სერიალი - "შუა ქალაქში" ტელეეკრანზე, სავარაუდოდ, სექტემბრის მეორე ნახევარში დაგვიბრუნდება. მანამდე კი შევეცადე გამერკვია, სად არიან და როგორ ატარებენ ზაფხულს მასში მონაწილე და ბევრისთვის საყვარელი მსახიობები.
რუსკა მაყაშვილი (კატო):
- ახლა ყველანი შვებულებაში ვართ და გადაღებები ალბათ 2-3 კვირაში დაგვეწყება. ეს ზაფხული ძალიან კარგად გავატარე, ჯაზფესტივალს დავესწარი, მერე ყაზბეგსა და წოდორეთში დავისვენე, ამჟამად ბათუმში გახლავართ, აქედან კი ანაკლიაშიც მივდივართ ხოლმე. აქ, რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად ვარ და ეს ბოლო კვირა მაქსიმალურად მინდა გამოვიყენო, რომ კარგად გავერთოთ, სექტემბრიდან "გადარბენები" დამეწყება. ჩემი და - ნინუცა თბილისშია. სამწუხაროდ, წამოსვლა ვერ მოახერხა, რადგან საქმეები აქვს. რაც შეეხება რუსთაველის თეატრს: პირველ სექტემბერს შეკრება გვექნება, სადაც გავიგებთ, რა სპექტაკლები იგეგმება სეზონზე და როგორ განაწილდება როლები.
ბაჩო ქაჯაია (ლაშა):
- ახლა რაჭის ულამაზეს სოფელში ვიმყოფები და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. ეს ზაფხული ძალიან კარგად გავატარე, ქალაქის დინამიკური ცხოვრებისგან განვიტვირთე. ჯერ ზღვაზე ვიყავი მეუღლესთან ერთად, წყნარი ადგილი შევარჩიეთ და მშვიდად დავისვენეთ, ცოტა გავირუჯე კიდეც, შემდეგ, ხაშურში - ბებია-ბაბუასთან. რაჭაში ხან მწყერზე სანადიროდ, ხან - შაორის ტბაზე დავდივარ და ასე ვატარებ დროს ოჯახთან ერთად. რაც შეეხება სერიალს, მოგეხსენებათ, სექტემბერში დაგიბრუნდებით. ახმეტელის თეატრში ერთ სპექტაკლში ("ტაქსისტი გივის სიყვარულის ამბავი") ვარ დაკავებული, გორის თეატრი კი რემონტდება და შემდეგ ახალი ძალებით შევუდგებით მუშაობას. იქ ჩემი პედაგოგის - გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლში - "სექტემბრის თოვლი" - ვმონაწილეობ.
ქეთი კანტიძე (ნუნუ):
- ზაფხული თბილისში გავატარე და შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ სახლში დავისვენე.
- "ტელეიმედზე" კვლავ "შუა ქალაქში", ქალბატონი ნუნუს როლში იქნებით? რაიმე სხვა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ხომ არ გაქვთ?
- არა, ისევ ნუნუს განვასახიერებ. ჯერ არ ვიცი, რა ამბებს დაატრიალებს, რა მდგომარეობაში ჩავარდება და როგორი გახდება ჩვენი ნუნუკა.
- მალე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება. როგორ ემზადება მარჯანიშვილის თეატრი ამ მოვლენისთვის?
- მე ამ თეატრის დასის გამგე გახლავართ, შვებულებიდან 3 სექტემბერს დავბრუნდები და ამ დროისთვის უფრო ზუსტად მეცოდინება ყველაფერი სამზადისის შესახებ. ფესტივალი 14 სექტემბრიდან იწყება, ჩვენ კი სეზონს ოქტომბრის დასაწყისში გავხსნით. სავარაუდოდ, ლევან წულაძის დადგმულ შესანიშნავ სპექტაკლს - "როგორც გენებოთ" წარვადგენთ. გარდა ამისა, იქნება სპექტაკლის - "მარჯანიშვილი" პრემიერა, რომელზეც ლევან წულაძე და დიმიტრი ღვთისიაშვილი ერთდროულად მუშაობენ. მოკლედ, მაყურებელს ბევრ სიახლეს შევთავაზებთ.
ნინი მითაიშვილი (ელენე):
- ჯერ საკუთარ აგარაკზე ვისვენებდი შვილთან, ჩემი დისა და მეგობრის შვილებთან, ასევე, ძაღლებთან ერთად (იცინის). ახლა კვარიათში ვარ და ისე ვისვენებ, რასაც მართლა დასვენება ჰქვია, საკუთარ თავს ვეკუთვნი; მანამდე სულ ბავშვებს ვუვლიდი. კარგი ამინდებია და გარუჯვასაც ვახერხებ. როცა გავიგე, რომ ანა ქურთუბაძეც (თეკლა) აქ ყოფილა, შევხვდი და მეგობრებთან ერთად, არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ.
ნუგზარ ჩიქოვანი (ფრიდონი):
- ზაფხულის ნაწილი თბილისში გავატარე, რამდენიმე სამსახური მაქვს და შვებულება ყველგან ერთდროულად ვერ ავიღე. ჯერ თეატრმა დაგვასვენა, მოგვიანებით - სერიალმა, ბოლოს გახმოვანებაზე ვმუშაობდი და ახლა ერთი კვირაა, სვანეთში, უშგულში არაჩვეულებრივად ვისვენებ. აქ პირველად ვარ და შესანიშნავი ადგილები, უამრავი ტაძარი ვნახე. სად არ დამინთია სანთელი, მაგრამ ისეთი საოცარი გრძნობით არ გამოვსულვარ, როგორითაც ლამარიას, IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის სალოცავიდან. მთელი საეკლესიო საგანძური ერთ კოშკში ინახება, რომელშიც მუზეუმია გახსნილი. ეს უნიკალური ნივთები ყველა ქართველმა უნდა ნახოს.
- წარმოშობით ამ კუთხიდან ხართ?
- არა. ჩემი წინაპრები სამეგრელოდან არიან. მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე. სვანი მეგობრები მეუბნებიან, სვანი ხარო (იცინის). გული დამწყდებოდა, სვანეთში რომ არ წამოვსულიყავი და ეს სილამაზე არ მენახა. რაც შეეხება სერიალს, წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს. დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ ფრიდონი კვლავაც განვასახიერო.
- დარწმუნებული ვარ, მაყურებელსაც ამის სურვილი აქვს. კარგ დასვენებას და წარმატებებს გისურვებთ.
- დიდი მადლობა, თქვენც.
თამთა დადეშელი
(გამოდის ხუთშაბათობით)