ოპერის მომღერალ ნინო მაჩაიძეს, რომელიც ულამაზესი ხმის გარდა, მომხიბვლელი გარეგნობით გამოირჩევა და ხშირად ანჯელინა ჯოლის ადარებენ, ცოტა ხნის წინ ქორწილი ჰქონდა, ღია ცის ქვეშ მან თავისი ბედი დიდი ხნის შეყვარებულს, ასევე ოპერის მომღერალ გვიდო ლოკონსონოს დაუკავშირა. გვიდო და ნინო ერთმანეთს ლა-სკალას აკადემიაში შეხვდნენ, თავიდან მეგობრობდნენ, შემდეგ კი, ექვსი წლის განმავლობაში, შეყვარებულები იყვნენ. წყვილი სამი წელი ცდილობდა, ქორწილის თარიღის დანიშვნას, მაგრამ ვერ მოახერხეს. ნინოს მას შემდეგ დავუკავშირდი, რაც ზალცბურგში ახალი სპექტაკლი წარმატებულად იმღერა, საუბარიც ამ თემით დავიწყეთ, რადგან ნინო ძალიან გახარებული ჩანდა.
- ეს იყო პუჩინის ოპერა "ბოჰემა", ვასრულებდა მუზეტას როლს. მუზეტა პრიმადონას როლია, სახალისო. ახლა ზალცბურგში ვარ, ფესტივალზე, სადაც ეს ოპერა პირველად დაიდგა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ, განსაკუთრებულად იმით, რომ იყო ვარსკვლავური შემადგენლობა, მღეროდა ანა ნეტრებკო, დირიჟორობდა დანიელ ეგატი. მართლაც ვარსკვლავური დასი იყო, ადვილი არ არის ამგვარი დასის ერთ სპექტაკლში შეკრება. ზალცბურგის საზაფხულო ფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ დ იქ მოხვედრა პრესტიჟულია. სწორედ ამ ფესტივალმა მომიტანა დიდი წარმატება 2008 წელს "რომეოსა და ჯულიეტაში". ამიტომაც ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო გამოდგა აქ ყოფნა, ეს ჩემთვის ბედნიერების ადგილია. პრემიერამ კარგად ჩაიარა, ყველამ დიდი აპლოდისმენტები მიიღო, პრესამ კი ტრიუმფად აღიარა.
- დიდი ხანია, ზალცბურგში ხართ?
- თვე და ერთი კვირაა. როცა ახალი დადგმა მზადდება, რეპეტიციებს, მინიმუმ, სამი კვირა სჭირდება. ყოველთვის მიწევს სახლიდან მოშორებით ყოფნა. ჩემი ბინა მილანშია. თუკი ლა-სკალაში არ ვმღერი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში ვზივარ (იცინის). მაქვს უამრავი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და ვმოგზაურობ, ხშირად საკმაო დროს ანდომებენ რეპეტიციებს, მხოლოდ გერმანიაში ხდება, რომ ერთ კვირაში გადიხარ სცენაზე. თუკი საუბარია უკვე დადგმულ სპექტაკლებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში. მუშაობის სხვანაირი ფორმულა აქვთ. არის გარკვეული სპექტაკლები, რომლებსაც ხშირად აბრუნებენ სცენაზე. მომღერლები ყოველთვის იცვლებიან. არსებობს ვიდეოჩანაწერები, რომლებსაც გაყურებინებენ და ამის მიხედვით ამზადებ როლს. ზოგჯერ ესეც სასარგებლოა.
- დაქორწინებული ხართ და მუდმივად მეუღლისგან მოშორებით ყოფნა ალბათ კომფორტული არ არის...
- რომ გითხრათ, ადვილია-მეთქი, მოგატყუებთ, ხშირად გვიწევს ერთმანეთისგან შორს ყოფნა, მე ერთ ქალაქში, გვიდოს - მეორეში. თავისუფალი დრო რომ გამოგვიჩნდება, ერთმანეთთან ჩავდივართ. მაგალითად, გუშინ ჩემთან იყო, დღეს კი გაემგზავრა, რადგან სპექტაკლი აქვს. რას ვიზამთ, ეს არის მომღერლის ცხოვრება. აქვს კარგი მხარეებიც და ცუდიც. უარყოფითი ის არის, რომ ახლობლებისგან შორს ხარ, მაგრამ როცა ამდენხნიანი განშორების შემდეგ ხვდები, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.
- მომღერალი მეუღლე ალბათ გიგებთ...
- ყველას უკვირს, ორი მომღერლის ერთად ცხოვრება როგორ შეიძლებაო, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეს არის საუკეთესო რამ. ერთმანეთის კარგად გვესმის. როცა რთული პარტია გვაქვს შესასრულებელი, წინა დღეს მომღერლებს სახლში გვიყვარს ყოფნა, რომ დავისვენოთ, ხმამ დაისვენოს. თუ მეუღლეც მომღერალი არ არის, შესაძლოა, ეს ყოველთვის ვერ გაიგოს. იდეალურად ერწყმის ჩვენი საქმე და ჩვენი ხასიათები.
- როდის დაქორწინდით?
- მალე ქორწინების ერთი წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ეს იყო იტალიაში (იღიმის). ლაგო მაჯორე არის ყველაზე დიდი ტბა იტალიაში. ბევრი ადგილი დავათვალიერეთ. წყალთან ახლოს გვინდოდა, რადგან წყალი ორივეს ძალიან გვიყვარს. ეს ტბა მოგვეწონა და ქორწილი იქ დავგეგმეთ. ღმერთმა გადმოგვხედა და ულამაზესი, მზიანი დღე გამოგვიგზავნა. ჩვენი ქორწილი მთლიანად ამინდზე იყო დამოკიდებული, რადგან სტუმრებთან ერთად სამი დიდი იახტით გავისეირნეთ ტბაზე, მერე მივედით ვილის ეზოში, სადაც ქორწილი გვქონდა, მაგიდები ბაღში იყო გაშლილი.
- გვიდო საქართველოში ნამყოფია?
- როგორ არა, სამჯერ (იღიმება). როცა ბათუმში 2010 წლის საახალწლო კონცერტი გაიმართა, იქ გვიდომაც იმღერა ჩემთან ერთად. მაშინ შეყვარებულები ვიყავით.
- თქვენი რომანი რამდენ წელს ითვლის?
- ექვს წელს.
- წარმოგედგინათ თქვენ გვერდით მომღერალი მამაკაცი?
- არასდროს მიფიქრია ამაზე. ჩემთვის მნიშვენლოვანი იყო, კარგი ადამიანი მყოლოდა გვერდით, რომელიც დამაფასებდა, პატივს მცემდა და ძალიან ვეყვარებოდი. ზუსტად ასეთი ვიპოვე და მადლობა ღმერთს, თან მომღერალი. ერთმანეთი "ლა-სკალას" აკადემიაში გავიცანით. 2005 წელს დიდი კონკურსის შედეგად აგვიყვანეს ცხრა სტუდენტი, მათ შორის მე და გვიდოც ვიყავით. პირველ წელს დავმეგობრდით, შემდეგ წელს კი მივხვდით, რომ მეგობრობა აღარ გვინდოდა (იცინის). ასე დაიბადა დიდი და ლამაზი სიყვარული, რომელიც დღემდე გრძელდება.
- ძალიან ლამაზი წყვილი ხართ. ხშირად სხვადასხვა ქალაქში გიწევთ ყოფნა, არ ეჭვიანობთ ერთმანეთზე? თანაც, თქვენ ხშირად გადარებენ ანჯელინა ჯოლის. მოგწონთ ეს შედარება?
- პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ შორის ეჭვიანობა არ არსებობს. ძალიან გვჯერა ერთმანეთის. ჩვენი ურთიერთობა ამიტომაც არის ასეთი ძლიერი, რომ დიდ ნდობაზეა დაფუძნებული. მე მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე მთავარი რამ არის წყვილის ბედნიერებისთვის.
რაც შეეხება ჯოლისთან შედარებას, არ მაღიზიანებს, რადგან ის ულამაზესი ქალია. პირიქით, ისე ვიღებ, როგორც კომპლიმენტს. სხვათა შორის, გვიდოს არასდროს შევუდარებივარ ანჯელინა ჯოლისთვის.
- მისი გაცნობის სურვილი გაქვთ?
- კი, რატომაც არა. ძალიან ვაფასებ ამ მსახიობს. კარგი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
- ნინო, "ფეისბუქზე" თაფლობის თვის ფოტოები ვნახე...
- ბორა-ბორაზე გახლდით, მაგრამ ქორწილის წინ. ვიცოდით, რომ ქორწილის მერე ამის დრო აღარ გვექნებოდა, რადგან მე ჰამბურგში მივემგზავრებოდი, გვიდო - მადრიდში. ამიტომაც თაფლობის თვე ქორწილზე ადრე მოვიწყვეთ და მთელი ქორწილი იქიდან დავგეგმეთ. სწორედ ამიტომაც გამოვიდა ასეთი კარგი. იცით, როგორი არაჩვეულებრივი მოგზაურობა იყო? ეს არის სამოთხე დედამიწაზე. რადგან თაფლობის თვე იყო, ისე გავაკეთეთ ყველაფერი, როგორც გაგვიხარდებოდა. ბორა-ბორაზე დავიქირავეთ ბუნგალო, რომელიც მთლიანად წყალზე იდგა. საძირკველი არ ჰქონდა, შუა წყალში იდგა ოთხ ფეხზე. იატაკი გამჭვირვალე იყო და ჩანდა ყველაფერი, თევზები, ხალხიც. ზევით იჭყიტებოდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ გვხედავდნენ, მხოლოდ ჩვენ ვუყურებდით (იცინის). ბორა-ბორას ბუნგალოები განსაკუთრებულია. რადგან ახალდაქორწინებულები ვიყავით, საუკეთესო ბუნგალო მოგვცეს.
- იქ ვინმეს დაუმეგობრდით?
- მე და გვიდოს ისეთი იღბალი გვაქვს, რომ ყველა მოგზაურობაშიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ძალიან კარგ ხალხს გავიცნობთ ხოლმე. ასევე იყო ბორა-ბორაზე. იქაური ოჯახი გავიცანით, არაჩვეულებრივი ხალხი. ალბათ გაგიგიათ პოლინეზიის შავი მარგალიტები. წამოსვლის წინ ოჯახის წევრმა ქალბატონმა თავისი ხელით გამიკეთა ამ მარგალიტების მძივი, ისეთი ლამაზი, რომ დღემდე სეიფში მაქვს ჩაკეტილი. ერთი კვირის განმავლობაში ისე დავმეგობრდით, რომ ასეთი საჩუქარი გამიკეთეს.
- ამჟამად მილანში ცხოვრობთ?
- დიახ, მე და გვიდომ მილანის ცენტრში სახლი შევიძინეთ.
- საინტერესოა, მეუღლე თქვენს კაპრიზებს თუ იტანს. მაგალითად, შოპინგზე თუ დაგყვებათ?
- (იღიმება) ჩვენ გვაქვს შეთანხმება - ისეთ მაღაზიებში არ შევდივართ, სადაც მარტო ქალის ან მხოლოდ მამაკაცის ტანსაცმელი იყიდება. ორივე ვხალისობთ შოპინგზე. საერთოდ, შოპინგი მომღერლების გატაცებაა. დამაწყნარებელი პროცესია. როცა რეპეტიციებიდან დაღლილი გამოდიხარ და გაქვს ორი საათი, მაღაზიებში გავლით და თუნდაც დათვალიერებით დაღლილობა გეხსნება.
- ქუჩაში სიარულისას გცნობენ?
- გააჩნია ქალაქებს. ზალცბურგში, ვენაში, მიუნხენში, ლოს-ანჯელესში და ბერლინში ხშირად მცნობენ.
- თბილისში?
- რა თქმა უნდა, მცნობენ. ხალხი დიდი სიყვარულით მხვდება და მესალმება, ეს ყოველთვის ძალიან მახარებს. დიდ სითბოს ვგრძნობ. ყველაზე ხშირად ასეთი სიტუაციაა - შევდივარ მაღაზიაში, ადამიანი მიყურებს, მიყურებს და ბოლოს მეკითხება, თქვენ ხომ ნინო ხართ, მაჩაიძე? როგორ მიყვარხართ (იცინის).
- ფიქრობდით, რომ ასეთი იქნებოდა თქვენი ცხოვრება?
- მიყვარს დადებითი ხალხი, რომლებიც მუდმივად იცინიან და ცდილობენ კარგ ხასიათზე იყვნენ, უნდათ, რომ სხვების ცხოვრებაში ბედნიერება შეიტანონ. მნიშვნელოვანია, როცა ვგრძნობ ხალხის სიყვარულს. არ მინდა ვიყო დივა და პრიმადონა. ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ისე ვცხოვრობ, რომ ეს ყოველივე თავისით მოდის.
- მეუღლესთან განმარტოებას ახერხებთ ალბათ, არის რომანტიკა და ვახშმები სანთლის შუქზე?
- გვიდოს ძალიან უყვარს ჩემთვის ვახშმის მომზადება, არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებს და ხშირადაც, როცა მარტონი ვართ, მეუბნება, შენ დაჯექი, დღეს მე ვამზადებ!.. ძალიან რომანტიკული ადამიანია. იცით, რა ახასიათებს? მეტყვის, წავედითო და სად მივდივართ, არ მეუბნება. აღმოვჩნდებით ხოლმე ულამაზეს ადგილას, სანაპიროზე ან ტბასთან.
- ქართველი და იტალიელი მამაკაცები რით განსხვავდებიან?
- ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ რით განსხვავდებიან, არ ვიცი (იცინის). მამაჩემი, ჩემი ძმა და მეუღლე ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს. მამაჩემი ახლა ჩემთან ერთად არის. გვიდო რომ ჩამოვიდა, ერთად ვისადილეთ. ძალიან კარგი მეგობრები არიან.
- დატვირთული გრაფიკი გაქვთ. შვილი როდის უნდა გააჩინოთ, ამას წინასწარ დაგეგმავთ?
- ჩვენ გვაქვს წინასწარი კონტრაქტები. მე 2016 წლამდე დღეები გაწერილი მაქვს. თუკი თეატრმა არ მიიჩნია, რომ კონტრაქტი დაირღვა შესაბამისი მიზეზით და შესაძლოა, ასეთად არ ჩათვალონ ფეხმძიმობა, მაშინ შეიძლება გიჩივლოს კიდეც. მომღერლები მუდმივად ვფიქრობთ, როდის შეიძლება ეს მოვახერხოთ. სამწუხაროდ, ყველაფერი კარიერასთან არის დაკავშირებული. სახალისო იყო, როცა ჩვენმა მეგობარმა წყვილმა გვითხრა, 2014 წლის სექტემბერში ქორწილი გვაქვს და სად იქნებითო. გვთხოვეს, მოიცალეთო, მაგრამ მე არ მცალია იმ პერიოდში. ასე რომ, ჩვენი ხათრით გადადეს სხვა დროისთვის.
- კარგია, რომ საკუთარი ქორწილისთვის მაინც მოიცალეთ...
- სიმართლე გითხრათ, დიდი ხნის წინ გვინდოდა დაქორწინება. სამი წელია, მაგრამ ვერაფრით ვიპოვეთ ისეთი პერიოდი, რომ ორივეს თავისუფალი ორი კვირა მაინც გვქონოდა.
- ახლა ცხოვრების რა ეტაპზე ხართ? კმაყოფილი ხართ თუ უფრო მეტი გინდათ?
- ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი არაჩვეულებრივი ოჯახით, მეუღლით, საქმით, რომელიც ძალიან მიყვარს. ხალხის სიყვარულიც მაძლიერებს. კურიოზულ ამბავს გეტყვით - დღეს ზალცბურგის ყველაზე ცნობილ რესტორანში შევედით, რომელიც თეატრის წინ მდებარეობს. გადავშალე მენიუ და ამოვიკითხე ჩემი სახელი და გვარი.
- მენიუში?
- დიახ. ერთ-ერთ ყველაზე კარგ კერძს დაარქვეს ნინო მაჩაიძე (იცინის). ძალიან გამიხარდა. ასეთ რამეს, რასაკვირველია, არ ველოდი. წერია - ხორცი, ანტრეკოტი, ანუ ხორცის ყველაზე გემრიელი ნაჭერი, სოკოთი, გვერდით კი აწერია ჩემი სახელი და გვარი. შევუკვეთე ეს კერძი. ორი ოჯახი იჯდა ჩვენ გვერდით და მათაც "ნინო მაჩაიძე" შეუკვეთეს. ეს პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში.
- კარგი იყო საკუთარი თავის "ჭამა"?
- უგემრიელესი კერძი იყო, მოვაპრიალეთ თეფშები (იცინის). შეკვეთის დროსაც ძალიან სახალისო სიტუაცია შეიქმნა. ოფიციანტმა მიცნო და მკითხა, საკუთარ თავს უკვეთთო?..
- ნინო, როგორც ჩანს, საკვებს არ იზღუდავთ. თქვენი სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! საიდუმლო რა არის? ვისგან გაქვთ ეს გარეგნობა?
- ცოტა დედიკოსგან, ცოტა მამიკოსგან. რაც შეეხება თავის მოვლას, ხარისხიან კრემებსა და შამპუნებს ვიყენებ. ვცდილობ, არ მივირთვა ძალიან გვიან. მაკარონის ჭამისგან თავს ვიკავებ, მხოლოდ სპექტაკლების წინ მივირთმევ, რადგან დიდ ენერგიას მაძლევს, თუმცა ასუქებს და ამ მხრივ ცოტა საშიშია. მიყვარს სიარული და ეს ეხმარება ფორმაში ყოფნას, ასევე დავდივარ აუზზე.
- ადრე ასეთი მნიშვნელოვანი არ იყო გარეგნული მონაცემები ოპერის მომღერლებისთვის...
- დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ამდენი გადაღებაა, მოწესრიგებული უნდა იყო. ხშირად ახლო კადრით გიღებენ. სცენისთვისაც ფიზიკურად კარგ ფორმაში ყოფნა აუცილებელია, თუკი ზედმეტი წონა არ გაწუხებს, უკეთესად მღერი. თანამედროვე რეჟისორები მომღერლებისგან ბევრ მოძრაობას ითხოვენ სცენაზე. ისე აღარ არის, ადრე რომ გამოვიდოდა შემსრულებელი, იმღერებდა და კულისებში დაბრუნდებოდა. ახლა დარბიხარ და დახტი. ერთი სპექტაკლის მიმდინარეობისას, მეტროპოლიტენ ოპერაში, სიმღერის დროს უნდა დამეუთოებინა კიდეც, ამიტომაც ფორმაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.
ნინო მურღულია
(გამოდის ორშაბათობით)