"მისი ცხოვრება მუდმივი აღმაფრენა-დაცემის უწყვეტ ციკლს წააგავს. მამაკაცთან კავშირში აუცილებლად სჭირდება ინტელექტუალური ურთიერთგაგება. მძაფრი გრძნობებით დატვირთული ცხოვრება უფრო იზიდავს, ვიდრე - ოჯახური. ჩუმჩუმელაა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს კი მსახიობ თამუნა ნიკოლაძის ზოდიაქოს ნიშანია. ის ასტროლოგებს ბევრ რამეში ეწინააღმდეგება.
- ასტროლოგიით ნაკლებად ვინტერესდები. ამ მეცნიერებას არასდროს ჩავღრმავებივარ. ცვალებადი ხასიათი მაქვს და ხანდახან მგონია, რომ ჩემში 2 ადამიანი ცხოვრობს.
- "ცნობისმოყვარე, მოუსვენარი და მერყევია..."
- ცნობისმოყვარე იმდენად ვარ, რამდენადაც ეს ჩემი პროფესიის ადამიანს სჭირდება. მსახიობი ბევრ რამეში უნდა ერკვეოდეს. ვარ ძალიან მოუსვენარი. თავს ყველაზე კარგად მაშინ ვგრძნობ, როცა გადარბენაზე ვარ. სახლში უსაქმოდ 2 დღეზე მეტხანს ვერ გავჩერდები. აგვისტო მიყვარს, რადგან 11 სამუშაო თვის შემდეგ, ვისვენებ და ახალი ენერგიით ვივსები.
- "ხანდახან ძალზე ჯიუტი, ფიცხი და ზედმეტად ემოციურია".
- სიჯიუტე ნამდვილად მახასიათებს, სიფიცხე და ემოციურობა კი ბავშვობაში დავტოვე.
- "მისი ცხოვრება მუდმივი აღმაფრენა-დაცემის უწყვეტ ციკლს წააგავს".
- მართალია, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ან ძალიან კარგად მიდის, ან ძალიან გულსატკენი ამბები ხდება.
- ყველაზე მეტად გული როდის ან რატომ გეტკინა?
- ბავშვობაში, სკოლის, ინსტიტუტის პერიოდში გული არ მტკენია. მე ვარ პირველი შვილი, პირველი შვილიშვილი და შესაბამისად, ძალიან ლაღი, უდარდელი, უზრუნველი ცხოვრება მქონდა. როცა ბებია და ბაბუა გარდაიცვალნენ, მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემი ბავშვობა დასრულდა. მერე იყო ტკივილი, რომელიც ჩემს პირად ცხოვრებას უკავშირდება.
- მეუღლესთან დაშორებას გულისხმობ?
- ამ თემაზე არავისთან ვლაპარაკობ! წარსულის გახსენება არ მინდა, მაპატიე... პირადი ცხოვრებისგან განსხვავებით, გულისტკივილი არ მქონია პროფესიაში. მადლობა თავისუფალ და ყველა იმ თეატრებს, სადაც მიმუშავია. მე, როგორც მსახიობს, გამიმართლა. არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი, რომ წარმატება ჩემთან დაუმსახურებლად არ მოსულა. შრომისმოყვარე ვარ და მიყვარს მსახიობის პროფესია. სცენაზე ყოფნა და თამაში ჰაერივით მჭირდება.
- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- საინტერესო არაფერი. თოვლის დედოფალი ვარ. არავის ვაძლევ უფლებას, ჩემთან ახლოს მოვიდეს. უკარება ვარ.
- მეუღლის შემდეგ არავინ გყვარებია?
- არა.
- "მიუხედავად რისკის სიდიდისა, უკან არასდროს იხევს".
- რისკი მიყვარს. გავრისკე მაშინ, როცა თეატრის მსახიობი "შუა ქალაქში" წავედი. იმ პერიოდში ქართული იუმორისტული სერიალი ახალი ხილი იყო. საბედნიეროდ, ამ ნაბიჯმა გაამართლა. "შუა ქალაქში" 300 სერიაში ვმონაწილეობდი, მერე რაც მოხდა, იცი.
- სერიალიდან დათხოვნის შემდეგ, "ღამის შოუს სტუდიიდან" არაერთხელ დაგიკავშირდნენ და დაბრუნება გთხოვეს. რატომ არ დაბრუნდი?
- თუ ჩვენი იქ ყოფნა უნდოდათ, რაღას გვიშვებდნენ? ნაწყენი ვიყავი, მაგრამ დრო გავიდა და გადამიარა. ახლა "ალუბლების ქუჩა #12" ძალიან მიყვარს. ჩემს გმირზე ვგიჟდები. ის დადებითი ადამიანია და ამ როლზე მუშაობა ჩემთვის კომფორტია. ძალიან დიდი იყო რისკი, ვინმეს ქეთევან ღლონტთან არ გავეიგივებინე, მაგრამ საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშავე...
- "არ გამოირჩევა რომანტიკულობითა და გამბედაობით".
- არც რომანტიკა მაკლია და არც - გამბედაობა. ყველანაირ სიტუაციაში რაღაც ზღაპრულს ვეძებ. მიყვარს ახალი წელი, რადგან ამ დღისთვის ოჯახის ყველა წევრს სიურპრიზს ვუმზადებ... რაც შეეხება ჩემს გამბედაობას: მიმაჩნია, რომ პროფესიაში გაბედული ვარ. ზოგჯერ "სასიამოვნო" თავხედობაც მახასიათებს: როლს რომ შემომთავაზებენ, ვამბობ, - ვითამაშებ, აბა, რას ვიზამ-მეთქი? სირთულეები არ მაშინებს.
- "მოვლენებში ხშირად ჭორების შესაგროვებლად მონაწილეობს".
- ჭორები არ მიყვარს, არც მაინტერესებს და არც ვუსმენ. ჭორებს კი არა, საყვარელ ადამიანებს ვაგროვებ.
- "უმეტესობა დაუქორწინებელია. უჭირთ იპოვონ საკუთარი მეორე ნახევარი".
- მეორე ნახევრის პოვნა ადვილი არ არის.
- როგორი უნდა იყოს ადამიანი, შენი სიმპათია რომ დაიმსახუროს?
- არ ვიცი... ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მიყვარდა. მამაკაცი ერთგული და მოსიყვარულე უნდა იყოს. წყვილის ურთიერთობაში ტყუილის ნასახი არ უნდა არსებობდეს. ოჯახს სწორედ უნდობლობა და ტყუილი ანგრევს. ჩემს რჩეულს იუმორი უნდა ჰქონდეს; კეთილი, გაწონასწორებული, მამაკაცური უნდა იყოს და კიდევ, ძალიან ნიჭიერი, რომ დამაინტერესოს.
- "მძაფრი გრძნობებით დატვირთული ცხოვრება უფრო იტაცებს, ვიდრე - ოჯახური".
- ასე ნამდვილად არ არის. ოჯახური მყუდრო გარემო ყველაფერს მირჩევნია.
- "მამაკაცთან კავშირისას აუცილებლად სჭირდება ინტელექტუალური ურთიერთგაგება".
- ეს აუცილებელია! თუ ინტელექტუალური დონის თანხვედრა არ ხდება, ადამიანები ერთმანეთისთვის საინტერესოები ვერ იქნებიან.
- მორცხვი ხარ?
- ადრე უფრო მეტად მორცხვი ვიყავი. მერიდებოდა, როცა კომპლიმენტს მეუბნებოდნენ და ვწითლდებოდი. ეს თვისება დღეს ნაკლებად მაქვს.
- "ქედმაღლობა ხელს უშლის ურთიერთობის დაწყებაში..."
- სხვისი ქედმაღლობა მაღიზიანებს და თავად ასეთი როგორ ვიქნები? ჯვარი მწერია. ვინმეს ჰგონია, რომ ქედმაღალი ვარ? ცხვირაწეული, ამბიციებით "გატენილი" პიროვნებები ისე მაღიზიანებს, რომ მათთან ურთიერთობის სურვილიც არ მაქვს. მეცინება იმ ადამიანზე, რომელმაც სიტყვის - "გამარჯობა" თქმა არ იცის. არ მინდა, ვინმემ თავის ქებაში ჩამომართვას, მაგრამ ძალიან კონტაქტური ვარ. ქუჩაში ბავშვები ხშირად მაჩერებენ, ფოტოს გადაღებას მთხოვენ, მე კი მათ ამაზე უარს არ ვეუბნები.
- "საკმაოდ ჩუმჩუმელაა".
- ჩუმჩუმელა არ ვარ. ვფიქრობ, ეს არ არის კარგი თვისება. ჩუმად არაფერი გამომდის. სიხარული, მწუხარება - ყველაფერი სახეზე მეტყობა. ტყუილი არ გამომდის.
- "ის ხშირად ხელოვნურ ჯავშანს იქმნის ან ნიღბით ფარავს მდგომარეობას".
- ეს მართალია. როცა მსახიობი გადაღებაზე მიდიხარ ან სპექტაკლი გაქვს, ამ დროს შენი პირადი ტკივილი, წყენა და სიხარული არავის აინტერესებს, ეს ყველაფერი დროებით უნდა შენიღბო. მაყურებელს "ჯავშნის" მეშვეობით უნდა დაანახვო, რომ კარგად ხარ. მოწყენილი, პირადი პრობლემებით დატვირთული ადამიანი არავისთვის არაა საინტერესო.
- "ჯავშნის" მორგება ხშირად გიწევს?
- ამ ბოლო დროს, ნაკლებად.
- შესრულებული როლებიდან თვისებით რომელ გმირს უფრო ჰგავხარ?
- ვერ ვიტყვი, რომ რომელიმეს ვგავარ, პირიქით - ჩემგან რადიკალურად განსხვავებულ გმირებს ვთამაშობ. 5 საყვარელი როლი მაქვს. მგონი, ცოტა არაა.
- "ის არასდროს არის ბედის კმაყოფილი".
- პირიქით, ბედის კმაყოფილი ვარ. უკმაყოფილო რომ ვიყო, ეს იქნებოდა უმადურობა, გაუმაძღრობა, დაუნახაობა...
- "გარშემო მყოფებს გაუთავებელი მოთხოვნებით აღიზიანებს".
- არავის, მათ შორის - ოჯახის წევრებსაც კი არაფერს ვთხოვ. წლებია, საკუთარი თავის პატრონი თავად ვარ.
- "დისციპლინა..."
- (მაწყვეტინებს) პირდაპირ გეტყვი, ამ საკითხში საკუთარ თავს 100 ქულას ვუწერ. დისციპლინის გარეშე ვერ ვიცხოვრებ. უდისციპლინო ადამიანები ჩემზე ცუდად მოქმედებენ. ყველგან რომ აგვიანებენ და დროის შეგრძნება არა აქვთ, ეს მაგიჟებს.
- "მოსწონს, როცა მასზე ლაპარაკობენ".
- ვერ ვიტყვი, რომ არ მომწონს. მიხარია, რომ მხოლოდ ჩემს ტელეგმირებზე არ ლაპარაკობენ. ხომ იცი, თეატრშიც ბევრი მაყურებელი მოდის.
- "ის დაბადებულია მორჩილებისთვის..."
- მორჩილი არ ვარ. ვინმესგან მორჩილება თავადაც არასდროს მომითხოვია.
- სხვის რჩევებს ითვალისწინებ?
- ხანდახან. ხშირად მხოლოდ საკუთარ ინტუიციასა და გულს ვენდობი. ამით წამიგია კიდეც, მაგრამ ჭკუა მისწავლია.
- "ჭკვიანია, მაგრამ მთავარ როლს არასდროს თამაშობს; იშვიათად იჩენს ინიციატივას".
- ინიციატივის გამოჩენა მომწონს.
- "თავგადასავლების მოყვარულია".
- მიყვარს თავგადასავლები. საერთოდ, მთაც ძალიან მიყვარს და ზღვაც... კარგ მოგონებად მექცა საკუთარი დაბადების დღე. 17 ივნისს სპექტაკლი მქონდა. თავისუფალმა თეატრმა დიდი სიურპრიზი გამიკეთა: სპექტაკლი 11 საათზე მთავრდებოდა და ამიტომაც, დაბადების დღის გადახდა არც მიფიქრია, მაგრამ... სპექტაკლი დამთავრდა თუ არა, სცენაზე უამრავი გვირილა ჩამოიყარა. ყვავილებზე ვგიჟდები, განსაკუთრებით - გვირილებზე. მერე მეგობარმა გვირილებიანი ტორტი მომართვა, გარეთ კი ძალიან ბევრი ახლობელი და ნათესავი დამხვდა. საოცარი დღე იყო...
- "მას ყველაფერი უცხოური ხიბლავს".
- ვერ ვიტყვი, რომ ასეა. ვიღაცის მიმბაძველობის გამო, საკუთარი სახე არ უნდა დაკარგო. მხიბლავს ადამიანი, რომელიც საკუთარი სამშობლოს ტრადიციებს დიდ პატივს სცემს. ქართველი ქართველად უნდა დარჩეს! ტრადიციულობა მიყვარს ყველაფერში - ქორწინებიდან დაწყებული, ოჯახურ დღესასწაულებზე შეკრებით დამთავრებული.
- სპონტანურობა გახასიათებს?
- ესეც მიყვარს. უეცრად მიღებულ გადაწყვეტილებებს თავისებური ხიბლი აქვს.
- წელს დასვენებას სად აპირებ?
- ჯერ არ ვიცი... ვიზას ველოდები, გერმანიაში ვაპირებ გამგზავრებას.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)