რამაზო რომა - ტელევიზიებს ჩემი დაკავების გაპიარებაში ქართველი მეგობრები ეხმარებოდნენ

რამაზო რომა - ტელევიზიებს ჩემი დაკავების გაპიარებაში ქართველი მეგობრები ეხმარებოდნენ

თავად ასე მიაჩნია, რომ პოპულარობა ჯერ კიდევ 90-იანი წლების საქართველოში დაატყდა თავს. მაშინ 12 წლის იყო და ქალაქში ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი გახლდათ, რომელიც უცნაური ჩაცმულობით გამოირჩეოდა. საქართველოში რამაზ შამანაური იყო, თავისი ქორეოგრაფიული ჯგუფი ჰყავდა და ცნობილი ქართველი მომღერლების საკონცერტო ნომრებს აფორმებდა. წლების წინ ბაქოში გადავიდა საცხოვრებლად და დიზაინერი რამაზო რომა გახდა.

ამჟამად თურქეთში მოღვაწეობს და სტამბოლის ცენტრალურ ქუჩაზე საკუთარი სამოდელო სახლი აქვს. რამდენიმე თვის წინ ქართული საინფორმაციო გადაცემები რამაზო რომას დაკავების ფაქტით იწყებოდა. ყველასთვის მოულოდნელად თურქეთში ცნობილი დიზაინერი დააკავეს. ბრალდება მძიმე გახლდათ, ტრეფიკინგსა და ყალბი პასპორტების დამზადებაში ადანაშაულებდნენ. ციხე რამდენიმე დღეში დატოვა, პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ინტერვიუ "სკაიპის" საშუალებით ჩავწერეთ. რომა სტამბოლის საკუთარი საცხოვრებლის ტერასიდან თავისი ცხოვრების საინტერესო ამბავს მოგვიყვა.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. საბალეტო სკოლა დავამთავრე. 1995 წლიდან შოუბიზნესში აქტიურად ვმოღვაწეობდი. მქონდა საკუთარი ჯგუფი "ექსტაზი". შემდეგ სიმღერა დავიწყე. პირველი სკანდალური კლიპი "ალაშა" რეჟისორმა გიორგი კიკალეიშვილმა გადამიღო. მაშინდელი ვარსკვლავები ლელა წურწუმია, აჩიკო მეფარიძე, ჩემი მეგობრები იყვნენ.

- ნამდვილი სახელი და გვარი რატომ შეიცვალეთ?

- რამაზ შამანაური ვარ. კარგი გვარი მაქვს, მაგრამ ერთხელ ჩემს ქორეოგრაფიულ ჯგუფთან ერთად გასტროლზე ბაქოში წავედი, ჩვენთან ერთად იყვნენ ლელა წურწუმია და აჩიკო მეფარიძე. იქ შემამჩნია აზერბაიჯანის სუპერვარსკვლავმა აგიმ კაზიმოვამ და "სთაილინგის" გასაკეთებლად თავისთან მიმიწვია. მაშინ ყველა რომას მეძახდა, რამაზს - იშვიათად. მალე აზერბაიჯანში პოპულარული გავხდი, ძალიან მოსწონდა აგიმს, როგორც ვაცმევდი. 2004 წელს ჩემი პირველი კოლექცია ბაქოში შევქმენი. მერე აზერბაიჯანში კონკურსი "ბესთ მოდელი" ჩატარდა, საიდანაც ორგანიზატორის მიწვევით სტამბოლში წავედი. ხელოვანი ვარ, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ვჩერდები. თბილისშიც პოპულარული ვიყავი, ბაქოშიც და სტამბოლი უფრო მომეწონა. ჩემთვის უფრო მასშტაბური იყო პოპულარობა. გავხსენი მოდის სახლი, რომელსაც რამაზო რომა დავარქვი.

- ჩაცმის განსხვავებული სტილით ჯერ კიდევ თბილისში ცხოვრების დროს გამოირჩეოდით?

- დიახ, 12 წლიდან განსხვავებულად ვიცვამდი. სალათისფერი შარვალი და ყვითელი ფეხსაცმელი მეცვა. არავისი მეშინოდა, ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა. როცა საქართველოში ომი იყო და ტანკები დარბოდნენ, რესპუბლიკის მოედნის ქვევით კლუბი "აურა" გავხსენი. შოუბიზნესის რევოლუციონერი ვიყავი. ჩემი "ტუსოვკა" მქონდა, ზალიკო ბერგერი, გიორგი ამირეჯიბი, ბესარიონი, რომელიც ახლა რუსეთში მოღვაწეობს და პოპულარული დიზაინერია. მერე ყველა აქეთ-იქით წავედით.

- ცნობილი სახეებიდან ვინ იმოსება თქვენი ტანსაცმლით?

- სტამბოლში ბევრ ცნობილ ადამიანს ვაცმევ. ტარკანსაც ვაცმევდი. კარგად ვიცნობ. ერთხელ ტყავის ქურთუკების ხაზი გავაკეთე. პირველად ჩემზე ნახა, მოეწონა და მკითხა, ვინ იყო დიზაინერი (იღიმება). ბოლოს რამდენიმე ქურთუკი შევუკერე, უყვარს ტყავის ქურთუკები. რუსი ვარსკვლავებიდან ტიმატიმ იყიდა ჩემი სამი მაისური, ძალიან მოეწონა.

- ქართველ დიზაინერებს როგორ შეაფასებთ?

- საქართველოში ბევრი ნიჭიერი დიზაინერი ცხოვრობს, მაგრამ მოდის ბიზნესს, როგორც ბიზნესს არ უყურებენ. "ფეშენ ვიკიდან" "ფეშენ ვიკამდე" აკეთებენ კოლექციას. მომწონს დათუნა სულიკაშვილი, ავთანდილი, ჩუბიკა, ბიჭოლა.

- მათგან რომელიმეს კონკურენტად თუ მოიაზრებთ?

- არა, კონკურენტად არავის ვთვლი. ყველასთან ვმეგობრობ. ახლახან შვიდვარსკვლავიან სასტუმროში ჩვენება გავმართე, ჩემს შოუზე ტიმატი გამოვიდა. სასტუმროს უფროსებს ძალიან მოეწონათ ფართი და მითხრეს, ყოველ ორ კვირაში ერთხელ გავაკეთოთო. ბიჭოლა და სხვა ქართველი დიზაინერებიც შევთავაზე. არ მაქვს ეგ მომენტი, რომ ვიღაცას კონკურენტად აღვიქვამდე.

- კრიტიკაზე როგორ რეაგირებთ?

- გაბედული რომ არ ვყოფილიყავი, აქამდე არ მოვიდოდი. არ მაინტერესებს სხვა რას იტყვის, მე რასაც ვაკეთებ, ვგრძნობ. ჩვიდმეტმილიონიან ქალაქში გარეთ რომ გავდივარ, მცნობენ, მაჩერებენ, მეუბნებიან, რომ ძალიან მოსწონთ ჩემი კოლექციები.

- თბილისში ჩამოსულს თუ გაჩერებენ ქუჩაში?

- მანდ ქუჩაში არ ვმოძრაობ (იცინის). თბილისში ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მიმიწვიეს და მაყურებლისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. იმიტომ, რომ არ ვიტყუები, რასაც ვფიქრობ, იმას ვლაპარაკობ.

- გადაცემა "100 გრადუსი ცელსიუსშიც" იყავით სტუმრად, მაგრამ ჩანაწერი ეთერში აღარ გავიდა. შეგიძლიათ ამის მიზეზი გვითხრათ?

- დიზაინერები - მე, თიკო ნებიერიძე და ირაკლი რუსაძე საერთო პროექტს ვაკეთებდით, რის გამოც ამ გადაცემაში მივედით. მერე პროექტი აღარ გამოვიდა, რადგან პრობლემები შემექმნა.

- ეს თქვენი დაკავების პერიოდს დაემთხვა?

- დიახ (იცინის). სკანდალური ამბავი მოხდა, რასაც თურქეთსა და საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საინფორმაციო გადაცემები ჩემით იწყებოდა. 12 წელია სტამბოლში ვცხოვრობ და პოლიციაში არასოდეს ვყოფილვარ. აქ პოპულარულ ხალხს ბევრი მტერი ჰყავს, ასევე მეც. "ბესთ მოდელში" ოფიციალურად ხუთი წელი ვმუშაობდი, შემდეგ იქიდან წამოვედი და ჩემი ბრენდი შევქმენი. ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოვიდა ჩემთან პოლიცია. აქ სხვანაირი კანონებია, შეუძლიათ, ანონიმურად გააგზავნონ შეტყობინება და პოლიციაც რეაგირებს. თავიდან პოლიციის მოსვლა სერიოზულად არ მივიღე, თებერვლის დაკავება კი იყო სასწაული.

- ერთ-ერთი ბრალდება იყო ტრეფიკინგი...

- დიახ და ვითომ ყალბ პასპორტებს ვბეჭდავდი. ამ თემაზე ასე დაწვრილებით არავისთან მისაუბრია, ექსკლუზივი გაქვთ (იღიმება). დილას ექვს საათზე ოცი პოლიციელი მოვიდა. ჯერ სახლი გაჩხრიკეს და მერე მკითხეს, მანქანა სად არისო. ვიფიქრე, ფოტოაპარატს გულისხმობდნენ, რად გინდათ, ფოტოაპარატი-მეთქი? არა, პასპორტის დასამზადებელი მანქანა გვინდაო. გადავირიე... ჩხრეკის დროს პოლიციელი უფროსს ურეკავდა, მოდის სახლია, ქალები აქ არ არიანო. ვერ გავიგე, რა ეგონათ. ჩემთან ერთად აიყვანეს აქაური პოპულარული გადაცემის პროდიუსერი, ცნობილი მომღერალი. სამი დღე გავატარეთ პოლიციაში, შემდეგ სასამართლოში წაგვიყვანეს და იქიდან გამოგვიშვეს. არც ერთი ბრალდება არ დამტკიცდა.

- როგორ ფიქრობთ, ვინმემ სპეციალურად მოგიწყოთ?

- სამ ადამიანზე მაქვს ეჭვი. ცოტა ხნის წინ ნათელმხილველთან ვიყავი, მწამს ასეთი რაღაცების. ის პიროვნება დაასახელა, რომელიც ოცდაოთხ საათს ჩემთან ატარებდა. გავლენიანი ადამიანია და რადგან მასთან ერთად აღარ ვმუშაობ, ასეთი რაღაც გამიკეთა. წარმოიდგინეთ, ჩადიხარ ამხელა ქვეყანაში ვიღაც ქართველი და სტამბოლის ყველაზე მაგარ ადგილას მოდის სახლს ხსნი, პოპულარული ხდები, ცხადია, მტერი გიჩნდება. თბილისშიც ასე იყო. პატარა ვიყავი და უკვე ძალიან პოპულარული გავხდი. სულ მეჯიბრებოდნენ, არ მოსწონდათ, კონცერტებს რომ ვხურავდი.

- თბილისში ჩამოსულსაც გიგრძნიათ შურის მომენტი?

- დიახ (იღიმება). ციხიდან რომ გამოვედი, დიდი პრესკონფერენცია მოვაწყვე. ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი. ჟურნალისტებს სკანდალი უნდათ, გასაგებია, მაგრამ ყველაზე მეტად გული იმაზე დამწყდა, რომ ამას საქართველოც აჰყვა. არ მინდა კონკრეტული სახელებით ლაპარაკი, ტელევიზიებს ჩემი დაკავების გაპიარებაში მეგობრები ეხმარებოდნენ. ასეთები არიან ქართველი მეგობრები და თურქმა მეგობრებმა კი ათი ადვოკატით მომაკითხეს დაკავებულს. მანდ ყველასთვის დიდი პატივი მაქვს ნაცემი. ლელა წურწუმიათი დაწყებული, დანარჩენით დამთავრებული. მერე დავურეკე ყველა ტელევიზიას და აჩვენეს რეალურად რა მოხდა. ჩემი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს და ამაზე ძალიან ვინერვიულე.

- მეგობრებს არ ჰკითხეთ, ასე რატომ მოიქცნენ?

- ყველამ უარი თქვა, ჩვენ რა შუაში ვართო. გაბრაზებული ვარ. "ფეშენ ვიკზე" საოცრებით ჩამოვალ საქართველოში. ჩემი ხელოვნებით ვაგიჟებ ყველას და არ მჭირდება გამოკითხვა, ეს რატომ თქვი, ის რატომ თქვი. მე რომ ვნერვიულობდი, აქაური მეგობრები მაწყნარებდნენ, ცუდი და კარგი რეკლამა არ არსებობს, რეკლამა რეკლამაოო. ფაქტია, რომ ჩემი პოპულარობა ხუთჯერ გაიზარდა.

- შეგიძლიათ გვითხრათ, რეალურად ყველაზე სკანდალური რა ჩაგიდენიათ პოპულარობისთვის?

- ის, რაც ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია, სხვებისთვის სკანდალური ხდება. ბოლოს ყველა გაზეთში იწერებოდა, როგორ მღეროდა რამაზო რომას ჩვენებაზე ტიმატი. ბუნებრივად მოდის ყველაფერი, იმაზე არ ვფიქრობ, რომ სკანდალი შევქმნა. საქართველოში სკანდალური იყო ჩემი ჩვენება, როდესაც უკრაინიდან ჩამოყვანილ ტოპმოდელებს, პოდიუმზე გამოსვლისას, კაბიდან მკერდი უვარდებოდათ. ბოლოს მე გამოვედი სცენაზე ნანკა კალატოზიშვილსა და შორენა ბეგაშვილთან ერთად.

- აჩიკო მეფარიძესთან თუ გაქვთ დღეს ურთიერთობა?

- დიახ, ყოველ მესამე დღეს ვურეკავ. ადრე ტანსაცმელსაც ვუკერავდი, ახლა აღარ, მაგრამ შოუსთვის მოვუმ­ზ­ა­დე რაღაცები და მოსკოვში გავუგზავნი. მეგობრებს არ ვკარგავ, რადგან მათი შეძენა რთულია, თან ამ დროს, როცა ხალხი გაფუჭებულია. მიღწეული თავში არ მა­ქვს ავარდნილი. ჩემს მეგობარს, რომელმაც რაღაცას ვერ მიაღწია და მეტროთი დადის, არასოდეს ვანახვებ, რომ მე ვარ რამაზო რომა.

- თქვენ რითი გადაადგილდებით სტამბოლის ქუჩებში?

- რა თქმა უნდა, მანქანით. აქ ცოტა სხვანაირი სიტუაციაა, მდიდარი არ ვარ, მაგრამ პოპულარული ვარ. როგორც ყოველთვის, პოპულარულ ადამიანს ჰყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც უარს არაფერზე ეუბნებიან. დასვენება რომ მომინდეს, შვიდვარსკვლავიან სასტუმრო "მარდან პალასში" შემიძლია დავრეკო და ვთქვა, მე ვარ რამაზო რომა, დასვენება მინდა უფასოდ. აქ მეგობრობა და პატივისცემა იციან.

- სკანდალური პირადი ცხოვრება გაქვთ?

- ჩემს პირად ცხოვრებას ვერასოდეს გაიგებენ. ჭკვიანი უნდა იყო (იცინის). დისკოთეკიდან რომ გამოვდივარ, კართან უამრავი კამერა დგას, რომ ცნობილი ადამიანები გამოიჭირონ. აქ პაპარაცები პოპულარულები არიან. ვცდილობ, არ მოვხვდე მათ ობიექტივში.

- რამდენი წელია სტამბოლში ცხოვრობთ?

- თორმეტი წელია, რაც საქართველოდან წამოვედი და რვა წელია აქ ვცხოვრობ. მოქალაქე არ ვარ, "მწვანე ბარათი" ავიღე. არც მინდა მოქალაქეობა, ბედნიერი ვარ და საქართველოს მოქალაქეობით ჯერჯერობით აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ, თუ ასე აღარ იქნება, სხვა ქვეყანაში წავალ. ერთ დღეს ბაქოშიც აღარ მომინდა ცხოვრება და აქ გადმოვედი. შეიძლება დადგეს დღე და იგივე დამემართოს. შემდეგ პარიზში წავიდე ან ნიუ-იორკში. აქ კომფორტული სახლი მაქვს, ულამაზესი ტერასით. ძალიან მომწონს ქართული საჭმელების გაკეთება (იცინის). კვირაში ერთხელ ქართულ დღეს ვაწყობ და აქ მცხოვრებ ქართველ დიზაინერებს ვეპატიჟები. არაჩვეულებრივად გამომდის საცივი, ხინკალი. ცო­ტა ხნის წინ ქართული რესტორნის გახსნა შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი, ყველამ თავისი პროფესიით უნდა იმუშაოს.

- საქართველოში რომ დარჩენილიყავით, დღეს როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება?

- რამაზო რომა იქნებოდა კულტურის მინისტრი. ყველა მეუბნება, ძალიან ჭკვიანი ხარო. ან სუპერსტარი ვიქნებოდი. ეს არც მაკლია, ძალიან პოპულარული ვარ.

- იცით, ახლა ვინ არის საქართველოში კულტურის მინისტრი?

- არა, ძალიან ხშირად იცვლებიან კულტურის მინისტრები და ამჯერად არ ვიცი.

- ნიკა რურუა, გახსოვთ ასეთი პოლიტიკოსი?

- კი, გამიგია, კარგი პიროვნებაა (იღიმება)...

- ათი წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება, მაშინ რამდენი წლის იქნებით?

- (ფიქრობს) 22 წლის... ასაკს ვმალავ (იცინის). არ ვიცი, რა იქნება ათი წლის შემდეგ, არაფრის შეცვლა არ მინდა, კმაყოფილი ვარ ცხოვრებით. შეიძლება ხვალ აღარ ჩავთვალო საჭიროდ დიზაინერობა და დიდი შოუს ქორეოგრაფი გავხდე. არაფერი არ არის ცხოვრებაში გამორიცხული. არავინ არ თქვას, მე ამას არ გავაკეთებ, ან ასეთი ცხოვრება მელისო. ათი წლის შემდეგ ისევ ჩავწეროთ ინტერვიუ და ვნახოთ, რა შეიცვლება.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება