ნინი ბადურაშვილის ორთვიან გასაიდუმლოებულ რომანს წყვილის ნიშნობა მოჰყვა. ნინი და რუსეთში მცხოვრები ყოფილი სპორტსმენი - ირაკლი კუტალაძე ოქტომბერში თბილისში გრანდიოზული ქორწილის გადახდას აპირებენ, მანამდე კი მომღერალი აქტიურად მუშაობს: პარაოლიმპიელების მხარდასაჭერად სიმღერა ჩაწერა და კლიპიც გადაიღო. ნინის ლონდონში გამგზავრების (სადაც ის პარაოლიმპიური თამაშების დროს კონცერტს გამართავს) წინადღეს ვესაუბრეთ.
- ნინი, პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეს გილოცავ! უკვე ხუმრობენ, - ნინი ბადურაშვილი თხოვდება და ერმა ამოისუნთქაო...
- ღმერთო, გმადლობ! უკვე ძალიან შევწუხდი: 26 წლის გოგო შინაბერად შემრაცხეს. სირცხვილი იყო, რომ მეკითხებოდნენ, - ვაიმე, არ თხოვდებიო? არადა, ჩემი ასაკის ბევრი ცნობილი სახე გასათხოვარია, მაგრამ მხოლოდ ჩემზე იყვნენ "გადაფიჩინებული". მეც შევწუხდი, - რა მჭირს-მეთქი?! ერმა დაისვენა, მაგრამ ახლა საჭორაოდ მეორე თემა მიეცათ: 2 თვეში ცოლად როგორ გაჰყვაო?! გავყევი, ბატონო, და რა ვქნა?! როგორც პიროვნება, ირაკლი კუტალაძე ძალიან მომეწონა, შემიყვარდა... ხალხს რაც უნდა, ის ილაპარაკოს.
- შენი გადაწყვეტილება ოჯახისთვის მოულოდნელი იყო?
- ისეთი მოულოდნელი, რომ ოჯახის წევრები შოკში იყვნენ! მეგობრებმაც არაფერი იცოდნენ. მხოლოდ თაკო გაჩეჩილაძეს (რომელიც ჩემი მეჯვარე იქნება) გავანდე საიდუმლო და ისიც საგულდაგულოდ მალავდა...
- შენი რჩეული გაგვაცანი.
- ირაკლი კუტალაძე რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი და ყოფილი წყალბურთელია. სპორტის ამ სახეობით 15 წელი იყო დაკავებული. ბაბუამისი - გივი ჩიქვანაია ცნობილი წყალბურთელი გახლდათ. მე და ირაკლიმ ერთმანეთი თბილისში გავიცანით. საქმის გამო (კონცერტთან დაკავშირებით) შევხვდი. ერთმანეთი მოგვეწონა...
- დაოჯახების შემდეგ რუსეთში ცხოვრებას აპირებთ?
- კი, რუსეთში ვიცხოვრებთ.
- იქაურ შოუბიზნესში თავის დამკვიდრებას გეგმავ?
- შეიძლება. ვნახოთ...
- საქორწილო სამზადისი დაიწყე?
- ჯერჯერობით - არა. პარაოლიმპიელებს ლონდონში მივყვები.
- პარაოლიმპიელების მხარდამჭერი შენი კლიპის პრეზენტაციაზე შენი რჩეული, ოჯახის წევრები, ახლობლები რატომ არ იყვნენ?
- ისინი თბილისში არ არიან და სამწუხაროდ, ვერ მოვიდნენ.
- პროექტში მონაწილეობის სურვილი თავად გამოთქვი?
- ინიციატორი "ბრავო რეკორდსი" იყო. პროექტში მონაწილეობა ზაზა შენგელიამ შემომთავაზა. სიამოვნებით დავთანხმდი. მითხრა, - მინდა, სიმღერა დაწერო და შეასრულოო. ეს მარტომ ვერ შევძელი. ამიტომ დასახმარებლად დედას მივმართე და სიმღერა ერთობლივად შევქმენით. კლიპი "თიბისი თივის" სტუდიამ (კონკრეტულად, ტატო ხაბაზიშვილმა) გადაიღო. ნაწილი კუს ტბაზე, პარაოლიმპიელების შეკრებაზე გადავიღეთ, ნაწილი - "თიბისი თივის" სტუდიაში. მგონი, კარგი გამოვიდა. რაც მთავარია, სპორტსმენებს მოეწონათ. დარწმუნებული ვარ, მათ ეს სიმღერა წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
ეთო ყორღანაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)