78 წლის ფრანგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო Guardian-თან საუბარში აცხადებს, რომ პოპულარობამ მის ცხოვრებასა და ფსიქოლოგიას დარტყმა მიაყენა.
როგორც ვარსკვლავი ამბობს, დღეს მისი წარსული დიდებიდან აღარაფერი დარჩა, განსაკუთრებით კი ქუჩაში გასვლა არ სიამოვნებს, ხალხის რეაქციის ეშინია, რადგან მისი სილამაზე წარსულს ჩაბარდა.
"ვცდილობ, თავი გავილამაზო, მაგრამ ასაკი თავისას შვრება და დავუშნოვდი, მაგრამ გაყინულ თოჯინას სახეს ბუნებრივი ნაოჭები მირჩევნია, სწორედ ამიტომ არ ვწყალობ პლასტიკურ ქირურგებს. არ მიყვარს ხალხმრავალ ადგილებში სეირნობა. ძალიან მეშინია იმის, რომ არ ვცხოვრობ იმ პრინციპით, როგორსაც ხალხი ჩემგან მოელის. ყოველთვის მარტოსული ვიყავი. დღესაც ზოგჯერ თავს მარტოსულად ვგრძნობ. რამდენიმე კვირაში 79 წლის ვხდები და თავისუფლად ვეღარ დავდივარ, ვეღარ ვცურავ", - განაცხადა ბარდომ.
ბრიჯიტი საფრანგეთის რივიერაზე ცხოვრობს და ცხოველთა დაცვის მოძრაობას უდგას სათავეში. ამ საქმეს ის საკუთარი ფონდით აფინანსებს, რომლის დაარსებისთვის აუქციონზე საკუთარი ძვირფასეულობა გაყიდა.
მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის პრესის განხილვის თემა იყო. ბრიჯიტს 4 უიღბლო ქორწინება აქვს. ერთადერთი შვილი, ნიკოლა მეორე ქორწინებიდან ჰყავს. თუმცა, ბავშვი 2 წლის ასაკიდან მამასთან, ჟაკ შარისთან ცხოვრობდა. ჟაკი და ბრიჯიტი დაქორწინებიდან 2 წლის თავზე დაშორდნენ.
ნიკოლამ დედასთან ურთიერთობა მხოლოდ მოზრდილ ასაკში დაიწყო, თუმცა, დედა-შვილს ხშირი კონტაქტი არ აქვთ და პრესაში ნიკოლას შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება.
მომზადებულია guardian.co.uk-ის მიხედვით.