კითხვა, რომელმაც ცნობილი პროფესორი დააბნია

კითხვა, რომელმაც ცნობილი პროფესორი დააბნია

შესავლის წერის დაწყებამდე ვიხსენებდი, ამ რუბრიკაში ფიზიკოსი სტუმარი არც მყოლია-მეთქი. პირველი გოგა ვეშაპიძე გახლავთ, - "შუა ქალაქის" ცნობილი პროფესორი. მისი გაცნობისთანავე თვალში გხვდება, რომ ძალიან ჰგავს თავის გმირს. პროფესორივით დინჯი და მშვიდია, საერთო აქვთ ლაპარაკის მანერა და პროფესიაც. სერიალში თამაშის პარალელურად, აბასთუმნის ობსერვატორიის თბილისის განყოფილებაში ატმოსფეროს იკვლევს.

- წიგნებთან "მეგობრობა" როგორ დაიწყეთ?

- ოჯახში ყოველთვის ბევრი ლიტერატურა გვქონდა. ჩემს ბავშვობაში კომპიუტერი და ინტერნეტი არ იყო, არც ამდენი სატელევიზიო არხი. წიგნებით ვერთობოდი.

- რომელი ჟანრის ლიტერატურა გიყვართ?

- მოთხრობები. ავტორებიდან - ვიქტორ ჰიუგო და კარლოს კასტანიედა.

- პოეზია არ გიყვართ?

- პოეზიისადმი გულგრილი ვარ.

- პირველი წიგნი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე, რომელი იყო?

- "ადამიანი ამფიბია". ბავშვობაში ფანტასტიკითა და სათავგადასავლო ლიტერატურით ვიყავი გატაცებული. ჟიულ ვერნის ნაწარმოებები მომწონდა.

- წიგნის კითხვის დროს გიტირიათ?

- მიტირია, მაგრამ რომელ ნაწარმოებზე, არ მახსოვს.

- როგორი პერსონაჟები გიზიდავთ? ბევრ მკითხველს უარყოფითი გმირებიც ხიბლავს.

- მე მკითხველთა ამ კატეგორიას არ მივეკუთვნები.

- წიგნი მოგიპარავთ?

- არა. რომც მომეპარა, არ გეტყოდით.

- ე.ი. მოგიპარავთ და არ ამხელთ. ახლა რას კითხულობთ?

- "ბიოქიმიას".

- სკოლაში ყველაზე უკეთ რომელ საგანს სწავლობდით?

- ფიზიკას. ამ საგანმა VI კლასიდან გამიტაცა, არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავდა. პროფესიით ფიზიკოსი ვარ.

- ცნობილი ფრანგი მეცნიერი - ჟოზეფ ლუი ლაგრანჟი ამ მეცნიერის შესახებ ამბობდა: "უდიდესი გენიოსია, რომელიც კი ოდესმე გაჩენილა ამქვეყნად და ასევე ყველაზე იღბლიანი, ვინაიდან სამყაროს სისტემის დადგენა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი". დაასახელეთ ეს მეცნიერი.

- კეპლერი უნდა იყოს.

- ცდებით, მიგანიშნებთ: ის 1643-1727 წლებში ცხოვრობდა.

- გაუსი?

- არა, ეს მეცნიერი ბევრი ისეთი ადამიანისთვისაც ცნობილია, რომელმაც ფიზიკა კარგად არ იცის.

- ნიუტონი იქნება.

- გამოიცანით. როგორ შეიცვლება მოძრავი სხეულის კინეტიკური ენერგია, მისი სიჩქარის სამჯერ გაზრდის შემთხვევაში?

- ცხრაჯერ გაიზრდება.

- რას ვუწოდებთ ნატრიუმის ქლორიდს?

- მარილს.

- რომელი ნივთიერება სწევს ყინულის ტემპერატურას 0 გრადუსზე მაღლა?

- მარილი. ყინულს ხომ მარილით ადნობენ.

- გაგორებული ბორბლის რომელი წერტილი ასრულებს გადატანით მოძრაობას?

- ბრუნვის ღერძი.

- რომელი ცნობილი დანიელი ფიზიკოსი მიმართავდა აინშტაინს შემდეგი სიტყვებით: "აინშტაინ, გეყო ღმერთისთვის მითითებების მიცემა"?

- ნილს ბორი. სანამ ამას ეტყოდა, აინშტაინმა უთხრა: "ღმერთი კამათლით არ თამაშობს". ნილს ბორიმ კი თქვენ მიერ ნათქვამი ციტატით უპასუხა.

- დაასრულეთ ბორის შემდეგი გამონათქვამი: "თუ კვანტურმა მექანიკამ მნიშვნელოვნად არ შეგძრათ, თქვენ ის ჯერ"...

- "...არ გაგიგიათ".

- თვითმფრინავში ჰერმეტიზაციის დარღვევისას სხეულები გარეთ ცვივა. რატომ?

- თვითმფრინავში მეტი წნევაა, ვიდრე ატმოსფეროში.

- თეატრი გიყვართ?

- რა თქმა უნდა.

- სერიალში როგორ აღმოჩნდით?

- სტუდენტობის დროს "კავეენში" ვთამაშობდი. ბევრ იმ ადამიანს ვიცნობდი, რომლებიც დღეს იუმორისტულ გადაცემებში მონაწილეობენ. "ღამის შოუს" სტუდიიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, კასტინგზე მივსულიყავი. ასე აღმოვჩნდი "შუა ქალაქში". აქამდე სერიალში სახელი არ მქონდა, ახლა მშობლები გამოჩნდნენ და გაირკვა, რომ ზაალი მქვია.

- ქართული თეატრის ისტორია საუკუნე-ნახევარზე მეტს მოიცავს. რომელ შენობაში გამართა დასმა პირველი სპექტაკლი 1850 წლის 2 იანვარს?

- ქუთაისში.

- ცდებით. დღეს იმ შენობაში სკოლაა.

- თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობაში, არა?

- დიახ. ეს ქალაქი შიიტ მუსლიმანთა ერთ-ერთი წმინდა ადგილია. იქ დასაფლავებულია შაჰ-აბას I. დაასახელეთ ქალაქი.

- მე მუსლიმანთა მხოლოდ 2 წმინდა ქალაქი ვიცი, მექა და მედინა.

- სწორი პასუხია ყუმი.

- პირველად გავიგე.

- რომელი ქართველი მეფეა დაკრძალული ყუმში შაჰ-აბას I-ის გვერდით?

- ვერ გიპასუხებთ.

- ვახტანგ V შაჰნავაზი. რა არის ყარაყორუმი?

- მგონი, ტკბილეული, არა?

- ეტყობა, შოკოლადი "ყარაყუმი" გაგახსენდათ.

- (ფიქრობს) აბა, რა არის?

- მთათა სისტემა ცენტრალურ აზიაში - ინდოეთის, ჩინეთისა და პაკისტანის ტერიტორიაზე. ის ჰიმალაის მთების შემდეგ სიმაღლით მეორე მთათა სისტემაა მსოფლიოში.

- გმადლობთ, აწი მეცოდინება.

- თურქეთში მდებარე რომელი ქართული ტაძარი მდებარეობს მდინარე თორთუმისწყლის ნაპირზე?

- ოშკი.

- რა ეწოდება ლექსიკოგრაფიის ნაწილს, რომელიც გეოგრაფიულ სახელებს სწავლობს?

- ტოპონიმიკა.

- ის ერთ-ერთი საერთაშორისო საზღვაო არხია და 11 წლის განმავლობაში შენდებოდა. სწორედ მის გახსნას მიუძღვნა ჯუზეპე ვერდიმ ოპერა "აიდა". რომელ არხზეა ლაპარაკი?

- ერთმანეთთან რომელ მხარეებს აკავშირებს?

- ერთი ბოლო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და მეორე - წითელ ზღვაზე გადის.

- სუეცის არხი.

- "გათავდა, აღარ ჩამოგეხსნები,/ არც მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ/ და ვაფათურებ სიცხიან ხელებს/ შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე, სულში.../ ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს,/ საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც,/ შენ ხარ, აქამდე რაც უნდა მეთქვა,/ შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტიც". - ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- ვაჟა-ფშაველას ლექსი არ არის.

- მე ავტორის დასახელება გთხოვეთ.

- ლექსებთან ერთად მოთხრობებსაც ხომ არ წერს?

- დიახ.

- გურამ დოჩანაშვილი.

- ცდებით.

- რეზო ინანიშვილი.

- თამაზ ჭილაძეს ეკუთვნის. ფოქსტროტი გიცეკვიათ?

- არა.

- ვის პატივსაცემად დაერქვა ამ ცეკვას სახელი?

- ზუსტად არ ვიცი, შეიძლება ფოქსტროტი ადამიანიც იყო, რომელმაც ამ ცეკვის ილეთები შექმნა.

- გამოიცანით. ცეკვა გიყვართ?

- დაახლოებით ისე, როგორც პოეზია.

- დაასახელეთ სამი ციფრი, რომელთა ჯამი და ნამრავლი ერთმანეთის ტოლია.

- 1, 2, 3.

- რისი გეშინიათ?

- ნემსის გაკეთების, თან - ძალიან. შარშან თირკმელში კენჭის გავლა მქონდა, ძალიან ცუდად ვიყავი. ექიმებმა მითხრეს, ნემსს გაგიკეთებთ და ტკივილი მოგეხსნებათო. არ გავაკეთებინე.

- რისი შიშია აგრაფობია?

- აგროსთან კავშირშია?

- არა.

- ვერ გიპასუხებთ.

- სექსუალური ძალადობის. რომელი ოკეანის აუზს მიეკუთვნება კასპიის ზღვა?

- ინდოეთის ოკეანის აუზს.

- ცდებით. რუკაზე ამ ზღვის მდებარეობა წარმოიდგინეთ და ისე მიპასუხეთ.

- წარმოვიდგინე. დაბლა რომ ოკეანეა, იმას არ განეკუთვნება?

- "დაბლა" ინდოეთის ოკეანეა. კასპიის ზღვა გაუმდინარე შიდა ზღვაა და არც ერთი ოკეანის აუზს არ განეკუთვნება.

- ეს ჩამჭრელი კითხვა იყო, დავიბენი.

- რომელია ყველაზე დიდი კუნძული მსოფლიოში?

- მადაგასკარი.

- ცდებით, მიგანიშნებთ: ამ კუნძულის 80% ყინულითაა დაფარული.

- გრენლანდია.

- ყველაზე დიდი ნახევარკუნძული რომელია?

- ინდოეთის, არა?

- არაბეთის. ქმარმა დაურეკა ცოლს და უთხრა, ხვალ მივლინებაში მივდივარო და ნივთების ყიდვა სთხოვა. აუხსნა: ფული კონვერტში დევს, კონვერტი საწერი მაგიდის უჯრაშია და რაოდენობაც ზედ აწერიაო. მეუღლემ აიღო კონვერტი და დაინახა, მასზე 98 ეწერა. მაღაზიაში დაუთვლელად წაიღო. ნავაჭრმა 90 ლარი შეადგინა. მას ეგონა 8 ლარი დარჩებოდა, მაგრამ 4 ლარი დააკლდა, როგორ?

- კონვერტი ხელში უკუღმა ეჭირა, სინამდვილეში მასში 86 ლარი იდო.

- დაბოლოს, დაასრულეთ ოსკარ უაილდის ცნობილი გამონათქვამი: "ისეთი ჭკვიანი ვარ, ხანდახან საკუთარ ნათქვამსაც...

- "...ვერ ვხვდები". მე ასეთი რამ არასდროს მემართება.

მოამზადა თამუნა კვინიკაძემ

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება