თბილისში თეატრალური ზეიმი იწყება

თბილისში თეატრალური ზეიმი იწყება

14-დან 30 სექტემბრამდე თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც ქართული და უცხოური სპექტაკლების ჩვენების გარდა, გამოფენები, პრეზენტაციები და სემინარები გაიმართება. მასპინძლები რუსთაველის, მარჯანიშვილის, მუსიკისა და დრამის, თავისუფალი და გრიბოედოვის თეატრები არიან. ასევე, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და კულტურის ცენტრი - "თბილისი არტ ჰოლი". ფესტივალში ბევრი ქართული თეატრი და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული დასი მონაწილეობს. მათ შორის - რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისრაელი, ჩინეთი და ა.შ.

ავთო ვარსიმაშვილი, თავისუფალი და გრიბოედოვის თეატრების მმართველი, სამხატვრო ხელმძღვანელი:

- ფესტივალი, როგორც იცით, ზეიმს ნიშნავს და როდესაც რაიმე ზეიმია, მით უმეტეს - თეატრალური, ეს სასიხარულო და მისასალმებელია. ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი აქვს, უკვე პროგრესულად მოაზროვნედ და დემოკრატიულად ითვლება. როგორც პროფესიონალებს, გვჭირდება იმის ნახვა, თუ რა სიახლეებია თეატრალურ პროცესებში, ასევე სჭირდება მაყურებელსაც. მსგავსი ფესტივალი გვეხმარება, რომ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ, აქტიურად ვეძებოთ ახალი ფორმები და მაყურებელი აღარ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოვდუნდეთ. ეს ფესტივალი ჩვენი თეატრისთვის რამდენიმე თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, უცხოელ კოლეგებს ვხვდებით, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. ფესტივალის ჩარჩოებში კი ე.წ. ქართული ბაზარი ტარდება, სადაც მხოლოდ ქართული პროდუქციაა წარმოდგენილი, რომელსაც უცხოელი პროდიუსერები უყურებენ და შემდეგ ხდება გასტროლებზე, სხვადასხვა ფესტივალზე მიწვევა, რაც თავისთავად, მნიშვნელოვანია.

- ვინ წარდგება ჩვენი თეატრების სცენაზე?

- რამდენიმე ფესტივალის დირექტორს ველოდებით, რომლებიც სპეციალურად ჩამოდიან, რომ შემდეგ ხელშეკრულებებს მოვაწეროთ ხელი. რამდენიმე საინტერესო კოლექტივი გამოდის და გვიხარია, რომ მასპინძლობას გავუწევთ. თავისუფალ თეატრში იქნებიან ინგლისელები, მოლდაველები და ირანელები, ხოლო გრიბოედოვში - პოლონელები, ჩინელები, რუმინელები და სხვები, ძალიან საინტერესო სპექტაკლებით. დამეგობრება თეატრებსაც გვჭირდება, ხალხური დიპლომატია ყოველთვის ყველაზე სწორია. ფესტივალზე თავისუფალი თეატრი ორ სპექტაკლს წარადგენს - "მექანიკური ფორთოხალი" და "საძაღლე", რომელიც ვანო ხუციშვილმა, ჩემმა მოწაფემ დადგა. გრიბოედოვის თეატრი კი - "ცხენის ისტორიას", ესეც წინა სეზონის ბოლო პრემიერა გახლდათ. ბევრ მაყურებელს ველით.

ავთო ვარსიმაშვილი- შარშანდელი ფესტივალის შემდეგ რომელიმე ქვეყნისგან მიწვევა თუ მიიღეთ? დამეგობრდით?

- მთავარია, კონტაქტი დამყარდეს. მართლაც ბევრი მიწვევა გვაქვს ყოველთვის და იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება, ჩვენი მთავარი პრობლემა ფინანსების მოძიებაა ხოლმე, რადგან წასვლა ძვირი ჯდება. კარგი წელიწადი გვაქვს, ჯერ თურქეთში ვიყავით ფესტივალზე, შემდეგ ფინეთში - იმატრას ფესტივალზე "თეთრი და შავი", რომელიც ძალიან ცნობილი და საინტერესოა. თბილისის ფესტივალის დასრულებისთანავე კი უკრაინაში მივემგზავრებით, სადაც ჯერ ლვოვის ფესტივალზე გამოვალთ. თავის დროზე იქ "კომედიანტებით" გრან-პრი ავიღეთ, მანამდე კი "ჰამლეტით" პრიზები საუკეთესო რეჟისურისა და მამაკაცის როლის შესრულებისთვის. ამიტომ დიდი სიხარულით გველოდებიან. კიევში "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარსაც" ვუჩვენებთ. რეკლამები და ბანერები, რომ ჩვენ ჩავდივართ, უკვე მთელ ქალაქშია გამოფენილი, რაც საქართველოს საელჩოსა და ბატონი გრიგოლ ქათამაძის დამსახურებაა.

- სეზონი რა სპექტაკლით გაიხსნება და წლის ბოლომდე რა სიახლეს შესთავაზებთ მაყურებელს?

- პრემიერა შედგება - "წვიმის გამყიდველი", რომელსაც ნუგზარ ლორთქიფანიძე დგამს. იგი წლების მანძილზე მოლდავეთში მუშაობდა და თანამედროვე მოლდავური თეატრის წარმატება, თუ ისინი დღეს რამეს წარმოადგენენენ, მისი დამსახურებაა. ბატონი ნუგზარის პატივსაცემად, სეზონს მისივე სპექტაკლით გავხსნით.

- ახალი ფილმის გადაღებასაც ხომ არ გეგმავთ?

- მოგეხსენებათ, ჩვენს კინოპროექტებს განვიხილავთ, როგორც თეატრალურ პროექტებს ეკრანზე. მალე დავასრულებთ მუშაობას ფილმზე, რომლის გადაღებებიც უკვე მიმდინარეობს - "სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა - ანუ უფრო დიდი იდიოტოკრატია". ამის შემდეგ დავუბრუნდებით სცენას და დავდგამ - "ვალსი ძილის წინ". ჩემი პიესაა და ვფიქრობ, მაყურებლისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ მასში ჩვენი თეატრის ყველა ქალ მსახიობს ნახავენ. ქალური სპექტაკლია, რომლის დადგმაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. მსახიობებს პიესა ძალიან მოეწონათ.

ზაალ ჩიქობავაზაალ ჩიქობავა, რუსთაველის თეატრის მმართველი, ფესტივალის მრჩეველთა გუნდის წევრი:

- ეს ახალგაზრდა თეატრალური ფესტივალი ყოველწლიურად იკრებს ძალებს და უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ქართველი საზოგადოებისა და თეატრებისთვის. აუცილებელია, რეგულარულად ვადევნოთ თვალყური, თუ რა ხდება მსოფლიო თეატრალურ სივრცეში, მისი ნაწილი გავხდეთ ისევე, როგორც აქამდე ვიყავით და ამ სამყაროს არ მოვწყდეთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ე.წ. ქართული "ქეისია", სადაც ჩვენი თეატრები არიან წარდგენილნი. ჩამოსული სტუმრები ამ ყველაფერს ნახულობენ, თავიანთ შეფასებებსა და კომენტარებს აკეთებენ, შემდეგ კი ქართულ თეატრებს პერსპექტივა ეძლევათ, საზღვრებს გარეთ გავიდნენ და თავიანთი შემოქმედება უცხოურ პუბლიკას - ევროპასა და სხვა ქვეყნებს გააცნონ. მათ მიერ ჩამოტანილი სპექტაკლები კი მოქმედებს როგორც ქართველი მაყურებლის, ასევე შემოქმედი ადამიანების გემოვნებაზე. საჭიროა გავიგოთ, საითკენ მიდის მსოფლიო თეატრი, რა ხედვები და ტენდენციებია და ჩვენ რა კუთხით უნდა განვვითარდეთ.

- რა სპექტაკლებს უჩვენებს რუსთაველის თეატრი ფესტივალის ფარგლებში?

- რამდენიმე სპექტაკლს ვუჩვენებთ: "შეშლილი სამყარო", "ივანე და ძაღლები" და "გაუმარჯოს ბუშონს", რომელიც წინა სეზონის დასასრულს ვითამაშეთ. ასევე გაიმართება პრემიერა - "მაგრიტის შემდეგ", რომლის რეჟისორი გიორგი თავაძე გახლავთ.

- კიდევ რომელი ქვეყნის წარმოდგენებს იხილავს მაყურებელი თქვენს სცენაზე?

- გამომდინარე იქიდან, რომ ფესტივალის ფარგლებში თეატრის სცენა ჩვენივე წარმოდგენებითაა ძალიან დატვირთული, გაგვიჭირდა სხვა ქართული დასების მასპინძლობა. ექსპერიმენტულ სცენაზე გორის თეატრი წარდგება; რაც შეეხება უცხოურს, რუსეთის ტაბაკოვის თეატრი გვესტუმრება, რომელიც წარმოადგენს სპექტაკლს - "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება".

თამუნა ლალიაშვილი, ფესტივალისა და მარჯანიშვილის თეატრის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:

- ფესტივალი პირველ რიგში, თბილისისა და ჩვენი თეატრების პოპულარიზაციას ემსახურება. იგი ორი ნაწილისგან შედგება - ქართული სპექტაკლების პროგრამა 16-19 სექტემბერს გაიმართება და 30 სპექტაკლს წარმოვადგენთ. მათ სანახავად სხვადასხვა ქვეყნიდან 50 სტუმარი ჩამოდის, - აზიიდან, ევროპიდან, აშშ-დან და ესენი იქნებიან - კრიტიკოსები, ფესტივალის პროდიუსერები, დირექტორები და ა.შ. ვფიქრობთ, პროდუქტიული და ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგება. რაც შეეხება "საერთაშორისო ნაწილს", 20-დან 30 სექტემბრამდე გასტანს და თბილისის რამდენიმე თეატრი უმასპინძლებს. ქართველებისთვის ყველაზე ცნობილი მსახიობი, რომელიც ამ ფესტივალში მონაწილეობს, ძალიან პოპულარული სერგეი ბეზრუკოვი გახლავთ, რომელიც ტაბაკოვის თეატრის დასის წევრია და ისინი თბილისს 26 სექტემბერს ესტუმრებიან. მოგეხსენებათ, ამგვარი კულტურული ურთიერთობები ორი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მარჯანიშვილის თეატრი 17 სექტემბერს წარმოადგენს თბილისურ პრემიერას, შექსპირის - "როგორც გენებოთ", რომელიც პირველად ლონდონში, "გლობუსის" თეატრში შექსპირის ფესტივალზე წარვადგინეთ. ჩვენს სცენაზე ითამაშებენ ფრანგები, ბელორუსები, გერმანელები, შვედები, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეატრალური დასები.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება