თინა მახარაძე: "დიახ, ვარ საძაგელი გომბიო!"

თინა მახარაძე: "დიახ, ვარ საძაგელი გომბიო!"

ფსიქოს სტუმარია მსახიობი თინა მახარაძე, რომელიც საზოგადოებამ ტელესერიალიდან ("გოგონა გარეუბნიდან") გაიცნო, სადაც ის თამუნას როლს თამაშობდა.

- ორი დღის წინ დავბრუნდი თბილისში. საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე ვიმუშავე ევროპის სხვადასხვა ქალაქში - ლონდონში, შეფილდში, ტალინსა და ა.შ. მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში მივდივარ.

- სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" აღარ თამაშობ. როგორ შეაფასებ განახლებულ სერიალს?

- გულწრფელად გეუბნებით, არ მინახავს. მხოლოდ "ჩემი ცოლის დაქალებს", "რა? სად? როდის?" და "კაცების შოუს" ვუყურებ. ეს გადაცემები ყველაზე მეტად მომწონს. რაც შეეხება ახალ "გოგონას გარეუბნიდან", სხვებისგან მსმენია, რომ არ მოსწონთ.

- რომელიმე ცნობილ ადამიანს თუ გამსგავსებენ?

- სოციალურ ქსელში, ჩემს ფოტოებზე ხშირად მიუწერიათ, კრისტენ სტიუარტს ჰგავხარო. ხოლო როდესაც მაკიაჟს ვიკეთებ, მონიკა ბელუჩის მამსგავსებენ და მის კინოგმირს, "მალენას" მეძახიან. რა თქმა უნდა, მე ასე არ ვფიქრობ.

- სერიალის სცენარიდან გამომდინარე, შენი ნამდვილი გარეგნობა მაყურებლისთვის უცნობი იყო. როდესაც საზოგადოებას ნამდვილი სახით წარმოუდექი, რას გეუბნებოდნენ?

- ოოო, ნუ გამახსენებთ... ყველაზე ცუდ კომპლიმენტს გეტყვით, რომელიც უთქვამთ: უი, ცხოვრებაში უფრო ლამაზი ყოფილხარ, ვიდრე სერიალში ხარო. იმედი მაქვს, ცხოვრებაში მართლა უკეთესი ვარ. ასეთი რამეც უთქვამთ, შენ ის არ ხარ, "დამბული" (და არა დაბმული) კბილები რომ გაქვსო (იცინის)...

- წარმოიდგინე, გიბარებს პრეზიდენტი და გნიშნავს კულტურის მინისტრად, რას გააკეთებდი?

- აუფ, წარმოვიდგინე და რა მაგარი იქნებოდა (იცინის)! იცი, პირველ რიგში, რას გავაკეთებდი? რამდენიმე ქართველ კინორეჟისორს დავაპატიმრებდი და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას მივუსჯიდი ადამიანების მორალურად დაზიანების გამო. აგრეთვე სპეციალურ ლიცენზიას შემოვიღებდი და უნიჭო, გაუნათლებელ რეჟისორებსა და მსახიობებს არ მივცემდი თეატრსა და კინოში თამაშის უფლებას.

- რომელ თანამედროვე ქართულ ფილმზე ფიქრობთ, რომ უნიჭოდ არის გადაღებული?

- "მამაჩემის გელფრენდი" ფილმია? უნიჭო მსახიობს ტექსტის დაზეპირება არ შველის. როდესაც უნიჭო ხარ, ხელ-ფეხსაც კი უნიჭოდ ამოძრავებ, რომ არაფერი ვთქვათ მიმიკაზე.

- სერენადა თუ უმღერიათ შენთვის?

- წლების წინ, მე-7 კლასში რომ ვიყავი, მიმღერეს. იმხანად სერენადა "მოსული პონტი" იყო, მაგრამ ახლა რომ ვინმემ სერენადა მიმღეროს, ვიტირებ, ღმერთო, რა დავაშავე-მეთქი.

- მამაკაცმა როგორ უნდა გამოხატოს სიყვარული?

- როგორც ჩემი საყვარელი მამაკაცი გამოხატავს - ვჩხუბობთ, ვყვირით, მერე ვრიგდებით, ერთად ვუყურებთ ფილმებს, ვკითხულობთ წიგნებს, მერე ისევ ვჩხუბობთ­, თუ რომელი ფილმი სჯობს, რომელი ნაწარმოებია უკეთესი... მერე კვლავ ვრიგდებით და ერთად დავეხეტებით მშრალ ხიდზე, ნავთლუღში... ასეთი ურთიერთობის მომხრე ვარ და არა ისეთის - ქალები მამაკაცს საჩუქრის ღირებულების მიხედვით რომ ირჩევენ. ასეთ ქალებს განუვითარებლებად მივიჩნევ და მათთან არ ვურთიერთობ.

- რომელი მწერლის რომელი ნაწარმოების გმირთან იმეგობრებდი?

- ასტრიდ ლინდგრენის ყველა გმირთან, ნაბოკოვის ჰუმბერტთან, აგრეთვე, რემარკის რავიკთან.

- ასი დღით საქართველოს პრეზიდენტი რომ გახდე, რას გააკეთებდი?

- იმდენ რამეს, საიდან დავიწყო, არც კი ვიცი. პირველ რიგში, ფანატიკოსებსა და აგრესორებს დავაპატიმრებდი, რადგან როდესაც ასეთი ხალხი შემცირდება, საქართველოს საქმე უკეთ იქნება. თავს არ დავზოგავდი ნებისმიერ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებისათვის და აუცილებლად ლეგალურს გავხდიდი მარიხუანის მოხმარებას. ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან გასაკეთებელი კიდევ ბევრი მაქვს (იცინის).

- მარიხუანის ლეგალიზაციას რატომ დაუშვებდი?

- იმიტომ, რომ ნარკოტიკების მოხმარება შემცირდება და "პლანს" ბოთლით აღარ მოწევენ. ასეთი რამ ხომ მხოლოდ საქართველოში ხდება. მარიხუანის გაბოლება საქართველოში დაბოლებას რომ ნიშნავს, ეს არის ჩვენი პრობლემა. ამიტომ, როდესაც მარიხუანის მოწევა იქნება ლეგალური, კვირაში ერთ დღეს შეიკრიბებიან, გააბოლებენ ისე, როგორც ეწევიან სიგარეტს, სვამენ ღვინოს... ამ ინტერვიუს შემდეგ დაიწყებენ ჩემზე მითქმა-მოთქმას, რომ ამპარტავანი ვარ, გომბიო, გაუნათლებელი... დიახ, ვარ საძაგელი გომბიო (იცინის).

- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- ანტისტრესულ პოსტერს, რომელიც მე გავაკეთე.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - სულით რევოლუციონერია. ყოველთვის სიახლეს ეძებს. არ უყვარს ხალხმრავლობა, არის საკმაოდ პრეტენზიული და კრიტიკული.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება