"გაიღიმეთ" ანუ შორენა კორუმპირებული პარლამენტარის ცოლი და მრავალშვილიანი დედა გახდა

"გაიღიმეთ" ანუ შორენა კორუმპირებული პარლამენტარის ცოლი და მრავალშვილიანი დედა გახდა

დებიუტანტი რეჟისორის, რუსუდან ჭყონიას ფილმი - "გაიღიმეთ" ვენეციის 69-ე კინოფესტივალზე პარალელურ პროგრამაში - Venice days მოხვდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ფილმში ია სუხიტაშვილი, შორენა ბეგაშვილი, დავით ქაცარავა, ბექა ელბაქიძე, ნანა შონია და სხვა მსახიობები მონაწილეობენ. მოქმედება მრავალშვილიანი დედების სილამაზის კონკურსზე ვითარდება. მთავარი პრიზის - ბინისა და 25 ათასი დოლარის მოსაგებად 10 კონკურსანტი იბრძვის. აქედან 5 სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნება. ფილმის სცენარის ავტორი და პროდიუსერი თავად რეჟისორი გახლავთ. სცენარი 2010 წლის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის გამარჯვებულია. რუსუდან ჭყონიასთან შეხვედრა მისი საქართველოში არყოფნის გამო ვერ შევძელით. ფილმსა და გმირებზე სასაუბროდ შორენა ბეგაშვილსა და მის "მეუღლეს" - დავით ქაცარავას დავუკავშირდით.

შორენა:

- მიხარია, რომ ამ ფილმში მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა. ვფიქრობ, პარლამენტარის ცოლის როლი კარგად მოვირგე. მე ვარ ქალი, რომელსაც მეუღლისთვის ბევრი რამის დამტკიცება სურს. სილამაზის კონკურსზეც ამიტომ გავდივარ... ჩემი გმირი გაიგებს, რომ მის მეუღლეს საყვარელი ჰყავს და დიდი ამბები ხდება. მოკლედ, ძალზე საინტერესო ფილმია. ეს პერსონაჟი სიამოვნებით განვასახიერე. დიდი მადლობა რეჟისორს. მასთან მუშაობა ძალიან კომფორტული იყო; ზუსტად იცოდა, რა უნდოდა და როგორ უნდა გადაეღო. რაც მთავარია, ფილმში სიყალბე არ არის, თითოეული ეპიზოდი ცხოვრებისეულია. ნეტავ, ყველა რუსოსნაირი პროფესიონალი იყოს.

- როგორც ვიცი, გადაღებები მხოლოდ ღამის საათებში გქონდათ.

- დიახ. ვინაიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრი მთელი დღის განმავლობაში დაკავებული იყო, გადაღებებზე მისვლა ღამით გვიწევდა და შინ გამთენიისას ვბრუნდებოდით. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს რეალითი შოუს მონაწილე ვიყავი. მსახიობები დავმეგობრდით. გადაღების პროცესში ისეთი რაღაცები ხდებოდა, მოედნის მიღმა ერთი კამერაც რომ ყოფილიყო დამონტაჟებული, ის არანაკლებ საინტერესო ამბებს დააფიქსირებდა. ამდენი გამოუძინებელი ქალის ერთად ყოფნა, უკვე საინტერესოა - ყველა თავის წყენასა და სიხარულზე ჰყვებოდა, იყო "აფეთქებებიც", ნერვების გამოცდაც, მაგრამ საბოლოოდ, ყველანი მეგობრებად დავრჩით. მამაკაცები მხოლოდ ეპიზოდურ როლებში მონაწილეობენ.

- შენი გმირი მრავალშვილიანი დედაა, არა?

- შვილები მყავს, მაგრამ საკუთარი - არა, მეუღლის შვილები არიან. ამას სხვა კონკურსანტები აპროტესტებენ: სხვის შვილებს უვლის და რატომ მონაწილეობსო? მოკლედ, ჩვეულებრივი ქალური ამბებია - დაპირისპირება, შური... არაჩვეულებრივი სცენარია. მსახიობები კარგადაა შერჩეული და ყველაფერი ზუსტადაა გათვლილი. კონკურსის წამყვანი ბექა ელბაქიძის გმირია. ცეკვა მაესტრო მორისმა გვასწავლა.

- შენი მეუღლის როლს ვინ ასრულებს?

- დავით ქაცარავა. მისი გმირი პარლამენტარია.

- როგორი მეუღლეა?

- მოღალატე, საშინელი მეუღლეა. მისი ღალატის ამბავს სილამაზის კონკურსის მსვლელობის დროს ვიგებ და მერე რაც ხდება, ამას სულ მალე, თავადაც ნახავთ.

- კონკურსანტებიდან ვინ იმარჯვებს?

- ეს ინტრიგად დავტოვოთ. ფინალი თუ არ გეცოდინებათ, ფილმს უფრო მეტი ინტერესით უყურებთ. ყველაფრის გამხელა კარგი არ არის.

- შენი და დათო ქაცარავას ეკრანული წყვილი რეჟისორებს ძალიან მოსწონთ.

- ჰო, ასე გამოდის. ეს მესამე ფილმია, რომელშიც დაგვაწყვილეს.

- ვენეციაში რუსუდან ჭყონიასთან ერთად ია სუხიტაშვილი, ბექა ელბაქიძე და შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წევრებიც არიან. შენ რატომ არ გაემგზავრე?

- ვერ მოვახერხე, რადგან კონცერტების წამყვანი ვარ და გამუდმებით რეგიონებში მიწევს გასვლა. თან, მსახიობების ჩასვლას ფესტივალი არ აფინანსებდა.

- იმ კონცერტებს გულისხმობ, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ ატარებს?

- დიახ. ამ კონცერტებს დუტასთან ერთად ვუძღვები.

- გავიგე, შენ და დუტას გიჩხუბიათ, როცა ის "რუსთავი 2"-დან წამოვიდა.

- ჰო, ეს ჭორი ჩემამდეც მოვიდა, მაგრამ ტყუილია! ჩვენ შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა.

- "იღბლიანი ბორბალი" გრძელდება?

- დიახ და მალე ალბათ, ჩაწერებიც დაიწყება, მაგრამ ვინ შეცვლის დუტას, ჯერ ცნობილი არ არის.

- ქართულ-სომხურ ფილმშიც გადაგიღეს. პრემიერა როდის იქნება?

- ზუსტი თარიღი არ ვიცი. ამ ფილმში დათო ქაცარავა, ჯაბა კილაძე, შონზო, ნიკა არაბიძეც მონაწილეობენ. ფილმის სავარაუდო სახელწოდებაა - "თამაში სიყვარულის წესებით".

დათო ქაცარავა:

- სასიამოვნოა, რომ ფილმმა - "გაიღიმეთ" კინოკრიტიკოსებისგან კარგი შეფასება მიიღო.

- ამ წარმატებას მთელ შემოქმედებით ჯგუფს გილოცავთ! ფილმში ბევრი ქალბატონი და ცოტა მამაკაცი მონაწილეობს. თქვენს როლზე რას გვეტყვით?

- ამ ფილმში პარლამენტის წევრი და იმ სილამაზის კონკურსის ერთ-ერთი მხარდამჭერი ვარ, რომლის კონკურსანტიც ჩემი მეუღლე, შორენა ბეგაშვილის გმირი გახლავთ. ჰოდა, ცხადია, ვცდილობ, მას გავამარჯვებინო. ჩემი გმირი უარყოფითი ადამიანია. ის მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს, კორუმპირებულია.

- შორენამ მითხრა, რომ "მოღალატე მეუღლე" ხარ...

- ჰო, ჩემს გმირს ასაკით მასზე პატარა საყვარელი ჰყავს და ბოლოს ისე თავხედდება, რომ იმ გოგოსთან ერთად მიდის სილამაზის კონკურსზე.

- კონკურსში შორენას გმირი იმარჯვებს?

- არა, კონკურსში გამარჯვებას ის თავად აღარ მოისურვებს. ჩვენ ერთმანეთს ვშორდებით. ყველა დეტალს ვერ გაგიმხელთ... რუსუდან ჭყონიას ყველა იმ რეჟისორისგან განსხვავებული სტილი აქვს, რომლებთანაც დღემდე მიმუშავია. ის კონცენტრირებული იყო კადრზე, არ ჩქარობდა და ხარისხზე გახლდათ ორიენტირებული. იმის გამო, რომ გადაღება ნახევარი საათით ადრე დაემთავრებინა, არც ერთი კადრი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუტოვებია. შედეგმა დაგვარწმუნა იმაში, რომ ეს სწორი მიდგომაა.

P.S. დებიუტანტ რეჟისორს ვულოცავთ წარმატებას და მომავალში კიდევ ბევრი საინტერესო ფილმის გადაღებას ვუსურვებთ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ასევე იხილეთ: შორენა ბეგაშვილი ბუკმეიკერული კომპანიის სახე გახდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება