"გადასაღებ მოედანზე ყოფნა ბრძოლაა და ყოველი ფილმი ამ ბრძოლის მოგება", - ამბობს რეჟისორი ნანა ჯანელიძე. ბავშვობაში ამ პროფესიაზე სულაც არ ოცნებობდა, მუსიკით იყო გატაცებული, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა. საქმეს დიდი ინტერესით შეუდგა, ცოტა ხნის შემდეგ კი მიიჩნია, რომ ამ რუტინულ შრომას ვერ გაუძლებდა. პედაგოგს - თენგიზ აბულაძეს პირდაპირ ვერ უთხრა, წერილი დაუტოვა, - "დიდი მადლობა, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის", - და წავიდა...
- ქალბატონო ნანა, გადასაღებ მოედანზე როგორ დაბრუნდით?
- ბატონი თენგიზი შემხვდა და დამელაპარაკა. მითხრა, - თავისუფალი ადამიანი ხარ, როგორც გინდა, ისე მოიქეცი, მაგრამ მინდა "ნატვრის ხის" სცენარი წაიკითხო და ერთი წელი იქნებ დარჩე და დამეხმაროო. სცენარს რომ გავეცანი, ძალიან მომეწონა და წასვლაზე აღარც მიფიქრია. მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ამ ფილმში "ჩავიძირეთ". ის ისეთი ღრმა და ფილოსოფიური აღმოჩნდა, დღეში 14 საათი ვმუშაობდით. ჩემთვის "ნატვრის ხე" საინტერესო თავგადასავალი იყო: საოცარი ვარსკვლავების გუნდს უდიდესი შრომა ეხამებოდა, რაც დღესასწაულს ქმნიდა... მასზე მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა. მე პირველი არ ვიყავი, ვინც ბატონმა თენგიზმა კინოში დააბრუნა. იმ პერიოდში საქართველოში კინორეჟისორობა პოპულარული პროფესია იყო, რომელიც მხოლოდ "ვგიკში" (კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი. - ავტ.) ისწავლებოდა, თან - მაღალ დონეზე... 1974 წელს კი ჩვენთან, პირველი კინოფაკულტეტი გაიხსნა. ეს დიდი მოვლენა გახლდათ. მანამდე საბჭოთა კავშირის არც ერთი ქვეყნისთვის ამის უფლება არ მიუციათ. კონკურენცია იმდენად ძლიერი იყო, ამბობდნენ, 1 ადგილზე 75 კაცი მოდისო. მოთხოვნა იყო, რომ სტუდენტები აუცილებლად უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ იყვნენ გამონაკლისებიც, რომელთა შორისაც მეც მოვხვდი. კომისიაში მაშინდელი კინოსა და თეატრის ნაღები საზოგადოება იჯდა. გამოცდაზე ნანა ჯორჯაძე რაღაცაზე აღელდა და გაიქცა. თენგიზ აბულაძემ მოძებნა და დააბრუნა. ჩვენთან ერთად თემურ ბაბლუანი აბარებდა. ის როგორც მოჩხუბარი ბიჭი, ისე იყო ცნობილი... გამომცდელები გვეკითხებოდნენ, რომელი ფილმი მოგვწონდა? თემურ ბაბლუანმა უპასუხა, "ვედრება" მომწონსო. არ იცოდა, რომ კომისიაში თენგიზ აბულაძე იჯდა. იმ პერიოდში ეს ფილმი, როგორც ცუდი ნამუშევარი, ეკრანიდან მოხსნილი გახლდათ, მხოლოდ რამდენიმე დღე აჩვენეს და მერე დაწერეს: "ეს არის ფილმი, რომლის ჩვენების დროსაც მაყურებელი დარბაზიდან გარბის". თენგიზ აბულაძემ ჰკითხა: რატომ მოგწონსო? - ისეა შეკრული, ნემსის წვერზე დაეტევაო, რაც მართლა კარგი განსაზღვრება იყო. წლების მერე ამ "ცუდ" ფილმს არაერთი პრიზი მიენიჭა. თენგიზ აბულაძე თემურ ბაბლუანით მოიხიბლა, მაგრამ სასწავლებლის რექტორმა უარი განაცხადა: ჩხუბისთავია და ვერ მივიღებო. - მაშინ კომისიას დავტოვებო, - ბოლომდე დაიცვა ბატონმა თენგიზმა და ასე მოხვდა ბაბლუანი სასწავლებელში. ბატონი თენგიზი და მისი თაობის მოღვაწეები ნიჭიერ ახალგაზრდებს სანთლით ეძებდნენ. რამაზ გიორგობიანიც ბატონმა თენგიზმა მოიყვანა...
- სტუდენტებს კინოსტუდია "ქართული ფილმი" გემსახურებოდათ, ფილმების გადაღების საშუალება გქონდათ, არა?
- მთელი კინოსტუდია გვემსახურებოდა: მხატვრები, ოპერატორები, ტექნიკა... ისინი პროფესიონალები იყვნენ, ამას კი სტუდენტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. გვქონდა იმის საშუალება, რომ მსახიობებისთვის ჰონორარი გადაგვეხადა. კინოს სწავლა მხოლოდ პრაქტიკითაა შესაძლებელი. ჩვენი ჯგუფი ორად გაიყო. ნაწილი ირაკლი კვირიკაძემ წაიყვანა "ქალაქი ანარას" გადაღებაზე, მე კი თენგიზ აბულაძის ჯგუფში მოვხვდი - "ნატვრის ხის" გადაღებაზე. ყველა ეტაპი ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარეთ: გადასაღები ადგილის შერჩევა, სცენარის დაწერა, მსახიობების შერჩევა, მათთან მუშაობა. ეს ნამდვილი აკადემია იყო...
- "ოჯახი" თქვენი სადიპლომო ფილმია. ვიცი, რომ გამორჩეულად გიყვართ. დამწყები რეჟისორისთვის ვერიკო ანჯაფარიძის როლზე დათანხმება რთული არ იყო?
- ვერიკო მაშინ 85 წლის იყო. ამ ფილმში ბოლო როლი ითამაშა. იმ პერიოდში ცუდად იყო, საავადმყოფოში იწვა და ამბობდა, უკვე ყველაფერი ვითამაშე, სიკვდილი მაცადეთო. მის სანახავად ყოველდღე ბეჯითად დავდიოდი. სცენარს ვუყვებოდი, მინდოდა, გამეხალისებინა. მას კი არაფერი აინტერესებდა. საავადმყოფოდან რომ გაწერეს, სოფიკომ მითხრა, მოუტანე კოსტიუმი და ვნახოთ, რას იზამსო. სასწრაფოდ, ჩემი გადაკეთებული ქვედაბოლო, ხავერდის ქურთუკი და ჩემი შვილის ქუდი მივურბენინე. ვერიკომ როგორც კი ჩაიცვა, კარგ ხასიათზე დადგა. უცბად მკითხა, - გადაღება როდის გვაქვსო? - ამ სიტყვების გაგონებაზე ლამის გული წამივიდა. გრაფიკი ისე ავაწყვე, მხოლოდ 2-დან 5 საათამდე უწევდა მოსვლა. არ მინდოდა, დამეტვირთა. პირველ დღეს რომ მოვიდა, ეს ჩემთვის იმდენად ემოციური იყო, დავიმალე; ოთახში ჩავიკეტე და ვეღარ გამოვდიოდი...
- მასთან მუშაობა იოლი იყო?
- უადვილესი. პირველი დუბლი რომ გადავიღეთ, არ მომეწონა, ვიფიქრე, რა თეატრალურია, ეს არ გამოდგება-მეთქი, მაგრამ მომერიდა, ვერაფერი ვუთხარი. როგორც ჩანს, შეამჩნია, დამიძახა და მითხრა: აქ ბატონ-პატრონი შენ ხარ, მითხარი, რა როგორ გავაკეთო; ფილმს მხოლოდ რეჟისორი "ხედავსო". რამდენიმე დუბლი გადავიღეთ. მერე ვუთხარი, - გახმოვანებაზე არ შეგაწუხებთ, იმიტატორს მოვიყვანთ, მხოლოდ რუსული ფრაზები მინდა, გაახმოვანოთ-მეთქი. კარგი, დახვეწილი რუსულით ლაპარაკობდა. რუსული ფრაზები რომ წაიკითხა, მითხრა, დანარჩენი ტექსტიც მომიტანე, ვიმუშაოთო. 2 საათი იდგა და ახმოვანებდა. ფილმში "ხულიგანკა" ბებიის როლი შეასრულა. მანამდე ასეთი როლი არ ჰქონდა ნათამაშები. რომ ნახა, თქვა, მეტი უნდა მეხუმრაო. ფილმს არაერთი ჯილდო მიენიჭა...
- ამ ფილმში მას პარტნიორობას თქვენი შვილი უწევს.
- ეს ცალკე ამბავია. მაშინ თორნიკე 5 წლის იყო. ჩემი დედამთილი - მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი - მზია მახვილაძე, ვერიკოზე გიჟდებოდა. თორნიკე მოდიოდა სახლში და ბებიამისს ეუბნებოდა, - დღეს ვერიკომ კარგად იმუშავაო. ვერიკომ მარადიული შემოქმედებითი ახალგაზრდობისთვის პრიზად სალამური მიიღო. თორნიკემ სალამურს თვალი დაადგა. ვერიკო დაჰპირდა, გაჩუქებ, მაგრამ მანამდე სახლში წავიღებ, ჩემებს ვაჩვენებო. მას შინ წავყევით, მაგრამ შინ არავინ დახვდა. სალამურს "თორნიკეს ვერიკოსგან" დააწერა და აჩუქა. ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ, რომ დიდ მსახიობებთან მუშაობა რთულია, მითია. უადვილესი რამ გახლავთ. მსახიობი რაც უფრო უნიჭოა, მეტად მიზეზიანია. დიდი მსახიობი გისმენს. სოფიკომ ის ფილმი დედის გარდაცვალების შემდეგ ნახა და მითხრა, ფილმში ვერიკო ისეთია, როგორიც ცხოვრებაში იყოო.
- "მონანიებაზე" მუშაობის პერიოდი გაიხსენეთ. თქვენ ამ ფილმის სცენარის ავტორი, მუსიკალური გამფორმებელი და მეორე რეჟისორი ხართ...
- ერთ დღეს, ბატონი თენგიზი კაკო ბაქრაძეს შეხვედრია, რომელსაც უთქვამს, ნოდარ წულეისკირი რომანზე მუშაობს, ნამდვილი ამბავია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოხდაო და უამბნია. კაცმა პროკურორის საფლავი ამოთხარა, რომელმაც დედა გაუუპატიურა, მამა გადაუსახლა, რის გამოც თვითონ ბავშვთა სახლში მოხვდა... ბატონი თენგიზი ამ ამბავმა დააინტერესა. იმ დროს ახალი წაკითხული მქონდა ნადეჟდა მანდელშტამის "მოგონებები" - მასში რეპრესიების სისასტიკე და მთელი ეპოქაა აღწერილი. ჩვენ ხომ ბევრ რამეს გვიმალავდნენ. ამბავს გავეცანი, მოვიფიქრე, როგორ შეიძლებოდა, სცენარი დაწერილიყო, ჩემს მოსაზრებებს თავი მოვუყარე და ბატონ თენგიზს გავაცანი... მერე ცოცხალი ამბების შეგროვება დავიწყეთ. 2-3 წლის განმავლობაში უამრავი რეპრესირებული ადამიანის ოჯახის წევრს შევხვდით. 3 ვეებერთელა რვეული ჩანაწერებით მქონდა სავსე. არც ერთი ამბავი გამოგონილი არ არის, ყველა რეალურია. სცენარი პირველად შევარდნაძემ წაიკითხა და გადაღების უფლება დაგვრთო, რაც დიდი რისკი იყო. თურმე საქართველოს ტელევიზიას (ტელეფილმების სტუდიას) ჰქონდა საკუთარი დაფინანსებით 2-საათიანი კინოპროდუქციის შექმნის უფლება; რუსეთიდან არავინ ერეოდა. ფილმი საქართველოს ტელევიზიისთვის "ქართული" ფულით გაკეთდა. რუსეთში სცენარს არავინ გასცნობია.
- მიუხედავად ხელშეწყობისა, ამ ფილმს პრობლემები მაინც შეექმნა.
- ეს "თვითმფრინავის ბიჭების" ამბავს მოჰყვა. გეგა კობახიძის სახლში სცენარი იპოვეს და ყველაფერი შეაჩერეს. გადამღები ჯგუფი ბათუმში ვიყავით და სასწრაფოდ წამოვედით. 4 თვის დაწყებული გვქონდა გადაღებები. მასალა თბილისში იგზავნებოდა. იმ დროს კინოსტუდიის ლაბორატორიაში რემონტი მიმდინარეობდა და ნანახი არ გვქონდა გადაღებული მასალა. ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ფირი წუნდებული იყო... გეგას დაპატიმრების შემდეგ ხმა გავრცელდა, თენგიზ აბულაძესაც დაიჭერენო. სახლში ბევრი დისიდენტური ლიტერატურა ჰქონდა. ბათუმიდან ჩამოსულებმა აღმოვაჩინეთ, რომ გადაღებული არაფერი გვაქვს, მთავარი გმირი დაპატიმრებულია და რას უპირებდნენ, არ ვიცოდით... მოგვიანებით ფილმზე მუშაობა განახლდა, გადაღებები 2 თვეში დასრულდა. ნამუშევარი საქართველოს კომპარტიის ცეკას ბიურომ შეაფასა. მე ამ ჩვენებას არ ვესწრებოდი, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ ფილმის დასრულების შემდეგ, დარბაზში საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა ელოდებოდა, რას იტყოდა შევარდნაძე. მან მოიწონა, ნამუშევარს საეტაპო ფილმი უწოდა. იქვე გაჩნდა კითხვა, - ყველას ეტაპით ხომ არ წაგვიყვანენ (იცინის)?.. ფილმს შემდეგაც დიდი წინააღმდეგობები შეხვდა. დაპატიმრებული ფილმების კომისიის წარმომადგენლებმაც ნახეს. ამბობდნენ, "მონანიება" ის ფილმია, რომელიც მსოფლიო პოლიტიკურ რუკას შეცვლისო. მაშინდელი პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება მის გადასარჩენად იბრძოდა.
- თენგიზ აბულაძე თქვენთვის მხოლოდ პედაგოგი არ იყო. თქვენ მისი ოჯახის წევრი - რძალი გახდით. თქვენი და ბატონი გიას შეხვედრა მისი ინიციატივით ხომ არ მოხდა?
- არა. ჩვენი გაცნობაც და დაოჯახებაც ჩვეულებრივად მოხდა, მოსაყოლი არაფერია. მე და გიამ ერთმანეთი გავიცანით, შეგვიყვარდა და დავქორწინდით. რა თქმა უნდა, ბატონი თენგიზი ამით გახარებული იყო...
- მინდა, ბოლო ფილმზეც გკითხოთ - "ნეტავი, იქ თეატრი არის?"
- "იავნანაში" კახი კავსაძე ბაბუის როლს თამაშობდა. გადაღებები საგურამოში გვქონდა. ერთ დღეს, როგორც გათვლილი გვქონდა, გადაღება ვერ დავამთავრეთ და კახი იმ ღამეს საგურამოში დარჩა. საღამოს ჩაის ვსვამდით. მან ამბების მოყოლა დაიწყო, მაგრამ ეს უბრალო თხრობა კი არ იყო, არამედ - მონოსპექტაკლი. ის ხომ საოცარი მთხრობელია. თეატრის კორიფეებზე იმდენი რამ გაიხსენა, მთელი ეპოქა გააცოცხლა. ხან აკაკი ვასაძე იყო, ხან - აკაკი ხორავა. მაშინ ვიფიქრე, როგორ შეიძლება, ეს საზოგადოებამ არ ნახოს-მეთქი? ამის შემდეგ რუსთაველის თეატრში სპექტაკლს დავესწარი, სადაც კახი თავისი წინაპრების საოცარ ამბებს ჰყვებოდა, რეპრესირებულ კავსაძეებს იხსენებდა. მთელი დარბაზი ტიროდა. მაშინ ვთქვი, ეს აუცილებლად უნდა გადავიღო-მეთქი. ემოციებით იმდენად დავიტვირთე, მამუკა ხაზარაძეს დავურეკე და დახმარება ვთხოვე. მერე ფილმის პროექტი კინოცენტრში შევიტანე; მათგანაც მხარდაჭერა მივიღე. ამ ფილმის გადაღებაში ბევრი ადამიანი დამეხმარა...
- თვითონ კახი თქვენს წინადადებას როგორ შეხვდა?
- იმ დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ხშირად საზღვარგარეთ სამკურნალოდ დადიოდა. მუშაობის დროს, დღეში 10-12 საათს ერთად ვატარებდით, ის ამბებს ჰყვებოდა და სცენარიც ასე შეიქმნა. საზღვარგარეთ მორიგი გამგზავრებისას სცენარი გავატანე. მისი ხასიათი ვიცი, კარგად უნდა ისწავლოს და მერე გთანხმდება გადაღებას. რომ ჩამოვიდა, ვუთხარი, გადაღება რამდენიმე დღეში უნდა დავიწყოთ-მეთქი. - რას ჰქვია, დაიწყო? ჯერ წესიერად არ ვიციო. სცენარში შევიტანე კახის ნაამბობი ნამდვილი ამბავი: აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე რომ გაათავისუფლეს თეატრიდან, ხორავას თამაში აღარ გაუგრძელებია. ვასაძე კი ხან ქუთაისში წასულა, ხან - მარჯანიშვილის თეატრში. ხორავას უთქვამს: მორჩი ახლა, სახლში დაჯექიო. ვასაძეს კი თეატრის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. ხორავასთვის უთქვამს: - ხალიჩას ქუჩაში გავშლი და მაინც ვითამაშებო... ერთ დღეს მე და კახი მარჯანიშვილის თეატრში მივედით, კახის ჩოხა უნდა მოეზომა. გარდერობისკენ წავიდა. იქ ბაია დვალიშვილი შეხვედრია. ვხედავ, კახი გაბრწყინებული სახით მოდის - იცი, ბაიამ რა მითხრა?.. - აკაკი ვასაძეს სიკვდილის წინ უკითხავს - "ნეტავ, იქ თეატრი არის?" ეს ფილმის ფინალი უნდა იყოს-მეთქი... და არა მხოლოდ ფინალი, ამ ნამუშევრის სათაურადაც ეს დავტოვე.
- ბატონ კახისთან მუშაობის დეტალები გაიხსენეთ, ის, რაც მაყურებლისთვის კადრს მიღმა დარჩა.
- კახი აპროტესტებდა, - არ მინდა, არ ვიცეკვებო. ბოლოს მაინც დავითანხმე; ავუხსენი, - ეს არ არის ცეკვა, ეს პროტესტია-მეთქი. ის, რომ კახი მაგიდაზე გაშლილ საქართველოს რუკაზე ავიდა და იცეკვა, იმპროვიზაცია იყო. რომ ვუყურებდი, გული მისკდებოდა, ვიცოდი, მაგიდა მყარი არ იყო და არ ჩამოვარდეს-მეთქი. ეს კადრი ფილმში შევიდა. ბოლოს "მრავალჟამიერის" ჩაწერა გვინდოდა. ჯემალ ჭკუასელთან მივედით. უფრო სწორად, კახიმ 5 წუთით მიმასწრო და ამ მცირე ხნის მანძილზე იქ ამბები მოუყოლია, უმღერია და აპარატურით რომ მივადექით, ვეღარ იმღერა, ხმა ჩაუწყდა. ჩაწერა მეორე დღემდე ვერ მოვახერხეთ.
- ბატონ კახის სხვა მსახიობებისგან რით გამოარჩევთ?
- მე ხალხის ასეთი სიყვარული სხვა მსახიობების მიმართ არ მინახავს. ბავშვები ადამიანის შინაგან სამყაროს ყველაზე კარგად გრძნობენ. ქუჩაში მასთან ერთად გავლა შეუძლებელია, ყველა ეფერება. თვითონაც ყველას ელაპარაკება. ისეთ სიკეთეს ასხივებს, მასთან ყოფნა უნდათ. მასში არის რაღაც ისეთი, რაც უფრო მეტია, ვიდრე - არტისტობა. არა აქვს მნიშვნელობა, ამბავს ერთ ადამიანს უყვება თუ "გაჭედილ დარბაზს", ბოლომდე იხარჯება. ამ ფილმზე მუშაობის დროს კახიმ ისე ითამაშა, ისე ჰქონდა თითოეული სიტყვა და მოძრაობა გააზრებული, კადრი კადრს ეწებებოდა, მონტაჟი ადვილი გასაკეთებელი იყო.
- ეკრანზე გამოსვლამდე ნახა?
- კახი თავის ფილმებს არ უყურებს. მე მაინც გავატანე, მაგრამ 3 დღე აღარ შემეხმიანა. გული გამისკდა, - როგორც ჩანს, არ მოეწონა-მეთქი. მერე დამირეკა და მითხრა, ეს ფრაზა არ მომეწონა, ასე უნდა მეთქვაო. არადა, იმ ეპიზოდს დასაწუნი არაფერი აქვს.
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- მინდა, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი XIX საუკუნის 10 ცნობილ ქართველზე გადავიღო. ალექსანდრე ჭავჭავაძით დავიწყებ. მაგრამ ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული და ჯერ მხოლოდ ოცნებას ჰგავს.
- თქვენს ფილმებს ხშირად უყურებთ?
- არა. ხანდახან ჩამითრევს ხოლმე; დასასრულ ვამბობ, "რა კარგია" (იცინის).
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)