როგორც ამბობს, პატარაობისას ძალიან ლამაზი ყოფილა. კულულებთმიანი, ქერა ბიჭუნა ყველას გოგონა ეგონა. ცელქიც არ ყოფილა. თურმე, მშობლებს არასდროს აწვალებდა, არ ცელქობდა და უფროსებს არც ტირილით უწუხებდა გულს. ეს დამჯერი და საყვარელი ბავშვი წლების შემდეგ რეპით დაინტერესდა და დღეს გიორგი პავლიაშვილს საზოგადოება როგორც რეპერ მასტერს, ისე იცნობს...
- გიორგი, არც ახლა აბრაზებ მშობლებს?
- ნამდვილად არ ვაბრაზებ და ამით ვამაყობ.
- ამბობენ, - "გარდატეხის ასაკში" ბავშვები იცვლებიან, აგრესიულები ხდებიანო...
- მე ზუსტად ამ ასაკში სასწავლებლად ამერიკაში წავედი. 2 წელი ვიყავი არკანზასის შტატში. ვცხოვრობდი ამერიკელების ოჯახში, ვსწავლობდი სკოლაში და აქედან გამომდინარე, მშობლებისთვის ნერვების მოშლას ვერ მოვახერხებდი... "გარდატეხის ასაკში" რთული პერიოდებიც არ მქონდა და სიმართლე გითხრათ, რაღაც სისულელეებისთვის არც მეცალა: ვსწავლობდი, ფეხბურთს აქტიურად ვთამაშობდი. სხვათა შორის, ახალგაზრდულ ლიგაში ვთამაშობდი და შტატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დამასახელეს... მოკლედ, დამოუკიდებელ ცხოვრებას სწორედ ამერიკაში ყოფნისას ავუღე ალღო.
- მშობლებმა ამერიკაში გასამგზავრებლად როგორ გაგიმეტეს?
- მამაჩემის ინიციატივა იყო, რომ სასწავლებლად საზღვარგარეთ წავსულიყავი. ჰოდა, დედაჩემიც დაეთანხმა, მაგრამ მერე ამბობდა: როცა თვითმფრინავი აფრინდა და გავაცნობიერე, რომ რაღაც პერიოდი ვეღარ გნახავდი, მომინდა მეყვირა: თვითმფრინავი გააჩერეთო (იცინის)...
- რა განსხვავება აღმოაჩინე ქართველ და უცხოელ თანატოლებს შორის?
- იქ მეათე კლასში სწავლობდნენ იმას, რაც აქ 4-5 კლასში გვქონდა ნასწავლი ანუ განათლების მხრივ, მართლა ვერ ჰქონდათ საქმე კარგად. სამაგიეროდ, ბევრად თავისუფლები, გახსნილები არიან. წლების განმავლობაში ვიყავი მათთან ერთად და ჩემთვის ერთხელაც არ უგრძნობინებიათ, რომ უცხოელი ვიყავი.
- საქართველოში კი, იმ პერიოდში, სხვისი დაჩაგვრა მიიჩნეოდა "მაგარ ბიჭობად", არა?
- მართლაც, ისეთი დრო იყო, რომ გინდოდა თუ არა, "კარგი ტიპი" უნდა ყოფილიყავი. აქ სხვა ცნობიერება იყო, იქ კიდევ, ყველა საკუთარი ნიჭის თვითრეალიზებაზე ფიქრობდა. აქ ვითომ მაგარი ბიჭები ვიღაცას თუ ჩაგრავდნენ, ამერიკაში კარგ ტიპად მიიჩნევდნენ იმას, ვინც სკოლის საფეხბურთო გუნდში კარგ მოთამაშედ მიიჩნეოდა ან კარგად მღეროდა, ან დრამწრეში იყო გაწევრებული და ა.შ. მერწმუნეთ, ამერიკელებთან ურთიერთობა არ გამჭირვებია, მაგრამ შავკანიანებთან უფრო ვმეგობრობდი. ისინი უფრო გახსნილი, კარგი ტიპები იყვნენ და აფასებდნენ იმას, რომ მათ ქვეყანაში სასწავლებლად ჩავედი.
- ახლა საქართველოში ჩამოსულ აფროამერიკელებს თუ ემეგობრები?
- პრინციპში, ასეთს თითქმის არავის ვიცნობ. აქ ძირითადად, აფრიკიდან ჩამოსულები შავკანიანები არიან და ამერიკელებისგან ბევრად განსხვავდებიან, თუნდაც - ცნობიერებით.
- ვიდრე ამერიკაში გაემგზავრებოდი, "კარგი ბიჭი" იყავი?
- კი, მეც "კარგი ბიჭი" ვიყავი. მაშინ ასეთი კითხვა იყო "ცვეტში": "კარგ ბიჭებს" პატივს სცემ?" შენ უნდა გაგეცა პასუხი: "რითაც შემიძლია". თუ იტყდი: რა თქმა უნდა, პატივს ვცემო, მაშინ გეტყოდნენ: - "სნიკერსი" მიყიდეო... თუ გეტყოდნენ, "კარგ ბიჭობას" აირჩევ თუ ტორტსო? - ტორტი უნდა გეთქვა, თორემ "კარგ ბიჭობას" თუ აირჩევდი, ე.ი. ცუდი იყავი. მოკლეედ, ბავშვური რაღაცები იყო, რა.
- "მაგარ ბიჭობად" რა მიიჩნეოდა?
- მაგალითად, სიგარეტის მოწევა. ბიჭები საპირფარეშოში ეწეოდნენ. სხვათა შორის, ამერიკაშიც ასე ხდებოდა: მალულად ეწეოდნენ. თუ პედაგოგი რომელიმე მათგანს გამოიჭერდა, "შაბათის სკოლაში" გაუშვებდნენ, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ თუ გამოიჭერდნენ, ფულად ჯარიმას დააკისრებდნენ.
- რას ნიშნავს "შაბათის სკოლა"?
- თუ პედაგოგის გაფრთხილებას სამჯერ მიიღებდი, მერე "შაბათის სკოლაში" გიშვებდნენ - ანუ შაბათ დღეს გიწევს სულ სხვა სკოლაში წასვლა, სადაც პოლიციელები გადევნებენ თვალს და ვალდებული ხარ, მთელი დღე წიგნები იკითხო, იმეცადინო. ერთხელ ამ სკოლაში მეც გამიშვეს.
- რის გამო?
- სკოლაში მისვლა რამდენჯერმე დამაგვიანდა და ამიტომ. იქ, იცი, რამდენიმე საათის გატარება როგორ ტიპებთან ერთად მომიხდა? - "როჟებთან", რომლებსაც ვიღაცები ჰყავდათ დაჭრილი.
- სკოლის საფეხბურთო გუნდში როგორ აღმოჩნდი?
- სკოლაში მისვლის პირველსავე დღეს ვიკითხე: გუნდი თუ გყავთ-მეთქი? რამდენიმე გუნდი ჰყავდათ და არჩევანის საშუალებაც იყო. ერთ-ერთი მათგანი ავირჩიე, მაგრამ იქ ძალიან მკაცრად შემხვდნენ; მითხრეს, - აქ შენი ადგილი არ არის. გუნდის წევრების მიღება 2 დღის წინ დასრულდაო. თუმცა, შანსი მაინც მომცეს. ბურთი 50-ჯერ ავკენწლე და, გადაირივნენ. არადა, ეს ჩემთვის არაფერი იყო. აქ, საქართველოში მსგავს რაღაცას ძალიან ბევრი ჩემი თანატოლი აკეთებდა. სიმართლე გითხრათ, ამერიკაში ფეხბურთს მაღალ დონეზე ვერ თამაშობენ. აი, კალათბურთი კი სულ სხვა ამბავია. მოკლედ, მწვრთნელიც კი მოვიდა და მითხრა: ეტყობა, მართლა კარგად იცი თამაში და თუ რამე შემეშლება, გეხვეწები, მითხარიო (იცინის).
- გიორგი, როგორი მოსწავლე იყავი?
- ვერ ვიტყვი, რომ კარგი მოსწავლე გახლდით. 3-იანებს ძლივს მიწერდნენ, მაგრამ ამერიკაში რომ ჩავედი, სწავლის სურვილი გამიჩნდა. ალბათ იმიტომ, რომ იქ ყველა ცდლობდა, განათლება მიეღო. თან, იქ თუ არ ისწავლი, შანსი არ არის, კლასიდან კლასში გადაგიყვანონ... თბილისში დაბრუნებულს, ნახევარი წელი მომიხდა სკოლაში სიარული. თავიდან სასწავლებელში წიგნებითა და რვეულებით მივდიოდი, მაგრამ მერე გავაცნობიერე, რომ ეს ცუდი პონტი იყო. წიგნები კი არა, რადგანაც სკოლას ამთავრებდნენ, გაკვეთილსაც აღარ ესწრებოდნენ და ცხადია, მეც ჩავიქნიე ხელი, კლასელებს ავყევი...
- მაშინ სწავლა "ტეხავდა"?
- რა ვიცი, ეტყობა, "ტეხავდა"...
- ე.ი. გამოდის, რომ საზღვარგარეთ უფრო მეტად განათლებულები იყვნენ...
- იქ ყველაფერს მარტივ ენაზე ასწავლიდნენ; და კიდევ, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის სხვანაირი ურთიერთობა იყო, ამას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ მასწავლებელს "ოროსანი" მოსწავლის მიმართ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა, იქ კი არავინ დაგაძალებდა, - გინდა თუ არა, ისწავლეო. ცუდად სწავლისთვის არავინ გაგლანძღავდა, ოღონდ ეგ იყო, კლასში ჩარჩებოდი.
- "შატალოზე" ხშირად დადიოდით?
- დავდიოდით, მაგრამ ხშირად - არა. მე პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი. ჩემი კლასი პირველ სართულზე იყო და როცა გაკვეთილიდან გაპარვას დავაპირებდით, პირდაპირ ფანჯრიდან ვხტებოდით ხოლმე... ერთხელ ბავშვები გადახტნენ. მე წიგნებს ჩანთაში ვალაგებდი და დამაგვიანდა, ყველაზე ბოლოს მივედი ფანჯარასთან. ამასობაში ოთახში კლასის დამრიგებელი შემოვიდა და, - პავლიაშვილი, სად მიდიხარო? - დაიყვირა. რაფაზე ავხტი, გავხედე და სიმართლე გითხრათ, დავფიქრდი: რა ვქნა-მეთქი? მაგრამ ბოლოს მაინც გავბედე და გადავხტი. აბა, დარჩენა ძალიან ცუდი პონტი იქნებოდა... მერე ამის გამო ჩემი მშობელი დაიბარეს და ცხადია, ჩემ გამო უსაყვედურეს...
- კლასიდან გაპარულები სად მიდიოდით, რით ერთობოდით?
- ქაშუეთთან, მიწისქვეშა გადასასვლელში მაგარი ჰოთდოგები იყიდებოდა და ბიჭების საჭმელად ჩავდიოდით, მერე კი იქვე "ვაბირჟავებდით". აი, გოგონები სად მიდიოდნენ, ეგ უკვე აღარ ვიცი (იცინის)...
- გოგონებთან ერთად რატომ არ მიდიოდით?
- არ ვიცი, რატომ, მაგრამ მაშინ ვამბობდით, - "გოგოსთან ერთად რა გვინდა, ტო"...
- კლასში "სასტავებად" იყოფოდით?
- ჩემს კლასში 48 ბავშვი იყო და ცხადია, ყველასთან კარგი ურთიერთობა ვერ მექნებოდა. "სასტავებად" ვიყოფოდით, მაგრამ სხვა კლასელები რომელიმე ჩვენგანს თუ დაუპირისპირდებოდნენ, მერე ვერთიანდებოდით... ვერ გეტყვი, მეგობრებს რის მიხედვით ვირჩევდით. თუმცა, ჩემთვის ადამიანთან ურთიერთობისას მთავარია, მას კარგი იუმორი ჰქონდეს. მახსოვს, "რადიო 105" იყო "ცვეტში". ჩვენი "სასტავი" ამ რადიოტალღას უსმენდა და მაგრად ღადაობდა. ჩხუბი არ გვიზიდავდა, თუმცა როცა საჩხუბარი იყო, უკან არ ვიხევდით.
- და რის გამო შეიძლება ეჩხუბა რეპერ მასტერს?
- როცა ვხვედავდი, რომ ვიღაცას ჩაგრავდნენ, ჩხუბში აუცილებლად ვერეოდი.
- შენ არავინ დაგიჩაგრავს?
- არა, არა... შეგნებულად - მით უმეტეს...
- და არც შენი დაჩაგვრა უცდია ვინმეს?
- როგორ არა, იყო ასეთ მცდელობები. იცი, როგორი ტიპი ვარ? - შეიძლება ერთი შეხედვით ადვილად დასამორჩილებელი გეგონო, მაგრამ თუ გამიცნობ, მიხვდები, რომ სინამდვილეში სულ სხვანაირი ვარ. გიჟი არ ვარ, მაგრამ თუ საჭიროა, შეიძლება გავგიჟდე კიდეც... მახსოვს, კლასელი გოგო 20 ბიჭს მაინც გვიყვარდა და ერთმანეთს ვეკითხებოდით, - "ვა, ხატია შენც გიყვარს?" მიუხედავად ამისა, "მეტოქეებს" კონფლიქტი არასდროს გვქონია. პირიქით, ამ სიყვარულმა დაგვამეგობრა კიდეც...
- გოგოს გამო არასდროს გიჩხუბია?
- ერთხელ ვიჩხუბე, მაგრამ შეყვარებულის გამო - არა. იმ გოგოს კლასელმა ბიჭმა თმა მოჰქაჩა, თანაც ისე, რომ ლამის სკალპი ააცალა. გოგო სიმწრისგან ატირდა. ჰოდა, სწორედ მაშინ ვიჩხუბე.
- სკოლის პერიოდში შეყვარებული იყავი?
- იყო ერთი-ორი გოგო... სხვათა შორის, მაშინაც გოგონები უფრო მეტად აქტიურობდნენ. მახსოვს, ანონიმურ წერილებს მწერდნენ და ჩანთაში მიგდებდნენ (რამდენიმე მათგანი დედაჩემს დღემდე შენახული აქვს). მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულად დამამახსოვრდა, რადგანაც ძალიან "არათინეიჯერული" იყო. ეწერა: "მე შენ მომწონხარ... და მინდა შენი პირველი მე ვიყო..." მეხუთე კლასში ვიყავი, როცა ერთი გოგო შემიყვარდა. მას კიდევ, მერვეკლასელი შეყვარებული ჰყავდა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი: შანსი არა გაქვს, ბიჭო, და თავი არ გაიფუჭო-მეთქი. მოკლედ, ერთხელ გავბედე, წერილი დავწერე და ამ გოგოს ჩანთაში ჩავუგდე. სხვათა შორის, ბარათს ბოლოში მივაწერე:
X მენ. წერილის წაკითხვის შემდეგ ჩემმა "ლოვემ" ისეთი კივილი დაიწყო და ისე ყვიროდა, - ეს ვინ ჩამიგდოო, რომ მასზე შთაბეჭდილება შემეცვალა. გავიფიქრე: ვაიმე, ამას სახლში ვინ შეუშვებს-მეთქი?!
- აქტიური გოგონები მოგწონს?
- აქტიური - არა, პირდაპირი გოგონები მომწონს... გამოგიტყდები და მენატრება ისეთ გოგონებთან ურთიერთობა, რომლებიც ნაკლებად აქტიურობენ. სირთულეების გადალახვასაც ხომ თავისებური მუღამი აქვს?! თუმცა, ისეთი დრო მოვიდა, რომ ბიჭებს ამის პონტი აღარ გვაქვს.
- გიორგი, "გარდატეხის ასაკში" მშობლები გაკონტროლებდნენ?
- არ ვიყავი ისეთი ტიპი, რომელსაც კონტროლი სჭირდება. მათთვის მთავარი იყო სცოდნოდათ, სად ვიყავი და ვისთან ერთად. სიმართლე გითხრათ, ამას მათ არც არასდროს ვუმალავდი. ის კი არა, მეგობრებსაც ხშირად ვეკითხებოდი: შენებმა იციან, სადაც ვართ-მეთქი? ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ყველას "მამიდა" ვარ, უბრალოდ, ყურადღების ამბავია, რა. არ მესმის, სისულელის გამო ვინმე რატომ უნდა ვანერვიულოთ?.. სხვათა შორის, დედა ისე მაკონტროლებდა, რომ არ გავღიზიანებულვარ. მყავდა ისეთი მეგობარიც, რომლის მშობელი საათში 10-ჯერ მაინც ურეკავდა და ამ დროს არა მარტო მისი შვილი, არამედ ყველანი ვწუხდებოდით.
- მამაშენის (სოლომონ პავლიაშვილი წლების წინ ქონების მართვის მინისტრი გახლდათ) გამო პრივილეგირებული ბავშვობა ხომ არ გქონია?
- მამაჩემი ახლა რომ იყოს მინისტრი, ბევრად "გამისწორდებოდა". ჩემს კლასში ყველა ვიღაცის შვილი იყო და ამიტომაც, მინისტრის შვილობა დიდი შეღავათი არ გახლდათ. ამერიკაში, მით უმეტეს, მამაჩემის სამსახური ვის აინტერესებდა?..
- თინეიჯერობის ასაკში ვისი ფანი იყავი?
- "ვალენსიის". 12 წელია, ამ გუნდს ვგულშემატკივრობ. კიდევ: სტივ უანდერის, მაიკლ ჯექსონის. ბრიტნი სპირსიც მომწონდა, ოღონდ - როგორც გოგო...
- ამ სიაში რეპერები არ იყვნენ?
- არა. რეპის მოსმენა მას შემდეგ დავიწყე, რაც ამერიკაში ჩავედი. მახსოვს, იქ კაბუს ტექსტებს ვრეპავდი და ამერიკელებიც მყვებოდნენ - მუშტს მაგიდაზე ურტყამდნენ, მეორე ხელში კალამი ეკავათ და იმას უკაკუნებდნენ...
- შენი ფანობა რაში გამოიხატებოდა?
- მთელი ოთახი მათი პლაკატებით მქონდა აჭრელებული და სხვა აბა, რა უნდა მექნა?!. ერთი ამბავი გამახსენდა: ამერიკიდან ახალი დაბრუნებული გახლდით. ჩემს ოთახში ვიჯექი და რეპს ვუსმენდი. მოულოდნელად გამიჩნდა სურვილი, ყველა პლაკატი ჩამომეხია. არ იფიქროთ, თითქოს რეპმა ვიღაცის ან რაღაცის მიმართ აგრესიული გამხადა. უბრალოდ, მივხვდი, რომ არავის გაკერპება არ იყო საჭირო... მხოლოდ სტივ უანდერის და "ვალენსიის" 2 პლაკატი დავიტოვე.
- ქართველი მომღერლებიდან არავის გულშემატკივრობდი?
- უი, ლამის დამავიწყდა, "სახის" ფანი ვიყავი. მიმაჩნია, რომ ასეთი ჯგუფი ქართველებს მეორე არ გვყოლია და არც გვეყოლება, კარგა ხანს.
- როგორც ვიცი, დიდი ხანია, რაც რეპავ, მაგრამ ახლა გააქტიურდი...
- კი, ასეა. ბოლო ორი წელია, საკუთარ თავს ვუთხარი: ახლა შენი დროა-მეთქი (იცინის). გაჩერებასაც არ ვაპირებ. ვამბობ იმას, რაც დღეს თბილისში ხდება.
- პოლიტიკაზე რატომ არ რეპავ? ეს ჩვენს ქვეყნაში ხომ ძალიან აქტუალური თემაა?
- კი, მაგრამ ამაზე იმან გარეპოს, ვისაც ეს სფერო აინტერესებს. რეპერი თავისუფალია და არაფერში იზღუდება.
- რას ნიშნავს შენთვის ინტერნეტსივრცე?
- კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მასზე დამოკიდებული ადამიანი ვარ. არ მომწონს, გოგონები 24 საათის განმავლობაში კომპიუტერთან რომ სხედან და ჩეთაობენ. ინტერნეტში რა დროსაც უნდა შეხვიდე, რომ "ციმციმებენ", ღამეებს უაზროდ ათევენ. ვერ ვიტან, როცა ადამიანი რაღაცაზე დამოკიდებულია. მყავს მეგობარი, რომელსაც ინტერნეტი რამდენიმე საათით გაუთიშეს და ადგილს ვერ პოულობდა; ისე იქცეოდა, თითქოს მარჯვენა მკლავი ან ფეხი მოაჭრეს. გაითიშა, მოკვდა...
- შენ ასეთი დამოკიდებულება არაფრის მიმართ არ გაქვს?
- არა. სხვათა შორის, სიგარეტსაც აღარ ვეწევი, შიმშილის ატანაც შემიძლია, უჭმელობისგან ცუდად არ გავხდები...
- სიგარეტი პირველად როდის მოსწიე?
- დაახლოებით 8 წლის ვიყავი, როცა გემო გავუსინჯე. მახსოვს, ბოლი რომ გამოვუშვი, მეუბნებოდნენ, - ნაფაზი დაარტყიო. როცა დავარტყი, ხველება ამიტყდა და ვერ გამაჩერეს, ცუდად გავხდი... მოკლედ, მთავარია, ნებისყოფა გქონდეს და ყველა სენს იოლად დაამარცხებ. პირადად მე, როცა გადაღებები მაქვს, შემიძლია, დიეტაზეც ვიყო. მაგალითად, ვიდრე კლიპს გადავიღებდი, რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარ თავს რაღაცების ჭამა ავუკრძალე. შენ წარმოიდგინე, ლუდზე ვგიჟდები და ამ სასმელზეც კი უარი ვთქვი, შედეგად კი 6-7 კილო დავიკელი...
- შეყვარებული გყავს?
- არა, არ მყავს...
- რომელიმე ჩვენმა მკითხველმა შენთან შეხვედრა რომ მოისურვოს ან შენგან რჩევის მიღების სურვილი გაუჩნდეს...
- (მაწყვეტინებს) სიამოვნებით შევხვდები და რჩევითაც აუცილებლად დავეხმარები.
P.S. შეგიძლიათ მოგვწეროთ, ვის ნახვას ისურვებდით "თინეიჯერულ პონტებში" მომავალ ხუთშაბათს? რომელი ქართველი ცნობილი ადამიანის გაცნობაზე ოცნებობთ და რატომ? რა კითხვას დაუსვამდით თქვენს რჩეულს? დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჩვენ თქვენს სურვილებსა და რჩევებს აუცილებად გავითვალისწინებთ. ველით თქვენს მესიჯებს ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან ელ.ფოსტაზე: lika.qajaia@gmail.com
ლიკა ქაჯაია
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)