გასულ კვირას შავ ზღვაში უპრეცედენტო მოვლენა მოხდა. პირველად ისტორიაში, შავი ზღვის აკვატორიაში ჩინეთის სამხედრო ფლოტის საბრძოლო ხომალდები შევიდნენ. ორი ხომალდისგან შემდგარმა ჯგუფმა ბოსფორის სრუტე ჯერ კიდევ 31 ივლისს გადმოკვეთა.
შავ ზღვაში ჩინური ფლოტის შემოსვლა უკრაინას უკავშირდება. ჩინური მხარე სევასტოპოლს არაოფიციალური ვიზიტით, სწორედ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოწვევით ესტუმრა. ხომალდთა ჯგუფს ჩინეთის ჩრდილოეთ ფლოტის სარდლის მოადგილე მეთაურობს. ერთ-ერთი ხომალდი მართვადი სარაკეტო შეიარაღების მქონე საესკადრო ნაღმოსანი "ცინდაოა", მეორე კი - სადარაჯო ხომალდი "იანტანი".
1936 წელს მიღებული მონტრეს კონვენციის თანახმად, იმ ქვეყნების საბრძოლო ხომალდებს, რომლებსაც შავ ზღვაში გასასვლელი არ აქვთ, მოცემულ აკვატორიაში გაჩერება მხოლოდ 21 დღის განმავლობაში შეუძლიათ.
მართალია, ჩინური სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში პირველად შემოვიდნენ, ბოლო დროს ინდოეთთან ერთად, ჩინელები ხმელთაშუა ზღვაში ხშირად დაცურავენ. როგორც წესი, მსგავსი შემთხვევები, ადენის ყურესა და სომალის სანაპიროსთან საბრძოლო პატრულირების დასრულების შემდეგ ხდება. დასავლეთის წყლებში ცურვისთვის, მეკობრეებთან ბრძოლა შესანიშნავი საბაბია.
ბოლო 20 წლის განმავლობაში, აზიის ქვეყნებმა სამხედრო ბიუჯეტები და საზღვაო ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაზარდეს. პირველად ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, აზიის თავდაცვის ხარჯებმა ევროპისას გაუსწრო. აზიაში თავდაცვის სფეროზე გამოყოფილი ჯამური ხარჯების 80 % მხოლოდ ხუთ ქვეყანაზე მოდის (ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, ავსტრალია). რა თქმა უნდა, ლომის წილი ჩინეთისაა.
1991-ის შემდეგ, ცივი ომის დასრულებისთანავე, ევროპამ და განსაკუთრებით რუსეთმა (70 %-ით) თავდაცვითი ხარჯების შემცირება დაიწყეს. ფულის ფლანგვის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ევროპაში განიარაღების პერიოდი დადგა. აზიის ქვეყნებმა კი პირიქით - თავდაცვაში ინვესტიციის მოცულობა გაზარდეს.
ჩინეთი ყველაზე დიდ თანხას ფლოტის განვითარებაში დებს. რეგიონში ძალის დემონსტირების გარდა, ეს ნაბიჯი საკუთარი საზღვაო ხაზების დაცვასაც ითვალისწინებს. შესაბამისად, შორეულ ლაშქრობებში სიარული და სომალის ნაპირებთან მეკობრეებთან ბრძოლისას დაგროვილი გამოცდილება, მომავალში საკუთარი სავაჭრო გემების დასაცავად გამოადგება.
ნუკრი მგელაძე