ავღანეთში კოალიციამ მორიგი შვეულმფრენი დაკარგა

ავღანეთში კოალიციამ მორიგი შვეულმფრენი დაკარგა

5 სექტემბერს, ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია ლოგარში NATO-ს სამხედრო შვეულმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაცია, ავღანეთში განთავსებულ კოალიციის კონტიგენტზე დაყრდნობით, ფრანგულმა სააგენტო France-Presse-მა გაავრცელა.

შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ, NATO-ს ოფიციალურ წარმომადგენლებს რაიმე ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ და მიზეზების დასახელებისგან თავი შეიკავეს. თუმცა, თალიბანის მტკიცებით, შვეულმფრენი მათი ჩამოგდებულია.

"ტვიტერზე" გაკეთებული განცხადების თანახმად, თალიბები ირწმუნებიან, რომ 5 სექტემბერს კიდევ ერთი ამერიკული შვეულმფრენი ჩამოაგდეს, რასაც 21 "დამპყრობლის" სიცოცხლე შეეწირა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ტერიტორია სადაც OH-58 Kiowa-ს ტიპი სადაზვერვო შვეულმფრენი ჩამოვარდა, თალიბები სრულად აკონტროლებენ. ამიტომაც კატასტროფის ადგილამდე ავღანური უსაფრთხოების ძალები მისვლას ვერ ახერხებენ.

ბოლო დროის განმავლობაში, ავღანეთში კოალიციის შვეულმფრენების ჩამოვარდნის თუ ჩამოგდების შემთხვევები გახშირდა. როგორც წესი, კატასტროფის ან ავარიის ტექნიკური მიზეზის შემთხვევაშიც კი, მომხდარს საკუთარ თავზე თალიბები იღებენ.

უკანასკნელი შემთხვევა 16 აგვისტოს მოხდა. მაშინ ყანდაარის პროვინციაში, აშშ-ის არმიის 25-ე ქვეითთა დივიზიის შვეულმფრენი UH-60L, საბრძოლო პატრულირების დროს, თალიბებმა ხმელეთიდან გახსნილი ცეცხლით ჩამოაგდეს. შვეულმფრენის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა. მათ შორის, ეკიპაჟის 3 წევრი, 7 ამერიკელი და 3 ავღანელი სამხედრო და ერთი ავღანელი თარჯიმანი.

5 სექტემბრის ინციდენტის ჩათვლით, მიმდინარე წელს კოალიციამ ავღანეთში 9 შვეულმფრენი დაკარგა. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემთხვევა 16 მარტს მოხდა. მაშინ პატრულირების დროს, ტექნიკური გაუმართაობის გამო, თურქული S-70A ბაგრამის რაიონში საცხოვრებელ სახლებზე ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი შვიდი ადამიანი და დასახლებაში მყოფი ორი სამოქალაქო პირი.

ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, ტექნიკური გაუმართაობისა და მოწინააღმდეგის ცეცხლისგან, კოალიციამ 70 შვეულმფრენი დაკარგა. ყველაზე მასშტაბური შემთხვევა გასული წლის 6 აგვისტოს მოხდა, როდესაც ვარდაკის პროვინციაში CH-47D-ის ტიპის შვეულმფრენი ჩამოვარდა. მის ბორტზე ეკიპაჟის - 5 და სპეც-დანიშნულების რაზმის 22 წევრი, 3 ამერიკელი და 7 ავღანელი ჯარისკაცი, თარჯიმანი და ძაღლი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, შეულმფრენი თალიბებმა ჩამოაგდეს. სხვათა შორის, დაღუპული სპეც-დანიშნულების რაზმის წევრები ბენ-ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ამიტომაც მომხდარის შემდეგ ბევრი არაოფიციალური ვერსიაც გაჩნდა.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე