ნუმი რაპასი - შვედი გოგონა დრაკონის ტატუთი

ნუმი რაპასი - შვედი გოგონა დრაკონის ტატუთი

შვედი ნუმი რაპასი ჰოლივუდში წარმატებულ მსახიობად იქცა. მის გამოჩენამდე ჰოლივუდში ორი შვედი ვარსკვლავის სახელი იცოდნენ - გრეტა გარბოსი და ინგრიდ ბერგმანის. "შერლოკ ჰოლმსსა" და "პრომეთეში" შესრულებული როლების შემდეგ ნუმიმ ამერიკაში ადგილი დაიმკვიდრა.

სანამ ჰოლივუდში გადაიღებდნენ სტიგ ლარსონის გახმაურებულ წიგნს "გოგონა დრაკონის ტატუთი", მანამდე მის მშობლიურ შვედეთში მოხდა მისი ეკრანიზება და დრაკონისტატუიანი გოგონას როლი სწორედ ნუმიმ შეასრულა. სწორედ მან მოუტანა პირველი პოპულარობა.

34 წლის მსახიობს შვედურის გარდა ესპანური ფესვებიც აქვს. დედამისი შვედი მსახიობი ნინა ნორენი იყო, მამა კი, როხელიო დურანი - ფლამენკოს მომღერალი და მოცეკვავე.

ნუმი 2001 წელს გაჰყვა ცოლად მსახიობ ოლა რაპასს. დაქორწინების შემდეგ მოიფიქრეს გვარი რაპასი ორივესთვის, თორემ მისი ქმრის ნამდვილი სახელი პერ ოლა ნორელია. 2003 წელს წყვილს გაუჩნდა შვილი ლევი. 2011 წელს ნუმი და ოლა გაიყარნენ.

რიდლი სკოტის "პრომეთე" მაისში გამოვიდა ეკრანებზე, 2013 წელს კი კიდევ ერთი ფილმის პრემიერა შედგება - ბრაიან დე პალმას "ვნებაში" ნუმის ასევე მთავარი როლი აქვს.

"იმედი მაქვს, ეს მილიონობით წლის შემდეგ მოხდება"

- "პრომეთე" "უცხოს" პრიკველად არის ჩაიფიქრებული? გინახავთ ის ფილმი?

- რა თქმა უნდა. მაშინ ჯერ კიდევ თინეიჯერი ვიყავი და სიგურნი უივერის თამაშმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კინოში პირველად გამოჩნდა ძლიერი ქალი! მერე იყო "ტერმინატორი" ლინდა ჰამილტონით, რიდლი სკოტის "ტელმა და ლუიზა". ეს ფილმები ხომ სულ ძლიერ ქალებზეა. "პრომეთეში" ჩემი გმირი ელიზაბეტ შოუც მათ ჰგავს. მეცნიერია, არქეოლოგი, მორწმუნე, თუმცა აწუხებს შეკითხვა, ვინ შექმნა კაცობრიობა. პასუხს ეძებს და რთულ სიტუაციებში ვარდება. მოუწევს საკუთარ თავში მეომრის გაღვიძება.

- "პრომეთე" ქვეყნის აღსასრულზეც არის. თქვენ თუ წარმოგიდგენიათ აპოკალიფსი?

- რაღაც ახალი რომ გაჩნდეს, ძველი უნდა წავიდეს. ადამიანები იბადებიან, ბერდებიან და კვდებიან - ეს სიცოცხლის წრეა. მაგრამ არ მგონია, რომ ჩვენს სამყაროს დრამატული აღსასრული ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, ეს მილიონობით წლის შემდეგ მოხდება და ჩემი რვა წლის შვილი არ მოესწრება.

- მას ლევი ჰქვია. ვის პატივსაცემად?

- მამამისის მოფიქრებულია. გიჟდება ფეხბურთელ ლევ იაშინზე და მის პატივსაცემად დაარქვა.

"შამპანური და შავი ხიზილალა, თუ შეიძლება!"

- თქვენი ფსევდონიმი - რაპასი, ფრანგულიდან ითარგმნება როგორც "მტაცებელი ფრინველი". გჯერათ იმის, რომ სახელი ბედზე გავლენას ახდენს?

- რა თქმა უნდა. ძალიან მიყვარს დე­და და დაიკო, მაგრამ ვერ ვიტანდი ჩვენს გვარს - ნორენს. ამიტომაც როგორც კი გავთხოვდი, მე და ჩემმა ქმარმა გვარები შევიცვალეთ რაპასით. ამგვარად მინდოდა საკუთარი ცხოვრების გაკონტროლება.

- როგორი მამაკაცები გიზიდავთ?

- სპონტანურები, მამაცები, შემოქმედებითი. საქმიანი ადამიანები მომწონს და არა ლაყაფები. სულ ახალს რომ ეძებენ და გარისკვის არ ეშინიათ.

- ტრილოგიაში "მილენიუმი", რომელშიც შედის "გოგონა დრაკონის ტატუთი", და ასევე ბრაიან დე პალმას "ვნებაში", რომელსაც ახლა იღებთ, შურისძიების თემა ფიგურირებს. თავად თუ დაფიქრებულხართ ოდესმე ვენდეტაზე?

- მე მისი არ მჯერა. შეიძლება პასუხი გასცე ვიღაცას, მაგრამ შური არ იძიო. შურისძიებით შეპყრობილ ადამიანს სიძულვილი ამოძრავებს. მართალია, ფიცხი ვარ, მაგრამ ასეთი ძლიერი გრძნობის უნარი არ მაქვს. ლისბეტ სალანდერს რომ ვთამაშობდი, გამოვცადე, როგორია ეს განცდა, ის ხომ არასდროს არავის პატიობს. მინდოდა ასეთ ტყავში ცოტა ხანს ყოფნა, მაგრამ მგონი, საკმარისი იყო.

- რას შეუკვეთდით, თქვენი უკანას­კნელი ვახშამი რომ იყოს?

- ო, ღმერთო! შამპანური და შავი ხიზილალა, თუ შეიძლება!

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება