ნინი ქარსელაძე: "ბრენდულ სამოსში გამოწყობა სულაც არ ნიშნავს, რომ გემოვნებიანი ხარ"

ნინი ქარსელაძე: "ბრენდულ სამოსში გამოწყობა სულაც არ ნიშნავს, რომ გემოვნებიანი ხარ"

მომღერალ ნინი ქარსელაძეს, რომელიც ბავშვობიდან გამორჩეულად იმოსება, მოდის ტენდენციებსა და შემოსვის სტილზე სასაუბროდ საბერძნეთში დავუკავშირდით, სადაც ის ოჯახთან ერთად ისვენებს.

- ცოტა ხნის წინ მე და დათუნა მგელაძემ დუეტი ჩავწერეთ და კლიპიც გადავიღეთ ჩემს საყვარელ ქალაქ ბათუმში. საბერძნეთიდან რომ დავბრუნდები, თბილისში აუცილებლად გაიმართება ამ კლიპის პრემიერა, შემდეგ კი ისევ საზღვარგარეთ წავალ სწავლის გასაგრძელებლად.

- ნინი, ბევრი ამბობს, რომ გემოვნებით იმოსები. როგორ ფიქრობ, რა განსაზღვრავს ადამიანის გემოვნებას?

- გემოვნება მხოლოდ კარგად ჩაცმას არ გულისხმობს; გემოვნებიანი რომ გერქვას, ბევრი კომპონენტია საჭირო. ადამიანის გემოვნებას განსაზღვრავს ოჯახი, აღზრდა, განათლება. მიხარია, გემოვნებიანად რომ მიმიჩნევენ. ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაში დედაჩემს (მომღერალი ხათუნა ჟორდანია - თ. ბ.) მიუძღვის დიდი წვლილი. ის დღემდე მაძლევს რჩევებს. საერთოდ, ჩვენს ოჯახში ნებისმიერ საკითხზე ერთმანეთის აზრს ვითვალისწინებთ. ხათუნა არაფრის ჩაცმას არ მიკრძალავს. თვითონაც აკრძალვების გარეშე გაიზარდა და მეც ასე მზრდის.

- შენი შეყვარებული გიორგი ფულარიანი თუ გიკრძალავს რამის ჩაცმას?

- არც გიორგის აქვს პრეტენზია ჩემს ჩაცმულობაზე. რაც მიხდება, იმის ჩაცმას ვერავინ ამიკრძალავს.

- სამოსის არჩევისას ხარისხს ანიჭებ უპირატესობას თუ მარკას?

- მთავარია, მომეწონოს და მიხდებოდეს. ასევე, მნიშვნელოვანია ფასი. მარკას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ისე, ჩემი აზრით, ცოტა გოიმურია, როდესაც სულ ბრენდული სამოსი გაცვია. ბრენდულ სამოსში გამოწყობა სულაც არ ნიშნავს, რომ გემოვნებიანი ხარ.

- ბავშვობიდან გიწევს ცნობილ ქართველ დიზაინერებთან თანამშრომლობა. რომელ მათგანს გამოარჩევ და, საზოგადოდ, რას იტყვი ქართველი დიზაინერების ახალ თაობაზე?

- არაერთი წელია, ავთანდილთან ვთანამშრომლობ. ის დახვეწილ და გემოვნებიან სამოსს ქმნის. ახალი თაობიდან კი გამოვარჩევ ტატუნა ნიკოლაიშვილს.

- რა ჰქვია იმ სტილს, რომლის მიხედვითაც ნინი ქარსელაძე იმოსება?

- ჩემს სტილს ჰქვია "ნინი ქარსელაძე" (იცინის). ჩემი იმიჯი დედაჩემისა და ავთო ცქვიტინიძის დამსახურებაა. ყველამ უნდა ჩაიცვას ის, რაც უხდება და არა ის, რაც მოდურია.

- მოდის წლევანდელი ტენდენციებიდან რა მოგწონს ყველაზე მეტად?

- მომწონს, რომ ამ სეზონზე კვლავ მოდურია ვიწრო ტანსაცმელი. ძალიან მომწონს წითელი სამოსი. შავი კი ჩემთვის მუდამ აქტუალური და საყვარელი ფერია.

- წონას როგორ აკონტროლებ?

- გარდატეხის ასაკში მქონდა წონის პრობლემა, მაგრამ დედაჩემის ძალისხმევით მოვახერხე ფორმაში ჩადგომა და მას შემდეგ წონას ვინარჩუნებ. 2-3 კილოგრამი თუ მოვიმატე, განტვირთვის დღეებს ვიწყობ, ვიკეთებ მასაჟს და ვიკლებ.

- როგორ არომატებს ამჯობინებ?

- მძაფრი სუნამოები მომწონს. ჩემი საყვარელი არომატებია "კეტი პერი" და "ჰერმესი".

- ხშირად დადიხარ საყიდლებზე?

- სეზონურად. ძალიან მომწონს საყიდლებზე სიარული პარიზში, ალბათ, იმიტომ, რომ ფრანგული ენა კარგად ვიცი - თითქმის ქართულივით.

- ვის მიიჩნევ გემოვნებიან ქალად?

- ყველაზე გემოვნებიან ქალებად სარა ჯესიკა პარკერი და ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლე, ხათუნა თორთლაძე მიმაჩნია. ყველას აქვს უფლება, თავისი სტილი ჰქონდეს, მაგრამ თუ ყველაზე გემოვნებიანის დასახელებაზე მიდგა საქმე, ამ ქალბატონებს დავასახელებ.

- მიშელ ობამა, კარლა ბრუნი, მეჰრიბან ალიევა, სანდრა რულოვსი - რომელია ამათგან ყველაზე გემოვნებიანი, შენი შეფასებით?

- ძალიან მომწონს აზერბაიჯანის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას შემოსვის სტილი. მეჰრიბან ალიევა ლამაზიც არის და გემოვნებიანიც.

- რას ურჩევ ქართველ მანდილოსნებს?

- ჩემი მხრიდან უხერხული იქნება, მათ რჩევა მივცე (იცინის).

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება