ოთარ ტატიშვილი: "ირაკლი ჩხეიძემ ამოწურა თავისი თავი"

ოთარ ტატიშვილი: "ირაკლი ჩხეიძემ ამოწურა თავისი თავი"

მორიგ პაემანზე "პალიტრამ" ოთარ ტატიშვილი მოიპატიჟა. ის სპეციალობით ექიმი-რადიოლოგია, თუმცა საზოგადოება როგორც მსახიობს, ტელერადიოწამყვანსა და შოუმენს იცნობს. როგორც თვითონ ამბობს, უამრავი პროფესია აქვს და ყველა საქმე მისია.

- მოდი, თავიდან დავიწყოთ. როგორ მოხვდით მედიცინიდან შოუბიზნესში?

- სტუდენტობის დროს ვთამაშობდი, მხიარულთა და საზრიანთა კლუბისა და ინტელექტკლუბის წევრი ვიყავი. მოკლედ, ეს ყველაფერი ჩემთვის არ იყო უცხო და ერთხელაც, აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობრები იღებდნენ სერიალს. აქედან დაიწყო და დაიწყო...

- სად უფრო მოახერხეთ საკუთარი თავის რეალიზება - ტელეეკრანზე თუ თეთრ ხალათში?

- თუ კაცი რომელიმე საქმის კეთებისას კომფორტულად არ გრძნობს თავს, ის საქმე კარგად არასოდეს გამოუვა. ასე არ არის? ძალით არაფერს ვაკეთებ. ვცდილობ მაქსიმალური სიამოვნება მივიღო პროცესისგან. ყველა სამსახურს თავისი პეწი აქვს. ასე რომ, მომწონს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ. მეორე საკითხია, სად უფრო ვიხარჯები და ვიღლები. ამ მხრივ ერთპიროვნულად ტელევიზიას ვაღიარებ. ერთი გადაცემის ჩაწერა დიდ შრომასთან არის დაკავშირებული, ბევრ ფიქრს და ნერვიულობასაც ითხოვს.

- თქვენ პოპულარული სერიალის ყველაზე ცნობილი გმირი იყავით. როგორ გახსენდებათ ის პერიოდი, როცა საზოგადოება ირაკლი ჩხეიძის სახელით უფრო გიცნობდათ, ვიდრე ოთარ ტატიშვილის?

- ეს მართლაც ძალიან კარგი ოთხი წელი იყო. სწორედ ამდენ ხანს გრძელდებოდა სერიალი "შუა ქალაქში". ყველაფერს უდიდესი სიამოვნებით ვაკეთებდი და ახლაც სერიალის ყველა გმირთან ვმეგობრობ. ის დრო მართლაც ძალიან კარგი იყო, თუმცა ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. რაღაცა იწყება და მთავრდება. სცენარისტების აზრით, და ჩემი აზრითაც, ირაკლი ჩხეიძემ ამოწურა თავისი თავი. ოთხი წელი ერთი და იმავე პერსონაჟის ყურება შეიძლება მოგბეზრდეს. შეიძლება ვიღაც დღეს ამბობდეს, გვენატრები და კიდევ გვინდა გიყუროთო, მაგრამ ნელ-ნელა ინტერესი მაინც დაიკლებდა. ამიტომ შევწყვიტეთ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ პოპულარული იყო სერიალი. არ გვინდოდა ჩვენზე ეთქვათ, ამათ ხომ ტვინი წაიღესო. ასეთი მიდგომა ქართველებისთვის დამახასიათებელია, - ერთ დღეში შეიძლება გახდე წარმატებული და მეორე დღეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი. სიმართლე გითხრათ, მე ვერ ამოვხსენი ეს ქართული ფენომენი.

- შემდეგ იყო "ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად". როგორ გადაინაცვლეთ მხიარული ირაკლიდან შოუს წამყვანობაზე?

- ჯერ კიდევ მანამ, სანამ ტელევიზიაში მოვიდოდი, ასეთი ტიპის შოუების აქტიური მაყურებელი ვიყავი როგორც ბრიტანულ, ამერიკულ, რუსულ ტელეარხებზე, ასევე საქართველოში, როდესაც დათო გოგიჩაიშვილმა დაიწყო "ღამის შოუ". ეს ფორმატი ძალიან საინტერესო და უბერებელია, ასი წლის მერეც არ დაბერდება. ეხმაურები იმ აქტუალურ თემებს, რაც მოხდა კვირის განმავლობაში, მოგყავს აქტუალური სტუმარი...

ერთი წლის განმავლობაში "ლოტო" მიმყავდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ლატარიის კომპანიასთან თანამშრომლობა დავამთავრეთ და თავისუფალი დრო გამომიჩნდა. დათო გოგიჩაიშვილმა შემომთავაზა ამ ფორმატის გადაცემა და არხის ხელმძღვანელობის სურვილიც იყო, რომ ეს შოუ შექმნილიყო. ძალიან რთულად დავიწყეთ. რთულად ვითარდებოდა ეს პროცესი, რადგან ხალხისთვის მე ირაკლი ჩხეიძე ვიყავი. დღეს უკვე მეუბნებიან, რომ ირაკლი ჩხეიძეს კი არა, შენს შოუს ვუყურებთო. ადრე "შუა ქალაქის" ფრაზებით მელაპარაკებოდნენ, დღეს ჩემი შოუდან მოჰყავთ ციტატები. მაყურებლისთვის ნელ-ნელა გამოვდივარ ირაკლი ჩხეიძის როლიდან, თორემ მე დიდი ხანია გამოვედი.

იხილეთ ვრცლად

ასევე იხილეთ: ოთარ ტატიშვილი ივანიშვილის ხმის ტემბრზე ხუმრობს (ვიდეო)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება