კახა ჯოხაძე: "ვცდილობთ, სერიალის - "შუა ქალაქში" გავლენას თავი ავარიდოთ"

კახა ჯოხაძე: "ვცდილობთ, სერიალის - "შუა ქალაქში" გავლენას თავი ავარიდოთ"

სერიალის - "ალუბლების ქუჩა #12" მონაწილე, მსახიობი კახა ჯოხაძე თავისი ძველი და ახალი გმირების, თეატრის საზაფხულო გეგმებისა და საკუთარი გატაცებების შესახებ გვესაუბრება. მსახიობმა აღიარა, რომ თამამი, ამბიციური დისტრიბუტორი უჩა ძალიან მოსწონს და ცდილობს, ის ვახუნხულასგან რადიკალურად განსხვავებული იყოს.

- პირველ აგვისტოს სეზონის ბოლო სერიას გადავიღებთ. ვფიქრობ, სერიალი უკვე თავის "ლიანდაგზე დადგა" და ყოველი ახალი სერია წინას სჯობს. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის ის შედეგი, რომლის მიღწევაც გვინდა.

- ის ფაქტი, რომ სერიალში საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მსახიობები მონაწილეობენ, მაყურებელს ისედაც იზიდავს...

- ამ ფაქტს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები აქვს. ჩვენგან ყველა უფრო მეტს ელოდება, რადგან პარალელს ძველ სერიალთან ავლებს... ვფიქრობ, მომავალი სეზონიდან უფრო მეტ მაყურებელს მოვიზიდავთ. წინასწარ ვერ გეტყვით, რა და როგორ მოხდება, მაგრამ სერიალის ავტორებს ბევრი საინტერესო გეგმა აქვთ. სხვათა შორის, გარე გადაღებებიც არის დაგეგმილი.

- თქვენთვის წინასწარაა ცნობილი, რა მოხდება მომდევნო სერიებში?

- არა. ჩვენ მხოლოდ ერთი კონკრეტული სერიის ფაბულა ვიცით და ამაში თავისებური ინტრიგაც არის. მოგეხსენებათ, სერიალის რეჟისორები ავთო მარგველაშვილი და ოთო ლომთაძე არიან. მათთან მუშაობა ძალიან საინტერესოა.

- როგორ ფიქრობ, უჩა ვახუნხულას რაიმეთი ჰგავს?

- როცა რაღაცას დიდი ხნის განმავლობაში აკეთებ, ის უკვე შენი ნაწილი ხდება. როგორი გენიოსიც უნდა იყო და როგორი სახეებიც უნდა შექმნა, საკუთარ ჟესტს, მიმიკასა თუ მანერას, ინტონაციას მეტ-ნაკლებად, მაინც გამოიყენებ. ქართველებს კრიტიკა გვიყვარს და ალბათ, ბევრი ამბობს კიდეც, რომ ძველ პერსონაჟებს ვგავართ. შეიძლება, ჩემს ძველ და ახალ გმირს შორის რაღაც მსგავსება მართლაც იპოვოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვლება. თოთო ბავშვი ფეხზე რომ დააყენო და უკიჟინო, - გაიქეციო, არაფერი გამოუვა. ჰოდა, ჩვენც ამ პროცესში ვართ. კვირაში ერთი სერია ძალიან ცოტაა იმის გასაგებად, თუ როგორია ამა თუ იმ პერსონაჟის ხასიათი, რა აღიზიანებს, რაზეა წამსვლელი და ა.შ.

- პარტნიორობას ისეთი მსახიობებიც გიწევენ, რომლებსაც სერიალში მუშაობის გამოცდილება აქამდე არ ჰქონდათ...

- ისინი ერთი-ორად არიან მონდომებული, რომ ყველაფერი კარგად გააკეთონ, საკუთარ თავს რეკლამა გაუკეთონ და ცდილობენ, მაქსიმალურად დაიხარჯონ. ძალიან კარგი პერსონაჟია ბატონი სლავა ნათენაძის გმირი. მისნაირი ადამიანები ჩვენ ირგვლივაც არიან.

- როგორც გამოცდილ მსახიობებს, რჩევებს თუ გთხოვენ?

- საერთოდ, არაკორექტულია, როცა მსახიობი კოლეგას გადასაღებ მოედანზე რაიმეს მიუთითებს, თორემ ცალკე შეიძლება, ცოტა რამ ურჩიო კიდეც... კეთილი რჩევების მიღება მეც გამიხარდება. ვფიქრობ, ამაში საწყენი არაფერია.

- საკუთარი გმირი - დისტრიბუტორი უჩა როგორ მოგწონს?

- უჩა თამამი, ამბიციური, კარგი გაგებით თავხედი ადამიანია. მისი ადგილი სწორედ დისტრიბუციაშია - სხვაგან ვერსად ივარგებდა, არაფერი გამოუვიდოდა. აი, ვახუნხულა კი უფრო ჩაკეტილი და მორიდებული იყო.

- თუმცა, უჩა შენს ერთ-ერთ გმირს, - სპექტაკლიდან "ტაქსისტი გივის სიყვარულის ამბავი", - გურამ გვალიას მაგონებს.

- შეიძლება ასეცაა (იცინის). ეს ჩემი პირველი სპექტაკლი იყო და მასში მთელი გული და სული ჩავაქსოვე.

- უჩას ოჯახზე რას გვეტყვი?

- ჯერ არ ვიცი, ვინ არიან ისინი. უჩას ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და სიდედრი, რომელიც ძალიან ვაჟკაცური ქალია. თუმცა, ამ სეზონზე არ გამოჩნდებიან. ასე რომ, უჩას ცოლის ადგილი ჯერ კიდევ ვაკანტურია. ერთ-ერთ სერიაში თათული ედიშერაშვილის გმირთან რომ დამაწყვილეს, ამაზე ძალიან ბევრი ვიხალისეთ, ვიმაიმუნეთ, ძველი დრო გაგვახსენდა. ისე, მაგარი სცენა იყო. "შუა ქალაქში" ჩემი გმირი უჩასნაირი ვაჟკაცური და შემტევი არასდროს ყოფილა (იცინის).

- შესაძლებელია, რომ უჩასა და თათულის გმირები კვლავ დააწყვილონ?

- ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. ვცდილობთ, სერიალის - "შუა ქალაქში" გავლენას თავი ავარიდოთ. ნელ-ნელა ბევრი ახალი პერსონაჟი გამოჩნდება. ახლა ცოტათი ყველანი დაძაბულები ვიყავით, მაგრამ სექტემბრიდან, მეორე სეზონზე მუშაობას უფრო თამამად და მეტი ხალისით შევუდგებით.

- დასასვენებლად სად აპირებ წასვლას?

- მართალია, ახმეტელის თეატრში სეზონი უკვე დაიხურა, მაგრამ მსახიობები აგვისტოს მხურვალე დღეებს მაინც თბილისში გავატარებთ. გვინდა, შემოდგომაზე მაყურებელს კარგი, თანამედროვე წარმოდგენები დავახვედროთ. რომ გითხრა, ძალიან გადაღლილი ვარ-მეთქი, - მოგატყუებ, მაგრამ დასასვენებლად ქალაქგარეთ წასვლაზეც არ ვიტყოდი უარს. სიცხე შრომისუნარიანობას მიქვეითებს. გადაღებები და რეპეტიციები მთაში რომ მქონდეს, მთელი სეზონი მუხლჩაუხრელად ვიმუშავებდი. სოფელი ონის რაიონში გვაქვს და მინდა, წელს იქ ცოტა ხნით მაინც ჩავიდე, ცოლ-შვილი და დედა უნდა წავიყვანო.

- ზღვაზე დასვენება არ გიყვარს?

- ბავშვებს ზღვა სიგიჟემდე უყვართ, მე კი - არა. შავი ზღვისპირეთი ძალიან ნესტიანია. იქ ლოგინი და ტანსაცმელი ყოველთვის სველია, თან - ცხელა და ზღვაც არ მიყვარს. ვერ ვიტან მედუზას და წყალში ჩასვლისას გამუდმებით იმას ვფიქრობ, - არ მომედოს-მეთქი. მოკლედ, მირჩევნია, სახლში აუზი მქონდეს და იქ ვიცურო. დალევა და დროის გატარება მთაში, მეგობრებთან ერთად, სიგრილესა და ლამაზ ბუნებაში ჯობია. ლაშქრობები ძალიან მიყვარს. სტუდენტობისას ლამის მთელი საქართველო მოვიარე.

- ბაჩო ქაჯაიას ან სერიალის - "შუა ქალაქში" სხვა მსახიობებს ხშირად ნახულობ?

- ორიოდე წლის წინ, თუშეთში სამი დღით ვიყავით მე, ბაჩო, თამუნა ნიკოლაძე, გოგა ბარბაქაძე და მაია დობორჯგინიძე. სამწუხაროდ, თათული ვერ წამოვიდა. იქ გატარებული დღეები არასდროს დამავიწყდება: კარგ სუფრას გვიშლიდნენ, ვქეიფობდით, ვხალისობდით. იქაურობა დავათვალიერეთ და ძალიან ვისიამოვნეთ. ყოველთვის ვამბობდი, - რაჭაზე მაგარი კუთხე არ მეგულება-მეთქი, მაგრამ თუშეთმა გამაოცა: ირგვლივ წიწვოვანი ტყეა, ხეები ლოდებზეც კი ამოდის. ყოველ ფეხის ნაბიჯზე წყაროა. კლდეები, მთები, თუშური კულტურა - ეს სასწაულია. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ თუშეთში დასასვენებლად წასვლა ისევ გვინდოდა, მაგრამ ვეღარ მოვახერხეთ... ბაჩო კვირაში რამდენჯერმე რომ არ ვნახო, გამორიცხულია. შეიძლება სერიალში - "შუა ქალაქში" დაკავებულ სხვა მეგობრებს - მსახიობებს, რეჟისორს, ოპერატორებს, სცენარისტებს, ტექნიკურ პერსონალს ხშირად ვერ ვნახულობ, მაგრამ თითოეულ მათგანთან ვახლობლობ და ჩვენ სატელეფონო ურთიერთობა მაინც გვაქვს. სერიალიდან წამოსვლას ჩვენს მეგობრობაზე არანაირად არ უმოქმედია. რაღაც იწყება, რაღაც მთავრდება - ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყველანი საკუთარ საქმეს ვაკეთებთ და თავს ერთმანეთის კონკურენტებადაც არ მივიჩნევთ. ბოლოს და ბოლოს, ერთმანეთს მაყურებელს ვერ წავართმევთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ "ალუბლების ქუჩა #12" და "შუა ქალაქში" ეთერში სხვადასხვა დროს გადის. ჰოდა, ზოგჯერ ისინი მოდიან ჩვენთან, პავილიონში, ზოგჯერ - ჩვენ ვსტუმრობთ მათ. ერთმანეთისთვის კარი ჩაკეტილი არ გვაქვს. ყველაფერი ხალხისთვის კეთდება, მათ კი შეუძლიათ, ორივე სერიალს უყურონ.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება