ბოლო დროს ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაურბის, მაგრამ იყო დრო, როცა საკუთარ სტატიებს მოუთმენლად ელოდებოდა. ჩემი რესპონდენტი "მის საქართველო 2003" ირინა ონაშვილი გახლავთ. მოგეხსენებათ, ის მინისტრ ლადო ვარძელაშვილის მეუღლეა. წყვილს თებერვალში შვილი - საბა შეეძინა და დედაშვილობა ის თემაა, რომელზეც ირინა სიამოვნებით საუბრობს.
- დიდი ხანია შენი ინტერვიუ აღარსად წამიკითხავს. რატომ?
- კარიერის დასაწყისში, ჩემს ფოტოს სხვადასხვა ჟურნალის ყდაზე რომ დავინახავდი, მიხაროდა, მივრბოდი და ვყიდულობდი. ახლაც ძალიან ბევრი ჟურნალისტი მირეკავს, მაგრამ მათთან ურთიერთობას თავს ვარიდებ. ინტერვიუსთვის უნდა მოემზადო, მერე ფოტოები უნდა გადაგიღონ - ეს ყველაფერი მეზარება. ჩემს სტატიებს ადრინდელივით მოუთმენლად არ ველოდები. თან, როცა მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, ერთი და იგივე იწერება.
- დედობამ შეგცვალა?
- დედობა ყველა ქალს ცვლის. შვილის დაბადებით გამოწვეულ სიხარულს ვერანაირი წინსვლა და პროფესიული წარმატება ვერ შეედრება. შვილი უდიდეს ძალას მმატებს. მისი შემყურე ამაყი ვარ, რადგან მართლაც, საოცრებაა. საბა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს დაიბადა და წესით, მისთვის წმინდანის სახელი უნდა დაგვერქმია (ეს მოძღვარმაც მითხრა), მაგრამ სანათესავოში ძალიან ბევრი დავითი გვყავს: ლადოს ძმას, ბაბუას, ჩემს სიძეს, დისშვილს დავითი ჰქვიათ. სხვათა შორის, საბას სახელი მე შევურჩიე.
- რა განცდა გქონდა, როცა შვილი პირველად დაინახე?
- საბა საკეისრო კვეთით გავაჩინე, რადგანაც ჭიპლარი კისერზე ორჯერ ჰქონდა შემოხვეული და მშობიარობა რისკთან იყო დაკავშირებული. იმ დროს კარგად ვერც კი აცნობიერებ, რა ხდება შენს ცხოვრებაში. დედაშვილობის გრძნობა მერე მოდის. საოცარი შეგრძნება გიჩნდება, როცა იცი, რომ პატარა არსება, რომელსაც გულზე გიწვენენ, შენი შვილია!..
- საბა როგორი ბიჭია?
- თავიდან ძალიან სასაცილო იყო, ჩინელი გეგონებოდათ. სახეზე ცოტა შეშუპებული გახლდათ - ბუთქუნა ლოყები და გაწელილი თვალები ჰქონდა. ორსულობის დროს ყველა ქალი ფიქრობს იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მისი შვილი და მეც საბა სხვაგვარი წარმომედგინა. ჩვილს რომ ვუყურებდი, მეცინებოდა. ახლა კი ძალიან შეიცვალა, ლამაზი ბიჭია.
- ვის ჰგავს?
- მე მგავს. ლადოს ვერაფრით ვამსგავსებ.
- ლადო როგორი მამაა?
- ძალიან გახარებულია და შეძლებისდაგვარად ზრუნავს მასზე. შვილი უზომოდ უყვარს, მასზე გიჟდება.
- შეუძლია აჭამოს, პამპერსი გამოუცვალოს?
- რა თქმა უნდა! "მოუხერხებელი" მამა ნამდვილად არ არის. როცა ძიძა ჩვენთან არ არის და მისი დახმარება მჭირდება, მეხმარება. საბა ახალდაბადებული რომ იყო, ძიძა არ მყავდა. ჰოდა, ღამით ლადო მეუბნებოდა ხოლმე, - ცოტა ხანს დაიძინე, მე მოვუვლიო.
- ძიძა ბავშვის დაბადებისთანავე რატომ არ აიყვანე?
- შევცდი, რომ ძიძა წინასწარ არ მოვძებნე, მაგრამ არ მეგონა, ბავშვის მოვლა ასე რთული თუ იქნებოდა. ვამბობდი: 40 დღე მე მეყოლება, არავის დახმარება არ მინდა-მეთქი. საბა 3 კვირის იყო, როცა ძიძა ავუყვანე.
- ლადოს უფროსი შვილები ჰყავს. პატარა ძმა როგორ მიიღეს?
- მათ საბა ძალიან უყვართ და მის სანახავად მოდიან ხოლმე. უმეტესად, ეს შაბათ-კვირას ხდება - ამ დღეებში ლადო შედარებით თავისუფალია. ბავშვები ჩვენთან ღამეც რჩებიან. საბა ყველას უღიმის, ძალიან თბილია; ვინც უნდა აიყვანოს ხელში, ყველას ეხუტება და უცინის.
- მშობიარობის შემდეგ ფორმაში მალე ჩადექი. ეს ბუნებრივად მოხდა თუ დიეტის და ვარჯიშის შედეგია?
- 20 კილო მქონდა მომატებული და დავიკელი, მაგრამ საამისოდ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, დიეტაზეც არ ვყოფილვარ.
- ბევრი წყვილი შეყვარებულობის პერიოდს უფრო კარგად იხსენებს; ამბობენ, რომ ქორწინების შემდეგ ურთიერთობა ფერმკრთალდება. საინტერესოა, ლადო როგორი მეუღლეა?
- ცხოვრება ასეა მოწყობილი: სანამ ადამიანს თავს აწონებ, ყველაფერზე წამსვლელი ხარ, მისი გულის მოსაგებად ყველაფერს აკეთებ, ხოლო როცა ოჯახს ქმნი, ეს უკვე ცალკე სახელმწიფოა. მე და ლადო ვცდილობთ, ერთმანეთი გავახალისოთ, მაგრამ ზოგჯერ ისეთი დაღლილი მოდის, ლაპარაკის თავიც აღარ აქვს.... ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ურთიერთობა ისეთივეა, როგორიც ქორწინებამდე იყო. ახლა, როცა ლადოსთან ვრეკავ და რაღაცას ვთხოვ, ზოგჯერ მეუბნება, - არ მცალია, ვერ გამოვალო; მაშინ კი ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო. ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი ამბავია; ასეთი რამ ყველა წყვილის ცხოვრებაში ხდება.
- დაოჯახებამდე თქვენს ურთიერთობას მალავდით...
- ეს პირადი ცხოვრებაა. არავინაა ვალდებული, თავისი პირადი ცხოვრება საჯარო გახადოს, მით უმეტეს - მაშინ, როცა ადამიანთან ურთიერთობას იწყებ, მხოლოდ მეგობრები ხართ და არ იცი, რა მოხდება მომავალში. ჟურნალისტები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, - ლადო ვარძელაშვილს ცოლად მართლა მიჰყვებიო? ამ დროს რა უნდა მეპასუხა? ბუნებრივია, ვამბობდი: არა, ცოლად არ მივყვები-მეთქი...
- ლადო რომანტიკოსია?
- ამისთვის ფიზიკურად ვერ იცლის. ჩვენი ურთიერთობა სიურპრიზებზე აგებული არ არის.
- განტვირთვას როგორ ახერხებთ?
- ძირითადად, ოჯახის წევრები ვიკრიბებით. ჩემი დები, სიძეები, მშობლები მოდიან, ხან ჩვენ მივდივართ მათთან და ოჯახურ ვახშამს ვაწყობთ. ქალაქგარეთ იშვიათად გავდივართ. მეც და ლადოსაც სადმე გასვლას გვირჩევნია, შინ ერთად ვიყოთ. მოკლედ, ოჯახურ გარემოში დასვენება გვსიამოვნებს.
- ლადოზე, როგორც მინისტრზე, ხშირად უარყოფით აზრს გამოთქვამენ, წერენ... ამ ყველაფერზე როგორი რეაქცია გაქვს?
- მსგავსი რაღაცები არ მაღელვებს, რადგან ხშირად სისულელეებს ლაპარაკობენ და წერენ, არასწორ, გადაუმოწმებელ ამბებს ავრცელებენ. სირცხვილია, როცა პიროვნება პოლიტიკაში აპირებს მოსვლას და სხვა პროფესიის ადამიანებს აყენებს შეურაცხყოფას. თანაც, მხოლოდ იმიტომ, რომ ოპონენტს დასცინოს. 2 წიგნი მაინც თუ აქვს წაკითხული, ეცოდინება, რომ არც დურგლობა და არც სხვა ხელობა სირცხვილი არ არის. წარმოიდგინე, საქართველოში რამდენი დურგალია და ეს მათი შეურაცხყოფა არ არის?!
- კახი კალაძეს გულისხმობ?
- მსგავსი რამ ვინც თქვა, იმას ვგულისხმობ.
- ლადო ამ ყველაფერზე რას ამბობს?
- რეაქცია არა აქვს... ადამიანი პირდაპირ თანამდებობის პირად არ იბადება. ზოგი მომვლელად მუშაობს, ზოგი - მიმტანად და ვფიქრობ, ეს უფრო საამაყოა, ვიდრე ის, რომ ვიღაცამ სადღაც მიგიყვანა და "სკამზე დაგსვა". ასეთი ბრალდებები ლადოს სასიკეთოდ მოქმედებს... მე პოლიტიკაში არასდროს ვერევი. ეს სფერო არც მაინტერესებს და არც ვიცი. უბრალოდ, მომწონს ის, რაც ხდება; ის, რაც შეიცვალა; ის, როგორც ვცხოვრობ და მინდა, ქვეყანაში მშვიდობა იყოს.
- ლადოს თუნდაც, ჩაცმულობასთან დაკავშირებულ რჩევებს თუ აძლევ?
- არანაირ რჩევას არ ვაძლევ. მის საქმიანობაშიც არასდროს ვერევი და ნეტავ, ყველა ჩემნაირად ფიქრობდეს. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი განიხილავს პოლიტიკურ მოვლენებს ისე, რომ აზრზე არ არის, რას ლაპარაკობს.
- სამოდელო საქმიანობაში რამე სიახლეს ხომ არ გეგმავთ?
- სამოდელო სააგენტო "ფეშენ შარმი" 15 წელია, არსებობს, მე კი ამ სააგენტოს 3 წლის წინ შევუერთდი. ბევრი ღონისძიება დაგვიგეგმავს და წარმატებული გამოსვლებიც გვქონია. ახლა ვისვენებთ, შემოდგომიდან კი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით.
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)