ვინც ჩემთან ლოგინში იწვა (იცინის). საქართველოში სჩვევიათ ასეთი ლაპარაკი. უყვართ ერთმანეთი, დაშორდებიან და მერე ამბობენ, არაფერი გვქონდაო. თუ ასე უნდა ნინის და ასე აწყობს, იყოს ისე, როგორც თვითონ ამბობს... ჩემი და ნინის ურთიერთობა უცბად დაინგრა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მე უყურადღებო ვიყავი. დილიდან საღამომდე ჩემი საქმეებით ვიყავი დაკავებული. მერე გავიგე, რომ მის ცხოვრებაში სხვა ადამიანია.

სიყვარული, რომელიც მის ცხოვრებაში კომეტასავით შეიჭრა

- ცნობილია შენი და ყოფილი მეუღლის ურთიერთობის ამბავი. ყველაზე მეტად ის გადარდებდა, რომ შვილების ნახვის საშუალება არ გქონდა. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ბავშვებს გვარს აძლევ და შვილებთან კონტაქტის პრობლემა ამოწურულია.

- პრობლემა ნამდვილად ამოწურულია. შოუს ეთერში გასვლიდან ერთი თვის შემდეგ ლალი დამიკავშირდა და შეხვედრა მთხოვა. ძალიან გამიკვირდა. შევხვდი და მთხოვა, ბავშვებისთვის გვარი მიმეცა და ყველა ის ვალდებულება ამეღო, რაც მამას აქვს. ბავშვები სკოლაში და ბაღში შედიან და უნდა, მათ მამის გვარი ჰქონდეთ. აქამდე ისინი ლალის გვარზე იყვნენ. ამ საკითხზე ჩემი ადვოკატი უკვე მუშაობს.

- ძალიან ლამაზი ბავშვები გყავთ. ალბათ გაუხარდათ, რომ მამას უპრობლემოდ ნახავენ.

- რა თქმა უნდა. ლუკა ხუთწლინახევრისაა და ვივიენი - სამწლინახევრის. შემდეგ ფოტოებზე ლუკა და ვივიენი არიან.

- ყოფილმა მეუღლემ რომ დაგირეკა და ბავშვებისთვის გვარის მიცემა გთხოვა, არ გიფიქრია, რომ მასთან შეერიგების პატარა შანსი მაინც არსებობს?

- როდესაც ურთიერთობიდან მოვდივარ, იქ არასდროს ვბრუნდები. ჭაობში არ შევდივარ არასდროს. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მე და ჩემს მეუღლეს არ დაგვენგრია ოჯახი. ყოველთვის ვოცნებობდი, ისეთი მყარი ოჯახი მქონოდა, როგორიც ჩემს მშობლებს ჰქონდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

- ბავშვები მღერიან?

- ლუკა მღერის და მგონია, რომ უკვე ჩამოყალიბებული ადამიანია. ვივიენი კი არ ვიცი, მღერის თუ არა. სამწუხაროდ, არ მქონია იმის საშუალება, რომ მისთვის მომესმინა.

- ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- არის ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში კომეტასავით შემოიჭრა და შიგნით ყველაფერი აფეთქდა. ზუსტად ვიცი, რომ ეს ნამდვილი სიყვარულია.

- როგორ ხვდები, რომ ეს ნამდვილი სიყვარულია?

- დილიდან საღამომდე ვართ ერთად. ჩვენმა ურთიერთობამ რაღაც ეტაპებს გაუძლო.

- შეიძლება, მალე დაოჯახდე?

- მალე არ დავოჯახდები. პირველი ოჯახის დანგრევამ ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა და მყარად ვდგავარ ფეხზე.

- მის ვინაობას არ გაგვიმხელ?

- სამწუხაროდ, ვერ გაგიმხელთ. არ მინდა, ეს თემა საჯარო გახდეს.

- ისიც შოუბიზნესის წარმომადგენელია?

- შეიძლება ითქვას, რომ ასეა.

- როდის გაგვაცნობ?

- მე რომ ის გაგაცნოთ, შეიძლება, ეს ქვეყანა გადატრიალდეს. ამიტომ ჯერ არ ვაპირებ.

- რევოლუცია მოხდება?

- (იცინის) რევოლუცია არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მიწისძვრა მოხდება.

- ამის ორი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. პი­რველი ის, რომ მამაკაცია და მეორე ის, რომ მას ქმარი ჰყავს.

- ერთ-ერთი ნამდვილად სწორი ვერსია თქვი. რა თქმა უნდა, მანდილოსანი მიყვარს.

- აპირებს, სიყვარულის გულისთვის ოჯახი დათმოს?

- თითქმის უკვე მისულია ამ ზღვრამდე. მის შესახებ ამ ეტაპზე ის შემიძლია, გითხრათ, რომ ერთ-ერთ სატელევიზიო პროექტში მონაწილეობდა.

- ცეკვავდა თუ მღეროდა?

- (იცინის) არც ერთს არ აკეთებდა. ვხუმრობ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე ძალიან ბედნიერი ვარ.

- ალბათ დადგება დრო და ერთად ჩაგწერთ.

- კი, ბატონო, არაა პრობლემა.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება