მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ ბოლო ხანს გავრცელებული მოსაზრებები რუსული საზოგადოებისა და ხელისუფლების კლერიკალიზაციის შესახებ, რაც ცხოვრების ყველა სფეროზე ეკლესიის დომინირებას ითვალისწინებს, მითია და სიმართლეს არ შეეფერება, - იტყობინება "რია ნოვოსტი".
"საზოგადოებასა და ხელისუფლებაზე ეკლესიის ასეთი ზეგავლენის დამადასტურებელი მაგალითები არ არსებობს. ხოლო თუ არსებობს რაიმე ზეგავლენა, ის მხოლოდ მორალური სფეროთი შემოიფარგლება. საქმე ეხება არა კლერიკალიზაციას, არამედ ჩვენს ხალხსა და საზოგადოებაზე სულიერი ზეგავლენის გაძლიერებას. ეს ხომ არის კიდეც ჩვენი ამოცანა, რომელიც ვალდებული ვართ შევასრულოთ. თუ მინისტრი, ანდა პრემიერ-მინისტრი მორწმუნეა და ეკლესიაში მოდის, განა ეს კლერიკალიზაციაზე მიუთითებს? - განაცხადა პატრიარქმა იაპონიაში ვიზიტის წინ იაპონელ ჟურნალისტებთან საუბარში და იქვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან ხანდახან უთანხმოებაც მოსდის. ამის დამადასტურებელ მაგალითად, კირილმა აბორტების თაობაზე დუმაში წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით ეკლესიის მიერ გამოთქმული შენიშვნები დაასახელა, რომელიც ხელისუფლებამ ბოლომდე არ გაიზიარა.
რუსული საზოგადოებისა და ხელისუფლების კლერიკალიზაციის გაძლიერების თაობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვის სასამართლომ პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის წევრებს რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი ხულიგნობისათვის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა".