"მე შენ ისე მიყვარდი, როგორც მხოლოდ ერთხელ უყვართ ცხოვრებაში" - მღერის დათო ხუჯაძე თავის ბოლო სიმღერაში, რომელიც რუსული სიმღერის პოპათეულში მოხვდა. რატომღაც ისე მოხდა, რომ ამ სიმღერის შემდეგ დაშორდა დათო მეუღლეს, ნათია ონიანს. დათოს შვილი მელანო ნათიასთან ხუთწლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ დაიბადა. თბილისში ცოტა ხნით ჩამოსული დათო არ აკონკრეტებს მეუღლესთან დაშორების დეტალებს. ამბობს, რომ შემოქმედებით პროცესშია ჩართული და ამ ეტაპზე პირადი ცხოვრება არ აინტერესებს.
- დედაჩემის დაბადების დღე და ძმაკაცის ქორწილი იყო და თბილისში ცოტა ხნით ჩამოვედი. მშვენივრად გავერთე და ხვალ უკვე მოსკოვში ვბრუნდები. ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, თბილისში ოჯახის წევრებისა და მეგობრების ნახვას ხშირად ვერ ვახერხებ. ვცდილობ, წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ერთი კვირით მაინც ჩამოვიდე თბილისში.
- რუსეთში თქვენს საქმიანობას აქტიურად ვადევნებთ თვალს. მომეწონა თქვენი ბოლო სიმღერა "მე შენ მიყვარდი", რომელიც გიგა კვენეტაძეს ეკუთვნის. სიმღერა მეუღლეს მიუძღვენით?
- დიდი მადლობა, რომ მოსკოვში ჩემს საქმიანობას თვალს ადევნებთ. სიმღერის ტექსტი, რომელიც ინა კამინსკაიას ეკუთვნის, უბრალოდ, დაემთხვა ჩემს პირად ცხოვრებას. მეუღლეს რომ დავშორდი, სიმღერაზე კლიპი უკვე გადაღებული მქონდა.
- შეიძლება ითქვას, სიმღერის ტექსტი საბედისწეროდ დაემთხვა თქვენი ცხოვრების ამბებს.
- შეიძლება, ასეცაა. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.
- მეუღლეს რატომ დაშორდით?
- ამაზე საუბარი საჭირო არაა. ფაქტი ისაა, რომ დავშორდით.
- ოფიციალურად აღარ ხართ ცოლ-ქმარი?
- ოფიციალურადაც მალე დავშორდებით.
- როგორ ფიქრობთ, შერიგების არანაირი შანსი არ გაქვთ?
- არა მგონია, შევრიგდეთ. მოდი ამ თემაზე ნუ ვილაპარაკებთ.
- თქვენ და ნათია ონიანს გყავთ არაჩვეულებრივი შვილი მელანო. რამდენი წლისაა?
- მალე სამის გახდება.
- იცის ქართული?
- ქართულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ამბობს. ჯერ რუსულიც არ იცის კარგად.
- გყავდათ საქართველოში ჩამოყვანილი?
- მელანო საქართველოში ჯერ არ მყოლია.
- სიმღერა ეხერხება?
- თავისთვის რაღაცებს მღერის ხოლმე.
- არ ცდილობთ, ქართული სიმღერები ასწავლოთ?
- როგორ არა. ქართულ სიმღერებზე ვაცეკვებდი ხოლმე.
- ოჯახის წევრები ყოფილ მეუღლეს იცნობდნენ?
- რა თქმა უნდა, იცნობდნენ. ნათია საქართველოში ნამყოფია.
- არის თქვენს ცხოვრებაში ახალი სიყვარული?
- ჯერჯერობით არა. ჯერ მხოლოდ ახალ პროექტებზე ვმუშაობ. მთლიანად სამუშაო პროცესში ვარ ჩართული. მყავს ჯგუფი, ათკაციანი ცოცხალი ბენდი, რომლებიც წარმოშობით კუბელები არიან. ყველა ჩემს ძველ და ახალ სიმღერას და ძველ ქართულ სიმღერებს ლათინურ სტილში ვაკეთებთ.
- პროექტზე მუშაობას როდის დაასრულებთ? იგეგმება ამ პროექტით საქართველოში ჩამოსვლა?
- პროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია. მაქსიმუმ ერთ თვეში ყველაფერი მზად გვექნება. თუ საქართველოში იქნება მოთხოვნა, აუცილებლად ჩამოვალთ.
- ლათინური მუსიკა გიყვართ?
- ბავშვობიდან ლათინურ სიმღერებს ვუსმენ და მომწონს. ახლა მომეცა შანსი, ამ სფერში მემუშავა.
- რთული არ იყო ქართული სიმღერების ლათინურად აჟღერება?
- არანაირად არ ყოფილა რთული. მელოდია არსებობს ან კარგი, ან ცუდი, რომელიც ნებისმიერ სტილში შეიძლება გააკეთო.
- მონაწილეობა მიიღეთ პროექტში "10+10", სადაც უკრაინელ გოგონასთან ასრულებდით სიმღერებს. მასთან დუეტი ხომ არ გახდა მეუღლესთან თქვენი დაშორების მიზეზი?
- იმ ასაკში არ ვარ, დუეტებს რომ წერენ ან სერიალებში იღებენ მონაწილეობას და მერე სიყვარულები ეწყებათ. მე სხვა მხრივ ვუყურებ ჩემს პროფესიას. თინეიჯერების ხვედრია ერთობლივ პროექტზე მუშაობის დროს შეყვარება.
- სიყვარულს ასაკი არ აქვსო, ხომ ამბობენ...
- ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი რამ არ მჭირს.
- მოსკოვში ახერხებთ ქართველებთან შეხვედრას?
- ძირითადად კონცერტებზე ვხვდები ქართველ მომღერლებს. იშვიათად ვიკრიბებით კიდეც. მოსკოვში სულ სხვა ცხოვრების ტემპია. გასართობად ხშირად ვერ ვიცლით.
- ალბათ ბოლო პერიოდში დაფიქრდით თქვენს მომავალ პირად ცხოვრებაზე...
- რა თქმა უნდა. ჩემი მომავალი მეუღლეც აუცილებლად ქართველი იქნება.
- რუსეთში ბევრი ქართველი გოგონა ცხოვრობს?
- დამიჯერეთ, საკმაოდ ბევრი ქართველი გოგონაა. მილიონი ქართველი ცხოვრობს მოსკოვში. ნებისმიერი ეროვნების გაცნობის შანსი აქვს ნებისმიერ მამაკაცს. დღეს გოგონას გაცნობის პრობლემა არ არის.
- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენი და ნათიას დაშორების ამბავს? მათთვის ეს ალბათ მოულოდნელობა იყო?
- ჩვეულებრივად მიიღეს ყველაფერი. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაშორდეს მეუღლეს. ამაში ვაი-ვუის ასატეხი არაფერია. მე არ ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ასე მოიქცა და არც ჩემით დამთავრდება ცოლ-ქმრის დაშორების ამბები.
მერი კობიაშვილი
(გამოდის ორშაბათობით)
იხილეთ ვიდეო: დათო ხუჯაძის ქართული სიმღერა რუსულ სატელევიზიო შოუში