რეზო გიგინეიშვილი: "კინემატოგრაფში კლანურობის მომხრე ვარ!"

რეზო გიგინეიშვილი: "კინემატოგრაფში კლანურობის მომხრე ვარ!"

ამ დღეებში მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის ფილმის "სიყვარული აქცენტით" პრემიერა გაიმართა. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს რეჟისორის მეუღლე - ნადეჟდა მიხალკოვა ასრულებს.

ნადია და რეზო 2005 წელს, სერიალ "9 თვის" გადასაღებ მოედანზე დაახლოვდნენ. სერიალს გიგინეიშვილი იღებდა, ერთ-ერთ მთავარ როლს კი მიხალკოვას უფროსი და, ანა ასრულებდა.

ანა გამუდმებით აღფრთოვანებული საუბრობდა ახალგაზრდა რეჟისორის პროფესიონალიზმის შესახებ. ამ საუბრებით იმდენად დააინტერესა საკუთარი და, რომ ნადია გადაღებებზე დასთან ერთად წავიდა.

"ანას კომპლიმენტები არ ახასიათებს, ამ მხრივ საკმაოდ ძუნწია, - ამბობს ნადია, - ჩვენ ერთმანეთს არასდროს ვაქებთ, ჩვენში ეს მიღებული არ არის. გვიყვარს მხოლოდ იმაზე საუბარი, რაც არ გამოგვდის. ამიტომ დავინტერესდი, რატომ აქებდა რეჟისორს და გადასაღებ მოედანზე გავყევი".

რეზოსთვის უმცროსი მიხალკოვას გამოჩენა სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა:

"გულწრფელად რომ გითხრათ, არ მიყვარს, როდესაც გადაღებებს უცხო პირები ესწრებიან. უცნობები ყურადღებას მიფანტავენ, მაგრამ ნადიას იმ დროისთვის უკვე ვიცნობდი. ჩვენ საერთო სამეგობრო წრე არ გვყავდა, თუცა გარკვეული გადაკვეთის წერტილები გვქონდა. მაგალითად, ჩემი ბიძაშვილი ნადიას უფროს ძმასთან მეგობრობდა სკოლაში”, - ამბობს რეზო.

”იყო დრო, როდესაც ნიკიტა მიხალკოვი სამუშაოდ მიწვევდა, მაგრამ მაშინ თანამშრომლობა არ გამოგვივიდა. მასთან მუშაობაზე ყოველთვის ვოცნებობ. ეს სამართლიანია, როდესაც ახალგაზრდა რეჟისორი უფრო გამოცდილ ოსტატთან გუნდში სამუშაოდ მიდის. ასე მოხდა "სიცხისა" და "9 თვის" გადაღების შემდეგ, როდესაც "დასახლებული კუნძულის" მეორე გადამღები ჯგუფის ხელმძღვანელობას სიხარულით დავთანხმდი - ფილმს ბონდარჩუკი იღებდა. ამ უზარმაზარ პროექტზე მუშაობისას ისეთი შესაძლებლობები მოვსინჯეთ, რის უფლებასაც თავს მანამდე ვერ ვაძლევდით. იქ მიღებული გამოცდილებას ახლა საკუთარ პროექტებზე მუშაობისას ვიყენებ.

გუნდი ვისთანაც ვმუშაობ, ჩემთვის მეორე ოჯახივითაა. კინემატოგრაფში კლანურობის მომხრე ვარ! ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ ერთსულოვანი საფეხბურთო კლუბი ყოველთვის უკეთ თამაშობს, ვიდრე ნაკრები. სწორედ ამის გამო სხვადასხვა სურათზე მუშაობისას ერთსა და იმავე ოპერატორთან, მონტაჟის რეჟისორთან, ხმის რეჟისორთან და მსახიობებთან ვმუშაობ. ვიცი, რომ ჩემს თითოეულ ფილმში ითამაშებს, მაგალითად, არტურ სმოლიანინოვი და, ვიმედოვნებ, ნადეჟდა მიხალკოვაც", - ამბობს გიგინეიშვილი.

ნადია და რეზო 2009 წლის შემდეგ ერთად არიან, შარშან მაისში მათ ქალიშვილი, ნინო შეეძინათ. შვილის დაბადებიდან მალევე წყვილი თბილისში ჩამოვიდა, სადაც გიგინეიშვილმა ფილმის "სიყვარული აქცენტით" გადაღებები დაიწყო. 2011 წლის ოქტომბერში, ბოდბის უძველეს მონასტერში რეზომ და ნადიამ ჯვარი დაიწერეს.

"თავდაპირველად მეჩვენებოდა, რომ ნადიასთან ურთიერთობამ ჩემს სამშობლოში სიყვარულის შესახებ ზღაპრის გადაღების სურვილი გამიჩინა, - იხსენებს რეზო, - მაგრამ რაც მეტს ვმუშაობდით, უფრო მეტად ვაანალიზებდი, რომ ეს მოგზაურობა მნიშვნელოვანი იყო არა ნადიასთვის ან ჩემი კინემატოგრაფი მეგობრებისთვის, არამედ - ჩემთვის, რათა უფრო მძაფრად გამეგო და შემეგრძნო ქართული კულტურა, მისი კოლორიტი. ეს უსასრულო თავყრილობები სამუშაო დღის ბოლოს, უსასრულო სუფრა, სიმღერები, მთის მწვერვალების სილამაზე... სხვა ადამიანების რეაქციით ახლებურად შეიგრძნობ სამშობლოს. ეს ოჯახის წევრებთან ურთიერთობას ჰგავს: თავდაპირველად შენ ისინი გიყვარს, მაგრამ როდესაც შენთვის პატივსაცემი ადამიანები არგუმენტირებულად ყვებიან, რატომ არიან კარგები შენი მშობლები, მათ გამო სიამაყის გრძნობა გიჩნდება".

რეზო დიდი მადლიერებით საუბრობს ქართველების შესახებ, რომლებმაც არა მხოლოდ დახმარება გაუწიეს გადამღებ ჯგუფს, არამედ ფილმშიც მიიღეს მონაწილეობა: "ქართველთა გენეტიკურ სამსახიობო ნიჭს ვერ დამალავ. მეჩვენებოდა, რომ საითკენაც არ უნდა მიმემართა კამერა, ყველგან დავინახავდი სცენას, რომლის ჩასმაც ფილმში შეიძლებოდა. შესანიშნავი პერსონაჟები და ფაქტურა -ერთობლიობაში, ვფიქრობ, სწორედ ეს გამოარჩევს ჩვენს სურათს. ეს უბრალოდ რომანტიკული კომედია არ არის - ჩვენ განსაკუთრებული სამყარო შევქმენით. ვიმედოვნებ, ის მაყურებლისთვისაც საინტერესო აღმოჩნდება", - აცხადებს რეჟისორი.

"სიყვარული აქცენტით" რეზოსა და ნადიას პირადი ისტორიაა. ისინი თავიანთ ურთიერთობას ჯერ კიდევ მოკლე ნოველას ან უკვე კინორომანს უწოდებენ.

"ვფიქრობ, ცხოვრებაში, ნებისმიერი წყვილის ისტორიაში შეიძლება საინტერესოს პოვნა, რაც სცენარის საფუძვლად გამოდგებოდა, - მიიჩნევს რეზო, - მე და ნადიას ურთიერთობის შესახებ თუ ვისაუბრებთ, ვისურვებდით, რომ ის მრავალსერიან, ხარისხიან მხატვრულ ფილმს დაედოს საფუძვლად, რომელიც უსასრულოდ გაგრძელდება"...

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება