კილიან მერფი: "ფილმის ბოლოს ყოველთვის სისხლში ვცურავ"

კილიან მერფი: "ფილმის ბოლოს ყოველთვის სისხლში ვცურავ"

ამ თვეში ეკრანებზე გამოდის რეჟისორ როდრიგო კორტესის ფილმი "წითელი შუქები". ერთ-ერთი მთავარი როლი ირლანდიელმა მსახიობმა კილიან მერფიმ შეასრულა. სიგურნი უივერის გმირთან ერთად მისი გმირი თაღლითი ექსტრასენსების საქმეს იძიებს და ნამდვილ ნათელმხილველს გადაეყრება, რომლის როლიც რობერტ დე ნირომ შეასრულა.

დოსიე

კილიან მერფი 1976 წლის 25 მაისს დაიბადა. კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ მის "ქამელეონურ" როლებს და გამომხატველ ცისფერ თვალებს.

კინოს გარდა სერიოზულად არის გატაცებული მუსიკით, მუსიკალურ ჯგუფებშიც უკრავდა.

კილიანი ძალიან უფრთხილდება თავის პირად ცხოვრებას, თუმცა ცნობილია, რომ 2004 წელს იქორწინა ივონ მაკგინესზე, რომელსაც მანამდე ათი წელი ხვდებოდა. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს.

ცნობილი ფილმები კილიანის მონაწილეობით: "გზები, რომლებსაც ვირჩევთ", "ცივი მთა", "შავი რაინდი", "ტრონი".

- რატომ გადაწყვიტეთ ამ ფილმში თამაში?

- ყველაფერი საკმაოდ მარტივად მოხდა - სცენარი წავიკითხე და დავინტერესდი.

- როდრიგო კორტესი ამბობს, რომ ძალიან სწრაფ მუშაობას არის ჩვეული. "წითელი შუქების" გადაღებების შესახებ თქვა, რომ ეს თავბრუდამხვევ ატრაქციონებს ჰგავდა...

- მართლაც ასე იყო. ძალიან სწრაფად ვიღებდით. მაგრამ მუშაობის პროცესში ამაზე სულ არ ფიქრობ და უბრალოდ თამაშობ.

- ყოველ ახალ ფილმში მაყურებლის წინაშე სრულიად სხვადასხვა სახით წარდგებით...

- ეს საუკეთესო კომპლიმენტია, რისი მიღებაც შეუძლია მსახიობს.

- ეს ალბათ მხოლოდ მერილ სტრიპს თუ ძალუძს...

- ძალიან კეთილი ხართ, რომ მერილ სტრიპს მადარებთ (იცინის). თვით ის ფაქტიც კი, რომ მასთან ერთად მიხსენიებთ... ჩემთვის მნიშვნელოვანია როლში შესვლა და იმავდროულად ყოველთვის საკუთარი იმიჯის შენარჩუნება.

- თქვენი თითქმის ყველა გმირი მოკრძალებული ინტელიგენტია. მოგეწონათ ბოევიკში გადაღება?

- რაშიც უნდა მივიღო მონაწილეობა, საბოლოო ჯამში ყოველთვის სისხლში აღმოვჩნდები ხოლმე. ეს მომწონს კიდეც. მომწონს გადაღებების ფიზიკური მხარე. უმრავლეს შემთხვევაში მსახიობის ამოცანაა, ემოციები სახეზე გამოეხატოს, ამჯერად კი მე გამიმართლა, მთელი სხეული ამემოქმედებინა გადაღებებისთვის. როცა თეატრში ვთამაშობ, მეტი ეფექტისთვის გაცილებით მეტად ვიყენებ ჟესტების ენას.

- თქვენი უშუალო პარტნიორი სიგურნი უივერი იყო, მოგეწონათ მასთან მუშაობა?

- მიუხედავად მისი ხისტი როლებისა, სიგურნი ძალიან სათნო და მზრუნველი ადამიანია. სულ ყურადღებას აქცევს, რომ ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი გადასაღებ მოედანზე, იოლად გამოვძებნეთ საერთო ენა. სიგურნი დე ნიროსავით ჩემი კერპია. ვფიქრობ, შესანიშნავად იციან, რა შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლიათ ჩემნაირ ადამიანებზე, მაგრამ ძალიან მეგობრულად მექცეოდნენ.

- ოცი წლის მერე თქვენც ასეთი იქნებით ახალგაზრდა მსახიობებთან?

- ო, არ ვიცი. ამბობენ, კარგი მსახიობი რომ გახდე, კინოში 30 წელი მაინც უნდა იმუშაო.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება