ბოლო დროს სენკაკუს (ჩინური ინეტრპრეტაციით - დიაოიუდაო) კუნძულები იაპონიისა და ჩინეთის მწვავე კონფრონტაციის მიზეზად იქცა.
თავად პატარა კუნძულების გამო დაპირისპირებას არავინ წამოიწყებდა, რომ არა თევზით მდიდარი აკვატორია. მრავალი წლის განმავლობაში აქ ჩინელი, ტაივანელი და იაპონელი მეთევზეები თევზს ერთად იჭერდნენ. მაგრამ გასული საუკუნის 70-იან წლებში აქ სასარგებლო წიაღისეული აღმოაჩინეს. დაპირისპირებაც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.
ორივე მხარე კუნძულებს თავის საკუთრებად მიიჩნევს. ჩინური ვერსიის თანახმად, კუნძულები ჩინელმა ზღვაოსნებმა ჯერ კიდევ XIV საუკუნეში აღმოაჩნეს. XIX საუკუნემდე, იაპონიასთან ომამდე, კუნძულებს ჩინელები ეპატრონებოდნენ. გაჩაღებულ ომში ჩინეთი დამარცხდა და საზავო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მის თანახმად, ჩინეთზე დაკისრებული გადასახადის გარდა, იაპონიის საკუთრებაში კორეის ნახევარკუნძული, ტაივანი და თავად სენკაკუს კუნძულები გადადიოდა.
1895 წელს საქმეში რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია ჩაერივნენ. იაპონიამ საკუთარი ამბიციები მოთოკა, თუმცა ტაივანი და სენკაკუს კუნძულები მაინც მის საკუთრებაში დარჩა. ასე გრძელდებოდა მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე. დამარცხების შემდეგ, იაპონიის სამხრეთ ტერიტორიებს, მათ შორის ამ კუნძლებს ამერიკელები დაეპატრონენ. იაპონიას კი მხოლოდ 1970-იან წლებში დაუბრუნეს.
იაპონური ვერსიით, ტოკიო ეთანხმება, რომ კუნძლები თავის დროზე ჩინელებმა აღმოაჩინეს. მაგრამ ჩინეთთან ომის გამარჯვებით, ისინი მისი საკუთრება გახდა და შესაბამისად ჩინური პრეტენზიები უსაფუძვლოა. თავად მეორე მსოფლიო ომის შედეგებს კი იაპონელები რატომღაც არ განიხილავენ.
დღეს კუნძულები ერთ-ერთი გავლენიანი იაპონური ოჯახის კერძო საკუთრებაშია, რომელიც მთავრობას ქირას უხდის. არსებული ინფორმაციით, მესაკუთრეები აქ თევზის მოშენებით არიან დაკავებულნი. არც ისე დიდი ხნის წინ იაპონიამ 26 მილიონ დოლარად ხუთიდან სამი კუნძულის გამოსყიდვა გადაწყვიტა. თუმცა ამ კომერციულმა ნაბიჯმა ჩინელების ამბიციები ვერ მოთოკა. სანაცვლოდ 11 სექტემბერს ჩინეთმა კუნძულებისკენ ორი სამხედრო ხომალდი გაგზავნა.
საპასუხოდ ტოკიომ პეკინი საერთაშორისო ნორმებისა და სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა. არ არის გამორიცხული, რომ პატარა კუნძულებისთვის დაწყებულმა დაპირისპირებამ რაიმე სერიოზული ხასიათი მიიღოს. მით უმეტეს, რომ არც ერთი მხარე დათმობას არ აპირებს. თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი ძალის დემონსტრირებით შემოიფარგლება.
სხვადასხვა ქვეყნების მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს ჩინეთი ძალზე ხშირად გამოთქვამს. ყველაზე ცნობილი შემთხვევა 1969 წელს იყო. დაპირისპირება შორეულ აღმოსავლეთში სსრკ-ჩინეთის საზღვარზე კუნძულ დამანსკისთვის გაიმართა. მას არანაირი სამეურნეო ფასეულობა არ ჰქონდა. წყალდიდობისას ის მთლიანად წყლით იფარებოდა. 2 და 15 მარტს ჩინურ არმიასა და საბჭოთა მესაზღვრეებს შორის ბრძოლები გაიმართა.
შეტაკებების შედეგად საბჭოთა მხარემ მოკლულებისა და დაჭრილების სახით შესაბამისად 58 და 94 სამხედრო დაკარგა. ჩინური დანაკარგები დღემდე უცნობია. სხვადასხვა წყაროებში 500-დან 1500-მდე კაცი სახელდება. მაშინ კუნძულის დასაბრუნებლად სსრკ-მა იმ დროისთვის ჯერ კიდევ საიდუმლო "გრადის" ტიპის რეაქტიული საარტილერიო სისტემები გამოიყენა.
ძნელი სათქმელია, რაში სჭირდებოდა ჩინეთს კუნძული, რომლის ფართობი 1 კვადრატულ კილომეტრზე ნაკლებია. მაგრამ ფაქტია - 1991 წელს დამანსკი საბოლოოდ ჩინეთს გადაეცა.
ნუკრი მგელაძე