ბავშვობაში მსახიობობაზე არ ოცნებობდა. ერთ დღეს სკოლიდან "შატალოზე" მიდიოდა. დაინახა, კიბეზე მასწავლებელი ამოდიოდა და დერეფნის ბოლოსკენ, დასამალად გაიქცა. უეცრად შენიშნა, ერთ-ერთი დარბაზის კარი ღია იყო. შევიდა და იკითხა: - აქ რა პონტიაო? - მოდი, მოდი, კარგი პონტიაო, - უთხრეს და სკოლიდან გასაქცევად გამზადებული ბიჭი სცენაზე აღმოჩნდა... მსახიობ ბაჩო ჩაჩიბაიას ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა და 1-თვიანი ამნეზიიდან პატრიარქის ლოცვამ გამოიყვანა. ბაჩო რამდენიმე თვეა, დაქორწინდა. მისი რჩეული მუსკომედიის ოფისმენეჯერი - მარიკა ლოლაძე გახლავთ. წყვილს ინტერვიუს ჩასაწერად თეატრში ვესტუმრე.
"კარგი პონტი"
- სცენაზე რომ ამიყვანეს, რამდენიმე ლექსი წავიკითხე. ის გარემო ძალიან მომეწონა და მერე პიონერთა სასახლეში დავიწყე სიარული. რამდენიმე სპექტაკლში ვითამაშე, მერე კი მივიღე გადაწყვეტილება, რომ თეატრალურში ჩამებარებინა. დედა პროფესიით ექიმია. მისმა პაციენტმა გაიგო, რომ მსახიობობა მინდოდა და დედას უთხრა, - რეჟისორი მეგობარი მყავს და შევახვედროთო. "იმ" ქალბატონს მართლაც შევხვდი. ვისაუბრეთ, 2-3 კითხვა დამისვა და მერე მითხრა, - წელს ჯგუფი არ ამყავს, მაგრამ ასეც რომ იყოს, შენ არ მიგიღებდიო... მისგან გამწარებული წამოვედი. ჯერ ვიფიქრე, - თეატრალურში აღარ ჩავაბარებ-მეთქი, მაგრამ 3 დღის შემდეგ აზრი შემეცვალა. - ჩავაბარებ კი არა, დაგიმტკიცებ, რომ ყველაფერს შევძლებ-მეთქი, - წარმოსახვაში მას ველაპარაკებოდი. ამ ქალბატონმა ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. ის რომ არ შემხვედროდა და ის სიტყვები არ ეთქვა, შეიძლება, დღეს ასეთი რეალიზებული არც ვყოფილიყავი. გამოცდებამდე 3 თვე იყო დარჩენილი და ამ 3 თვეში იმდენი რამ ვისწავლე, იმდენი თეატრი მოვიარე, რომ... თანდათან ჟინი მომემატა. ინსტიტუტში მაღალი ქულებით ჩავირიცხე. მერე იქაც ძალიან კარგად ვსწავლობდი, ლექციებს არ ვაცდენდი. ინსტიტუტის გარეთაც სულ ვცდილობდი, როგორც მსახიობი, გავზრდილიყავი. პანტომიმის შესასწავლად პანტომიმის თეატრში დავდიოდი. ალბათ, ამ თავდაუზოგავი შრომის შედეგი იყო, III კურსის სტუდენტს მარჯანიშვილის თეატრში მთავარი როლი რომ მომანდვეს.
- იმ რეჟისორ ქალბატონს აღარ შეხვედრიხარ?
- არ მახსოვდა, გარეგნულად როგორი იყო. ერთ დღეს მარჯანიშვილის თეატრში ვიღაც მოვიდა და მითხრა: - ბაჩო, შვილო, მე ის ადამიანი ვარ, რომელმაც ინსტიტუტში მიღებაზე უარი გითხრა და ამისთვის ბოდიშს გიხდიო. - ბოდიში კი არა, დიდი მადლობა თქვენ ჩემგან-მეთქი...
პირველი როლი პროფესიულ სცენაზე
- სპექტაკლში - "ნატაძრალი" ედიშერ მაღალაშვილს გავუწიე პარტნიორობა. ეს ამ ბუმბერაზი მსახიობის უკანასკნელი როლი აღმოჩნდა. ბატონი ედიშერი უზომოდ კეთილი იყო; მსგავსი ადამიანი მეორე არ შემხვედრია.
- რეპეტიციების დროს მისგან რა დარიგება გახსოვს?
- ის ზემოდან არასდროს დაგხედავდა. რჩევასაც ისე ლამაზად მოგცემდა, გრძნობდი, რომ გგულშემატკივრობდა; საკუთარ აზრს გიზიარებდა, მაგრამ თავზე არასდროს გახვევდა... დროთა განმავლობაში სცენაზე ბევრი ისეთი მსახიობის გვერდით აღმოვჩნდი, მხოლოდ ტელევიზორში რომ მყავდა ნანახი. ჩვენს პროფესიაში ბედ-იღბალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მე მიმაჩნია, რომ გამიმართლა: III კურსის სტუდენტი, ინსტიტუტის სცენის გარდა, მარჯანიშვილის თეატრსა და "სარდაფში" ვთამაშობდი - ანუ დღეში 3 რეპეტიცია და 2 სპექტაკლში მთავარი როლი მქონდა.
- რუსთაველის თეატრში როგორ აღმოჩნდი?
- "ნატაძრალი" და "მონადირე" ის სპექტაკლებია, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. ერთ დღეს მორიგი ჩვენება გვქონდა. ჩვევად მაქვს - სპექტაკლის დაწყებამდე დარბაზში არ ვიყურები: არ მინდა ვიცოდე, იქ ვინ ზის. ჰოდა, ერთ-ერთმა მსახიობმა მითხრა: "დარბაზში რობერტ სტურუა ზის". არ ვღელავ-მეთქი, - შევეცადე, საკუთარი თავი დამეწყნარებინა, მაგრამ როგორ გინდა, ეს მოახერხო?! მოკლედ, ასე თუ ისე, სპექტაკლმა ჩაიარა. ბატონმა რობიკომ რამდენიმე ადამიანი რესტორანში დაგვპატიჟა. ვისაუბრეთ, ვიქეიფეთ და სახლებში წავედით. რამდენიმე კვირის შემდეგ დამირეკეს: გამარჯობა! რუსთაველის თეატრის დირექტორი გაწუხებთ; დასში აგიყვანეთ და კონტრაქტზე ხელის მოსაწერად იქნებ, ხვალ 3 საათზე მობრძანდეთო. ენა დამება და, - მოვალ-მეთქი, - ამის თქმა ძლივს მოვახერხე. როცა გონს მოვედი, მერე ვიყვირე და რა ვიყვირე, სახლის კედლები შეზანზარდა; მთელი დღე სიხარულისგან დავფრინავდი...
- შენი შესრულებული როლებიდან, გამორჩეულად რომელი გიყვარს?
- გმირებზე მეტად მიყვარს თვით სპექტაკლები: "მონადირე", "სტუმარი", "დაბოლილი მთვარე"... ვაიმე, ყველა ჩამოვთვალო?..
მსახიობის ცხოვრებაში მომხდარი სასწაული
- ბაჩო, შენს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გქონდა.
- ეს სწორედ იმ წელს იყო, როცა რუსთაველის თეატრის დასში ამიყვანეს. ქობულეთში ვიყავი. ზღვაში შევედი და შემაცია. ვგრძნობდი, კარგად ვერ ვიყავი და ნაპირზე გამოვედი, მერე კი აღარაფერი მახსოვს. თვალი რომ გავახილე, აღარავინ მახსოვდა და არც ჩემი სახელი ვიცოდი. ვერ ვიხსენებდი, როდის დავიძინე ან როდის გავიღვიძე. მერე მითხრეს, - მთელი თვეა, გძინავსო. რა მოხდა სინამდვილეში, ექიმებმა ვერ დაადგინეს, მაგრამ ფაქტია, ამნეზია მქონდა. ამ შემთხვევის შემდეგ სიცოცხლეს განსაკუთრებულად ვაფასებ. სუფრაზე მფარველი ანგელოზების სადღეგრძელოს ყოველთვის ვამბობ.
- მდგომარეობიდან როგორ გამოხვედი?
- ქობულეთიდან თბილისში გადმომიყვანეს. ერთ დღეს საავადმყოფოში ერთ-ერთი მოძღვრის მოსანახულებლად პატრიარქი მობრძანდა. მისი უწმინდესობისთვის ჩემ შესახებ უამბიათ. პატრიარქს უთქვამს, - აუცილებლად ვინახულებო. მერე საავადმყოფოდან ისე გასულა, დავვიწყებივარ. მანქანაში რომ ჯდებოდა, მაშინ გავხსენებივარ და უკან მობრუნებულა. მახსოვს, პალატაში რომ შემოვიდა, ვიცანი. "ბაჩო, გამარჯობა!" - მითხრა და გამიღიმა. უწმინდესის დანახვისთანავე გონს მოვედი. მეც მივესალმე. დამლოცა; მითხრა: მე წავალ, ვილოცებო, - და ლოცვების წიგნი დამიტოვა. პალატიდან პატრიარქის გასვლისთანავე ჩემს გონებაში ყველაფერი სწრაფად დალაგდა. ეს სასწაულია, აბა, რა არის?! ექიმები ვერ მიხვდნენ, რა მჭირდა.
- მას შემდეგ პატრიარქს აღარ შეხვედრიხარ?
- ცოტა ხნის წინ პატრიარქთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა და ვუთხარი, - მე ის ბიჭი ვარ, რომელიც თქვენ საავადმყოფოში მოინახულეთ და დალოცეთ-მეთქი. ისევ გამიღიმა და, - ჩემი სახით მფარველი ანგელოზი გამოგეცხადა, მან გიშველაო. ამ ამბის გახსენებაზე ახლაც ტანში ჟრუანტელი მივლის... ცოტა ხნის წინ ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი სასწაული მოხდა: ერთ დღეს მე და ჩემი მეუღლე სანაპიროზე ვსეირნობდით. მეტეხის ხიდთან დავინახეთ, მდინარის ნაპირზე გოგონა იდგა, რომელსაც პოლიციელი ელაპარაკებოდა. რატომღაც, ამ გოგოს დავუძახე, - ჩვენთან მოდი-მეთქი. მერწმუნეთ, ახლაც არ ვიცი, ეს რატომ გავაკეთე. პოლიციელი მომიახლოვდა და მთხოვა, - ეს გოგო მარტო არ დატოვოთო. ერთად ვისეირნეთ. მერე გოგონამ გვითხრა: სახლში ვერ წავალ, გვიანია, რუსთავში ვცხოვრობო. წესიერი ადამიანი ჩანდა და იმ ღამეს სახლში წავიყვანეთ. როცა გათენდა, მაშინ გამოგვიტყდა, - მინდა, მადლობა გადაგიხადოთ: გუშინ თავი უნდა მომეკლა და თქვენ გადამარჩინეთო. მჯერა, ჩვენ იმ გოგოსთან მისმა მფარველმა ანგელოზმა მიგვიყვანა.
სიყვარულის ამბავი
მარიკა ლოლაძე, ბაჩოს მეუღლე:
- 9 წელია, მუსკომედიის თეატრში ვმუშაობ. ბაჩოს, როგორც მსახიობს, ყოველთვის ვაფასებდი. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს და ისინი მას ყოველთვის დადებითად ახასიათებდნენ. ჩვენს თეატრში რამდენიმე სპექტაკლში ითამაშა, მაგრამ ახლო მეგობრები არ ვიყავით. შარშან ზაფხულს გასტროლზე ბათუმში გახლდით. ადამიანის შეცნობა, მისი ხასიათის უკეთ გაგება ყველაზე კარგად სწორედ გასტროლზე შეიძლება. ჰოდა, ამ ადამიანით მოვიხიბლე.
- მასში რა მოგეწონა?
- ძალიან გულწრფელია. ადამიანში ყველაზე მეტად, ბუნებრიობას ვაფასებ... როცა თბილისში დავბრუნდით, მეგობრებთან ერთად, კონცერტზე წავედით, მერე - ვიქეიფეთ.
ბაჩო:
- იმ საღამოსვე მოვილაპარაკეთ, ნაბახუსევზე ერთად გამოვსულიყავით. სახინკლეში შევიკრიბეთ. ჩვენი მეგობრების ნაწილი მოდიოდა, მიდიოდა, ჩვენ კი რამდენიმე საათის განმავლობაში ვისხედით და ვლაპარაკობდით. მეორე დღეს ახალგაღვიძებულმა აღმოვაჩინე, რომ რაღაც მჭირდა: არავის ნახვა არ მინდოდა, მხოლოდ მარიკა მახსოვდა. მივხვდი, მის მიმართ გრძნობა გამიჩნდა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ერთად ვართ. მარიკა ჩემი მეორე ნახევარია. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს რაღაც მაკლდა და მარიკამ "გამამთლიანა". არადა, პირველი ქორწინების შემდეგ ვამბობდი, - ცოლს აღარასდროს მოვიყვან-მეთქი.
- შენი პირველი მეუღლე მსახიობი ეკა მოლოდინაშვილი იყო, არა?
- დიახ. ჩვენ არც ხელი გვქონდა მოწერილი და არც ჯვარდაწერილები ვიყავით. ერთად 4 წელი ვიცხოვრეთ, მერე - დავშორდით. ჰოდა, მას შემდეგ თითქოს ხელიც კი მქონდა ჩაქნეული, რადგან ვერც ერთ ქალში ვერ ვხედავდი იმას, რაც მიზიდავდა. მაგრამ გამოჩნდა მარიკა და...
- მარიკა, ბაჩომ სიყვარული როგორ აგიხსნა?
- არ აუხსნია. უბრალოდ, მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა... მას შემდეგ, რაც ოჯახი შევქმენით, ერთმანეთის მიმართ გრძნობა გაგვიძლიერდა. რაც დრო გადის, ბაჩოში ახალ-ახალ დადებით თვისებებს ვპოულობ.
- სიურპრიზებს გიწყობს?
- რამდენიმე დღის წინ კარზე ზარის ხმა გაისმა. გავაღე და უამრავი ანთებული სანთელი დავინახე. იქვე ბაჩო იდგა. მას ხელში ვეებერთელა თაიგული ეჭირა, რომელიც ტორტთან ერთად მომართვა. იმ დღეს არც დაბადების დღე მქონდა და არც რაიმე დღესასწაული იყო. უბრალოდ, მოუნდა, გავეხარებინე... ერთ დღეს კინოში ვიყავით. ფილმი დიდად არ მომეწონა და ვფიქრობდი, - აქედან გასული, ეტლით გავისეირნებდი-მეთქი. კინოთეატრიდან გამოვედით თუ არა, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ეტლი დავინახეთ. ბაჩომ მეეტლეს დაუძახა და ეტლში გაბრწყინებული სახეებით ჩავსხედით, მაგრამ იმ კაცმა ცხენები ისე გააჭენა, რომ ძალიან შემეშინდა და შუა გზაში ჩამოვედით.
- ქორწილი გქონდათ?
- ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი მოულოდნელად და სწრაფად ხდება. ქორწილი არ გვქონია, მაგრამ რაღაც მაგდაგვარი იყო: იმ დღეს, როცა ჩვენი ოჯახის წევრებმა ერთმანეთი გაიცნეს, ჩემმა მშობლებმა 70 კაცი დაპატიჟეს. ჰოდა, ხელიც მაშინ მოვაწერეთ.
- პატარას როდის ელოდებით?
ბაჩო:
- დეკემბერში, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით, გოგოა თუ ბიჭი. მარხვა რომ დამთავრდება, ჯვრისწერას მერე ვაპირებთ. ჩვენ, ცოტა არ იყოს, უცნაურსახელიანი მეჯვარეები გვყავს: იურა ვასაძე, რამონა მიქელაძე და სვიმონ ჯანგულაშვილი. აბა, თუ გამოიცნობ, აქედან გოგო რომელია (იცინის)? - რამონა! ბებია ჰყავდა გერმანელი და მისი სახელი ჰქვია.
მარიკა:
- ჩემი მეჯვარეები - რეჟისორი გურანდა იაშვილი, მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი და ბავშვობის მეგობარი, ლანა ბააკაშვილი იქნებიან.
- ბედნიერებას გისურვებთ!
- გმადლობთ.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)