თიკო სადუნიშვილი შეყვარებულია

თიკო სადუნიშვილი შეყვარებულია

მას შემდეგ, რაც "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი სეზონი დასრულდა, თიკო სადუნიშვილი ეკრანიდანაც გაუჩინარდა და თბილისიდანაც, თუმცა ამჯერად გეზი ბათუმისკენ არ აუღია, ვინაიდან "ბათუმი ლაივის" გაკეთება წელს ვერ მოხერხდა. თიკო ჯერ "ნანუკას შოუსთვის" კანარის კუნძულებზე იმყოფებოდა, შემდეგ კი _ მეგობრებთან ერთად ბარსელონაში. სამი წლის განმავლობაში პირველად დაისვენა და როგორც თავად ამბობს, გადაისვენა კიდეც, რადგან მისთვის გადასართველად სამი დღეც საკმარისია. ახლა მზადაა და "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონის დაწყებას ელოდება, რომელსაც ალინა არველაძე ამზადებს, წამყვანი კი თიკო იქნება პარტნიორთან ერთად, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. სამორი ბალდემ ამ პროექტის წაყვანაზე უარი განაცხადა...

- თიკო, რატომ დაიკარგე "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგ? ფიზიკური გადაღლილობის თუ ფსიქოლოგიური სტრესის გამო, იქნებ, უბრალოდ, სხვა მიზეზით?

- არა, ასე ხომ იკარგებიან ზოგჯერ (იღიმის). მახსოვს, შარშან ბათუმში ჩავწერეთ ინტერვიუ მე და შენ, ზუსტად აგვისტო იყო, მაშინ "ბათუმი ლაივს" ვამზადებდით და იქ ვიყავი. წელს "ბათუმი ლაივი" არ გაკეთდა. სამი წლის განმავლობაში პირველად მქონდა ბედნიერება, რომ მესიამოვნა შვებულებით და დასასვენებლად წავსულიყავი. ამ წლების განმავლობაში კი დამისვენია, მაგრამ მაქსიმუმ 4-5 დღით. ადამიანები რობოტები არ არიან, შესაბამისად, არც მე, ამიტომაც დამჭირდა გადართვა და დასვენება.

"ბათუმი ლაივი" იმიტომ ვერ გავაკეთეთ, რომ ჩემმა პროდიუსერმა ალინა არველაძემ პარალელურად ხელი მოჰკიდა "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონის მზადებას. შესაბამისად, დაგვაგვიანდა "ბათუმი ლაივზე" მუშაობის დაწყება. თან, რადგან "ცეკვავენ ვარსკვლავები" გვიან დასრულდა, მოსამზადებლად ბევრი დრო არც გვრჩებოდა და ცოტა ხნით დასვენება გადავწყვიტეთ. ნაჩქარევად მომზადებული არ გამოვიდოდა. სამაგიეროდ, ამით მე ვისიამოვნე.

- საზღვრებს გარეთ იყავი?

- დიახ, შვებულება დაიწყო ძალიან საინტერესოდ, კანარის კუნძულებზე გავემგზავრეთ, "ნანუკას შოუს" გადაღებისთვის. იმ მხარეს არ ვყოფილვარ და თანაც, კანარის კუნძულებზე ალბათ იშვიათად ხვდება ადამიანი. რუკაზე ჩემით ხელს ამ ადგილს არასდროს დავადებდი.

- თუმცა გამონათქვამი გვაქვს ქართველებს, "მოინდომა კანარის კუნძულებზე დასვენებაო", ანუ საოცნებო ადგილია ჩვენთვის, როგორც ჩანს...

- (იღიმება) მე სხვანაირი შთაბეჭდილება დამრჩა. სასიამოვნო გუნდი რომ არ წასვულიყავით, ალბათ, ვერც გავერთობოდი. უფრო პენსიონერების ადგილია და ალბათ ცხოვრებაში ერთხელ უნდა ნახო, მაგრამ ნამდვილად არ წავიდოდი მეორედ. იქ გახლდით რვა დღე, ორ-ორი დღე ჩასვლას და ჩამოსვლას მოვუნდით, ცოტა დავიღალე, მაგრამ მაინც ღირდა.

შემდეგ მეგობრებთან ერთად გავემგზავრე ბარსელონაში. იქაც რამდენიმე დღე გავატარე. კანარის კუნძულებზე გადაღებები იყო და ბოლომდე ვერ მოვეშვი. ბარსელონაში კი ვიგრძენი შვებულება, ბევრი ვიარე ფეხით, ბევრი რამ დავათვალიერე, კარგად დავისვენე. მთლიანობაში ათი დღე გამომივიდა. ბოლო წლებია გადაბმულად რომ არ დამისვენია, ამის გამო ეს ათი დღეც საკმარისი მომეჩვენა. როცა თბილისში დავბრუნდი, ვიგრძენი, რომ ძალები მოკრებილი მქონდა და შემეძლო, გადაცემისთვის მზადება დამეწყო, თუმცა არსებობს მოსაზრება, ცოტა თუ გძინავს, თავისთავად გამოუძინებელი ხარ, ბევრი თუ გძინავს, უფრო ცუდად გრძნობ თავს. მგონია, რომ კი არ დავისვენე, გადავისვენე. დასვენებისთვის სამი დღეც კი მყოფნის.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" დაგაბრუნებ. მაინტერესებს, თუ მოგწვდა აგრესია, კომენტარები ამ პროექტის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დადებითიც ითქვა შენ შესახებ?

- აბსოლუტურად არაფერი მიგრძნია გარდა ხალხის სიყვარულისა. მიუხედავად, იმისა, რომ ბევრი წელია ტელესივრცეში ვჩანვარ, ასეთი დადებითი ტალღა არასდროს წამოსულა ჩემ მიმართ. აგრესიას რაც შეეხება, იყო ასეთი რამ? მე არ მიგრძნია. როცა სამორისთან ერთად დავრჩი ფინალში, მაშინაც ვფიქრობდი ამას და მანამდეც, სანამ პროექტი დაიწყებოდა, ყველა ამბობდა, რომ კონკურსს ბიჭი მოიგებდა. გოგონები მესიჯების გამოგზავნისას უფრო აქტიურები არიან, ვიდრე ბიჭები, რომლებსაც, უბრალოდ, სიმპათია ჰყავთ და მესიჯებს არ გზავნიან. არ დამწყვეტია გული და მზად ვიყავი იმისთვის, რომ სამორი გაიმარჯვებდა, უბრალოდ, ბრძოლა მინდოდა. ჩემი სატელევიზიო გამოცდილებიდან გამომდინარე, ვხვდებოდი ხალხის განწყობას და პროცენტულად რა როგორ გადანაწილდებოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ სამორი გაიმარჯვებდა. მქონდა არჩევანი, ბოლო ერთი კვირა არ მეაქტიურა და მეცეკვა ჩვეულებრივად, ან ბოლომდე მებრძოლა და მოვმზადებულიყავი, დამემტკიცებინა, რომ ვიყავი ღირსი ფინალში მოსახვედრად. ბოლო კვირა საერთოდ არ მეძინა. ამ პროექტის დასაწყისი უფრო მხიარული გახლდათ. ბევრი წყვილი იყო, დაღლა კი ბოლო თვეს ვიგრძენი, როცა სიტუაცია დაიძაბა მონაწილეებს შორის. მანამდე თუ არ გვაინტერესებდა, ახლა დარბაზში ვიჭყიტებოდით, რომ ერთმანეთის ცეკვა გვენახა, ილეთები და ტრიუკები შეგვედარებინა, მერე გვიწევდა იმაზე ფიქრი, შენ რატომ არ გქონდა მსგავსი ილეთი, კოსტიუმი და ა.შ. რა მუსიკაზე გიწევდა ცეკვა... გარდა იმისა, რომ ცეკვის დასადგმელად უნდა გეშრომა, ამ დეტალებზეც ფიქრობდი. ეს ყველაფერი ძალიან დამღლელი იყო. ბოლოს საერთოდ აღარ მეძინა, ტვინი იყო ჩართული და იმეორებდა მოძრაობებს. იმდენად გადავიღალე, რომ ნახევარფინალში, როდესაც ლელა გავარდა პროექტიდან და მე და სამორი დავრჩით, მეორე დღეს ორი საათით მარტო გავედი ბუნებაში და ცხარე ცრემლებით ვიტირე... იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან. იქ გადავწყვიტე, რომ ბრძოლას ვაგრძელებდი, დარჩენილი ძალები მოვიკრიბე და რეპეტიციებს შევუდექი. პროექტის განმავლობაში ბევრჯერ მიფიქრია, რომ მცოდნოდა, ეს რა შრომასთან იყო დაკავშირებული, არაფრით არ დავთანხმდებოდი.

- პასოდობლის შესრულების შემდეგ ბევრმა აღიარა, რომ უკეთესად იცეკვე, ვიდრე სამორიმ.

- თავიდანვე ასე იყო, სამორი ძლიერი იყო ჰიპ-ჰოპში, მე - ლათინურ ცეკვებში. ჩემი ტანგო ბევრად ჯობდა სამორისას, სამორის ჯაივი ჩემს ჯაივზე უკეთესი იყო. ბევრმა მითხრა, გვეგონა, სამორი იგებდა, მაგრამ შენი პასოდობლის შემდეგ დავეჭვდითო.

- გული არ დაგწყდა?

- არ დამწყდა, რომ არ გავიმარჯვე!.. ამ პროექტით ჩემთვის ყველაფერი ძალიან კარგი მოხდა. სამორის ბევრ თაყვანისმცემელ გოგონას გადავიმტერებდი, რაც არ მაწყობდა. ჩემ მიმართ დადებითი დამოკიდებულება რატომ უნდა გამეფუჭებინა?!. თან, ქართველ ერში დევს თვისება, ბოლომდე წარმატებული ადამიანები არ უყვართ, მერჩივნა, ვიღაცას შევცოდებოდი, კარგად იცეკვა და ვერ გაიმარჯვაო, ვიდრე პირველი ადგილი ამეღო. ამას გულახდილად ვამბობ.

- მანქანა რომ გაჩუქეს, იმას რა ბედი ეწია?

- მშვენივრად დავრბივარ. კიდევ ერთხელ მადლობა, არ მყავდა მანქანა. გამოყვანის დღიდან დღემდე ქუჩაში სიგნალებით მხვდებიან, თიკო, გიხდება მანქანაო (იღიმება). ხშირად შემაწუხებელია, როდესაც საქმეზე მიდიხარ, გეჩქარება, ან უბრალოდ, არ ხარ ხასიათზე და ამ დროს ბევრი გივარდება შიგნით კომპლიმენტებით, შუშები გამჭვირვალეა...

- როგორი მძღოლი ხარ?

- ვფიქრობ, კარგი, მშვიდი და გაწონასწორებული. საჭესთან არ ვიგინები. 16 წლიდან ვატარებ, საკმაოდ ნორმალურად. მგონია, ვამსხვრევ იმ სტერეოტიპს, რომელიც ქალ მძღოლებთან დაკავშირებით არის შექმნილი. როცა საცობში არ ვდგავარ, ტარებით სიამოვნებას ვიღებ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ტარებაზე ვგიჟდები.

- ტელევიზიასა და გეგმებზე გადავინაცვლოთ. "თბილისი ლაივი" აღარ იქნებაო...

- ჯერ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვი. სექტემბერი სატელევიზიო სეზონის დასაწყისად არ მიიჩნევა, წინ გვაქვს დრო მოსამზადებლად. ახლა გამოვედი ტელევიზიაში და ამ დღეებში გადაწყდება ეს საკითხი.

- არ მოგბეზრდა ეს გადაცემა?

- არ მომბეზრდა, მაგრამ ამ გადაცემას აქვს მინუსი - რთულია მოამზადო კვირაში შვიდი სიუჟეტი, რომელიც არაფრით დაემსგავსება ერთმანეთს. მით უმეტეს, როდესაც ამ ფორმატის გადაცემას ამზადებ ორ წელზე მეტია და თანაც, შოუბიზნესში ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ. მინდა, მაყურებელს არ მოჰბეზრდეს ეს გადაცემა და უფრო მრავალფეროვანი იყოს. იმედი მაქვს, ბევრი საინტერესო ადგილი გაიხსნება, ფესტივალები ჩატარდება, ახალი სახეები წამოიწევენ წინ, ამაში ჩემს გადაცემასაც მიუძღვის გარკვეული წვლილი. ვნახოთ, იმედი მაქვს, ეს გადაცემა ისევ გაკეთდება.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" წამყვანი რომ შენ იქნები, ეს უკვე ცნობილია. სამორი კი თანაწამყვანი, არა?

- არა, როგორც ვიცი, მას შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა. ისევე კარგად არ გამომდის წამყვანობა, როგორც ცეკვაო. მეყოლება პარტნიორი, ორ კანდიდატურაზეა საუბარი, თუმცა ჯერ არ ვიცით, რომელზე შეჩერდება არჩევანი.

- შენ იცი, როგორია იყო ამ პროექტის მონაწილე, ახალმა კონკურსანტებმა კი ეს არ იციან. ალბათ საინტერესო იქნება შენთვის წამყვანის ამპლუაში პროექტში ჩართვა.

- სხვათა შორის, მონაწილეები უკვე შერჩეულები არიან, მე მათ ვინაობას ვერ გეტყვით, მაგრამ რამდენიმე ისეთი მონაწილეა, რომლებიც მკაცრად აფასებდნენ ჩვენს გამოსვლებს. ახლა მათ ნახევრად ხუმრობით ვუთხარი, თავად მიხვდებით, რა ვითარებაში ვიყავით-მეთქი. კაფეში ყავის თანხლებით შენი კოლეგები რომ გაფასებენ, ეს საკმაოდ საწყენია. მით უმეტეს, როდესაც ამ საქმეში დიდი შრომა გაქვს ჩადებული. ასე ლაპარაკი ადვილია.

- გსმენია კრიტიკა შენი კოლეგებისგან?

- მსმენია. ხშირად იყო შეძახილები, ჩემთან სამსახურშიც, საეთეროშიც. ბევრი კოლეგა სამორის გულშემატკივრობდა და მე - არა. ეს ძალიან გამიკვირდა, თუმცა ისიც მესმის, რომ ყველას თავისი ფავორიტი ჰყავდა. ეს არ მწყენია, რადგან იმდენი რამ მაქვს გამოვლილი, ყველასგან რაღაც რომ მეწყინოს, სახლში უნდა დავჯდე და გარეთ არ გამოვიდე, არც მეგობრები უნდა მყავდეს და ურთიერთობები გავწყვიტო ადამიანებთან, ჩემგან კი ყველაზე მეტად უნდა სწყინდეთ ალბათ ბევრი რამ (იღიმება). გულნატკენი ნამდვილად არ ვარ. უბრალოდ, ვინც ჭორაობდა, ისინი ხუმრობით უკვე გავაფრთხილე.

- წამყვანობა შენთვის უფრო კომფორტულია?

- რასაკვირველია, რადგან ეს ჩემი პროფესიაა, რაც ცეკვაზე უკეთესად გამომდის.

- შენს იმიჯზე ვინ იზრუნებს? მახსოვს, ჯიჯი რეჯინი და ლაშა მდინარაძე ხშირად წუწუნებდნენ, ვარსკვლავები ჩა­ცმისას ძალიან პრეტენზიულები იყვნენო.

- ახლაც ჯიჯი იქნება, მას ვენდობი, ასევე ლაშა მდინარაძესაც, რომელიც ძალიან ნიჭიერი დიზაინერია. იდეალური სხეული არავის აქვს, ზოგიერთი რამ შესაძლოა, არ მოგიხდეს, ამიტომაც ზოგჯერ ფერზე ან სამოსის ფორმაზე ვდაობდით.

- წინა სეზონის წამყვანებს ჟიურისთან ფაქტობრივად კონტაქტი არ ჰქონიათ, შენ ალბათ უფრო აქტიური წამყვანი იქნები.

- დიახ, ვაპირებ, უფრო აქტიური ვიყო. წამყვანები უბრალოდ, აცხადებდნენ გამომსვლელებს და არ იყო აქცენტი იმაზე, რომ მათ გაეხუმრათ, საინტერესო რამ ეთქვათ. პროექტში წამყვანების მხიარულებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ცეკვის გარდა ისიც აინტერესებს მაყურებელს, როგორც გამოაცხადებს წამყვანი კონკურსანტს, როგორ გაიხუმრებს. ჩვენ მეტად აქტიურები ვიქნებით და დაეტყობა შოუს, რომ მას წამყვანებიც ჰყავს.

- თიკო, ვიცი, რომ პოლიტიკით დაინტერესდი. პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში ჩაერთვებოდი?

- პოლიტიკა მაინტერესებს. დილას სახლიდან ისე არ გამოვდივარ, რომ საინფორმაციო არ ჩავრთო. ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ისეთი მოვლენები განვითარდა, რომ რასაკვირველია, თვალს ვადევნებ. მყავს მეგობრები, რომლებსაც ერთი წელია, საინფორმაციო გამოშვება არ უნახავთ. რაც შეეხება პოლიტიკურ ჟურნალისტიკას, ამაზე ჯერ არ ვფიქრობ, მერე ვნახოთ. ჯერ საამისო ასაკი არ მაქვს. თუ მივხვდები, რომ ამის პოტენციალი მაქვს, მერე შეიძლება ვიფიქრო.

- ამბობენ, თიკო შეყვარებულიაო. მართალია?

- დიახ, მართალია (იღიმება).

- არ გაგვიმხელ, ვინ არის?

- ისეთი ადამიანია, რომელიც ცოტა შორს არის შოუბიზნესისგან, არ უყვარს ჟურნალისტებთან გამოჩენა.

- რა გჭირთ ამ შოუბიზნესის გოგონებს, ისეთ მამაკაცებს რომ ხვდებით და ცოლად მიჰყვებით, რომლებსაც ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ უყვართ?

- (იცინის) რატომ? აი, ნინი ბადურაშვილი გათხოვდა და ყველა ჟურნალის ყდაზე მეუღლესთან ერთად არის გამოსახული. ჟურნალისტებს მასალა გაქვთ დასაწერი. ჯერჯერობით თავს შევიკავებ ვინაობის დასახელებისგან, თუმცა, რა თქმა უნდა, მუდმივად ვერ დავმალავ ამას.

- შენი გარემოცვა ამბობს, რომ ამ სიყვარულმა ძალიან შეგცვალა, უფრო დამთმობი და ნაზი გაგხადა.

- სხვათა შორის, ამას ამბობდნენ ჩემზე, როცა "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაიწყო. ამ პროექტმა თიკო შეცვალაო, თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მე შევიცვალე. უბრალოდ, ეს, ფაქტობრივად, რეალური შოუ იყო, რომელმაც ყველა მონაწილის ხასიათი გააშიშვლა. გაბრაზება, სიხარული, ადამიანური განცდები რთულ მომენტებში ჩანდა. აქამდე მაყურებელს არ ჰქონია საშუალება, ასეთი ვენახე. სინამდვილეში ასეთი ადამიანი ვარ, უბრალოდ, არ შემიძლია, გადაცემის წაყვანისას გამოვაჩინო, როგორი ვარ მეგობრებთან, ჩემს საყვარელ ადამიანთან. აი, ახლა ლაშა ხარაზიშვილმა ჩაიარა და ვინ რა იცის, როგორი ადამიანია ის სინამდვილეში? თუნდაც მაია ასათიანი. ეს ყველა ტელეწამყვანისა და მსახიობისთვის დამახასიათებელია. მე ისეთი ფორმატის გადაცემა მიმყავდა, რომ, მაგალითად, ბიჭოლას ინტერვიუში ვერაფერს დავუთმობდი, რომ ეთქვათ, თიკო რა დამთმობიაო. როდესაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" სამორიმ გაიმარჯვა, ალბათ ეგონათ, თმაში ვწვდებოდი, მაგრამ ეს არ გამიკეთებია, იმიტომ, რომ არ ვარ ასეთი ადამიანი.

- სიყვარულთან მიმართებითაც ასეა?

- შესაძლოა, ჩემს შეცვლას ჩემი გარემოცვა მართლაც გრძნობს და მართლა შემცვალა სიყვარულმა. თუკი ადამიანს ნამდვილად უყვარს, ის ალბათ იცვლება კიდეც.

- აპირებ გათხოვებას უახლოეს მომავალში?

- არა, ჯერ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. მე თინეიჯერულ ასაკში არ ვარ, რომ რამდენიმე კვირაში გათხოვებაზე ვისაუბრო.

- რატომ, ნინი ორ თვეში გათხოვდა.

- ზოგი ადვილად იღებს გადაწყვეტილებას. მე დავფიქრდები, გავაგრძელებ ურთიერთობას...

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება