დათო ფორჩხიძე: "დღეს მხოლოდ დუდუკებისა და ფსევდოქართული ჟღერადობის ზეიმია"

დათო ფორჩხიძე: "დღეს მხოლოდ დუდუკებისა და ფსევდოქართული ჟღერადობის ზეიმია"

იყო ლამაზი სიმღერები, დიდი პოპულარობა, თაყვანისმცემელთა არმია, მერე კი თითქოს უცებ გაქრა ყველაფერი... რა გამოჰყვა იმ წლებიდან თინეიჯერების კერპად ქცეულ ახალგაზრდას? - რუბრიკა "პირისპირს" დღეს 1990-იანი წლების ძალიან პოპულარული ჯგუფის, "სახის" წევრი, მუსიკოსი დათო ფორჩხიძე სტუმრობს:

- ადრინდელი დათო ფორჩხიძე სრულიად განსხვავდება დღევანდელისგან. არცთუ დიდი სიამაყით, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თავისუფლების ის ხარისხი აღარ მაქვს. ეს, ალბათ, წლებმაც მოიტანა და დღევანდელმა რეალობამაც, ჩემს დღევანდელ შემოქმედებაში არის მეტი გამოცდილება, ცოდნა, მაგრამ ადრინდელივით თავისუფალი აღარ ვარ. ადრეც ვშრომობდი, ოღონდ საკუთარი ოცნებების ახდენით, ანუ რაც გულიდან და სულიდან ამომქონდა და მომწონდა, სწორედ იმ სიმღერების პოპულარულად ქცევით ვშოულობდი ფულს, ახლა მხოლოდ შრომით ვშოულობ. ამიტომაც ვიყავი იმხანად თავისუფალი და დიდი აღმაფრენაც მქონდა. ბევრი მეგობარი მეუბნება, წარმოგიდგენია, რა იქნებოდა, დღევანდელი გამოცდილება და ტექნიკა იმ პერიოდში რომ გქონოდაო. იმას კი არავინ ამბობს, დღეს რომ ის თავისუფლება გქონდესო...

- დავიჯერო, ფრთებს მხოლოდ ასაკი კვეცს ადამიანს?

- არა. მე, მაგალითად, დღესაც ძალიან თავისუფალი ვიქნებოდი, იმგვარივე განცდებითა და ემოციით დახუნძლული ჩემი სიმღერები ადრინდელივით პოპულარული რომ იყოს და თუნდაც სხვა ახალგაზრდები ასრულებდნენ. არ მინდა თანამედროვე რეალობის ლანძღვა-გინებას მოვყვე, მაგრამ რაღაც დოზით გაკრიტიკება მაინც მომიწევს. ვფიქრობ, რომ იმხანად ყალბი პათეტიკით განმსჭვალული არ იყო ქართული შემოქმედება, დღეს კი "ურა" გრძნობები ჭარბობს, გრძნობები, რეალობას რომ არ ასახავს, ისეთი. დღეს განა პროფესიონალიზმი არ არის? მაგრამ არ არის გულწრფელობა. სიმართლეს არ მღერიან და თვითონვე არ სჯერათ იმ სიტყვების, რასაც ამბობენ. ეს მხოლოდ მომღერლის ბრალი არ არის. მას ხომ ვიღაცამ დაუწერა ეს სიმღერა, ანუ პრობლემა რეპერტუარშია. დღეს კარგი შემსრულებლების გაცილებით დიდი არჩევანია, ვიდრე ჟანრებით მრავალფეროვანი კარგი ახალი მუსიკის შემქმნელებისა. იმ პერიოდისგან განსხვავებით, დღეს საქართველო მრავალმხრივ თანამედროვე ქვეყანაა, მაგრამ მუსიკალური თვალსაზრისით - ჩამორჩენილი. მართალია, გვაქვს ჩვენი ფოლკლორი, ვქმნით კლასიკას, რითაც ხაზს ვუსვამთ, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ, მაგრამ, ამასთანავე, თანამედროვე რომ იყო, სხვა რამეც გჭირდება. ყველაფერი ერთობლივად უნდა იყოს, ჩვენთან კი ბალანსი დაირღვა: თანამედროვე მუსიკა მოისპო და მხოლოდ დუდუკებისა და ფსევდოქართული ჟღერადობის ზეიმია. ვთქვათ, ბავშვობაში თუ ვიცოდი, რომ არსებობდა "მოკლე კაბის" მსგავსი სიმღერები, ისიც ვიცოდი, რომ ამას რესტორანში მღეროდნენ და ვერ მოვისმენდი სატელევიზიო ეთერში თუ საკონცერტო დარბაზში. დღეს პრესტიჟული მუსიკალური ტელეარხებიც კი არ გვაქვს. რატომღაც გაგვიცივდა დასავლური ცივილიზაციისადმი ის გრძნობები, რომელსაც მანამდე განვიცდიდით. ხომ ვფიქრობდით, ოღონდ რუსეთს დავუპირისპირდეთ და დასავლეთი ხელგაშლილი მიგვიღებსო. ახლა ვამბობთ, ევროპიდან და ამერიკიდან კარგი რა უნდა წამოვიღოთ, ვთქვათ, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების ქორწინებაო? შრომა და სხვა ადამიანის ნიჭის დაფასება რომ წამოვიღოთ, ის არ არის მთავარი? დასავლური ცივილიზაცია ხომ სწორედ ამით ამაყობს და არა იმით, რომ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების ქორწინება დაუშვა. ტელევიზორის წინ რომ ზიხარ ქართველი და ამაყად ლანძღავ შენს მომღერალს, სპორტსმენს, ტელეწამყვანს, კომენტატორს, პოლიტიკოსს და ა. შ. რატომ არ ფიქრობ, რომ თუ ასეთი მაგარი ხარ, ადექი და შენ იმღერე, იასპარეზე და ასე შემდეგ. არავინ ფიქრობს, რომ ეს მათი პრობლემაცაა.

- თვითონ ჩვენ ქართველებმა არ დავაპირისპირეთ თუნდაც მომღერლები, მუსიკოსები, სპორტსმენები პოლიტიკური ნიშნით?

- პოლიტიკურ შეფასებას ნუ მომთხოვ... პოლიტიკური ნიშნით დაუპირისპირდება თუ სხვაგვარად, სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა, კარგი ადამიანებისაც კი ბოღმის, შურის, სხვისი ჯობნის სურვილის ხარჯზე ვითარდება. ამის გარეშე პროგრესს ვერ აღწევ, გაჯიბრება ადამიანის ბუნებაში დევს.

- თქვენ მდარე მუსიკის შესრულებაზე ლაპარაკობდით. პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების მიზეზით კი ღირებული მუსიკის შემსრულებლები იჩაგრებიან. რას იტყვით, როგორი მომღერალია ნატო მეტონიძე, რომელიც დღეს არ ჩანს?

- ნატო მეტონიძე შესანიშნავი მომღერალია, მაგრამ თუ გაჩუმებულია, ეს, უპირველესად, მისი მსმენელის პრობლემაა. სწორედ იმ მსმენელმა უნდა მოითხოვოს მისი სცენაზე გამოჩენა. მაგალითად, "სახე" რომ დაიშალა, ჩვენი მსმენელისგან ხშირად მსმენია, დაგვაკლდა ეს ჯგუფიო, ახლაც ამბობენ, მაგრამ არ ითხოვენ. მე არ ვიცი, როგორ მოითხოვონ, მაგრამ შენ თუ, მაგალითად, ნატო მეტონიძის სიმღერა დიდ სიამოვნებას გგვრიდა, პრობლემებს გავიწყებდა, სულიერად გამაღლებდა, ანუ იმას აკეთებდა, რისთვისაც გინდა და გიყვარს მუსიკა, ახლა კი დაგაკლდა, როგორღაც მოითხოვე და მოიპოვე. მოკლედ, ჩვენთან ყველაფერს მსმენელს აბრალებენ, მსმენელი კიდევ - მომღერალს, რაღაც ჩაკეტილი წრე იქმნება და ვერ ვხვდები, როგორ დავარღვიოთ ეს წრე...

- ახალ პროექტში სახელწოდებით "ახალი ხმა", რომელიც მალე დაიწყება ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, თქვენი ერთ-ერთი კონკურენტი მწვრთნელი ნინო ჩხეიძე იქნება. მის მღერაზე რა აზრის ხართ?

- რომ ვთქვა, ნინო ჩხეიძის მუსიკა მომწონს-მეთქი, ყველა მიხვდება, რომ ვიტყუები, რადგან მკითხავენ, მაშინ შენ რატომ არ ქმნი მსგავს მუსიკასო? მაგრამ ნინო ჩხეიძემ თავისი ფანოღური თუ, არ ვიცი, რა ვუწოდო, მუსიკა მაღალ დონეზე აიყვანა და საკმაოდ მაღალი ხარისხის ჩანაწერები გააკეთა. უბრალოდ, შენ არ მოგწონს ეს მუსიკა. შეიძლება ადამიანის ან ცხვირი არ მოგწონდეს, ან რამე, მაგრამ მასთან თანაცხოვრება უნდა შეძლო. ეს ხომ მისი გარეგნობაა, გემოვნებაა, აზრია და ა.შ. მე პატივი უნდა ვცე მის აზრს და სახალხოდ არ უნდა გავკიცხო. ეს არის ურთიერთობის ცივილიზებული ფორმა. ნინო ჩხეიძე კი არ უნდა ავკრძალოთ, უნდა ვაჯობოთ მას და გავხდეთ მასზე პოპულარული... არავის ვკბენ, უბრალოდ, ერთს ვამბობ: თუნდაც რეზო ლაღიძის საუნდტრეკების, ვთქვათ, კინოფილმიდან "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" ან რომელიმეს მოსმენა რომ მომინდეს თბილისში, სად წავიდე? სადაც მივალ, ყველგან მხოლოდ ფანდურის ხმა და "ტაში, ბიჭო გიორგუნა" დამხვდება. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ: არ შეიძლება ჟანრების აღრევა. ასეთ შემთხვევაში ორთავიანი ბავშვი იბადება, მუტანტი. ნუ აერთებ ისეთ რაღაცებს, რაც შენზე ჭკვია­ნებმაც არ შეაერთეს. მეც მიწევს ეგეთი მუსიკის კეთება, მაგრამ ვცდილობ, ისე დავბანო, ჩავაცვა და დავვარცხნო, დასაცინი არ გახდეს. რა ვქნა, დღეს ასეთი მოცემულობა მაქვს. "სახის" პერიოდში კი ეს პრობლემა არ მქონდა. არც უფროსი მყავდა, ჩემ გვერდით მხოლოდ თანამოაზრეები იყვნენ. დღეს კი დაქსაქსულები არიან, მაგრამ, მიუხედავად პოლიტიკური ორიენტაციისა, მაინც ვამაყობ მათით - დათო ხუჯაძით, შალვა რამიშვილითა და გოგა ხაჩიძით. ისინი ჩემი მეგობრები არიან და ერთად დიდი საქმეები გვიკეთებია. ბევრს უკვირს, მწარედ აღარ ლაპარაკობო. ეგ პერიოდიც გავიარე, მაგრამ ამით ერთი ცუდი ადამიანი გავხდი. ის არ ჯობდა, სიმღერას რომ ვქმნიდი? ამიტომაც გადავწყვიტე, არავის დავცინო, არავინ გავაკრიტიკო, მხოლოდ იმაზე ვიზრუნებ, ახალგაზრდებს, ვისთანაც მუშაობა მომიწევს, ბევრი რამ ვასწავლო. ვფიქრობ, მაგის უნარი მაქვს. ძველების კრიტიკას ავიტან, მაგრამ ახალმა თაობამ თუ გამაკრიტიკა, იმწამს დავანებებ ყველაფერს თავს.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება