რა ტრადიცია დაარღვია გათხოვების შემდეგ ნათია დუმბაძემ

რა ტრადიცია დაარღვია გათხოვების შემდეგ ნათია დუმბაძემ

მომღერალი ნათია დუმბაძე სექტემბრიდან მუშაობის დაწყებას აპირებს, თუმცა არ გაგვიმხილა, სად და რა თანამდებობაზე, მანამდე კი თურქეთი მოიარა და ახლა ბათუმში აპირებს წასვლას. ნათიას ძალიან უყვარს მოგზაურობა და ამბობს, რომ წელიწადში ორჯერ მაინც გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩემოდნებზე ცხოვრება მისი სტილია.

- თურქეთში მე, ჩემი მეუღლე და ჩემი ოთხი წლის შვილი დუდუ ვიყავით, არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ოთხი წლის განმავლობაში პირველად მოხდა ისე, რომ დუდუმ ჩვენთან ერთად დაისვენა. ალანიის კურორტზე ვიყავით საოჯახო სასტუმროში, ძალიან კარგად მოვეწყვეთ და კარგადაც დავისვენეთ.

- როგორც მივხვდი, დუდუმ პირველად იფრინა თვითმფრინავით, როგორი რეაქცია ჰქონდა?

- ისეთი სასაცილო იყო, ვიდეოც კი გადავუღე. საერთოდ, გიჟდება სათამაშო თვითმფრინავებზე, უამრავი აქვს და რეალურად რომ ნახავდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა? ტრაბზონამდე მანქანით ჩავედით, რადგან იქ ჩემი საყვარელი შოპინგ-ცენტრი მელოდებოდა, მერე ტრაბზონიდან გადავფრინდით ალანიაში. ეს დუდუსთვის დაუვიწყარი იყო, წამოსვლა აღარ უნდოდა.

- დასასვენებლად წასასვლელად როგორ ემზადები? დიდხანს ბარგდები?

- ყოველთვის დიდი ხნით ადრე მჩვევია ხოლმე ჩალაგება, ეს დედაჩემისგან გამომყვა, წასვლამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე ვალაგებ, რაზეც ჩემი მეუღლე სულ მსაყვედურობს, რად გინდა ასე ადრე რომ იწყებ ჩაბარგებასო. ამჯერად წასვლის წინა დღეს მოვამზადე ყველაფერი. როგორც წესი, უამრავი რამ მიმქონდა, რადგან ვგიჟდები სამოსის დღეში სამჯერ გამოცვლაზე, ეს ჩემი ჰობია, თუმცა წელს შედარებით ნაკლები ტანსაცმელი წავიღე.

- კარგი ფერი გაქვს, ეს თურქეთში მიღებული ნამზეურია თუ წასვლამდე აქაც დადიოდი აუზზე?

- სანამ წავიდოდი, მანამდე ვსტუმრობდი სოლარიუმს, მერე აუზზეც დავდიოდი, დანარჩენი კი თურქეთში დავამატე, მინდა გითხრათ, რომ თურქეთში განსხავავებულ რუჯს იღებ, კანი უფრო ბზინავს და თითქოს ოქროსფერიც დაჰყვება.

- ყოველ წელს გადიხარ საზღვრებს გარეთ?

- ძალიან მიყვარს მოგზაურობა, არ არსებობს წელიწადი, საზღვარგარეთ რომ არ წავიდე. ვცდილობ, წელიწადში ორჯერ, ზამთარ-ზაფხულ დავტოვო საქართველო და სადმე გავემგზავრო. არ მახსოვს, რომელიმე მოგზაურობიდან უკმაყოფილო ჩამოვსულიყავი, საქართველოს საზღვარს რომ ვტოვებ, უკვე კმაყოფილი ვარ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ქვეყანაზე, სადაც მივემგზავრები.

- შეიძლება ითქვას, რომ ჩემოდნებზე ცხოვრება შენი სტილია?

- კი, ვგიჟდები მოგზაურობაზე, ეს ჩემთვის განტვირთვის ერთგვარი ფორმაა, სულ თბილისში ყოფნით ვიღლები, ამიტომ მიჩნდება სურვილი, დავტოვო აქაურობა და ცოტა ხნით სადმე წავიდე.

- ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი?

- კი, საკმაოდ. მათ შორის განსაკუთრებულად მაინც პარიზი დამამახსოვრდა, ამ ქალაქში ორჯერ ვიყავი, ერთხელ საქორწინო მოგზაურობაში და ალბათ გასაკვირი არაა, რომ ეს ყველაზე კარგად დამამახსოვრდა, მეორედ - ჩემი მეგობრის, თიკო ნატროშვილის ქორწილში. ზამთარში, იანვარში ჰქონდა ქორწილი და არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ, ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ მე სულ სიარული მინდოდა, ჩემს მეუღლეს კი ეზარებოდა, პირველად რომ ჩავედით პარიზში, ყველაფერი დავათვალიერეთ, რაც ათ დღეში შეიძლებოდა გვენახა, მეორედ რომ ჩავედით, თავიდან წავიყვანე ლუვრში, თავიდან შემოვატარე ღირსშესანიშნაობები და უკვე აღარ შეეძლო ჩემთან ერთად სიარული. თბილისში დილით ადრე ვერ ვიღვიძებ, იქ კი 9 საათზე უკვე მზად ვიყავი გასასვლელად, სულ ფეხით დავდიოდი, რაზეც ჩემი მეუღლე წუწუნებდა, ბოლოს მარტო დავდიოდი, საღამოს ვხვდებოდით ერთმანეთს და ერთად ვატარებდით დროს.

- რომელი ქვეყნის ღირსშესანიშნაობამ დატოვა შენზე წარუშლელი შთაბეჭდილბა?

- ლუვრმა და ეიფელის კოშკმა, ეიფელის კოშკი პირველად რომ ვნახე, ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, იმ ღამეს დამესიზმრა კიდეც.

- მოგზაურობის ან დასვენების დროს საშოპინგოდ თუ იცლი?

- კი, ჩემთვის არ არსებობს მოგზაურობა შოპინგის გარეშე. სხვათა შორის, ადრე სამახსოვრო ნივთებიც ჩამომქონდა, გათხოვებამდე ამოჩემებული მქონდა კოვზები, სადაც მივდიოდი, ყველა ქვეყნიდან კოვზები ჩამომქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბაჩოს გავყევი ცოლად, ეს ტრადიცია დავარღვიე და დავივიწყე.

- რაც შეეხება ტრადიციულ და ეგზოტიკურ კერძებს, ამ მხრივ თუ გიყვარს ექსპერიმენტები?

- კი, ზოგს ენატრება ხოლმე ქართული კერძები, მე ყველაფერს გემრიელად მივირთმევ, ვჭამ როგორც თურქულ, ასევე იაპონურ, ჩინურ თუ სხვა ქვეყნის ტრადიციულ კერძებს, ამ მხრივ პრეტენზიული არ ვარ. ეგზოტიკური საჭმელებიდან მიჭამია ბაყაყი, ლოკოკინასა და ზღვის პროდუქტებზე ვგიჟდები, რადგან მე თვითონ ზღვის პროდუქტი, მორიელი ვარ (იცინის), ამიტომაც მიყვარს ყველაფერი, რაც ზღვასთან ასოცირდება.

- მოგზაურობისა და დასვენების დროს მეუღლე ხომ არ გზღუდავს რამეში?

- არა, არაფერში. ამჯერად ბავშვთან ერთად ვიყავით და დიდად გართობისთვის ვერ ვიცლიდით, პენსიონერულად, მაგრამ სასიამოვნოდ დავისვენეთ. როდესაც მარტოები მივდივართ, ყოველთვის ვუგებთ ერთმანეთს და მაგრად ვერთობით.

- რამდენად რომანიტიკულები ხართ შენ და შენი მეუღლე?

- მე ძალიან რომანტიკული ვარ, ჩემი მეუღლე - არა, არადა ძალიან მინდა იყოს (იცინის). პირადად მე ბევრი ისეთი სიურპრიზი გამიკეთებია, რომ გაოგნებულა, ხშირად ვუწყობ რომანტიკულ ვახშამს სანთლების ფონზე, თვითონ კი ერთხელ, შეყვარებულობის დროს გამიკეთა ძალიან მაგარი რაღაც, ამ დროს ბიჭები ხომ იცი როგორ აქტიურობენ?! იმ პერიოდში მე, სალომე ბაკურაძე და თიკა მახალდიანი ბათუმში ვისვენებდით, რა თქმა უნდა, იქ ბაჩოც იყო, დისკოთეკაზე ვიყავით, იქიდან გამოსულებს კი ბაჩოს მანქანაში ჩაგვეძინა, გამთენიისას გვაღვიძებს ჩვენი უსაყვარლესი ბრაზილიური სიმღერა, ვახელთ თვალს და მანქანით ვდგავართ პლაჟზე, თავიდან ვერ მივხვდით რა ხდებოდა, მაგრამ მერე გავერკვიეთ სიტუაციაში და მივხვდით, რომ ასე რომანტიკულად და ლამაზად გაგვაღვიძა სანაპიროზე.

- შენ, სალომე ბაკურაძე და თიკა მახალდიანი ხშირად ატარებთ დროს ერთად და შესაშურად ერთობით, თქვენი მეგობრობა "ჯეოსტარიდან" დაიწყო?

- მგონი, არც ერთი სამეგობრო არ ერთობა ისე, როგორც ჩვენ. თიკას ადრეული ბავშვობიდან ვიცნობ, სალომე კი "ნუცას სკოლაში" გავიცანი და მას შემდეგ დავმეგობრდით, მერე და მერე ეს მეგობრობა ნათესაობაში გადავიდა. სხვათა შორის, გავიცანით თუ არა ერთმანეთი, იმავე წელს ერთად წავედით ანტალიაში, მაგრად გავერთეთ და სწორედ იქიდან ჩაეყარა ჩვენს მეგობრობას საფუძველი.

- რისკიანი თუ ხარ, ექსტრემალურ გასართობებზე თუ ცდი ხოლმე ბედს?

- ჩემი მეუღლე ექსტრემალია, სახლში ფერად-ფერადი მოტოციკლეტები გვაქვს ჩამწკრივებული. მე დიდი ექსტრემალობით არ გამოვირჩევი, უფრო სხვა საკითხებში, მაგალითად, გადაწყვეტილების მიღებაში ვარ რისკიანი, შემიძლია რისკიანი გადაწყვეტილება მივიღო.

- საოცნებო ადგილი, სადაც დაისვენებდი ან იმოგზაურებდი?

- ბრაზილიაში მინდა დასვენება და ნიუ-იორკში, ამ ქალაქში დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი, ნიუ-იორკი ჩემი ქალაქია.

- თუ გქონია ისეთი ზაფხული, რომელიც ცუდ ემოციებთანაა დაკაშირებული?

- (ფიქრობს) "მის საქართველოზე" რომ გამოვდიოდი, იმ წელიწადს ვერსად წავედი და ამიტომ მახსენდება ცუდად, თორემ ყველა დანარჩენი ზაფხული კარგი გასახსენებელია. ისე, "ჯეოსტარის" დროსაც ასე ვიყავი, მთელი აგვისტო თბილისში გავატარე, არადა არ მიყვარს აგვისტოში თბილისში ყოფნა, ამ დროს ქალაქი ცარიელი და მოწყენილია, რაც არ მსიამოვნებს.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება