"პირველი როლი "ქაღალდის ტყვიაში" დღემდე განსაკუთრებულად მახსოვს. ის წუთიც მახსოვს, როცა დამირეკეს და მითხრეს, - როლზე დაგამტკიცესო", - იხსენებს მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი. "ჩემი ცოლის დაქალები" სეზონს ხურავს. ლევანს ერთ-ერთი გადაღების დროს შევხვდი და ვთხოვე, ჩემ მიერ შეთავაზებული წინადადებები დაესრულებინა.
- სახელი და გვარი...
- ლევან ყოჩიაშვილი.
- დაბადების თარიღი...
- 1978 წლის 26 თებერვალი.
- ვარ...
- ...პუნქტუალური ადამიანი. ვერ ვიტან, როცა ვაგვიანებ ან სხვები აგვიანებენ.
- ჩემზე გავლენა იქონია...
- ...ოჯახმა, მშობლებმა და მეორე შვილის გაჩენამ. როცა პირველი შემეძინა, 19 წლის ვიყავი. ეს დიდი სიხარული იყო, მაგრამ პასუხისმგებლობა თითქოს, ბოლომდე ვერც გავაცნობიერე. მეორე შვილის დაბადებისას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მშობლები ჯანმრთელად არიან. მყავს მეუღლე, შვილები, ძმები... განა, ეს ბედნიერებისთვის საკმარისი არ არის?
- როცა მარტო ვარ...
- ...ცუდად ვარ. მარტოობა საშინლად არ მიყვარს, მაწუხებს. დროებითი განმარტოებაც კი არ მჩვევია. მინდა, ჩემ გარშემო ყოველთვის ხალხი ტრიალებდეს. ხალხმრავლობისას უკეთესად ვფიქრობ, უფრო პროდუქტიული ვარ.
- ძილის წინ ყოველთვის...
- ...პირჯვარს ვიწერ, ლოცვებს ვკითხულობ.
- ვიბნევი, როცა...
- ...ლამაზ ქალს ვხედავ. საერთოდ, ბევრი რამ მაბნევს.
- როცა ვბრაზდები...
- ...მაშინაც კი სიმშვიდეს ვინარჩუნებ. შეიძლება ავდგე და წავიდე.
- როგორც მსახიობი, ვფიქრობ, რომ...
- ...ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლო.
- მე ვარ შეუმდგარი...
- ...პიანისტი. ძალიან მინდა, ფორტეპიანოზე კარგად დაკვრა ვიცოდე.
- მეზარება...
- ...მაღაზიებში, ბაზრობაზე სიარული. რაც გინდა, დამავალე, ოღონდაც საყიდლებზე ნუ წამიყვან... ამ საკითხს ჩემი მეუღლე აგვარებს.
- ძალიან მინდა...
- ...ჩემს ცხოვრებაში ბევრი საინტერესო რამ მოხდეს, საინტერესო როლები მივიღო.
- ბედნიერი ვარ, როცა...
- ...გადასაღებ მოედანზე ვარ, როცა ჩემს საქმეს ვაკეთებ. ეს ყველაფერი იმდენად მიყვარს, რომ მუშაობის შემდეგ დაღლას ვერ ვგრძნობ; ბედნიერი ვარ, როცა შვილებთან ერთად ვარ. კესო 13 წლის არის და მასთან ვმეგობრობ.
- ძალიან მიზიდავს...
- ...რაგოჟინის (დოსტოევსკის გმირი) პერსონაჟის მსგავსი გმირების განსახიერება. ფსიქოლოგიურად დატვირთული, ემოციური გმირების თამაში მომწონს. კარაქიანი პურით სიარული საინტერესო არ არის (იღიმის).
- დათმობა შემიძლია, თუ...
- ...დათმობა ყოველგვარი "თუს" გარეშე შემიძლია.
- სიჯიუტე ეს...
- ...ჩემი თვისება არ არის. თუ მოინდომებ, მალევე დამიყოლიებ.
- ამ წუთში მინდა ვიყო...
- ...თეატრ "გლობუსში". ერთ კარგ სპექტაკლს ვნახავდი.
- ვერაფრით ვისწავლე...
- ...პრინციპულობა. ეს ხანდახან საჭიროა, მე კი პრინციპულობას ვერასდროს ვიჩენ. ეს თვისება რომ მქონდეს, ცოტა ჯიუტიც ვიქნებოდი.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...ვინანიებ.
- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...
- ...ცრუმორწმუნე ვარ! ბევრ რამეს ვაქცევ ყურადღებას. როცა საქმეზე მივდივარ, გზად მცირე დაბრკოლებაც რომ შემხვდეს, ვიცი, ის საქმე აღარ გამოვა. პროფესიული ცრურწმენები ადრე უფრო მქონდა, ახლა - ნაკლებად.
- ბოლოს მესიზმრა...
- ...სერიალის გადაღებისას ოთახში ბევრი ხალხი შემოვიდა და მიკვირდა, - ამათ აქ რა უნდათ-მეთქი?
- მჯერა...
- ...სიყვარულის, სიკეთის, ადამიანების.
- ცხოვრებაში იმედგაცრუება...
- ...არასდროს მქონია. საქმე აქამდე არ მიმყავს. როცა ადამიანს სიცივეს შეატყობ, დროულად უნდა დაშორდე.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...მიხარია, მსიამოვნებს. მეოცნებე ადამიანი ვარ. ფიქრს რომ დავიწყებ, კარგ რაღაცებს წარმოვიდგენ ხოლმე და კარგ ხასიათზეც ვდგები.
- არავისთან ვსაუბრობ...
- ...ქალისა და კაცის ურთიერთობაზე. ბევრი მამაკაცისგან განსხვავებით, ჩემთვის ეს მიუღებელია. ვფიქრობ, ვინც ქალებზე ლაპარაკობს, ის ცუდი ფორმით ტრაბახობს, ეს კი მისი ინტელექტის ნაკლებობაზე მიანიშნებს. როცა ჩემი თანდასწრებით ვინმეს ამ თემაზე ულაპარაკია, მისთვის მიმინიშნებია ან სულაც, პირდაპირ მითქვამს, რომ ეს კარგი საქციელი არ არის. ასეთ დროს შენიშვნის მიცემისგან თავს ვერ ვიკავებ.
- სიყვარული ეს...
- ...ყველაფერია. ამ გრძნობის გარეშე ვერაფერს გააკეთებ. უსიყვარულოდ ვერც სტატიას დაწერ, ვერც სცენაზე გახვალ და ვერც კამერის წინ ითამაშებ ან გააკეთებ, მაგრამ კარგად არ გამოგივა. მოკლედ, ყველა საქმე სიყვარულით უნდა აკეთო.
- ვოცნებობ...
- ...ჩემი კარიერა სწორად განვითარდეს. რაც ადრეა მოსახდენი, გვიან არ მოხდეს. ვოცნებობ, ჩემი შვილები ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ და ბედნიერ ქვეყანაში იცხოვრონ.
- კონფლიქტში შევდივარ, როცა...
- ...ძალიან ვბრაზდები. საერთოდ, კონფლიქტური ადამიანი არ ვარ. ბოლოს რაზე ვიჩხუბე, არ მახსოვს. ყმაწვილკაცობაში მუშტი-კრივიც მქონია. გამუდმებით ვვარჯიშობდი და ფორმაში ვიყავი.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...უპრინციპობაა. შრომა მიყვარს, მიზანდასახულიც ვარ, მაგრამ პრინციპული - არა.
- ცხოვრებაში რისკზე...
- ...იშვიათად მივდივარ. სპონტანურობა მაკლია. გადაწყვეტილებას ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ვიღებ. ვცდილობ გავთვალო, ამ ნაბიჯს რა მოჰყვება, წინ რა დამხვდება. საკმაოდ ფრთხილი ადამიანი ვარ.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...უხერხულობისგან აღარ ვიცი, სად წავიდე. ასეთ დროს ყურები მიწითლდება.
- მეშინია...
- ...ახლობელი ადამიანების დაკარგვის.
- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი...
- ...ბაბუისა და ბებიის გარდაცვალება. მათი გაზრდილი ვარ.
- არ მჩვევია...
- ...უპასუხისმგებლობა.
-ლევან ყოჩიაშვილის ყველაზე დიდი სისუსტე
- ...ვღიზიანდები.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...უყურადღებობის გამო. უმეტესად, ეს თარიღებთან დაკავშირებით მემართება. შეიძლება ძალიან ახლობელი ადამიანის დაბადების დღე დამავიწყდეს.
- მეუღლე მსაყვედურობს...
- ...მაშინ, როცა დალევას "გადავაბამ" ხოლმე.
- ვერავინ მაიძულებს...
- ...სამშობლოს ღალატს. რა ვიცი, კიდევ ბევრი რამის დასახელება შეიძლება... ჰო, ვერავინ მაიძულებს გავაკეთო ის, რაც ჩემს მრწამსს ეწინააღმდეგება, რაც ჩემს თავმოყვარეობას შელახავს.
- არ მრცხვენია...
- ...ჩემი ოჯახის, მშობლების, ძმების.
- ვერ დავიჯერებ, რომ...
- ...ახლა ბალეტს ვიცეკვებ ან კოსმოსში გავფრინდები.
- ყოველთვის ძალიან განვიცდი...
- ...როცა ვინმეს უმიზეზოდ ვაწყენინებ. საბედნიეროდ, ეს ხშირად არ ხდება.
- დაბოლოს, გეტყვით, რომ...
- ...ძალიან მიყვარხართ. ყველას სიკეთესა და სიხარულს გისურვებთ!
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)