მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. იურისტი მამის პროფესია ბავშვობიდან ხიბლავდა. პროფესიად მუსიკა გაიხადა, თუმცა უდიპლომო ადვოკატად დღემდე ითვლება თბილისსა თუ მოსკოვში. თვითონ ამაზე ლაპარაკი არ სურს, მაგრამ მის კეთილ საქმეებზე ბევრი ხმა დადის...
ანსამბლ "ივერიის" დედოფალი დღეს მოსკოვში მოღვაწეობს. დროდადრო მონატრებულ თბილისს სტუმრობს, ჩუმად, უხმაუროდ, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე. მორიგ ასეთ ვიზიტზე ქალბატონ მანანასთან შეხვედრა მეც მოვახერხე და მომღერალს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრე.
- მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე და ეს უკვე გამოცდილება იყო ჩემთვის. და-ძმებმა ერთმანეთი გავზარდეთ. სამი ძმა და ერთი და მყავს. ფაქტობრივად, ჩემი უფროსი დის გაზრდილი ვარ. ისეთი გრძნობა მქონდა მის მიმართ, თითქოს ჩემი დედა იყო. დედა ძალიან გადატვირთული იყო. ხუთი შვილის მოვლა იოლი ხომ არ არის. ჩვენ შემოგვწირა თავი, არც უმუშავია. მამა იყო ოჯახის მარჩენალი და თავი, იურისტი გახლდათ, გამომძიებელი. სხვადასხვა რეგიონში აგზავნიდნენ სამსახურიდან და ჩვენც თან დავყავდით, მთელი ოჯახი.
- მამის პროფესიით არ დაინტერესებულხართ?
- კი, და ძალიან ვნანობ, მამის კვალს რომ არ გავყევი. ერთი პერიოდი, როცა კონსერვატორია დავამთავრე, იურიდიულზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ არ მოხერხდა. ამას ძალიან ვნანობ. ადვოკატობა მინდოდა. სუსტი ადამიანის დაცვა, კეთილშობილური ზრახვები მამოძრავებდა ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული არ დამიმთავრებია, დღეს ამ საქმით ვარ დაკავებული.
- რას გულისხმობთ?
- არაპროფესიულად, ცხოვრებისეულად, არაპირდაპირი მნიშვნელობით. ვცდილობ სიმართლე დავიცვა ყველგან, დაჩაგრული დავიცვა, უძლურს დავეხმარო. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, უხერხულია ჩემი მხრიდან.
- ვის ჰგავხართ ხასიათით, გარეგნულად?
- გარეგნობით უფრო მამას. დედა ძალიან ლამაზი იყო. ისეთი ტან-ფეხი ჰქონდა, გარეთ რომ გამოდიოდა, მთელი უბანი გაოცებული უყურებდა. ჩემს დას აქვს დედაჩემისნაირი ტან-ფეხი. მე ამ მხრივ არ გამიმართლა... ხასიათიც მამის მაქვს. დედა ამბობდა ხოლმე მამაზე, დამნაშავეა ადამიანი და მაინც ამართლებს, ეცოდებაო. ძალიან ჰუმანური და კეთილი იყო მამა. ყველა დამნაშავისთვის გამართლებას ეძებდა. პატიოსანი იყო და სულ ამას ამბობდა, მშვიდად მძინავს ღამით, ვიცი, არავინ დამიკაკუნებს კარზეო. ასე გაგვზარდა ჩვენც, წესიერ ადამიანებად ჩამოგვაყალიბა.
- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდებათ მშობლების მხრიდან?
- უფროსის პატივისცემას გვასწავლიდნენ ბავშვობიდან, რომ არასდროს ენა არ უნდა შეუბრუნო უფროსს, რაც უნდა ცუდი გაკადროს. მამა ამბობდა, ადამიანი ერთხელ თუ მოგატყუებს, მეორედაც მოგატყუებს, მესამედაც და მეათედაც, იმას აღარ უნდა ენდოო. რაც შეეხება დედას, მას მიაჩნდა, რომ ქალმა ყველა საქმე უნდა იცოდეს ოჯახში, კულინარიიდან დაწყებული, ჭრა-კერვით დამთავრებული. დედა არაჩვეულებრივად კერავდა. ჩვენც გვიკერავდა და ისეთი ჩაცმულები დავდიოდით მისი წყალობით, განსაკუთრებით გოგონები, თოჯინებს ვგავდით. ჩვენც გვასწავლიდა ბავშვობიდან კერვას. სამი წლიდან მახსოვს ჩემი ბავშვობა. ზუსტად ამ ასაკში პატარა თითებით თოჯინების კაბებს ვკერავდი და ეს ძალიან მართობდა. ეს ხელსაქმე ცხოვრებაშიც გამომადგა. ოჯახში განაწილებული გვქონდა საქმე, ვის რა უნდა გაგვეკეთებინა. დალაგებაც ვიცოდით და სადილების მომზადებაც. მეც ასე გავზარდე ჩემი შვილები. ერთი წლის რომ გახდნენ ჩემი გოგონები, ერთსაც და მეორესაც პატარა სათამაშო ჯამში წყალს ვუსხამდი, საპონს ვაძლევდი და თოჯინების კაბებს ვარეცხინებდი. ეს ძალიან გამოადგათ ცხოვრებაში, დამოუკიდებლობას სწავლობდნენ.
- დღეს როგორ ცხოვრობს მანანა თოდაძე, სახლში სადილებს ამზადებს?
- ვამზადებ კი არა, ვიმალები, როცა საქართველოში ჩამოვდივარ (იცინის). ჩემს მეგობრებს ძალიან უყვართ ჩემი მომზადებული კერძები და მეც სიამოვნებით ვუმასპინძლდები.
- საფირმო კერძი თუ გაქვთ?
- რა გითხრათ, ჩემს მეგობრებს ჩემი მომზადებული წითელი ლობიო უყვართ, ხბოს და ქათმის ჩაქაფული. მოკლედ, ამბობენ, რომ კარგი ხელი მაქვს. განსაკუთრებული სტუმრიანობა მოსკოვში მაქვს ხოლმე.
- ბავშვობას დავუბრუნდეთ, როდის დადგა თქვენს ცხოვრებაში ის პერიოდი, როცა სარკის წინ პირველად დადექით, საწინააღმდეგო სქესს რომ გაპრანჭვოდით?
- სკოლაში ყველა მეპრანჭებოდა და ყველას ვეპრანჭებოდი. ლამაზი არასდროს ვყოფილვარ. ჩემზე ბევრად ლამაზი გოგონები სწავლობდნენ ჩემს სკოლაში, მაგრამ რატომღაც ბიჭები ჩხუბობდნენ, რომელი წაიღებდა ჩემს სასკოლო ჩანთას.
- მაშინ ალბათ უკვე პოპულარული ბავშვი იყავით...
- ძალიან აქტიური ვიყავი. ვმღეროდი, სკოლის ღონისძიებებზე, ოლიმპიადებზე გამოვდიოდი. კონცერტები მქონდა. ხომ გეუბნებით, ჩემი სასკოლო ჩანთა ხელში არ მჭერია, სულ ბიჭებს დაჰქონდათ, მანებივრებდნენ.
- თვითონ თუ გქონდათ სიმპათია რომელიმე მათგანის მიმართ?
- არა, მე ძალიან საზიზღარი ვიყავი ამ მხრივ (ეღიმება). ალბათ ბავშვი ვიყავი და არ მესმოდა ამდენი. თუ გავიგებდი, რომ ვინმეს მოვწონდი, უკვე აღარ მომწონდა. "სტერვა" ვიყავი. ახლა აღარ ვარ ასეთი.
- არავინ გყვარებიათ?
- ვერ მოვასწარი შეყვარება, ისე უცბად გავთხოვდი, სკოლა არ მქონდა დამთავრებული.
- როგორ, "გამარჯობა, მე თქვენი ქმარი ვარ". ასე?..
- ძალიან პირადულია ეს ამბავი. ჩემი ტკივილი და ჩემი ცხოვრებაა. არ მინდა ამაზე ლაპარაკი. გეტყვით იმას, რომ ექსპრომტად გავთხოვდი და ის პერიოდი, რაც ქალიშვილმა გოგონამ უნდა გაიაროს, გაფურჩქვნის ასაკი, არ მქონია და ამაზე ძალიან მწყდება გული. ხუთი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ლეილა მაჩუქა იმ ქორწინებიდან, ბევრი დედა ინატრებდა მისნაირ შვილს.
- მეორე ქორწინებიდანაც ქალიშვილი გყავთ. რას საქმიანობს თამარი?
- თამარი სულ სწავლობს, სულ სტუდენტია. იურიდიულზე სწავლობდა, საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი დაამთავრა. ახლა ინგლისურს სწავლობს.
- მეორე ქორწინებაც მალე დამთავრდა?
- არა, 17 წელი ვიცხოვრეთ ერთად.
- ამ ურთიერთობების შედეგად, როგორ ფიქრობთ, ამოიცანით მამაკაცის ბუნება? რა სჭირდება მამაკაცს ბედნიერებისთვის?
- მივხვდი იმას, რომ მამაკაცებს ჭკვიანი ქალები არ მოსწონთ. დამყოლი ქალები უყვართ, საკუთარი აზრი რომ არ გააჩნიათ და სულ კაცის ჭკუაზე რომ დადიან. შეიძლება ზოგჯერ მოიშტერო თავი, მაგრამ მუდმივად დაშტერება ჭკვიანი ქალისთვის რთულია. კიდევ მივხვდი იმას, რომ ხელოვანი ადამიანისთვის ძნელია ოჯახის შენარჩუნება, განსაკუთრებით მომღერლისთვის. გაუთავებელი კონცერტები, რეპეტიციები და გასტროლები ეჭვიანობის საბაბს აჩენს. ბავშვები რომ გყავს, შინ ვერ დაყრი და შენ სხვა ქვეყანაში ვერ გაიქცევი. მახსოვს, სულ ქვაბებით, ტაშტებითა და ჯამებით დავდიოდი გასტროლიდან გასტროლზე, კონცერტიდან კონცერტზე. თან დამყავდა შვილები. მაშინ ძიძები არ ჰყავდათ, თან მინდოდა, ჩემი შვილები ჩემთან გაზრდილიყვნენ და ამის გამო ბევრ სირთულეს წავაწყდი. თამარი ორი წლის იყო, გასტროლები რომ დამეწყო. გაიხარონ "ივერიის" ბიჭებმა, ძალიან მეხმარებოდნენ. მე რომ სცენაზე ვიყავი, ისინი აბანავებდნენ, თუ რამე "მარცხი" მოუვიდოდა ბავშვებს (იცინის). ძალიან შეკრული კოლექტივი ვიყავით, ერთ ოჯახად ჩამოვყალიბდით... ქალი რომ გათხოვდება, ქმრის გვერდით უნდა იყოს, საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეთ. თუ პოპულარული ხარ, ეჭვიანობის სცენებიც იწყება. ვინ შემოგხედა, ყვავილი რატომ მოგართვა, ვინ არის?.. მომღერალ ქალს ან ყვავილს მოგართმევენ, ან კომპლიმენტს გეტყვიან. მამაკაცები ვერ აცნობიერებენ, რომ პოპულარული ქალის ქმრობას ეს სირთულეები ახლავს.
- თუ დამდგარხართ არჩევანის წინაშე, კარიერა ან ოჯახი?
- ჩემთვის მთავარია, შვილები მყავდეს გვერდით და ისინი იყვნენ კარგად. შეიძლება ქმარი არ გყავდეს და შვილებთან ერთად იყო ბედნიერი. ვიდექი ამ არჩევანის წინაშე, როგორ არა, ორივე ქორწინების დროს, სწორედ ასე დამისვეს საკითხი - ან ოჯახი, სადილების კეთება, სამზარეულო, ან კარიერა, სცენა. მე ავირჩიე სცენა.
- თქვენი ორივე მეუღლე მუსიკოსი იყო, კარგად იცნობდნენ ამ სფეროს, რატომ გაჩნდა ასეთი პრობლემები?
- ვფიქრობ, რომ ხელოვანი ხელოვანს არ უნდა გაჰყვეს ცოლად. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ შეიძლება შურის მომენტიც იყო. ქალი თუ ძალიან წარმატებულია და კაცი ჩრდილში ექცევა, ეს მას აღიზიანებს. არავის უნდა მასზე თქვან, ეს მანანა თოდაძის მეუღლეაო.
- ამდენი წლის შემდეგ არც ერთი ოჯახის დანგრევას არ ნანობთ?
- იცით რას ვნანობ? უფრო ადრე რომ არ დავანგრიე ოჯახი (იცინის). უფრო მეტს მივაღწევდი კარიერაში. შებოჭილი ვიყავი, ბევრ წინადადებაზე უარი ვთქვი, ბევრი კარგი შანსი გავუშვი ხელიდან. მე რომ უფრო ადრე დამენგრია ოჯახი, დღეს როკფელერივით ვიცხოვრებდი. ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ. იმხელა ენერგია მაქვს, არ შეიძლება ჩემი შებოჭვა. რომ დამაბან, ავფეთქდები. ეს ენერგია უნდა დავხარჯო ხელოვნებაში, მეგობრებში, ახლობლებში, ადამიანების დახმარებაში.
- დღეს სად ხარჯავს ენერგიას მანანა თოდაძე?
- ისე აქტიურად ვცხოვრობ აქაც და იქაც, ათი ქალის საქმეს ვაკეთებ ერთდროულად. საბავშვო მუსიკალური სტუდია მაქვს მოსკოვში, თავად ვმღერი, მაქვს გასტროლები, ხშირად მიწვევენ ჟიურიში საზღვარგარეთ გამართულ ფესტივალებზე და კონკურსებზე. ვხელმძღვანელობ ხმის ჩამწერ სტუდიას. ამასთანავე, მეგობრებსაც არ ვტოვებ უყურადღებოდ, არც შვილებს. თბილისში ხალხს რომ ვუყურებ, ცოტა მიკვირს, არ იციან დრო რაში დახარჯონ. მოსკოვში ხშირად ვნატრობ, თავისუფალი დრო გამომიჩნდეს, რომ ჩემს მეგობრებს დავუთმო.
- მოსკოვში რომ ხართ, საქართველოში რა გენატრებათ ყველაზე მეტად?
- საქართველო მენტრება. სიზმარში სულ თბილისში ვარ. ჩემი ქალაქი, ქუჩები მენატრება. ის ხალხი, ვისაც ვუყვარდი და დღესაც ვუყვარვარ. აეროპორტში რომ დაეშვება თვითმფინავი, გულისცემა მიხშირდება, ვერ აგიხსნით, რა ემართება ჩემს სულს, როცა აქაურ ჰაერს ვსუნთქავ.
- საქართველოში არ გაქვთ კონცერტები?
- მხოლოდ მაშინ, თუ "ივერია" გამართავს კონცერტს, სხვა შემთხვევაში არა და ძალიან მწყდება ამაზე გული. ვინმემ რომ მიმიწვიოს კონცერტზე, პროექტში, ან ჟიურიში, ჯერ არ მომხდარა.
- დათანხმდებოდით რომელიმე ქართულ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობას ჟიურის წევრის სტატუსით?
- რატომაც არა. გადავდებდი ჩემს საქმეებს და მთელი პროექტის განმავლობაში დავრჩებოდი თბილისში.
- თავად რა გამოცდილება გაუზიარეთ შვილებს, როგორი დამოკიდებულება გაქვთ მათთან?
- მეგობრული ურთიერთობა მაქვს შვილებთან, მაგრამ მათ კარგად იციან, რომ ზღვარი ყოველთვის არსებობს ჩვენ შორის, რომელსაც არც ერთი მხარე არ არღვევს. მე პატივს ვცემ მათ აზრს და ისინი - ჩემსას. არასდროს არაფერი დამიძალებია მათთვის. ვცდილობდი, დიპლომატიური გზით მიმეყვანა სწორ გადაწყვეტილებამდე, არასდროს ჩავრეულვარ მათ პირად ცხოვრებაში. შემიძლია რჩევა მივცე, მაგრამ უხეშად არასდროს ჩავერევი, არჩევანს ყოველთვის მათ ვუტოვებ.
- დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავთ, თუ შეიძლება...
- არ მჯერა, რომ ამბობენ, ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო. თუ საკუთარ თავზე არ გამოსცადე შეცდომა, ვერასდროს წახვალ წინ, ვერასდროს გააკეთებ ანალიზს, რატომ იყო ესა თუ ის ნაბიჯი არასწორი. მთავარია, მეორედ და მესამედ აღარ დაუშვა ერთი და იგივე შეცდომა. რას არ გავაკეთებდი?.. არავითარ შემთხვევაში არ გავთხოვდებოდი ადრეულ ასაკში. ქალიშვილობის დრო მენატრება. სტუდენტი ვიყავი, როცა დავფეხმძიმდი, სულ პრობლემები მქონდა. დავიღალე. დროზე ადრე დავიღალე. ჩემი თანატოლები ახალგაზრდობით ხარობდნენ, დასეირნობდნენ, კინო არ აკლდათ და თეატრი, მე ვხეხავდი, ვრეცხავდი, სახლს ვალაგებდი, სადილებს ვამზადებდი და შვილს ვუვლიდი. არადა, თვითონ ბავშვი ვიყავი. მიუხედავად ყველაფრისა, არაფერს ვნანობ. მადლობელი ვარ უფლის, რომ ასეთი ცხოვრება მხვდა წილად, ამდენი განსაცდელი და პრობლემა მომივლინა. ამ ყველაფერმა ცხოვრება მასწავლა. ეს პერიოდი რომ არ გამომევლო, ალბათ აქამდე ვერ მოვიდოდი, მაგრამ დავიღალე, ძალიან დავიღალე. დროზე ადრე გავიზარდე.
ნინო მჭედლიშვილი
(გამოდის ორშაბათობით)