მსახიობი კევინ კოსტნერი, რომელმაც 1991 წელს რეჟისორ კევინ რეინოლდსის ფილმში "რობინ ჰუდი - ქურდების უფლისწული" რობინ ჰუდი განასახიერა, 21 წლის შემდეგ კინოკომპანია "Morgan Creek Productions"-ს ლოს-ანჯელესის სასამართლოში უჩივის.
როგორც მსახიობი ამტკიცებს, მას საკუთარი წილი არ მიუღია. კევინი აღშფოთებულია, რომ ფილმიდან, რომელმაც საერთო ჯამში 250 მლნ გირვანქა სტერლინგის მოგება ნახა, მას ”მცირე ულუფა” ერგო. ფილმმა სატელევიზიო და ვიდეო ჩანაწერების გაყიდვიდან დამატებით 10 მლნ მიიღო. ამიტომ კოსტნერი კომპენსაციის სახით თანხას ითხოვს.
პროდუსერები აცხადებენ, რომ მათ უკვე გადაუხადეს კოსტნერს 25 მლნ გირვანქა სტერლინგი. თუმცა, კოსტნერი ითხოვს, რომ პროდუსერებმა მას ამ დროის განმავლობაში ფილმის გაზრდილი შემოსავლის 15% გადაუხადონ. მსახიობის თქმით, მას თავის დროზე 1.2 მლნ გირვანქა სტერლინგი უკანონოდ დაუქვითეს.
"Morgan Creek Productions"-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის კევინის უკმაყოფილება გაუგებარია და უკვირთ, 21 წლის მანძილზე რატომ დუმდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.