ამერიკელი კოსმონავტი ნილ არმსტრონგი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეარხი NBC News იტყობინება. ლეგენდარული კოსმონავტის გარდაცვალების მიზეზი გულის ოპერაციის შემდეგ გართულებები გახდა.
ნილ არმსტრონგი პირველი ადამიანი იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა. NASA-ს ხელმძღვანელმა ჩარლზ ბოლდენმა მთელი აეროკოსმოსური სააგენტოს სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა არმსტრონგის ნათესავებს და მას აშშ-ის გმირი უწოდა. ბოლდენის განცხადება "ფეისბუქზე" NASA-ს გვერდზე გამოქვეყნდა.
ნილ არმსტრონგი 1930 წლის 5 აგვისტოს ოჰაიოს შტატის ქალაქ ვაპაკონეტაში დაიბადა. ის 1950-1953 წლებში კორეის ომში მონაწილეობდა, რომლის დროსაც გამანადგურებელ Grumman F9F Panther-ით 78 საბრძოლო გაფრენა განახორციელა. 1956 წელს სამუშაოდ კალიფორნიაში, NASA-ს სადგურში გადავიდა, სადაც საცდელი და ექსპერიმენტული თვითმფრინავების გამოცდაში მონაწილეობდა.
1966 წლის მარტში ხომალდ Gemini 8-ს მეთაურის სტატუსით არმსტრონგი პირველად გაფრინდა კოსმოსში.
1969 წლის ივლისში არმსტრონგი ხომალდ "აპოლო 11"-ის ეკიპაჟს ჩაუდგა სათავეში, რომლის ამოცანაც მთვარეზე დაშვება იყო. 1969 წლის 20 ივლისს არმსტრონგი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც მთვარის ზედაპირზე ფეხი დადგა. მეწყვილე ედვინ ოლდრინთან ერთად ნილ არმსტრონგმა დედამიწის თანამგზავრზე ორსაათნახევარი გაატარა.
1971 წელს არმსტრონგმა NASA დატოვა, მოგვიანებით ის პედაგოგიური საქმიანობითა და ბიზნესით დაკავდა.
მომზადებულია NBC News-ის მიხედვით.