ტუნისში აშშ-ის საელჩოსთან შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

ტუნისში აშშ-ის საელჩოსთან შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

ტუნისში აშშ-ის საელჩოსთან შეტაკებისას სამი ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაიჭრა. უცხოური მედიის ცნობით, შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც დემონსტრანტებმა საელჩოს შენობას ქვები დაუშინეს.

ასევე, რამდენიმე ადამიანმა დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზეც შეაღწია, ფანჯრები ჩაამტვრია და ხეებს ცეცხლი წაუკიდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი - ცეცხლსასროლი იარაღიც.

აშშ-მა საელჩოს დაცვა ტუნისშიც და რიგ არაბულ ქვეყნებში გააძლიერა.

თავდასხმების სერია აშშ-ის საელჩოებზე 11 სექტემბერს ლიბიიდან დაიწყო, რასაც ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის ელჩი კრისტოფერ სტივენსი და მასთან ერთად სამი დიპლომატი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის რამდენიმე ორგანიზატორი უკვე დაკავებულია.

გუშინ აშშ-ის საელჩოებზე თავდასხმები იყო ეგვიპტეში, იემენში; სუდანში კი - დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საელჩოებზე.

ფილმი "ისლამის უცოდველობა", რომელიც ისლამურ ქვეყნებში მასობრივი არეულობის მიზეზი გახდა, მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ალტერნატიულ ისტორიაზეა აგებული. მუსულმანური სამყაროს წარმომადგენლები ფილმს მუჰამედისთვის შეურაცხმყოფელად მიიჩნევენ და თავდასხმები აშშ-ის საელჩოებზე ამის გამო ხორციელდება.

ჟურნალისტებმა ვერც ფილმის რეჟისორს მიაკვლიეს. პირის სახელი და გვარი, რომელმაც ფილმი გადაიღო, გამოგონილი აღმოჩნდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა