კომპოზიტორი ნანა მესხი ჯინსსა და ასლარიან სკრაბებზე უარს ამბობს

კომპოზიტორი ნანა მესხი ჯინსსა და ასლარიან სკრაბებზე უარს ამბობს

წითელი პომადა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ვიწრო, შავი კაბა - ეს კომპოზიტორ ნანა მესხის სავიზიტო ბარათია, რომელიც საშინლად ვერ იტანს შოპინგს. ეს პროცესი მისთვის იმდენად მტანჯველია, რომ თუკი მიხვდება, მაღაზიაში არსებული სამოსი გადაკეთების შემთხვევაში დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, მაშინვე ყიდულობს, რათა მეორე მაღაზიაში არ მოუწიოს შესვლამ. როგორც მიხვდით, თავის მოვლის თემაზე ნანა მესხს ვესაუბრეთ.

- ძალიან მიყვარს გარუჯული კანი, შესაბამისად ვცდილობ, წლის ყველა სეზონზე მქონდეს ზომიერი რუჯი, ამაში ხელს მიწყობს ისიც, რომ ადვილად ვიღებ ნამზეურს. მინდა გითხრათ, რომ დაავადებული არ ვარ გადამეტებული თავის მოვლის სენით, მიმაჩნია, რომ ქალი მოწესრიგებული უნდა იყოს, მაგრამ 24 საათის განმავლობაში ამით არ უნდა იყო დაკავებული.

აუცილებელია კანის კვება. ყოველთვის ძვირად ღირებული პარფიუმერიით ნამდვილად არ ვსარგებლობ, არის შემთხვევები, როდესაც ვიყენებ ბრენდულ კოსმეტიკას, მაგრამ ასევე არის შემთხვევები, როდესაც შედარებით იაფფასიან ნაწარმშიც ვპოულობ ისეთ საშუალებებს, რომლებიც ჩემს კანს უხდება.

- წონას აკონტროლებთ?

- სულ ვხუმრობ, დიდი სიამოვნებით დავიწყებდი დილას კრემიანი ღვეზლებით, ალბათ 5 არ მეყოფა, დღეს გავაგრძელებდი ხაჭაპურით და სხვა გემრიელი საჭმელებით. მიყვარს კაცური კერძებიც, მიუხედავად ამისა, როგორც ყველა ქალი, ვცდილობ, ფორმაში ვიყო, ძალიან გამხდარი არ ვარ, მაგრამ მგონი, არა მიშავს (იღიმება), როცა ვხვდები, რომ ძალიან გავუტიე და 2-3 კილო მოვიმატე, სასწრაფოდ ვიკლებ.

- ასეთ დროს ვარჯიშობთ თუ კვების რაციონს ცვლით?

- საკვებს ვამცირებ, რაც შეეხება ვარჯიშს, გულითა და სულით მინდა ვივარჯიშო, მაგრამ სიზარმაცე მიშლის ხელს, სახლში მაქვს ტრენაჟორი და გადავწყვიტე, რომ აუცილებლად დავიწყო ვარჯიში. ძალიან მიყვარს წყალში ჭყუმპალაობა, წყალი კი, მოგეხსენებათ, რამდენად კარგი საშუალებაა ფორმის შესანარჩუნებლად. თუმცა მას შემდეგ, რაც მანქანა ვიყიდე, ძალიან გავზარმაცდი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქათინაურს მაინც ვიღებ, ამ შემთხვევაში მამაკაცების აზრია მნიშვნელოვანი, მათგან კომპლიმენტების ნაკლებობას არ განვიცდი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ კარგად გამოვიყურები (იღიმება).

- სახლიდან გასვლის წინ ყოველთვის იღებებით?

- როდესაც ნამზეური მაქვს, ტუჩის მბზინავი საცხი ჩემთვის საკმარისია, მაგრამ როცა არ ვარ გარუჯული, მირჩევნია, მქონდეს მაკიაჟი, ოღონდ მინიმალისტურად.

- როგორ უვლით სახის კანს, თუ იყენებთ ბებიის ან დედის გამოცდილ ხერხებს?

- დედაჩემი ულამაზესი ქალი იყო, სახლშიც და გარეთაც ყოველთვის ფორმაში გახლდათ და ფორმას თავის მოვლის შინაურული მეთოდებით ინარჩუნებდა. სამზარეულოში ტრიალის დროს, რა ბოსტნეულიც მოხვდებოდა ხელში, ყველაფერს სახეზე ისვამდა და არაჩვეულებრივი კანი ჰქონდა. მეც არ ვუჩივი კანს, ვერ ვიტყვი, რაიმე განსაკუთრებულს ვიკეთებ-მეთქი, უბრალოდ, სარკეში რომ ჩავიხედავ, იმ წუთას რა პრობლემასაც შევამჩნევ, იმის შესაბამისად ვმოქმედებ, თუ ერთ დღესაც არ მომეწონა ჩემი კანის სისუფთავე, დავიმუშავებ მჭადის ფქვილით, არ ვიყიდი 100-ლარიან სკრაბს, რადგან მჭადის ფქვილი გადასარევი სკრაბია (იღიმება).

- რაც შეეხება თმას, სალონს სტუმრობთ თუ თავად იკეთებთ?

- ვარცხნილობის გაკეთებას მირჩევნია, სამი სიმღერა დავწერო. ამ საკითხში უნიჭობის პიკზე ვარ, სალონში რომ ვიკეთებ თმას, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, 3, მაქსიმუმ 4 დღე ეს პრობლემა მოხსნილი მაქვს, სახლში "ჩოლკის" გაკეთება და ასეთი რაღაცები ჩემთვის ჩინურია, ზაფხულში ვიხდენ გადაწეულ თმას.

- რაც შეეხება ჩაცმულობას...

- "შანელის" კაბას რომ ეძახიან, ისეთი - საშუალო სიგრძის კაბები მიზიდავს და 10-12 სმ ქუსლი, ეს ჩემთვის იგივეა, რაც ჩუსტი. ყოველთვის ვერ ჩაიცვამ მაღლებს, ამიტომ მიხდება დაბლების ჩაცმაც, მაგრამ დისკომფორტს მიქმნის. სხვათა შორის, სოფი ლორენი ამბობდა, ფეხზე ყოველთვის უნდა გეცვას ერთი ზომით დიდი ფეხსაცმელი და ტანზე ერთი ზომით პატარა კაბაო, თუ, რასაკვირველია, ამის რესურსი აქვს სხეულს. რაც შეეხება შარვალს, რა თქმა უნდა, ვიცვამ, მაგრამ შარვალსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქალური ელემენტები, სწორედ იმიტომ არ მიყვარს ჯინსი, რომ ის სხეულს აუხეშებს, ამ ბოლო დროს კი, რომ იტყვიან, ელასტიკზე "შევჯექი".

- შეგიძლიათ, ერთი და იგივე სამოსი ორ დღეს ჩაიცვათ?

- შემიძლია, ერთი კვირა მეცვას ერთი და იგივე ტანსაცმელი, მაგრამ ბოლოს სინდისი მაწუხებს ხოლმე (იცინის). თუ კომფორტულად ვარ, არანაირად არ მაქვს პრობლემა, ერთი და იმავე სამოსის ჩაცმაზე. ისე, მინდა გითხრათ, რომ შოპინგზე გადარეული არ ვარ. ჩემთვის მაღაზიებში სიარული ტანჯვაა, მიმაჩნია, რომ ეს ფუჭად დაკარგული დროა, ამიტომ რამდენიმე წუთში ვწყვეტ, მჭირდება თუ არა ის კონკრეტული ნივთი და ვყიდულობ თუ არა, თუ შევამჩნევ, არის იმის შანსი, რომ ოდნავ გადაკეთების შემდეგ სამოსმა ივარგოს, მაშინვე მომაქვს, რადგან არ მინდა ამ ტანჯვის გაგრძელება, ესაა საკითხი, სადაც ცოტა არაქალი ვარ. ნეტავ იცოდე, როგორ ვწვალობ მაშინ, როცა სალონში ორ საათს მიწევს ყოფნა, მგონია, დროს ტყუილად ვკარგავ. მართალია, შოპინგი და სალონში ყოფნა არ მიყვარს, მაგრამ მიზიდავს იარაღით სროლა, მანქანით სწრაფად სიარული, მინდა, ექსტრემალურ ტარებაზე ვიარო, ამ მხრივ მე ცოტა სხვაგან ვარ (იღიმება).

- საზაფხულოდ თუ განაახლეთ გარდერობი, თუ დაიტანჯეთ?

- კი, ერთი კვირა ვიტანჯებოდი, რაღაცები გადავაკეთე, რაღაცები შევიძინე და რომ დასრულდა ყველაფერი, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.

- რაც შეეხება აქსესუარებს, ხართ მათი მომხმარებელი?

- მიყვარს სამკაულები. საერთოდ, დიდი ზომის აქსესუარები მიხდება, მაგრამ ასევე ვიკეთებ პატარებსაც, როგორც წესი, მეგობრები მჩუქნიან აქსესუარებს, მანებივრებენ და ამიტომაც ყიდვა აღარ მჭირდება.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება