იპოლიტე ხვიჩია - ქართველი სიცილის მეფე

იპოლიტე ხვიჩია - ქართველი სიცილის მეფე

მას სიცილის მეფეს უწოდებდნენ, ალბათ, ასეც იყო... იპოლიტე ხვიჩია - სახალხო არტისტი, ყველასთვის ახლობელი და საყვარელი. ამის მიზეზი მისი უშუალობა და იუმორის გრძნობა გახლდათ, რომლითაც უცნობსა და ნაცნობს აჯადოებდა. მასზე ცნობილი ნათქვამი, პანაშვიდებზე ვერ დადიოდაო, მართალი ყოფილა. ეს და სხვა ბევრი საინტერესო ამბავი მისმა შვილიშვილმა მოგვიყვა...

ჩვენი საუბარი ბატონი იპოლიტეს წერილით დაიწყო. სახლში სულ ცოტა ხნის წინ იპოვეს რომელიღაც ნათესავისადმი მიწერილი წერილი - მსახიობი მას ახალგაზრდა ყმაწვილის დახმარებასა და სამსახურში მოწყობას სთხოვს. ბატონი ავთო, იპოლიტეს შვილიშვილი, კითხულობს და ემოციას ვერ მალავს: "დაეხმარეთ ამ ახალგაზრდას, ქართველები ისედაც ცოტანი ვართ და ერთმანეთის გატანა უნდა შეგვეძლოს". ასეთი სიტყვები ბაბუას მისთვისაც კი არ უთქვამს, ემოციური წერილია... საერთოდ, იპოლიტე ზედმეტად გულისხმიერი იყო, მისი დღე იწყებოდა და მთავრდებოდა საქმეებით, რომელთა უმეტესობაც სხვისი თხოვნის შესრულება იყო. არასდროს ამბობდა ვინმეს დახმარებაზე უარს, არც ეზარებოდა, პაპანაქება სიცხეში ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში წავიდოდა და შეპირებულს აუცილებლად შეასრულებდა. როგორი იყო სახლში? ყველაზე ტკბილი და საყვარელი ბაბუა... სახლიდან დილას გადიოდა და გვიანობამდე არ შემოდიოდა, იშვიათად ეცალა, რომ მთელი დღე ოჯახის წევრებთან გაეტარებინა. მაშინ კი ცდილობდა, შვილიშვილებთან ეთამაშა, ოჯახის წევრებთან ურთიერთობით სიამოვნება მიეღო, ამ დროს არ აინტერესებდა, ბავშვმა ორიანი მიიღო თუ რაიმე დააშავა, ამისთვის მისი მეუღლე იყო, თვითონ პატარებს თითქმის არასდროს უბრაზდებოდა.

არავის ახსოვს, როლისთვის როგორ ემზადებოდა, როგორ სწავლობდა ტექსტებს. ის უფრო იმპროვიზაციის მომხრე იყო, თუმცა სანამ გადაღებები დაიწყებოდა, ოთახში ჩაიკეტებოდა და როლზე იქ მუშაობდა. მისი პერსონაჟები არავის პროტოტიპი არ არიან, არავისგან გადაუღია მიმიკა ან რაიმე ქცევა, იშვიათად სწავლობდა როლს ზეპირად, ყველაფერი მისი ფანტაზიისა და იმპროვიზაციის ხარჯზე ხდებოდა. იშვიათად თუ ვინმეს უნახავს იპოლიტე ცუდ ხასიათზე, მუდამ ხალისიანი და სიცოცხლით სავსე იყო. ოჯახის წევრების, ახლობლების დაბადების დღეები არასდროს ავიწყდებდა, ასეთი დღესასწაულები ოჯახში ნამდვილ ზეიმად იქცეოდა, იშლებოდა სუფრა, იყო ქეიფი, სიმღერები... საჩუქრების ჩუქება ზუსტად დღესასწაულზე არ უყვარდა, შეეძლო, ერთი ჩვეულებრივი დღე გამხდარიყო დღესასწაული და შვილიშვილისთვის ნაოცნებარი ველოსიპედი მიეყვანა და ამ საჩუქარში მთელი თვის ხელფასი დაეხარჯა. ავთოს არასდროს დაავიწყდება, როგორ უყიდა ბაბუამ იმ დროისთვის ყველაზე ძვირფასი თხილამურები და როგორ გაუბრაზდა მას ბებია იმის გამო, რომ 500 მანეთი ამ რაღაც ორ ფიცარში მისცა...

მანქანა ემსახურებოდა, თუმცა ხშირად სახლიდან ისე გადიოდა, არ ელოდებოდა, ფეხით მივიდოდა ავტობუსის გაჩერებამდე და საზოგადო ტრანსპორტით მგზავრობდა. რა თქმა უნდა, იმ დღეს ავტობუსში სიცილი ზეიმობდა, ხშირად გასცდებოდა გაჩერებას და მერე უკან ბრუნდებოდა ხოლმე. გაჩერებაზე ახალგაზრდები, სტუდენტები ჟრიამულით ხვდებოდნენ, დახმარებას სთხოვდნენ, იპოლიტეც დაუზარებლად მიჰყვებოდა ლექტორთან და სტუდენტს მის შვილიშვილად, დისშვილად ან სულაც ნათესავად გააცნობდა, დაჰპირდებოდა, რომ მომავალში კარგად ისწავლიდა და ნიშანს დააწერინებდა.

ბატონი ავთო იხსენებს, როგორი საინტერესო იყო მასთან ერთად ქუჩაში სიარული. იშვიათად იცლიდა სასეირნოდ, თუმცა ზოგჯერ შვილიშვილებთან ერთად "ლაღიძეში" მიდიოდა, სანამ იქამდე მიაღწევდნენ, უკვე საღამოვდებოდა. ახსოვს, როგორ წაიყვანა ერთხელ გადაღებაზე, მაშინ იღებდნენ ფილმს "შეხვედრა მთაში". უნდა გადაეღოთ სცენა, როდესაც იპო თენგიზ არჩვაძეს მეტროში ხვდება. იმ დროისთვის მეტროსადგური "რუსთაველი" ჯერ არ იყო გახსნილი, მაგრამ გადაღებისთვის სპეციალურად გაიხსნა. იპოლიტემ გამოპრანჭა შვილიშვილები და მთელი ოჯახი მეტროში სასეირნოდ წაიყვანა.

დიდი მსმელი არ იყო, თუმცა ქართული სუფრა და ქეიფი სიამოვნებას ანიჭებდა. განუყრელი მეგობრები იყვნენ იპო, რევაზ ლაღიძე და დავით გამრეკელი, როდესაც ერთად შეიყრებოდნენ, აუცილებლად სუფრა უნდა გაშლილიყო, ლექსებით, სიმღერებით და იპოლიტეს ხუმრობებით სავსე. მათი ყურება და მოსმენა უდიდესი სიამოვნება იყო.

"ფეოლას" გადაღებები ბათუმში მიმდინარეობდა. ჯემალ ღაღანიძე დღემდე ჰყვება იქ მომხდარ კურიოზს. გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წევრს აჭარაში ნათესავი გარდაეცვალა და პანაშვიდზე წავიდნენ, სოფელში ჩავიდნენ თუ არა, სანამ მიცვალებულის სახლამდე მიაღწევნენ, უკვე ყველამ იცოდა, რომ სამძიმარზე იპოლიტე მიდის და პანაშვიდზე ყველა სიცილით შეხვდა. ხალხის ასეთი დამოკიდებულების გამო, ხშირად ერიდებოდა სამძიმარზე მისვლა. როდესაც ხალხი ბაბუას პანაშვიდებზე მოდიოდა, ყველას თვალზე სიმწრისა და სიცილისგან მოგვრილი ცრემლი ჰქონდა. იპოს წესი მეუფე თადეოზმა აუგო...

მიწასთან უყვარდა ურთიერთობა, ნაკვეთი ჰქონდა ლილოსთან ახლოს, თავისუფალ დროს იქ ჩადიოდა - ხეებს რგავდა, მიწას ამუშავებდა, რწყავდა და ამ დროს თავის სტიქიაში იყო. სახლში ლიმონის ხეები ჰქონდა, კვირაში ერთხელ მზის მხარეს ატრიალებდა, ნაყოფს საგულდაგულოდ უვლიდა... სოფელში გაზრდილი კაცისთვის ბუნებასთან სიახლოვე უდიდესი სიამოვნება იყო.

იპოსთან ერთად ყოველი წამი სიურპრიზებითა და სიცილით იყო სავსე. სპონტანურად ისეთ სასაცილო რამეს გააკეთებდა და თან სერიოზული სახით, რომ თავს ვერ შეიკავებდი. ერთხელ მეუღლემ ცოცხისა და იატაკის საწმენდი ჯოხის მოტანა სთხოვა. იპომ სახლის მოპირდაპირე მხარს მაღაზიაში შეიძინა ორივე და დატვირთული სახლისკენ მიდიოდა, ნაწვიმარი იყო და ხედავს, წინ დიდი გუბეა, გადახტომა შეიძლებოდა, თუმცა გაიხედ-გამოიხედა და მიხვდა, მთელი ქუჩა უყურებდა და მოერიდა. დაინახა მომავალი მანქანა, გააჩერა, უკანა კარი გამოაღო, მძღოლი გახარებული მიესალმა: - დაბრძანდით, ბატონო იპოლიტე... იპოც გულთბილად მიესალმა, შემდეგ მეორე კარი გააღო და მანქანიდან გადმოვიდა ისე, რომ გუბეზე გადახტომა აღარ დასჭირდა. უბანში ამაზე დიდხანს იცინოდნენ.

ყველას ახსოვს იპოლიტე განუყრელი სამოსით, ქუდითა და კიტელით. ჰალსტუხის განასკვა ეზარებოდა, ერთ დროს უკან რეზინით შესაკრავი, უკვე გაკვანძული ჰალსტუხები გამოვიდა და დაისვენა კიდეც. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, გადაღებიდან ორი საათით გამოდიოდა, მიდიოდა საქმეებზე, ხშირად გრიმის მოცილება ავიწყდებოდა, ასე დადიოდა და სულ სცხელოდა... საკუთარ თავზე იშვიათად ლაპარაკობდა, ფილმების ყურება დიდად არ უყვარდა და აზრს უფრო ფილმზე გამოთქვამდა, ვიდრე საკუთარ გმირზე.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, იპოლიტე მეუღლესთან ერთად ცალკე ცხოვრობდა. ვერაზე გადავიდნენ, რადგან იქ ლიფტი იყო, ჯოხით ძლივს დადიოდა, ძალიან უჭირდა, ასეთი სიცოცხლით სავსე ადამიანისთვის რთული იყო სავარძელს მიჯაჭვულობა, განიცდიდა, თუმცა არასდროს იმჩნევდა, ბოლომდე ხალისიანი იყო... ბევრი მნახველი ჰყავდა, კვირა არ გავიდოდა, დიდი სუფრა არ გაშლილიყო და მეგობრები დაბარებულებივით არ მისულიყვნენ სანახავად, ამით ცოცხლობდა. საყვარელ შვილიშვილს ჩუმად ქალაქში გაჰყავდა, მაშინდელ გაგარინის მოედანთან ჩამოსასხმელი ლუდი იყო და იქიდან ბოკალით ცივ ლუდს გამოუტანდა ხოლმე, შემდეგ, ბებიას რომ არ ენახა, ბოკალი სახლში ჩუმად მიჰქონდა... მისი სამუდამოდ წასვლა ყველას ეწყინა, ნამდვილი გლოვა იყო, გლოვა, რომელიც სიცილში გადაიზარდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა, ის ხომ სიცილის მეფე იყო.

ქეთი მიქანაძე

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება