"კომედი შოუს" მსახიობი თათია სულუაშვილი ერთი შეხედვით ძალიან გულადი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, არადა თურმე ბავშვობაში გადახდენილი თავგადასავლების გამო ბაყაყის, ძროხის, მამლისა და სიმაღლის ძალიან ეშინია. თათია ახალი ჩამოსული იყო ქობულეთიდან, როცა მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ. გარდა ფობიებისა, დასვენებაზე, მის მიერ შექმნილ გმირებზე და ოჯახზეც ვისაუბრეთ.
- მთელ სამსახურში, მგონი, ყველაზე გრძელვადიანი შვებულება მე მაქვს, ივლისის 15-იდან 1-ელ სექტემბრამდე.
- რატომ? რა პრივილეგიით სარგებლობ, რომ ამხელა შვებულება გაქვს?
- განსაკუთრებული არაფრით, უბრალოდ, "კომედი შოუ" მუშაობდა ივლისის 15-მდე. იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ამ ერთ პროექტში ვარ დაკავებული, ამ პერიოდიდან უკვე გავთავისუფლდი.
- როგორც ვიცი, ზღვაზე იყავი, როგორ დაისვენე?
- ჩემი ოჯახით წავედი ქობულეთში, ბავშვიც მახლდა. უცებ დარეკეს და მითხრეს, რომ ბათუმში გადაღება უნდა მქონოდა. ბავშვი მამას დავუტოვე ორი დღით, ის აჭმევდა, აძინებდა, აბანავებდა, მე კი გადაღებებზე ბათუმში წავედი.
- რას იღებდით?
- "ბოტოქსი გერლზის" ახალი კლიპი გადავიღეთ, რომელსაც მაყურებელს ახალ სეზონზე შევთავაზებთ, არ გავუშვით შესაძლებლობა, ბათუმში გადაგვეღო კიდევ ერთი კლიპი. როდესაც ჩვენი შემოქმედებითი გუნდი ერთად იკრიბება, ყოველთვის კარგ დროს ვატარებთ, შეიძლება მოსაყოლი არაფერი იყოს, მაგრამ თითოეული ერთად გატარებული საათი სახალისოა.
- ესე იგი დასვენებას მუშაობაც შეუთავსე. ზღვაზე დასვენება კი გიყვარს, მაგრამ წყლის ხომ არ გეშინია, თუ კარგად ცურავ და არ გაქვს ამ მხრივ პრობლემა?
- წყლის მეშინია, თუმცა ზღვაზე დასვენება მიყვარს, ჩავდივარ საზღვაო კურორტებზე, მაგრამ შეიძლება ოთხ დღეში ერთხელ შევიდე წყალში. ცურვა არ ვიცი და არც მინდა, ოდესმე ვისწავლო, მგონია, რომ ზღვაში ჩავიხრჩობი, მაგრამ ზღვაზე დასვენებაზე ვგიჟდები. საოცარია, ხომ? თუ არ გიყვარს წყალი, ცურვა, მაშინ რა გინდა ზღვაზე?! წადი და დაისვენე მთაში, მაგრამ არა, მივდივარ ზღვაზე და ვუყურებ, როგორ ცურავს სხვა. უკუღმართი ვარ აქაც, ისევე როგორც სხვა საკითხებში.
- ეტყობა გარუჯვის პროცესი მოგწონს...
- კი, ეგ პროცესი ძალიან მიყვარს, იმიტომ, რომ ზღვაზე, როგორც წესი, ყოველთვის მცივა. ძალიან უკუღმართი ვარ: მივდივარ ზღვაზე, მაგრამ არ ვბანაობ, უბრალოდ ვუყურებ ზღვას. მაშინ, როცა ხალხი სიცხისგან იწვის, მე მცივა, შეიძლება პლაჟზე რამე მოვიხურო, რომ არ შემცივდეს. პირიქით ვარ მოწყობილი, ზამთარში მცხელა და ზაფხულში მცივა. კონდიციონერი არ მიყვარს, თუ ისეთ გარემოში მოვხვდი, სადაც ჩართულია, ჟაკეტით დავდივარ, მგონი, უცხოპლანეტელი ვარ (იცინის).
- ბავშვთან ერთად ზღვაზე დასვენება არ გაგიჭირდა?..
- ქმარი მიცოცხლოს ღმერთმა (იცინის), ძალიან მეხმარება, ჩემი მეუღლე მაგ მხრივ ყველანაირ კომფორტს მიქმნის, თან ძალიან უყვარს ბავშვთან ურთიერთობა. შვილი, შვილიო, რომ გაიძახოდა, აჰა, ბატონო, ჰყავს შვილი და უნდა მიხედოს კიდეც (იღიმება).
- რამხელაა შენი პატარა? ლაპარაკობს უკვე?
- 2 წლისა და 3 თვისაა, ლაპარაკობს კი არა, ჩემს პაროდიებს აკეთებს, ვასკაააა, მე რომ ვყვირი ხოლმე, ასე ყვირის თვითონაც, სახლში რომ მივდივარ, მამამისს ეუბნება, ვასკაააა, დედა მოვიდა. მეხვეწება, "ბასტი-ბუბუში" მატარე, რომ შენსავით ვიმღერო და ვიცეკვოო, მაგრამ ჯერ ამისთვის ძალიან პატარაა. დიდი მიკროფონი აქვს, შნურიანი, დილით გადმოდგება ხოლმე და მღერის ყველანაირ სიმღერას, მეზობლები აკლებული ჰყავს, მამალი აღარ არის საჭირო, ქეთო რომ გადმოდგება, მთელ უბანს აღვიძებს და სამეზობლოს ართობს. ქობულეთში რომ ეკითხებოდნენ, სად ცხოვრობო, "რუსთავი 2"-შიო, პასუხობდა. რამდენჯერმე იყო და ჰგონია, რომ იქ ცხოვრობს, თან ამბობს, მე "რუსთავი 2"-ელი ვარო.
- შენს მეუღლეს შენი გმირებიდან რომელი მოსწონს ყველაზე მეტად, ან ყველაზე ნაკლებად?
- სხვათა შორის, ჩემს მეუღლეს განსაკუთრებულად არც არაფერი მოსწონს, არც არაფერზე აქვს უარყოფითი რეაქცია. თუ ვუყურებ "კომედი შოუს", ისიც უყურებს, თუ არადა არც ის უცქერს, ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს. მაგრამ თუ რამეს შეამჩნევს, მეუბნება, შეგეძლო ეს უკეთესად გაგეკეთებინაო.
- თუ გყავს პროტოტიპები, ან რეალური ადამიანები, რომელთაგანაც შენი გმირებისთვის ხასიათის დეტალებს იღებ?
- ჩემი ქმარი სულ მეჩხუბება, ადამიანებს ნუ უყურებო, არადა ჩვევა მაქვს ასეთი, ხშირად მოგვდის ამ თემაზე კონფლიქტი. სადაც უნდა ვიყო, ყველას ვუყურებ და ვაკვირდები. თეატრალურ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, მომცეს ასეთი დავალება, უნდა შემესწავლა ადამიანების ტიპაჟები და ჩამეწერა ბლოკნოტში. იმ პერიოდიდან გამომყვა ეს ჩვევა და დღემდე ყველას ვაკვირდები, ვსწავლობ ტიპაჟებს, ეს ჩემი პროფესია და ჩემი საქმეა. მოვხვედრილვარ ქორწილში ისეთ სიტუაციაში და ისეთი ცეკვები მინახავს, რომ არ გამომეყენებინა, არ შეიძლებოდა.
- თათია, გადავიდეთ ჩვენი რუბრიკის თემაზე, გვითხარი, რამდენად მშიშარა ხარ და რისი გეშინია ყველაზე მეტად?
- ძალიან მეშინია სიმაღლის, ვერასდროს ვეღარ გადმოვიხედავ მე-16 სართულიდან, ერთხელ გავრისკე და მაგრად ვინანე. ასევე ძალიან მეშინია ბაყაყის, ბავშვობაში ბაყაყი ჩამიგდეს მაისურში, მოტკეცილი "მაიკა" მეცვა, გამომიწიეს და ჩამიგდეს. დღემდე მახსოვს ის სიმწარე, თან იცი რამდენი ხანი დახტუნაობდა ეს ბაყაყი? მოვკიდე ხელი ამოსაყვანად, მიიჭყლიტა-მოიჭყლიტა, მოკლედ საშინელება იყო, რაც არასდროს დამავიწყდება. კიდევ მაქვს ერთი ფობია, ძროხის მეშინია. სოფელში ბებიას მინდორში ჰყავდა გაყვანილი ძროხა, თან მე ზღაპრებს მიკითხავდა, უცებ ძროხა თოკში გაიხლართა, ბებია მისახმარებლად მივიდა და ამ დროს შესდგა ეს ძროხა ბებოს, გადავირიე, ვაშველებდი და ძალიან შევშინდი, ამის შემდეგ მეშინია ძროხის. სხვათა შორის, ქათმისაც მეშინია, ბავშვობაში მამალი მომაფრინდა და მას შემდეგ შემზიზღდა. ხედავ, როგორი ბავშვური ტრავმები მქონია?! შენ გაგანდე ეს პირველს (იღიმება).
- ბაყაყის შიშს რანიდაფობია ჰქვია, სიმაღლისას - აკროფობია, ქათმისას კი - ალეკტროფობია. ქათმისა და ძროხის რომ გეშინია, მათ ხორცს თუ მიირთმევ?
- კი, გემრიელად, მიყვარს ქათმის ხორცი, უკვე დამუშავებულს კარგად ვუძალიანდები (იცინის).
- რაც შეეხება ვირთხებსა და კალიებს, მათ მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- სხვათა შორის, ერთხელ შემთხვევით კატა მოვკალი. ბებოს კატას ძალიან უყვარდა კალიები, მე ხშირად ვსტუმრობდი ბებიას და კატას ვანებივრებდი, ვუჭერდი კალიებს და ვაჭმევდი. ერთხელაც სახლში დაბრუნებულს კატა გაჭიმული ფეხებით დამხვდა, ვეღარ მოინელა ამდენი კალია და მოკვდა. დღეში სამჯერ ათ-ათ ცალს ვაჭმევდი და ვეღარ მოინელა.
- თათია, სიჩქარის და ფრენის თუ გეშინია?
- სამი წლის წინ ვიფრინე ორკაციანი თვითმფრინავით მცხეთის თავზე და არ შემშინებია, პირიქით, ნასიამოვნები ჩამოვედი. რაც შეეხება სიჩქარეს, ხანდახან ისე სწრაფად მივდივარ, რომ ვერ ვგრძნობ, რამხელა სიჩქარეს ვავითარებ, მიყვარს სიჩქარე.
- და პატრულთან როგორ ურთიერთობ?
- სხვათა შორის, სანამ მართვის მოწმობა არ მქონდა, ყოველთვის მაჩერებდნენ. რაც მართვის მოწმობა ავიღე, აღარ გავუჩერებივარ. არადა ვიხვეწები, იქნებ გამაჩერონ-მეთქი, მაინტერესებს, რა შეგრძნებაა, რომ გაგაჩერებენ და მართვის მოწმობას მიაწვდი (იღიმება).
- მართვის მოწმობის გარეშე რომ გაჩერებდნენ, არ გაჯარიმებდნენ?
- არა, მიშვებდნენ, ეტყობა მცნობდნენ და ამიტომ, ოღონდ მხოლოდ უბანში დავდიოდი, შორს ვერ ვბედავდი გასვლას.
ციცი ომანიძე
(გამოდის ორშაბათობით)