"მის თინეიჯერს" ხუთი წლის განმავლობაში გათხოვება და გასუქება ეკრძალება

"მის თინეიჯერს" ხუთი წლის განმავლობაში გათხოვება და გასუქება ეკრძალება

15 ივლისს "მის თინეიჯერი 2012"-ის ფინალი გაიმართა. კონკურსის ორგანიზატორმა საქართველოში და სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელმა ეკა მგალობლიშვილმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩატარებული შიდა საკონკურსო ტურების შედეგად შერჩეულ ტანმაღალ და ლამაზ გოგონებს ერთად მოუყარა თავი და 23 კონკურსანტი სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" წარუდგინა კომპეტენტურ ჟიურის, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი, მოდის კრიტიკოსი დალი ჩიტალაძე, ნინი შერმადინი, ქეთი ორჯონიკიძე, დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი, "ბომონდის" რედაქტორი თეა აგლაძე, ფოტოგრაფი შოთიკო ბოჭორიშვილი, რამდენიმე სპონსორი ორგანიზაციის წარმომადგენელი და ჟიურის თავმჯდომარე კრისტი ყიფშიძე. მეც მხვდა პატივი, წლის ულამაზესი თინეიჯერის გამოვლენაში მიმეღო მონაწილეობა. საღამო სამხედრო კაბებში გამოწყობილმა ნინი შერმადინმა და სამოდელო სააგენტო "კატრინის" გოგონებმა სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილი პატრიოტული სიმღერით გახსნეს, რომელიც პატარა ფერიების მიერ ეროვნული, ხუთჯვრიანი დროშის გამოტანით დასრულდა.

კონკურსის სპონსორებისა და ჟიურის წევრების წარდგენის შემდეგ, საღამოს წამყვანმა ეკა მგალობლიშვილმა საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი კონკურსანტები იხმო სცენაზე. სანამ გოგონები შემდეგი გამოსვლისთვის ემზადებოდნენ, "კატრინის" მოდელებმა დიზაინერ ეკა ბალანჩივაძის კოლექცია წარმოგვიდგინეს, რომელმაც წლის საუკეთესო თინეიჯერების, საღამოს წამყვანისა და ჟიურის თავმჯდომარის ჩაცმულობაზეც იზრუნა. გოგონები ამჯერად საღამოს კაბებით წარდგნენ ჟიურისა და მაყურებლის წინაშე და ფავორიტებიც გამოიკვეთა.

სანამ ნინი შერმადინი და ქეთი ორჯონიკიძე მოწვეულ სტუმრებს სიმღერით ატკბობდნენ, ჟიური განაჩენის გამოსატანად გავიდა. საკმაოდ ცხარე კამათი გაიმართა გამარჯვებულის გამოსავლენად. ფავორიტები იყვნენ "მის თბილისი" - ლიდა ჩხაიძე და "მის კახეთი" - ეკა ნასყიდაშვილი. სწორედ ამ ორ კონკურსანტზე გაიმართა დავა, რომელი უნდა გამხდარიყო წლევანდელი "მის თინეიჯერის" გამარჯვებული, საბოლოოდ ჟიურიმ გადაწყვეტილება ლიდა ჩხაიძის სასარგებლოდ მიიღო და ეკა ნასყიდაშვილი "ვიცე-მის თინეიჯერის" ტიტულს დასჯერდა. შემდეგი სამი ადგილი კი ასე გადანაწილდა: თიკო სორდია - "მის სამეგრელო-ზემო სვანეთი" (ჩხოროწყუ), მარიამ თევდორაძე - "მის იმერეთი" (იმერეთი, ქუთაისი), ევა გამდლიშვილი - "მის შიდა ქართლი" (გორი).

მოწვეულ სტუმრებს შორის მომღერალი მარკუს მეტრეველიც აღმოვაჩინე:

- მარკუს, გული როგორ გაქვს ამდენი ლამაზი გოგონას ცქერის შემდეგ?

- გული მართლა აღარ მაქვს საგულეში (იცინის), ამომივარდა მგონი. ძალიან ლამაზები არიან. ვულოცავ ლიდას გამარჯვებას. ბევრს შრომობდა იმისთვის, რომ ღირსეული ადგილი მიეღო. ის უკ­ვე მეორე წელია ცდილობს საუკეთესო თინეიჯერის ტიტულის მოპოვებას და მიხარია, რომ წელს ეს შეძლო. ყველა კონკურსანტს წარმატებას ვუსურვებ.

დალი ჩიტალაძე (მოდის კრიტიკოსი):

- ძალიან მომწონს ეკა ნასყიდაშვილი, მაგრამ სიმაღლე აკლია. მომავალ წლამდე გაიზრდება და შესაძლოა, სწორედ ის გახდეს "მის თინეიჯერის" გამარჯვებული. რაც შეეხება ლიდას, ის მართლაც საკონკურსო გოგონაა და ვუსურვებთ წარმატებას.

კრისტი ყიფშიძე (ჟიურის თავმჯდომარე):

- ბოლომდე ვენდობი ჟიურის გემოვნებას. ლიდა მესამე წელია ჩვენი სააგენტოს მოდელია და უკვე კარგადაა გარკვეული ამ სფეროში. შეიძლება ითქვას, რომ ჩემ თვალწინ გაიზარდა და დაიხვეწა. მართალია, ცოტა ზარმაცია, მაგრამ იმედია, ამ სისუსტესაც დაძლევს, დედამისის იმედი მაქვს (იცინის). 14 წლის არის და ამიტომ ვპატიობთ. კარგი მონაცემები აქვს, სიარულის მანერა. ძალიან მომწონს ეკა ნასყიდაშვილი, თუმცა ცოტა მორიდებულია, სიმაღლეც აკლია. თავიდან ბევრი ვიდავეთ, ვინ უნდა ყოფილიყო გამარჯვებული. ჟიურის თითქმის ყველა წევრს ორივე გოგონა მოსწონდა და ვერ მიიღო გადაწყვეტილება ერთ-ერთის სასარგებლოდ. ბოლოს, იმის გათვალისწინებით, რომ ლიდას უფრო ქალური ფორმები აქვს, ვიდრე ეკას, და უფრო თამამია, გამარჯვებულად ლიდა დავასახელეთ. ეკა არ დაიკარგება. როგორც ნახეთ, დათუნა სულიკაშვილმა "ფეშენვიკზე" თავისი კოლექციის ჩვენებაზე მიიპატიჟა. დათუნას ჩვენებაზე გამოსვლა უკვე დიდი მიღწევაა ახალგაზრდა, დამწყები მოდელისთვის.

ეკა ბალანჩივაძე (დიზაინერი):

- ძალიან ლამაზი გოგონები არიან. მათ ჩაცმულობაზე მე ვიზრუნე და მათი სხეულის ყველა დეტალი კარგად ვიცი. ჩემი ფავორიტი იყო ეკა ნასყიდაშვილი, რომელსაც აუცილებლად მოვიწვევ ჩემს ჩვენებებზე. მომეწონა აგრეთვე ევა გამდლიშვილი და "მის ქუთაისი" თამუნა ჯიშკარიანი. რაც შეეხება გამარჯვებულს, მას პირველი ადგილი უკავია ჩემს ფავორიტებში, მასზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ "მის მსოფლიო თინეიჯერზე" წარდგეს.

ლიდა ჩხაიძე, 14 წლის (გამარჯვებული):

- ამ ბიზნესში შემთხვევით მოვხვდი. ეკა მგალობლიშვილი ჩვენს სკოლაში იყო მოსული სააგენტოსთვის გოგონების შესარჩევად, მოვეწონე და ამიყვანა. მესამე წელია "კატრინის" მოდელი ვარ. სკოლაში კარგად ვსწავლობ. ორი ცხრიანი გამომყვა მხოლოდ, დანარჩენი - ათები. მაქვს ჰობი - ცურვა. რაც შეეხება კონკურსს, ისე დავუახლოვდი გოგონებს, დავუმეგობრდი, კონკურენტებად ვერც აღვიქვამდი. ჩემი ფავორიტები იყვნენ ეკა ნასყიდაშვილი, თამუნა ჯიშკარიანი და სოფო სილაგაძე.

- ლიდა, შეყვარებული თუ ხარ?

- კი (იღიმის).

- კონტრაქტის შესახებ თუ იცი, ხუთი წელი გათხოვება რომ გეკრძალება?

- კი, ვიცი. ხუთი წელი არც უნდა გავთხოვდე და არც უნდა გავსუქდე (იცინის). ეს პირობები მისაღებია ჩემთვის.

- ხომ არ ნერვიულობ გამგზავრების წინ?

- რა თქმა უნდა, ვნერვიულობ. არსებობს ამ კონკურსის ინტერნეტსაიტი, სადაც ჩემი კონკურენტების ფოტოები იდება. ძალიან კარგი გოგონები არიან, ასე რომ, თავი ქუდში ნამდვილად არ მაქვს.

ეკა მგალობლიშვილი (კონკურსის ორგანიზატორი):

- მესამე წელია "მის საქართველო თინეიჯერს" ვატარებ და ყოველ ჯერზე უფრო მომწონს ეს პროექტი. ჟიური ყოველ წელს საუკეთესო მყავს. დღ­ეს, სანამ კონკურსი დაიწყებოდა, ერთ-ერ­თი კონკურსანტის მშობელი მოვიდა ჩემთან და მეუბნება: - ქალბატონო ეკა, ისეთი ლამაზები ხართ ჟიურის წევრები თუ წამყვანი, თქვენ ვინ უნდა მოგეწონოთო. ეს სილამაზის კონკურსია და ჟიურიც შესაბამისი შევარჩიე-მეთქი, ვუპასუხე. ძალიან გაგვანებივრეს სპონსორებმა, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.

- საღამო სიმღ­ერის პრემიერით გა­იხსნა, ვინ იყო იდეის ავტორი?

- მე გახლავართ ამ სიმღერის იდეის ავტორი. ლექსი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის, მუსიკა - პაატა ფაცურიას. ნინი შერმადინმა და თათული გურეშიძემ შეგვისრულეს ეს პატრიოტული სიმღერა. მერე რა, რომ სილამაზის კონკურსია, ყველა ქართველი ხომ სულით ჯარისკაცია, მო­მავალ თაობას ჯარისკაცებად ვზრდით.

- ჟიურის არჩევანი თუ მოგეწონა?

- კმაყოფილი ვარ, პირველ რიგში იმით, რომ ლიდამ იცის ინგლისური ენა, თამამია და არ დაიკარგება. რო­გორც შარშან დავდე პირობა, ათეულში მოხვედრის გარეშე არ ჩამოვიდოდი, წელს მინიმუმ ხუთეულში მოხვედრას გპირდებით. ჩვენს შარშანდელ წარმომადგენელ ნინო გველესიანს ინგლისური რომ სცოდნოდა, მეშვიდე ადგილის ნაცვლად მესამეს ჩამოვიტანდით.

- როდის მიემგზავრებით?

- 8 აგვისტოს მივფრინავთ მე, ლიდა, ნინი შერმადინი და ქეთი ორჯონიკიძე, რომლებიც გახსნიან და დახურავენ "მის მსოფლიო თინეიჯერს". ჯერ გავემგზავრებით პარიზში ერთი კვირით, იქ ავიღებთ გვატემალის ვიზებს. 13-ში უკვე გვატემალაში უნდა ვიყოთ. 18 აგვისტოს არის ფინალი. ლიდას კოსტიუმებზე ზრუნავს ეკა ბალანჩივაძე. 18 კოსტიუმი გვაქვს წასაღები.

- წარმატებებს გისურვებთ და პრიზებით ხელდამშვენებულებს გელით.

საღამოს მიწურულს გამარჯვებული და ჟიურის ფავორიტები სხვადასხვა პრიზით დააჯილდოვეს. უსაჩუქროდ არც ერთი კონკურსანტი არ დარჩენილა. ბოლოს კი ულამაზესი და უგემრიელესი სადღესასწაულო ტორტი გაიჭრა.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება