მოსკოვის მტკიცებით, აშშ-ის სანქციები რუსეთს საფრთხეს უქმნის

მოსკოვის მტკიცებით, აშშ-ის სანქციები რუსეთს საფრთხეს უქმნის

ირანისა და სირიის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები რუსული ბიზნესის ინტერესებს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ რუსეთის მთავარმა დიპლომატმა - სერგეი ლავროვმა ვლადივოსტოკში ჰილარი კლინტონთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ლავროვის თქმით, ვაშინგტონი მოსკოვთან შეთანხმების გარეშე მოქმედებს და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობს. გარდა ამისა, საფრთხე ექმნება რეგიონში მოქმედ რუსული ბანკების საქმიანობას. თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბანკებზე მეტად რუსეთს შეიარაღების ბაზრის ამ სეგმენტის დაკარგვის ეშინია. არც ისე დიდი ხნის წინ მსგავსმა პრეცედენტმა მოსკოვს მილიარდები უკვე დააკარგინა.

გასულ წელს, გაეროს მიერ ლიბიის მიმართ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთმა საერთო ჯამში 2 მილიარდ დოლარად შეფასებული სამხედრო კონტრაქტები დაკარგა. მართალია რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ეს არც ისე დიდი დანაკარგია, თუმცა რეალურად რომ შევხედოთ საკითხს, ეს "როსობორონექსპორტის" 2009 წლის შემოსავლის დაახლოებით 15-17 %-ია. ეს კი არც ისე მცირე ფულია.

სავარაუდოდ, საუბარია 2010 წლის 29 იანვარს მოსკოვსა და ტრიპოლს შორის გაფორმებულ 1.3 მილიარდ დოლარიან ხელშეკრულებაზე. ის ლიბიისთვის Як-130-ის ტიპის ექვსი თვითმფრინავის, სხვადასხვა ჯავშანტექნიკის და ასევე მანამდე შეძენილი საბჭოური წარმოების ტექნიკის სათადარიგო ნაწილების მიწოდებას ითვალისწინებდა.

გარდა ამისა, განიხილებოდა ლიბიისთვის საავიაციო ტექნიკისა და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მიწოდების შესაძლებლობაც. ამ გარიგების ღირებულება 1.8 მილიარდ დოლარს აღწევდა. სავსებით რეალური იყო, რომ ლიბია ახალი რუსული Су-35-ის ტიპის გამანადგურებლის პირველი ექსპორტიორი ყოფილიყო. სანქციების შემოღებამდე "როსობორონექსპორტი" ამზადებდა კონტრაქტს 12-დან 15-მდე თვითმფრინავის მიწოდებაზე, რომლის საერთო ღირებულება 800 მილიონი დოლარი იყო.

კადაფის ხელისუფლებას რუსულ იარაღზე ჰქონდა თვალი დადგმული. დამატებით 1 მილიარდის გადახდას ლიბია Ка-52-ის ტიპის საბრძოლო შვეულმფრენებში, 40 ერთეულ Панцирь-С1-ისა და С-300ПМУ-2-ის ტიპის (ორი დივიზიონი) საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებში, Т-90С-ის ტიპის ტანკებში, "გრადის" ტიპის დანადგარებსა და დიზელ-ელექტრულ წყალქვეშა ნავებში აპირებდა.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე