ალექსანდრა პაიჭაძე 21 წლისაა. მოდელია, თან - დამოუკიდებელი. ლამაზი და მოხდენილი... ყოველთვის გამოირჩევა ყველგან და ყველასგან. მიუხედავად იმისა, რომ ძალზე ახალგაზრდაა, ბევრი რამ მოასწრო.
ბავშვობიდან ჰქონდა მოდელობის სურვილი. საამისოდ ყველაფერი უწყობდა ხელს - სიმაღლე, სიგამხდრე... ერთი სიტყვით, გარეგნობა მოდელის ჰქონდა. არც მშობლებისგან შეხვედრია წინააღმდეგობა.
არ დაავიწყდება ის დღე, პირველად რომ მივიდა "ამსაში", სოფო ჭყონიას სამოდელო სააგენტოში. როდესაც სოფომ 14 წლის ალექსანდრას შეხედა, გაიღიმა და თქვა, კეიტ მოსს როგორ ჰგავსო, რა თქმა უნდა, ესიამოვნა, ვიღაცას რომ მიამსგავსეს, მაგრამ მაშინ პატარა იყო და წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვინ იყო კეიტ მოსი, ამიტომ მაშინვე დაინტერესდა - ვინ არის? რატომ მიმამსგავსეს? ხოლო როცა გაიგო, ბავშვური სიამოვნება განიცადა.
2005 წელს პირველად "დალაშქრა" პოდიუმი. სააგენტო "ამსამ" თბილისში "რუსკი სილუეტის" კონკურსი გამართა. 100 დოლარი გადაუხადეს. გოგონას ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ეს მის პირველი გასამრჯელო იყო. ამაზე მეტი სიხარული რას უნდა მიენიჭებინა? რა შეიძინა იმ ფულით? რა და ჯინსი!
2009 წელს კიდევ ერთი სიხარული განიცადა - კონკურსი ჩატარდა - "მის სტუდენტური სახე" და ალექსანდრამ გაიმარჯვა.
არ გეგონოთ, რომ მხოლოდ მოდელია. მერე რა, რომ 21 წლისაა! იგი უკვე დასაქმებული ქალბატონია. სწავლობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის და მენეჯმენტის განხრით, ხოლო ბოლო კურსზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა და დაამთავრა კიდეც. ამჟამად მუშაობს კაზინო "აჭარაში" - ივენთების ორგანიზატორი და საღამოების წამყვანია.
გგონიათ, სულ ეს არის? არა, რა თქმა უნდა! ალექსანდრა უკვე დედაცაა, 9 თვის დემეტრე ჰყავს. მეუღლე კი, გიორგი ხატიაშვილი ფეხბურთელია. ალექსანდრას ერთი ნახვით შეუყვარდა მომავალი მეუღლე. დაინახა და მიხვდა, ეს ის იყო, ვისკენაც იდუმალად მიუწევდა გული. ბანალური სიუჟეტია? ცდებით! ალექსანდრამ, იგრძნო თუ არა, რომ არც გიორგი იყო გულგრილი მის მიმართ, გურული "სიფიცხე" გამოიჩინა და ერთ კვირაში აუხსნა სიყვარული ოცნების მამაკაცს. მერე კი... მერე ყველაფერი "გურული" ტემპებით განვითარდა. და დღეს ბედნიერი ოჯახი აქვთ.
ბევრი მოდელისგან იმითაც განსხვავდება, რომ კითხვა ბავშვობიდან უყვარდა. ახლაც არ უშვებს მომენტს ხელიდან, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, კითხვით ერთობა და ცოდნის ჰორიზონტს იფართოებს. ერთხელ ხომ უნდა დაიმსხვრეს "მითი" ქართველი მოდელების გაუნათლებლობის შესახებ?
პარალელურად ენებს ეუფლება. ფლობს რუსულს, ინგლისურს, სწავლობს თურქულს და ესპანურს. იცის, რომ ენების ცოდნა ცხოვრებაში მნიშვნელოვანია და აუცილებლად გამოადგება.
ოცნება? გაგიკვირდებათ ალბათ, რაღა დარჩა საოცნებოო. დარჩა, როგორ არა! ტელეწამყვანობაზე ოცნებობს. სურს, რომელიმე ტოქშოუს წამყვანი გახდეს, ოღონდ არა პოლიტიკურის - იზიდავს ხელოვნება, კულტურა, სპორტი... ძალიან მიზანმიმართულია, ამიტომ დარწმუნებულია, რომ ამ ოცნებასაც აიხდენს.
ჩვენც ვუსურვოთ! - წარმატებები, ალექსანდრა!
ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"