"აქ გაჭირვებამ ჩამომიყვანა", ანუ გზა "იმერული ესკიზებიდან" ათენამდე

"აქ გაჭირვებამ ჩამომიყვანა", ანუ გზა "იმერული ესკიზებიდან" ათენამდე

"კაკ-კუკ, კაკ-კუკ, რეიზა დოუკრიფე შენ ჩემს ბიძაშვილს ია-იები?"

"80 კაპიკი და კიდო მანათი. დიდუ, რამდენია?!

"- აბა, ბავშვებო, რა სარგებლობა მოაქვს მამალს?

- ჩინჩლავს!

- გაეთრიე გარეთ!"

"- უჯიკე, ბიჭო, შენ მაგას!

- ვაი, შენს პატრონს, შენ თვითონ საჯიკებელი ხარ".

"- ბებია, ბებია, ოლია მათხოვარი მევიდაა"...

არ არსებობს ადამიანი, ამ სიტყვების მოსმენისას რომ არ გაეღიმოს - ეს ფრაზები კი ჩვენთვის კარგად ცნობილი ქართული მხატვრული ფილმიდან - "იმერული ესკიზები" გახლავთ, რომლის რეჟისორიც ქალბატონი ნანა მჭედლიძეა.

ათენიდან

რამდენიმე თვის წინ, ფილმის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი - ბადრი კაკაბაძე, ერთ-ერთ ტელეკომპანიას დილის გადაცემაში ჰყავდა მიწვეული. მათ "იმერულ ესკიზებზეც" ბევრი ილაპარაკეს. მერე ჟურნალისტმა ქალბატონ ნანასა და ბატონ ბადრის იმ გოგონაზე ჰკითხა, რომელიც ამ ფილმში მთავარ როლს თამაშობდა. მათ გულდაწყვეტილებმა უპასუხეს, რომ ფილმის გადაღების შემდეგ, ის პატარა გოგონა, რომელმაც შესანიშნავად გაართვა თავი ყველაფერს, აღარ უნახავთ. მერე კი ბატონმა ბადრიმ ერთი კურიოზიც გაიხსენა: - ფილმის გახმოვანების დროს, ნანა თბილისში ჩამოიყვანეს და სტუდიაში მიიყვანეს. რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ რაღაც ფრაზები უნდა შეეკვეცა, რაღაც უნდა შეეცვალა და ნანას უთხრა: - ამ დროს ესა და ეს სიტყვები უნდა თქვაო.

ნანამ არც აცია, არც აცხელა და რეჟისორს იმერული კილოთი უპასუხა: - თქვენ მასწავლით მაქანე, რაებს ვამბობდიო?! მთელი გადამღები ჯგუფი სიცილისგან ძირს იწვა.

ბავშვობაში დასასვენებლად ხონში დეიდასთან ჩავდიოდი. დეიდაჩემი ამბობდა ხოლმე, რომ "იმერულ ესკიზებში" გადაღებული ბავშვები, "ქარჩხაფში", მის მეზობლად ცხოვრობდნენ, მათ შორის - ანაც ანუ ნანაია ქვათელაძეც, როგორც დეიდაჩემი მოიხსენიებდა იმერულად. ყოველთვის მინდოდა, ახლოს გამეცნო, პატარა, ჟღალთმიანი გოგონა, მაგრამ რატომღაც ვერ ვახერხებდი. ქალაქში დაბრუნებული კი ჩემს მეგობრებთან ვტრაბახობდი, რომ მე და ნანა მთელი ზაფხული ერთად ვთამაშობდით... დეიდა, რომელიც ხონში ცხოვრობდა, ახლა ჩემსავით ემიგრანტია. ამას წინათ სტუმრად მეწვია და მითხრა: სიურპრიზი მაქვს შენთვის, ისეთ ადამიანს უნდა შეგახვედრო, მთელი ცხოვრება რომ ოცნებობდი მის გაცნობასო. რას წარმოვიდგენდი, რომ ამდენი წლის შემდეგ, უცხო მიწაზე მომიწევდა ნანას გაცნობა... ტელეფონზე შევეხმიანე და ჩემი სურვილი გავანდე. ძალიან გაუხარდა და შინ მიგვიპატიჟა, სადაც ერთ მოხუცს უვლის. მე, ჩემი მეგობარი და ჩემი პატარა ერთ წვიმიან საღამოს სახლში ვეწვიეთ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ის პატარა ბოხხმიანი გოგონა, უკვე ქალბატონი გამხდარიყო. შესვლისთანავე ვკითხე, - ამათ თუ იციან, მოხუცის მომვლელად ვინ ჰყავთ-მეთქი? გულდაწყვეტილმა მიპასუხა, - ამათ კი არა, ჩვენს მთავრობას არ ვაინტერესებ, ამათ რას ვერჩიო. მერე მაგიდასთან მიგვიპატიჟა. წამიერად "იმერული ესკიზებიდან" ყველა კადრმა თვალწინ გამირბინა და სიცილი ამიტყდა...

- ნანა, აბა, მითხარით, როგორ ხართ? როგორც იქნა, მეღირსა თქვენი გაცნობა.

- რომ გითხრათ, კარგად ვარ-მეთქი, დამიჯერებთ? - კითხვა შემომიბრუნა.

არც დავუჯერე, საოცრად სევდიანი თვალები ჰქონდა, ღიმილი კი ისევ ისეთი შერჩენოდა, მაგრამ ემჩნეოდა, რომ გულით რაღაც დიდ ტკივილს ატარებდა. მერე ისევ თვითონ დაიწყო:

- ამას წინათ, ათენში, ომონიაზე მაღაზიაში შევედი, სადაც ქართულ ფილმებს ყიდიან DVD-ზე ჩაწერილს, რომელზეც ჩემი ბავშვობის სურათი იყო დაკრული. გავშეშდი, თვალწინ ჩემმა ბავშვობამ გაირბინა, მერე ჩემი ოჯახიც მომენატრა, ჩემი შვილი და ამეტირა... ხალხი გაოცებული მიყურებდა, ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა ჩემს თავს.

- საერთოდ, როგორ აღმოგაჩინათ ფილმის რეჟისორმა?

- სხვათა შორის, ფილმის რეჟისორმა კი არა, ფილმის დირექტორმა აღმომაჩინა. 1979 წელი იყო და მე და ჩემი თანაკლასელები სკოლიდან ვბრუნდებოდით, კულტურის სახლთან უამრავი ხალხი შეკრებილიყო, თანაკლასელებმა ჯიკავ-ჯიკავით წამიყვანეს, აინტერესებდათ, რა ხდებოდა.

- მაშინ რომელ კლასში იყავით?

- მგონი, მეორეში... უცნობ ხალხს ერთი კაცი გამოეყო, ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ვიღაცას უბრძანა, ამ ბავშვს სინჯები გადაუღეთო... მალე, თბილისიდან პასუხი მომივიდა, რომ "იმერულ ესკიზებში" ანას როლი უნდა მეთამაშა. ეს კაცი ბატონი რეზო ნიკოლეიშვილი გახლდათ.

- იმასაც ამბობენ, რომ ფილმის გადაღების შემდეგ ნანა მჭედლიძემ მოგნათლათ და როიალიც გაჩუქათ.

- კი, მომნათლა, პიანინო კი საკუთარი ჰონორარით ვიყიდე.

- მაინც რამდენი იყო თქვენი პირველი ჰონორარი?

- 800 მანეთი. 1979 წელს კი 800 მანეთი დიდი ფული იყო. ჰოდა, მეც ავდექი და ჩემი პირველი ნაშრომით პიანინო ვიყიდე.

- დანარჩენი ბავშვები ვინ არიან, ვინც თქვენთან ერთად თამაშობენ ამ ფილმში?

- ისინი ჩემი მეგობრები არიან, რეჟისორმა მითხრა, შენი მეგობრები მოიყვანეო და ასე გავხდით ხონელი ბავშვები პატარა ვარსკვლავები...

- ის პატარა ბიჭიც, მამალზე რომ თქვა, ჩინჩლავსო, თქვენი მეგობარია?

- არა, ის სხვა სოფლიდან მოიყვანეს.

- მასწავლებლის როლის შემსრულებელი ქალბატონი ვინ არის? არა მგონია, მსახიობი იყოს.

- არა, რეჟისორმა, თუ არ ვცდები, სადღაც ბანკში იპოვა - ანუ ბანკის თანამშრომელი იყო.

- როგორი ცელქიც ხართ ფილმში, ცხოვრებაშიც ისეთი ცელქი ბავშვი იყავით?

- ცელქი ვიყავი; ერთ-ერთი შესვენების დროს ბავშვები ვთამაშობდით, წავიქეცი და ხელი მოვიტეხე. ჯერ ხონში გამაქციეს, მერე ქუთაისში და ბოლოს თბილისში, კლინიკაში ამომაყოფინეს თავი. ასე რომ, ჩემი სიცელქით გადაღებებიც კი გაჩერდა.

- გადაღებები სად მიმდინარეობდა?

- ხონში, თერჯოლაში, დიდ ჯიხაიშში.

- თუ არ ვცდები, ამ ფილმის დასრულების შემდეგ რეჟისორმა ახალ ფილმში მიგიწვიათ, რომელსაც "უკვდავების თეთრი ვარდი" ერქვა.

- დიახ, იქ ეპიზოდურ როლს ვთამაშობდი.

- ახლაც ჩამესმის თქვენი ბოხი ხმა, ფეხებს რომ აბაკუნებდით და ყვიროდით "უკვდავების თეთრი ვარდი მინდააა!"

- მეფის ასული ვიყავი, გამდიოდა და ყველაფერს ვითხოვდი.

- მსახიობობას რატომ არ გაჰყევით?

- არ ვიცი. მეც მინდოდა და ოჯახიც მიწყობდა ხელს, მაგრამ მაინც ვერ გავყევი და ბოლოს ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ამოვყავი თავი, მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტზე, მერე კი ასპირანტურაც დავამთავრე.

- თუ არ ვცდები, თქვენი მომავალი მეუღლეც ინსტიტუტში სწავლის დროს გაიცანით, არა?

- კი და მალე ჩვენი სიყვარული ქორწინებით დასრულდა. ჩემი მეუღლე გიორგი გელაშვილი გახლავთ, მძიმე მრეწველობის ფაკულტეტზე სწავლობდა.

- თუ არ ვცდები, ქალიშვილი გყავთ.

- კი, 14 წლის თამარ გელაშვილი, რომელიც საოცრად მენატრება. ნეტავ თუ მეღირსება მისი ნახვა, ან როდის... (თვალები აუწყლიანდა, მერე კი მისი სურათი გამომიწოდა. - ავტ.).

სურათიდან ქერათმიანი, ცისფერთვალება გოგონა შემომცქეროდა.

- შვილი არ გგავთ, თამარი უფრო სიფრიფანაა, რაღაც ქალაქური სილამაზე აქვს (ჩემი ნათქვამი გაუხარდა და თვალები გაუბრწყინდა. - ავტ.).

- უცხოეთში სამუშაოდ წამოსვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- გაჭირვებამ ჩამომიყვანა.

- რამდენი ხანია, რაც აქ ხართ?

- 2006 წლის ნოემბრიდან.

- რამდენ ხანს აპირებთ დარჩენას?

- უფლება რომ მქონდეს, ხვალვე წავიდოდი აქედან, მაგრამ ჩემ უკან ჩემი ოჯახი დგას, უსაყვარლესი მეუღლე და შვილი, რომლის გულისთვისაც გადმოვიკარგე...

კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ, ხან ვტიროდით, ხან ვიცინოდით, თავისი შვილის მონატრების წყურვილი ჩემი შვილის მოფერებით მოიკლა... წამოსვლისას სურათი გადმომცა და მთხოვა: ამ სურათზე მე და ჩემი მეგობარი ვართ გადაღებულები. ის დღეს ცოცხალი აღარ არის. თუ პირობას მომცემთ, რომ არ დამიკარგავთ, გათხოვებთ, რადგან ამ ფილმიდან ჩემი მეგობრისგან სამახსოვროდ ესღა დამრჩაო. პირობა მივეცი, რომ არ დავუკარგავდი და მალევე დავუბრუნებდი...

P.S. ნანამ სიხარულის ცრემლები გამოგვაყოლა და გვთხოვა, არ მიგვეტოვებინა, რადგანაც ამ უსასრულო სამყაროში მაინც მარტოა, მიუხედავად იმ დიდი სიყვარულისა, რასაც მისი მეგობრები და ახლობლები უნაწილებენ. ჩვენც შევპირდით, რომ ყოველთვის შევეხმიანებოდით და არ მივატოვებდით ამ უცხო მიწაზე...

ლიგია მუშკუდიანი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება