აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ "დემოკრატიული პარტიის" ყრილობის მონაწილეებს მიმართა.
BBC-ის ცნობით, ქალაქ შარლოტში მიმდინარე შეკრებაზე ობამამ განაცხადა, რომ თანახმაა "დემოკრატების" შეთავაზებაზე, დააყენოს საკუთარი კანდიდატურა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე და უკანასკნელი ვადით.
მოქმედმა პრეზიდენტმა პირველი ვადის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეორედ არჩევის შემთხვევაში ამერიკელების ოცნებების ასრულების საშუალება მიეცემა.
ბარაკ ობამამ ოპონენტი მიტ რომნი და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი პოლ რაიანიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი საგარეო პოლიტიკაში ახლები არიან.
"აქედან გამომდინარე კი ჩვენ ვხედავთ, რომ მათ უხეში შეცდომების ეპოქაში ჩვენი დაბრუნება სურთ, რაც აშშ-ს ძვირად დაუჯდა. თქვენ ხომ ვერ შეძლებთ, უწოდოთ ჩვენი ნომერ პირველი მტერი რუსეთს და არა "ალ-ქაიდას"",- აღნიშნა ობამამ.
აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სიტყვაში დიდი ყურადღება საერთაშორისო არენაზე მოპოვებულ მიღწევებს დაუთმო. მათ შორის მთავარ მოვლენად კი უსამა ბინ ლადენის მკვლელობა დაასახელა.
"მთელს მსოფლიოში ჩვენ გავაძლიერეთ ძველი კავშირები და ჩამოვაყალიბეთ ახალი კოალიციები, რათა შევაჩეროთ ბირთვული იარაღის გავრცელება. თუმცა ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები. აუცილებელია ბოლო მოეღოს ტერორისტების შეთქმულებებს. საჭიროა ევროპის კრიზისის ლოკალიზება. ირანის მთავრობის ბირთვულ მისწრაფებებს მთელი მსოფლიო უნდა დაუპირისპირდეს", - განაცხადა ობამამ.
დემოკრატიული პარტიის ყრილობის მონაწილეებს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმაც მიმართა და ბარაკ ობამას მიღწევებზე ისაუბრა.