შვეიცარიელ მილიარდერს დაბადების დღეზე ირინა შეიკი "აჩუქეს"

შვეიცარიელ მილიარდერს დაბადების დღეზე ირინა შეიკი "აჩუქეს"

ირინა შეიკი, რომელიც ვერა და ვერ გათხოვდა კრიშტიანუ რონალდოზე და ამჯერადაც მარტო ატარებს არდადეგებს, მაინცდამაინც არ იწყენს. ამჯერად ირინამ ცნობილი იუველირის დაბადების დღეზე გაიბრწყინა.

აღმოჩნდა, რომ ირინა შემთხვევით სულაც არ მისულა საიუველირო სახლ de Grisogono -ს ხელმძღვანელის, შვეიცარიელი მილიარდერის ფავაზ გრუოზის 60 წლის იუბილეზე. ბიზნესმენი ისეთი ანთებული თვალებით უყურებდა მოდელს, აშკარად არ ჩანდა წინააღმდეგი, ცნობილი ფეხბურთელის ადგილი დაეკავებინა.

ამ კაცთან ერთად ირინა კანის კინოფესტივალზეც გამოჩნდა და არც ისე დიდი ხანია მისი სამოდელო სახლის სახეც გახდა. იუბილეზე კი მეგობრებმა მილიარდერს სიურპრიზივით მიართვეს ირინა - სვაროვსკის კრისტალებით მორთულ თეთრ კაბაში გამოწყობილი. ეს კაბა საპატარძლო კაბასაც ჰგავდა და აქა-იქ ჩურჩულებდნენ, შესაძლოა ეს ღონისძიება შეიკის საქორწინო რეპეტიციაც იყოსო. მოდელი დიდი ხანია კრიშტიანუს საცოლეა, მაგრამ წყვილმა ვერ მოაბა თავი დაქორწინებას. ახლაც კრიშტიანუ ამერიკაშია, ირინა კი მარტო ატარებს დროს. ფავაზმა ძალიან რომ მოინდომოს, შეიძლება მოახერხოს კიდეც საქმროს გარეშე დარჩენილი მოდელის მოხიბვლა.

წვეულება სარდინიაზე, პორტო-ჩერვოში გაიმართა, ღამის კლუბში, რომელსაც "მილიონერთა კლუბი" ჰქვია. როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, ფავაზი საღამოს განმავლობაში ხშირად იმეორებდა: "შენ რომ მოხვედი, ეს საუკეთესო საჩუქარია!" ხოლო ზეიმი ჭაღარა ლოველასმა საკმაოდ შთამბეჭდავად დაიწყო: "მე სექსუალური ვარ და ეს ვიცი!"

მიუხედავად იმისა, რომ წვეულებას სხვა ლამაზმანებიც ესწრებოდნენ - მაგალითად, ვიქტორია სილვესტედი და ჰოფიტ გოლანი, მილიარდერის მთელი ყურადღება მაინც ირინასკენ იყო მიმართული. თანაც, იუბილარის ცოლი - კაროლინა შოიფელე - ახლო-მახლო არსად ჩანდა. ბოლოს მილიარდერმა ისე შეაწუხა თავისი ყურადღებით, რომ ირინა სასწრაფოდ გაიქცა სარდინიიდან და მშობლიურ ბაშკირეთს შეაფარა თავი, იქ მოდელი თავის 88 წლის ბებიას ესტუმრა, ქალაქ სიბაიში.

რუსი სუპერმოდელი კარიერის პიკზეა, სულ დაკავებულია და გამუდმებით უწევს ფოტოსესიებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა, ამიტომ რუსეთში ჩასვლას ვერ ახერხებს. რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ ამჯერად შეძლო თავისიანებთან ჩარბენა. რონალდო ამჯერადაც ვერ გაჰყვა მშვენიერ საცოლეს - ხან შეკრებები, ხან ჩემპიონატები. ისიც გამუდმებით დაკავებულია და ეს მჭიდრო გრაფიკი ამ წყვილს კარგს არაფერს უქადის.

ირინას ბებია გალია შეიხისლამოვა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა. მისმა ერთადერთმა ვაჟმა ულამაზესი გოგონა ოლგა შეირთო ცოლად და ოჯახი ჩელიაბინსკში დაფუძნდა. იქ გაჩნდა მომავალი მოდელი. ამბობენ, ახალგაზრდობაში ბებიამისიც ძალიან ლამაზი იყოო. ირინას დაც არ უჩივის გარეგნობას.

ბაშკირეთში ჩასულ ირინას არ მოუწყენია, თავი ისევ პატარა გოგონად იგრძნო და ბებიას შეშაც კი დაუჩეხა.

Forbes

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: ირინა შეიკი საცურაო კოსტიუმში - ცხელი ფოტოსესია Sports Illustrated-ისთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება